„ვაშინგტონ პოსტი“ (აშშ), 4 აგვისტო, 2014 წელი;
სტატიაში გატარებულია აზრი, რომლის თანახმად, ბოლო ხანებში ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფო პატივს აღარ სცემს, მის ავტორიტეტს და პრესტიჟს ყურადღებას აღარ აქცევს და შესაბამისად, ასეთ ქმედებას ვაშინგტონმა პასუხი უნდა გასცეს.
გთავაზობთ შემოკლებით:
ამ ზაფხულს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმდენი დიდი საერთაშორისო კონფლიქტის წინაშე დადგა (ღაზას სექტორი, უკრაინა, ერაყი, სირია, ავღანეთი...), რომ შეიძლება უფრო მცირე დარტყმები ამერიკის პრესტიჟის მიმართ ვერც კი შენიშნო. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა გასულ კვირას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და აშშ-ის მოკავშირე საქართველოში მოხდა, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ბიძინა ივანიშვილი, არალიბერალური ოლიგარქი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომ არ დაწყებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ათი წლის წინათ დემოკრატიული რევოლუცია განახორციელა და როცა არჩევნებში დამარცხდა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. გასულ ორშაბათს კი საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილსა და კიდევ ოთხი სხვა თანაპარტიელ ჩინოვნიკს პოლიტიკური ხასიათის დანაშაულის ბრალდება წაუყენა.
მცირე ქვეყნის მიერ ამერიკული „წითელი ხაზის“ უგულებელყოფის ფაქტი შეიძლებოდა უმნიშვნელოდ მიჩნეულიყო და მისთვის ყურადღება არ მიგვექცია - ბოლოს და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი რეალურად დაპატიმრებული არ არის, უკრაინაშია და იქაურ ახალ პროდასავლურ მთავრობას რჩევებს აძლევს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ფაქტი ტენდენციის ნაწილია: აშშ-ის მოკავშირე საქართველომ, რომელიც დიდადაა დამოკიდებული ვაშინგტონისაგან გაწეულ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ღიად გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში, მის წარმომადგენლებს შეგნებულად ამცირებს კიდეც.
სტატიის დასასრულს გატარებულია აზრი, რომ თეთრმა სახლმა უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს ამერიკის პრესტიჟის შემლახველ ფაქტებზე: ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ მას არ სურს პასუხი გასცეს, უმნიშვნელოდ მაინც მოახდინოს რეაგირება მიყენებულ წყენაზე. ბაჰრეინიდან, სადაც ჩვენი მე-5 ფლოტის მთავარი ბაზაა, ჩვენივე დიპლომატის გამოძევებით ვაშინგტონი მხოლოდ „შეშფოთდა“, იგივე მოხდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმართაც. არადა, ადმინისტრაციას შეეძლო მსუბუქად მაინც დაესაჯა ასეთი მთავრობები, მაგალითად, გაეწვია ელჩები, შეემცირებინა სამხედრო დახმარება და გაეუქმებინა ოფიციალური ვიზიტები. ამის ნაცვლად ისე გამოდის, რომ ობამას ადმინისტრაციისადმი უდიერად მოქცევის შემთხვევაში ყველას შეუძლია დაუსჯელად გადარჩეს, - ხაზგასმულია სტატიაში.