reportiori.ge - უკრაინის პრეცედენტი, რუსეთის ინტერესები და აფხაზური მუხრუჭი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:28
მსოფლიო
უკრაინის პრეცედენტი, რუსეთის ინტერესები და აფხაზური მუხრუჭი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე
04 აგვისტო, 2014. 21:57



„დი პრესსე“ (ავსტრია), 4 აგვისტო, 2014 წელი;

 

 

პუბლიკაცია, რომლის ავტორია ვენის (ავსტრია) ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს-გეორგ ჰენრიხი, ეხება უკრაინის კრიზისს, ევროკავშირთან ურთიერთობას და ამ ფონზე გაანალიზებულია აფხაზეთის კონფლიქტის მნიშვნელობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისათვის.

 

 

„უკრაინის „ევრომაიდანი“ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს შეეხო და კიევსა და მოსკოვს შორის ღრმა კონფრონტაცია გამოიწვია. მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს იყო იმის ეჭვები, რომ შესაძლოა მათთან მიმართებითაც იგივე სცენარი განვითარებულიყო. საქართველოსა და აფხაზეთის მაგალითი გვაჩვენებს, რომ კონფლიქტის განვითარების პოტენციალი მართლაც არის, მაგრამ სიტუაცია უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

 

აფხაზეთი - ეს მცირე შავიზღვისპირა ტერიტორიაა, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ რუსეთმა და  კიდევ ორიოდე სახელმწიფომ აღიარა. ასე რომ, აფხაზეთის პრობლემა საბოლოოდ, 20 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, რომლის შედეგად ასეულ ათასობით ქართველი ლტოლვილად იქცა, ჯერ კიდევ მოუგვარებელია და შესაბამისად, კონფლიქტი არ ჩამქრალა. აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, მისი ბიუჯეტის 70%-ს რუსეთი აფინანსებს.

 

 

მოსკოვისათვის, პრინციპში, მეორეხარისხოვანია და ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კლანი იქნება აფხაზეთის ხელისუფლებაში. ამის მიუხედავად, კრემლმა აფხაზეთში მაისის ბოლოს წარმოქმნილი შიდაპოლიტიკური კონფლიქტის - ალექსანდრე ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას დაპირისპირების მოსაგვარებლად სოხუმში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, რათა კავკასიაში კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ მიიღოს.

 

 

აფხაზეთს რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, იქ რუსეთის ყოფნა საქართველოსთან ომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა: გუდაუთასთან ახლოს მდებარე ბომბორას სამხედრო-საჰაერო ბაზის, ოჩამშირეში კი - სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის და რამდენიმე რადიოლოკაციური სადგურის მეშვეობით რუსეთს ფაქტიურად მთელი სამხრეთ კავკასიის, უპირველესად კი საქართველოს სრული გაკონტროლება შეუძლია. უკრაინის კონფლიქტმა შავი ზღვის აფხაზურ სექტორშიც შექმნა დაძაბულობის რისკი.

 

 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას შეუძლია ერთგვარი რეგრესი გამოიწვიოს ორმხრივ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუმცა ამ დოკუმენტის დებულებები რუსეთისაგან ენერგოშემცველების იმპორტზე და იმ რუსულ კაპიტალზე, რომელიც საქართველოს საკვანძო დარგებშია დაბანდებული (ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, სამთამადნო წარმოება), როგორც ჩანს,  არ აისახება.

 

 

ამასთან, რუსული მხარე მგრძნობიარეა იმ სიგნალების მიმართ, რომლებიც NATO-საგან და  საქართველოსგან [ალიანსისაკენ მისი სწრაფვის გათვალისწინებით] მომდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისადმი მოსკოვის „სიმეტრიული“ პასუხი რუსეთ-აფხაზეთის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში გამოიხატოს. აშკარაა, რომ თუ საქართველო NATO-სკენ სვლას გააგრძელებს და ალიანსში გაწევრიანდება, ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსული მხარისაგან დაკავებული ტერიტორიების რეინტეგრაცია და ლტოლვილების [იძულებით გადაადგილებული პირების] დაბრუნება გამორიცხულია.

 

 

რუსეთს აფხაზეთში სტაბილურობა სურს. შესაძლოა რაღაც მსგავსება მართლაც არის აფხაზეთში მომხდარ მღელვარებასა და უკრაინულ „ევრომაიდანს“ შორის (საერთოდ, ყველა რევოლუციებს საწყის ეტაპზე ერთმანეთთან რაღაც მსგავსება აქვთ), მაგრამ აფხაზური ამბები მაინც ლოკალურია და უმეტესად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ანტისამთავრობო გამოსვლების მიზეზები მდგომარეობს აგრეთვე აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრების ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემაში (არჩევნების მანიპულირების მიზნით) და ადგილობრივი ბიზნესმენების უკმაყოფილებაშიც (რუსული ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო).

 

 

აფხაზეთი კვლავ რუსეთის კვაზი-კოლონიად რჩება და მას საქართველოსთვის ანტი-NATO-ური ფუნქცია ექნება. აფხაზეთი „საიმედო“ ბარიერი იქნება საქართველოს NATO-საკენ მიმავალ გზაზე, რადგან ალიანსში ტერიტორიული კონფლიქტების მქონე ქვეყნების გაწევრიანება გამორიცხულია, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

 

http://diepresse.com/home/meinung/gastkommentar/3848916/Die-Ukraine-als-Praezedenzfall_Folgen-weitere-Konflikte

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016