ვინ არის სააკაშვილის მეგობარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და რა ბიოგრაფია აქვს მას? რა კავშირშია ის რუსეთის ფედერაციის პირველ პირთან და რატომ ავლებენ გავლენიანი, უცხოური მედიასაშუალებები მასსა და პუტინს შორის პარალელებს?
უნგრეთის მთავრობის მეთაური, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლებასთან და მის პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია. მისი ბიოგრაფიის შესახებ გავლენიანმა გერმანულმა გაზეთმა HYPERLINK-მა რამდენიმე საყურადღებო ფაქტი დაწერა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი პუტინის იმიჯის მორგებას 1989 წლის ივნისში სულაც არ ცდილობდა. მაშინ საბჭოთა მმართველობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. უნგრელებს კარგად ახსოვთ, 26 წლის ახალგაზრდა, გრძელთმიანი პოლიტიკოსი, რომელიც ბუდაპეტში, გმირთა მოედანზე ტრიბუნაზე ავიდა და იქ შეკრებილ 200 ათასზე მეტ ადამიანს სიტყვით მიმართა. ის ითხოვდა ხელისუფლების გადადგომას, თავისუფალ არჩევნებს და ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანას. იმ პერიოდში მსგავსი განცხადებები ძალიან სარისკო, უფრო მეტიც, მისი სიცოცხლისთვის საშიში იყო.
თუმცა, ამ ფაქტიდან 25 წელი გავიდა და უნგრეთის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანელი მოვლენა დავიწყებას მიეცა. გერმანული პრესა წერს, რომ წლების წინ, დასავლური, ლიბერალური დემოკრატიისთვის მებრძოლ 26 წლის ვიქტორ ორბანსა და დღევანდელ, უკვე 50 წლის პრემიერს შორის საერთო აღარაფერია.
ციტატა გერმანული გაზეთიდან: „როგორღაც, ამ უქმე დღეებში, უნგრეთის პრემიერი მეზობელ რუმინეთს ეწვია და იქ სიტყვა წარმოთქვა, სადაც აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები მაქსიმალურად ღიად დააფიქსირა:
„ლიბერალურმა დემოკრატიამ თავისი თავი ამოწურა, ის უნგრელი ხალხის კეთილდღეობის, მისი ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტი აღარ არის. ამიტომ, უნგრეთი მომავალში ლიბერალური ღირებულების დაცვის კურსს აღარ გაატარებს. მის ნაცვლად, უნგრელებს დღეს საკუთარი შეხედულებების და ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა სჭირდებათ“, – აღნიშნა პრემიერმა გამოსვლაში.
როგორც უცხოური პრესა წერს, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო პოლიტიკური მოწყობის კუთხით, მათთვის მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნებიც ჩამოთვალა, მათ შორის: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და სინგაპური დაასახელა.
ამ ყველაფრის მიღმა, პრემიერმა ნათლად და გარკვევით აღნიშნა, რომ არ სურს, უნგრეთში უცხოელების „ატანა“და საჯაროდ“დაესხა თავს“ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებთან მიმართებაში, ორბანი იგივე მოსაზრების არის, როგორც მისი კუმირი – ვლადიმერ პუტინი: „ისინი უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივისტები არიან“.
უნგრეთის პრემიერმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მაგალითზე, პარლამენტში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც „უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს კონტროლს გაუწევს“. ეს კი მათ „უცხოელი ჯაშუშების“ გამოვლენაში დაეხმარებათ.
გერმანული პრესა წერს, რომ ორბანის პოლიტიკური ოპონენტები, ბოლო წლებში უკვე მიეჩვივნენ პრემიერის რადიკალურ განცხადებებს, თუმცა რუმინეთში მისიუკანასკნელი გამოსვლა, ქვეყნის ლიბერალური და დემოკრატიული ძალებისთვის ნამდვილი შოკი იყო.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის ამ განცხადებების შეფასებისას, ქვეყნის ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს: „პრემიერი იმდენად ავტორიტარული გახდა, რომ ის უკვე ვლადიმერ პუტინის ენით საუბრობს, რომელიც ქვეყნის ყველა შიდა „უბედურებაში“ დასავლელი ჯაშუშების კვალს ხედავს“.
სტატიაში მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ორბანის დაუფარავი პოლიტიკური ორიენტაცია ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ უნგრეთის პრემიერი ცდილობს ქვეყანამ საბოლოოდ გადაუხვიოს დემოკრატიული გზიდან, მეორეს მხრივ კი, ის საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სულ უფრო არასაიმედო პარტნიორი ხდება.
აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„მე არ ვაპირებ მხოლოდ ერთი უკრაინის გამო, ქვეყნის ეროვნული ინტერესები დარტყმის ქვეშ დავაყენო“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უნგრეთი არ აპირებს უარი თქვას „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურულ პროექტ – „სამხრეთ ნაკადზე“, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით შენდება.
საგულისხმოა, ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციაც, რომელიც მან ყირიმში განვითარებული მოვლენების პარალელურად დააფიქსირა – ორბანმა დასავლეთ უკრაინაში უნგრელი ნაცუმცირესობისთვის ავტონომია მოითხოვა!
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნგრეთის დელეგატმა პუტინის ხელისუფლების პოზიცია დააფიქსირა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებობენ ” ფარული ძალები”, რომლებიც ცდილობენ ხელში ძალაუფლება ჩაიგდონ.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არის – ” ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო “, რომლის შემადგენლობაში შედის კარპატები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნგრეთს ეკუთვნოდა. უნგრეთის წარმომადგენელმა ასევე მიანიშნა „კარპატელი რუსინების“ პრობლემებზე, რომლებსაც უკრაინაში „არავინ ცნობს“.
სიტყვით გამოსვლისას, უნგრელ დელეგატს გარკვეული დროით მიკროფონიც გამოურთეს, მაგრამ შემდეგ ისევ ჩართეს. ევროსაბჭოს სხვა წევრებმა სინანული გამოთქვეს, რომ დარბაზში ამგვარი “ნაციონალისტური განცხადებები” გაჟღერდა.
2014 წლის გაზაფხულზე, ბუდაპეტშტი საპროტესტო აქციების ტალღაც დაიწყო, სადაც ორგანიზატორები ყირიმის რეფერენდუმის ლეგიტიმურად ცნობას და უკრაინული კარპატების უნგრეთის შემადგენლობაში „დაბრუნებას“ ითხოვდნენ.
საპროტესტო გამოსვლები პარტია „იონიკიდან“ ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის, თამაშა გაუდი-ნადიას ინიციატივით გაიმართა. დემონსტრანტებმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე პეტიციაც მოამზადეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები ასახეს. მოთხოვნათა შორის იყო, ადგილობრივი ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, რათა მას უკრაინაში მცხოვრები უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტერესები დაეცვა.
თუმცა, მაშინ ოფიციალურმა ბუდაპეშტმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ გაიზიარა. მან ცალსახად დააფიქსირა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია და აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას უკრაინის კარპატებზე პრეტენზია არ გააჩნია, რომ ის ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხს არალეგიტიმურად მიიჩნევს…
ასეა, თუ ისე, ამ ოფიციალური განცხადების მიუხედავად, უნგრეთი ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ეჭვს მუდმივად იწვევდა; მაგალითად, 2013 წლის დეკემბერში, მან უკრაინული კარპატებისთვის ნახევარი მილიონის ევროს ოდენობის დახმარება გამოყო. რეგიონში დაიწყო უნგრული პასპორტების გაცემა…
ამ საკითხზე უცხოურმა გამოცემა NewsBalt-მა ვრცელი სტატიაც დაბეჭდა, სადაც ავტორმა, ვადიმ ტრუხაშევმა აღნიშნა, რომ უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზია აქვს, თუმცა ის ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ხელისუფლება ყოველთვის ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ ის კარპატებში საკუთარი ნაცუმცირესობის ინტერესების დაცვისთვის აქტიურ პოლიტიკას ატარებს.
„პირველ რიგში, ეს მიმართულია რეგიონში ეთნიკური უნგრელების უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და მშობლიური ენის გამოყენების ხელშეწყობის კუთხით“, – ასეთია ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიცია.
ის, რასაც ორბანის შესახებ დღეს უცხოური მედია წერს, საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში კარგად იციან, უნგრეთის პრემიერისა და სააკაშვილის ახლო მეგობრობის შესახებ, კიდევ ის, რომ რამდენიმე წლის წინ, მან ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
კულუარული ხმებით, არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურის მიერ დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდეგ, უნგრეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სააკაშვილიც სთხოვს და არც იმას გამორიცხავენ, რომ ორბანი ქართველ მეგობარს უარს არ ეტყვის.
ეს ხმები, მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტის პარლამენტში შეხვდა და ხანძგრძლივი საუბრის შემდეგ, მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ორბანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა ქვეყანა დადებითისკენ შთამბეჭდავად შეცვალა და გმობს მისთვის ბრალის წაყენების ფაქტს.
„მახსოვს საქართველოს ის პერიოდი, როდესაც თქვენ გაატარეთ რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა უნიკალური და შთამბეჭდავი იყო, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მაშინდელ მთავრობასთან ვთანამშრომლობდი. ძალიან რთულია ქვეყნის გარდაქმნა, მოდერნიზება და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის, რასაც ლიდერები ხალხს სთავაზობენ, სწორია… ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები. გვმობთ და ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დევნასა და ზეწოლას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ“, – აღნიშნა ორბანმა.
ქართველებს „შეშფოთებულმა“ უნგრეთის პრემიერმა თავი შარშანდელი ფაქტიდანაც დაგვამახსოვრა, როდესაც მას ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა. შესაბამისი კითხვით ვიქტორ ორბანს Chatham House-ის ინსტიტუტის წევრმა, სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.
ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით – მათ შორის მძიმე დანაშაულებზე არის აღძრული.
“ამჟამად ზურაბ ადეიშვილი იმყოფება უნგრეთში, სადაც თავშესაფარი მიიღო და გამოძიებას ემალება.
საყურადღებოა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა გახლავთ. მისი გაქცევიდან რამდენიმე კვირაში, საქართველოს პარლამენტმა ციხეებიდან 200-მდე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა”, – განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ.
მან ვიქტორ ორბანს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნაც წარუდგინა, რა დროსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას მოუწოდა პირდაპირ კითხვის დასმაზე გადასულიყო. თუმცა, შეკითხვის ავტორმა მაინც გააგრძელა ორბანისთვის ზურაბ ადეიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
“მე ასევე თან მოვიტანე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის დასკვნა, რომელშიც მოყვანილია საინტერესო სტატისტიკა, 2010-ში ადეიშვილის მინისტრობის დროს, სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების წილი მხოლოდ 0.2 პროცენტი იყო, რაც იგივეა, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან, რომლებსაც ადეიშვილმა ბრალდება წაუყენა, მხოლოდ ორი ადამიანი გამართლდა სასამართლო მოსმენების შემდეგ. ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს”, – განაცხადა ხაბაძემ.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ განუცხადა, ქართულ მედიაში არის სპეკულაციები, თუ რატომ აირჩია ადეიშვილმა უნგრეთი და არა, სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნები – უფრო მეტად ჩამოყალიბებული დემოკრატიები.
“ზოგი ამის პასუხად მიანიშნებს ადეიშვილის ახლო კონტაქტებზე თქვენი მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში თქვენ მოგეცემათ საშუალება ამ საქმეს უფრო ახლოს და დეტალურად გადახედოთ”, – განუცხადა სულხან ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული.
„აქ საკინკლაოდ არ ვარ მოსული. მაგრამ იქნებ, გადახედოთ თქვენს მოსაზრებას უფრო მეტად ჩამოყალიბებულ დემოკრატიებთან დაკავშირეებით, რადგან უნგრეთი ძლიერად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყანაა და არ არსებობს იმის განცხადების მიზეზი, რომ უნგრეთში ნაკლებად ჩამოყალიბებული დემოკრატიაა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. პოლიტიკა ხელოვნებაა და ზოგჯერ მას ხელოვნების დარგადაცგანიხილავენ. რაც შეეხება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამის პასუხად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის“ ხელისუფლების კრიტიკული სტატიები უცხოურ მედიაში მრავლადაა. საქართველოსგან განსხვავებით, ორბანის „პროპუტინური“ კურსის შესახებაც ხშირად წერენ, თუმცა მისი პოლიტიკური მოკავშირე და დიდი მეგობარი სააკაშვილი ჩვენს ქვეყანაში უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელს ყოველთვის დასავლური კურსის ერთგულ გამტარებლად და ლიბერალ ლიდერად მოიხსენიებს. ორბანი აღშფოთდა – დასავლეთი შეშფოთებულია, – ექსპრეზიდენტი მისთვის ბრალის წაყენების საკითხზე საქართველოში დღეს სწორედ ამ პოზიციას აჟღერებს.
ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა, როგორ ახერხებენ მეგობრობას, სააკაშვილი და ორბანი, როცა ერთისთვის პუტინი კუმირია, მეორესთვის კი, ანტიკუმირი?
ასევე, საინტერესოა, თუკი, უნგრეთის პრემიერი დასავლური პოლიტიკის გამტარებელია, რატომ დგას ის რუსული „გაზპრომის“ რელსებზე?