„კომერსანტი“ (რუსეთი), 4 აგვისტო, 2014 წელი
სტატიაში საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, გაიცა ორდერი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზნით (ავტორი გიორგი დვალი)
„ექს-პრეზიდენტის დაუსწრებლად დაპატიმრების ვერდიქტი სასამართლომ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე მღელვარე დებატების შემდეგ, შაბათ დილით გამოაცხადა. ადვოკატი ოთარ კახიძე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ყოფილი მეთაურის სისხლის სამართლის საქმე არ შეიცავს არავითარ იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ მიტინგის დარბევაზე ბრძანება პრეზიდენტმა გასცა, მაგრამ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა იქვე დაასახელა მოწმეები, რომლებიც 2007 წელს მაღალი პოსტები ეკავათ: პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე, გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, მცხეთა-თიანეთის რეგიონის გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
ექს-პრეზიდენტთან ერთად დაუსწრებლად დაპატიმრებულ იქნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, თუმცა პირველს უკვე უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, მეორე კი საფრანგეთში მშვიდად ცხოვრობს - ფრანგულმა თემიდამ საქართველოს ხელისუფლებას უარი განუცხადა მის ექსტრადირებაზე.
თუ უნგრეთი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს (იქაური პრემიერი მისი მეგობარია), ეს ფაქტი პროკურატურის გეგმებს ჩაფუშავს და ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება შეუძლებელი გახდება. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად უნდა გასამართლდეს, მისი ძებნა კი ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ გამოცხადდება, - აცნობეს „კომერსანტს“ იუსტიციის სამინისტროდან.
თუმცა, ქართველი ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი მიხეილ სააკაშვილს თავშეფარს არ მისცემს, მის ექსტრადირებას ხელს პოლიტიკური კონიუნქტურა შეუშლის, რომელიც უკრაინის მოვლენების გამო ჩამოყალიბდა: „ჩვენ ახალი ცივი ომის ეპოქაში შევდივართ, - უთხრა „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, - მიხეილ სააკაშვილი კი დასავლეთში „თავისიანადაა“ მიღებული და მას არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვაბარებენ“.
http://www.kommersant.ru/doc/2538445?isSearch=True