reportiori.ge - უცხოური მედია საქართველოს შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
04 აგვისტო, 2014. 18:45



 

 

 

 „ვაშინგტონ პოსტი“ (აშშ), 4 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.washingtonpost.com/opinions/jackson-diehl-nations-know-there-is-no-price-to-pay-for-flouting-the-us/2014/08/03/e4f18bde-18b1-11e4-9e3b-7f2f110c6265_story.html

 

მცირე დარტყმები ამერიკის პრესტიჟის წინააღმდეგ: რატომ არ პასუხობს ვაშინგტონი საქართველოს ქმედებაზე?

 

 

სტატიაში გატარებულია აზრი, რომლის თანახმად, ბოლო ხანებში ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფო პატივს აღარ სცემს, მის ავტორიტეტს და პრესტიჟს ყურადღებას აღარ აქცევს და შესაბამისად, ასეთ ქმედებას ვაშინგტონმა პასუხი უნდა გასცეს.

 

 

გთავაზობთ შემოკლებით:

 

 

 

ამ ზაფხულს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმდენი დიდი საერთაშორისო კონფლიქტის წინაშე დადგა (ღაზას სექტორი, უკრაინა, ერაყი, სირია, ავღანეთი...), რომ შეიძლება უფრო მცირე დარტყმები ამერიკის პრესტიჟის მიმართ ვერც კი შენიშნო. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა გასულ კვირას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და აშშ-ის მოკავშირე საქართველოში მოხდა, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

 

ბიძინა ივანიშვილი, არალიბერალური ოლიგარქი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომ არ დაწყებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ათი წლის წინათ დემოკრატიული რევოლუცია განახორციელა და როცა არჩევნებში დამარცხდა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. გასულ ორშაბათს კი საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილსა და კიდევ ოთხი სხვა თანაპარტიელ ჩინოვნიკს პოლიტიკური ხასიათის დანაშაულის ბრალდება წაუყენა.

 

 

მცირე ქვეყნის მიერ ამერიკული „წითელი ხაზის“ უგულებელყოფის ფაქტი შეიძლებოდა უმნიშვნელოდ მიჩნეულიყო და მისთვის ყურადღება არ მიგვექცია - ბოლოს და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი რეალურად დაპატიმრებული არ არის, უკრაინაშია და იქაურ ახალ პროდასავლურ მთავრობას რჩევებს აძლევს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ფაქტი ტენდენციის ნაწილია: აშშ-ის მოკავშირე საქართველომ, რომელიც დიდადაა დამოკიდებული ვაშინგტონისაგან გაწეულ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ღიად გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში, მის წარმომადგენლებს შეგნებულად ამცირებს კიდეც.

 

 

სტატიის დასასრულს გატარებულია აზრი, რომ თეთრმა სახლმა უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს ამერიკის პრესტიჟის შემლახველ ფაქტებზე: ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ მას არ სურს პასუხი გასცეს, უმნიშვნელოდ მაინც მოახდინოს რეაგირება მიყენებულ წყენაზე. ბაჰრეინიდან, სადაც ჩვენი მე-5 ფლოტის მთავარი ბაზაა, ჩვენივე დიპლომატის გამოძევებით  ვაშინგტონი მხოლოდ „შეშფოთდა“, იგივე მოხდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმართაც. არადა, ადმინისტრაციას შეეძლო მსუბუქად მაინც დაესაჯა ასეთი მთავრობები, მაგალითად, გაეწვია ელჩები, შეემცირებინა სამხედრო დახმარება და გაეუქმებინა ოფიციალური ვიზიტები. ამის ნაცვლად ისე გამოდის, რომ ობამას ადმინისტრაციისადმი უდიერად მოქცევის შემთხვევაში ყველას შეუძლია დაუსჯელად გადარჩეს, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

 

 

 

 

„კომერსანტი“ (რუსეთი), 4 აგვისტო, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2538445?isSearch=True

მიხეილ სააკაშვილი ვირტუალურად დააპატიმრეს: მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება საქართველოში?

 

 

სტატიაში საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, გაიცა ორდერი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზნით (ავტორი გიორგი დვალი)

 

 

„ექს-პრეზიდენტის დაუსწრებლად დაპატიმრების ვერდიქტი სასამართლომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მღელვარე დებატების შემდეგ, შაბათ დილით გამოაცხადა. ადვოკატი ოთარ კახიძე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის სისხლის სამართლის საქმე არ შეიცავს არავითარ იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მიტინგის დარბევაზე ბრძანება პრეზიდენტმა გასცა, მაგრამ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა იქვე დაასახელა მოწმეები, რომლებიც 2007 წელს მაღალი პოსტები ეკავათ: პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე, გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, მცხეთა-თიანეთის რეგიონის გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

 

 

ექს-პრეზიდენტთან ერთად დაუსწრებლად დაპატიმრებულ იქნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, თუმცა პირველს უკვე უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, მეორე კი საფრანგეთში მშვიდად ცხოვრობს - ფრანგულმა თემიდამ საქართველოს ხელისუფლებას უარი განუცხადა მის ექსტრადირებაზე.

 

 

თუ უნგრეთი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს (იქაური პრემიერი მისი მეგობარია), ეს ფაქტი პროკურატურის გეგმებს ჩაფუშავს და ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება შეუძლებელი გახდება. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად უნდა გასამართლდეს, მისი ძებნა კი ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ გამოცხადდება, - აცნობეს „კომერსანტს“ იუსტიციის სამინისტროდან.

 

 

თუმცა, ქართველი ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი მიხეილ სააკაშვილს თავშეფარს არ მისცემს, მის ექსტრადირებას ხელს პოლიტიკური კონიუნქტურა შეუშლის, რომელიც უკრაინის მოვლენების გამო ჩამოყალიბდა: „ჩვენ ახალი ცივი ომის ეპოქაში შევდივართ, - უთხრა „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, - მიხეილ სააკაშვილი კი დასავლეთში „თავისიანადაა“ მიღებული და მას არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვაბარებენ“.

 

 

 

 

 

„ტვ პერვიი კანალ“ (რუსეთი), 3 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.1tv.ru/news/world/264527

 

 

მიხეილ სააკაშვილი - სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი

 

 

 „პოლიტიკოსი, რომელიც თავის თავს პატრიოტს უწოდებდა, უმაღლესი პოსტის დატოვების შემდეგ უცხოეთში გადაბარგდა“, - აღნიშნულია კორესპონდენტ იური ლიპატოვის რეპორტაჟში, რომელიც რუსული ტელევიზიის „პერვიი კანალის“ პროგრამა „ვრემიაში“ გადაიცა.

 

 

„როგორც კი ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, მას გავლენიანი დამცველები გამოუჩნდნენ, თვითონ კი განაცხადა, „ჩემი დაჭერით საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა გაუარესდებაო“. მიხეილ სააკაშვილის კარიერა კარგად შემუშავებული სცენარით განვითარდა: არჩევნებში გამარჯვება - დასავლეთის დახმარებით, ანტისახელმწიფოებრივ ავანტიურებში მონაწილეობა, რეიტინგის სწრაფი ვარდნა და აი, საბოლოო შედეგიც - საზღვარგარეთ გახიზვნა. იგი თავისი ცხოვრების დიდ დროს აშშ-ში ატარებს.

 

 

მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ჩაჯდება, იგი ქართულ სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს - სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ფესიბუქში კი ასეთი ჩანაწერი გააკეთა: როცა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პროკურატურა გამომიძახებს, მე ძალიან შორს ვიქნები და მხოლოდ მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს“. „ძალიან შორს ვიქნები“ - ეს, რა თქმა უნდა, ამერიკაში ყოფნას ნიშნავს. იგი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები მას არ გასცემენ.

 

 

ნინო ბურჯანაძეს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრედ, მაგრამ აი, რას ამბობს დღეს იგი იმ ადამიანზე, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, „ხელში ქართული რევოლუციის მართვის საჭე ეკავა“, ახლა კი უკრაინის ხელისუფლებას ეხმარება იქაური რევოლუციის სამართავად.

 

 

„მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ამორალურია, რომ სააკაშვილი დღეს დემოკრატიის ფლაგმანად გამოდის. ეს საერთოდ აბუჩად აგდებაა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეყრდნობა რა სააკაშვილის ანტირუსულ რიტორიკას, დასავლეთი მხარს უჭერს ისეთ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა დასავლური ფასეულობების ფეხქვეშ გასათელად, რაც კი მსოფლიოში არსებობს - სიტყვის თავისუფლება, ნების თავისუფლად გამოხატვა და ასე შემდეგ. ეს ხომ მხოლოდ პიარია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პიარი, თვითონ კი - რუსეთთან ბრძოლის ფლაგმანი“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ვარდი უკვე დაჭკნა. პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ მას ჩადენილი დანაშაულობების „მომაკვდინებელი თაიგული“ წარუდგინეს: მიტინგების სისხლიანი დარბევა, ტელეარხების უკანონოდ დახურვა, პრემიერ-მინისტრის სიკვდილის გარემოებების ფალსიფიცირება, საბიუჯეტო ფულის განიავება...“, - აღნიშნულია რეპორტაჟში.

 

 

ტელესიუჟეტში კომენტარს აკეთებენ ქართველი ექსპერტი პეტრე მამრაძე, რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მუხინი და სხვები. გარდა ამისა, განხილულია აშშ-ის იმ პერიოდის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და უკრაინაში: გაანალიზებულია ვიქტორ იუშენკოს კურსი, რომელიც შედარებულია მიხეილ სააკაშვილის კურსთან. აღნიშნულია, რომ ერთ დროს აშშ-ის ერთგული ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პოლიტიკაში საერთოდ აღარ ჩანს.

 

 

„ამერიკული პროექტის“ თანახმად, პრეზიდენტად არჩევა მსხვერპლად შეწირვას გულისხმობს, რომლის შემდეგ ძალიან ხშირად ადამიანის პოლიტიკური ინჰალაცია (გაქრობა) ხდება... მე ვფიქრობ, რომ პეტრო პოროშენკოც განწირულია. მისი ბედი არავინ იცის, მკითხავების გარდა.. არის რამდენიმე ვარიანტი: მას ციხეში ჩასვამენ უკრაინის ტერიტორიაზე; მეორე - იგი მოახერხებს გაქცევას საკუთარი ხალხისაგან; მესამე - მას უბრალოდ, კიევში მოკლავენ. ანუ სამივე ვარიანტი საკმაოდ მწუხარეა. თუ პოროშენკო სააკაშვილივით ამერიკაში გაიქცევა, მეეჭვება, რომ იქ იგი კარგი სახელით იცხოვრებს... სწორედ მან ჩაითრია საკუთარი ქვეყანა ძმათამკვლელ სისხლიან ომში“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ვლადიმერ ევსეევი.

 

 

თუმცა ეს მხოლოდ საექსპერტო პროგნოზებია. ხომ კარგად ცხოვრობს იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს ომი დაიწყო და რომელმაც უამრავი ხალხის სიცოცხლე შეიწირა, მისმა ქვეყანამ კი ტერიტორიები დაკარგა? თან უკრაინელებს დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობის სიყვარულს ასწავლის... ქართველებს კი ყველაზე მეტად ახლა ის აინტერესებთ, როგორ შეიძლება მისი გასამართლება“, - ნათქვამია რეპორტაჟში.

 

 

 

 

 

„დი პრესსე“ (ავსტრია), 4 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://diepresse.com/home/meinung/gastkommentar/3848916/Die-Ukraine-als-Praezedenzfall_Folgen-weitere-Konflikte

 

 

უკრაინის პრეცედენტი, რუსეთის ინტერესები და აფხაზური მუხრუჭი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე

 

 

პუბლიკაცია, რომლის ავტორია ვენის (ავსტრია) ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს-გეორგ ჰენრიხი, ეხება უკრაინის კრიზისს, ევროკავშირთან ურთიერთობას და ამ ფონზე გაანალიზებულია აფხაზეთის კონფლიქტის მნიშვნელობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისათვის.

 

 

„უკრაინის „ევრომაიდანი“ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს შეეხო და კიევსა და მოსკოვს შორის ღრმა კონფრონტაცია გამოიწვია. მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს იყო იმის ეჭვები, რომ შესაძლოა მათთან მიმართებითაც იგივე სცენარი განვითარებულიყო. საქართველოსა და აფხაზეთის მაგალითი გვაჩვენებს, რომ კონფლიქტის განვითარების პოტენციალი მართლაც არის, მაგრამ სიტუაცია უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

 

აფხაზეთი - ეს მცირე შავიზღვისპირა ტერიტორიაა, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ რუსეთმა და  კიდევ ორიოდე სახელმწიფომ აღიარა. ასე რომ, აფხაზეთის პრობლემა საბოლოოდ, 20 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, რომლის შედეგად ასეულ ათასობით ქართველი ლტოლვილად იქცა, ჯერ კიდევ მოუგვარებელია და შესაბამისად, კონფლიქტი არ ჩამქრალა. აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, მისი ბიუჯეტის 70%-ს რუსეთი აფინანსებს.

 

 

მოსკოვისათვის, პრინციპში, მეორეხარისხოვანია და ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კლანი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში. ამის მიუხედავად, კრემლმა აფხაზეთში მაისის ბოლოს წარმოქმნილი შიდაპოლიტიკური კონფლიქტის - ალექსანდრე ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას დაპირისპირების მოსაგვარებლად სოხუმში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რათა კავკასიაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ მიიღოს.

 

 

აფხაზეთს რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, იქ რუსეთის ყოფნა საქართველოსთან ომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა: გუდაუთასთან ახლოს მდებარე ბომბორას სამხედრო-საჰაერო ბაზის, ოჩამშირეში კი - სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის და რამდენიმე რადიოლოკაციური სადგურის მეშვეობით რუსეთს ფაქტიურად მთელი სამხრეთ კავკასიის, უპირველესად კი საქართველოს სრული გაკონტროლება შეუძლია. უკრაინის კონფლიქტმა შავი ზღვის აფხაზურ სექტორშიც შექმნა დაძაბულობის რისკი.

 

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას შეუძლია ერთგვარი რეგრესი გამოიწვიოს ორმხრივ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუმცა ამ დოკუმენტის დებულებები რუსეთისაგან ენერგოშემცველების იმპორტზე და იმ რუსულ კაპიტალზე, რომელიც საქართველოს საკვანძო დარგებშია დაბანდებული (ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, სამთამადნო წარმოება), როგორც ჩანს,  არ აისახება.

 

 

ამასთან, რუსული მხარე მგრძნობიარეა იმ სიგნალების მიმართ, რომლებიც NATO-საგან და  საქართველოსგან [ალიანსისაკენ მისი სწრაფვის გათვალისწინებით] მომდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისადმი მოსკოვის „სიმეტრიული“ პასუხი რუსეთ-აფხაზეთის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში გამოიხატოს. აშკარაა, რომ თუ საქართველო NATO-სკენ სვლას გააგრძელებს და ალიანსში გაწევრიანდება, ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსული მხარისაგან დაკავებული ტერიტორიების რეინტეგრაცია და ლტოლვილების [იძულებით გადაადგილებული პირების] დაბრუნება გამორიცხულია.

 

 

რუსეთს აფხაზეთში სტაბილურობა სურს. შესაძლოა რაღაც მსგავსება მართლაც არის აფხაზეთში მომხდარ მღელვარებასა და უკრაინულ „ევრომაიდანს“ შორის (საერთოდ, ყველა რევოლუციებს საწყის ეტაპზე ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ), მაგრამ აფხაზური ამბები მაინც ლოკალურია და უმეტესად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ანტისამთავრობო გამოსვლების მიზეზები მდგომარეობს აგრეთვე აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრების ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემაში (არჩევნების მანიპულირების მიზნით) და ადგილობრივი ბიზნესმენების უკმაყოფილებაშიც (რუსული ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო).

 

 

აფხაზეთი კვლავ რუსეთის კვაზი-კოლონიად რჩება და მას საქართველოსთვის ანტი-NATO-ური ფუნქცია ექნება. აფხაზეთი „საიმედო“ ბარიერი იქნება საქართველოს NATO-საკენ მიმავალ გზაზე, რადგან ალიანსში ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყნების გაწევრიანება გამორიცხულია, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016