საქართველო ავტორიტარიზმს არ უბრუნდება: მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიება არის არა პოლიტიკური, არამედ საქმე სამართლიანობას ეხება
ამერიკულ გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში" რუბრიკით „წერილები" გამოქვეყნებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული სისიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, 30 ივლისს გაზეთმა მიხეილ სააკაშვილის დასაცავად სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა. თეა წულუკიანის პასუხში ვკითხულობთ (სრული სახით):
„თქვენი სარედაქციო სტატია „ქართული სირცხვილი" საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ „პოლიტიკურ შურისძიებაში" ადანაშაულებს.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე მტკიცედ ვაპროტესტებ ამ განცხადებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება.
საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული „თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ, მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორსმიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი. მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლება იურიდიულად ვალდებულია, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ეს „ჰუმან რაითს ვოჩ"-ის (Human Rights Watch) მიერ არის დოკუმენტირებული.
2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. საქართველოს წარსული მართლაც სავსეა უამრავი მსგავსი ქმედებით, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა".
„ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), 6 აგვისტო, 2014 წელი
http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/08/140805_georgia_saakashvili_new_charges.shtml
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატის ცემის ორგანიზებაში ადანაშაულებენ
სტატიაში ვრცლადაა აღწერილი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც ექს-პრეზიდენტის მითითებით 2005 წელს განხორციელდა (ავტორი ნინა ახმეტელი, „ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტი).
პუბლიკაცია ემყარება საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, რომელიც უწყების ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული: „პროკურატურა აცხადებს, რომ 2005 წელს დეპუტატის ცემის ფაქტზე მოკვლევა ფორმალურად კი დაიწყო, მაგრამ გამოძიების მიერ რეალურად არცერთი ეფექტური ღონიძიება არ ყოფილა გატარებული. დღეს კი ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშწორების საქმე მთლიანადაა გახსნილი".
„პოლიტოლოგების აზრით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის დიდი გამოცდა შეიძლება გახდეს. არაა გამორიცხული, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგეს. მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების" მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტისადმი მიმართული სამართლებრივი დევნა არავითარი პოლიტიკური მოტივებით არაა განპირობებული და ყველა, დაკავებული თანამდებობისა და რანგის მიუხედავად, კანონის წინაშეა პასუხისმგებელი. ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა" კი აცხადებს, რომ მათი ლიდერის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის ბრალდება პოლიტიკური დევნის გაგრძელების გამოხატულებაა", - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში გამოყენებულია როგორც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქური ჩანაწერები" და მისი თავის მართლების ამსახველი გამონათქვამები, აგრეთვე ექს-პრეზიდენტის უცხოელი მხარდამჭერების განცხადებები.
„კომერსანტი" (რუსეთი), 6 აგვისტო, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2539447
მიხეილ სააკაშვილს ეპიზოდებს უგროვებენ: ექს-პრეზიდენტს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს
„საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ უკვე აღძრულ ერთ სისხლის სამართლის საქმეს მეორე დაემატა, რომელიც ოპოზიციურ დეპუტატზე 2005 წელს განხორციელებულ ანგარიშსწორებას ეხება. როგორც „კომერსანტს" იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, წინ კიდევ ბევრი საქმეებია", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული როგორც წინა ბრალდებათა არსი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მიტინგის დარბევა, ტელეკომპანიის დახურვა), ასევე ახალი ბრალდების მოტივები: 2005 წელს დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა გაზეთ „რეზონანსითვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი და მისი მეუღლე უდიერად მოიხსენია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წევრის დასჯა გადაწყვიტა. მან ვალერი გელაშვილისთვის „ჭკუის სწავლება" ვანო მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც თავის მხრივ, ამ დავალების შესრულება ოპერატუიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას მიანდო... „ოპერაციის" შედეგი ის იყო, რომ დეპუტატმა სპეცდანიშშნულების რაზმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. თავის მხრივ, ერეკლე კოდუამ უარყო წაყენებული ბრალდება, ხოლო ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ოთარ კახიძის თქმით, ბრალდება მხოლოდ ვარაუდებს ემყარება.
როგორც „კომერსანტს" იუსტიციის სამინისტროდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, ეს ბრალდება მიხეილ სააკაშვილისათვის ბოლო არ იქნება: ექს-პრეზიდენტის მიმართ კიდევ ექვსი თუ რვა რეზონანსული საქმე მზადდება, მათ შორის კორუფციაში მისი მონაწილეობის მხილების მიზნით", - აღნიშნულია სტატიაში.
„ვზგლიადი" (რუსეთი), 6 აგვისტო, 2014 წელი
http://www.vz.ru/world/2014/8/5/698928.html
ორჯერ ბრალდებული
საქართველო მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ და ევროპელ დამცველებს იგერიებს
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ორჯერ ბრალდებული" პირი გახდა - პროკურატურამ მას და შსს-ის კიდევ ორ ჩინოვნიკს ბრალი დასდო საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ანგარიშსწორებაში (ავტორი დიმიტრი ალექსანდროვი).
„მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონელ და ბრიუსელელ მხარდამჭერებს ახლა პოლონელები და ლიტველებიც დაემატნენ: ორშაბათს ექს-პრეზიდენტს გამოსარჩლნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ლიტვის სეიმის დეპუტატი აუდრონიუს აჯუბალისი, რომელთა აზრით, თურმე მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური შურისძიება და ანგარიშწორება მიმდინარეობს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ლიტველებისა და პოლონელების „სააკაშვილოფილობას" კომენტარს უკეთებს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის („მგიმო") პროფესორი მიხეილ ალექსანდროვი: „საქართველოს ექს-პრეზიდენტის დასაცავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება არის აშკარად თბილისის გასაგონი გადაკრულად ნათქვამი, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნით, ლიტველებმა და პოლონელებმა კი ამერიკელებს, უბრალოდ, ბანი მისცეს. რატომ? იმიტომ, რომ პირველი - ლიტვასა და პოლონეთს ამერიკისადმი ვასალური გრძნობები ამოძრავებთ და მეორე - ამით მათ ამერიკის ჩრდილქვეშ თავიანთი პოლიტიკური ალიბის შენარჩუნებაც სურთ. ვაშინგტონისთვის ძნელია იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში ის თურმე მხარს უჭერდა კორუფციონერს და მკვლელს. ვილნიუსი და ვარშავაც ვაშინგტონის მიერ სააკაშვილისადმი გამოვლენილი მხარდაჭერის აქტიური თანამონაწილენი არიან. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ჩადიოდნენ თბილისში პოლონეთისა და ლიტვის ლიდერები, როგორ ეფიცებოდნენ ისინი ქართველ კოლეგას სიყვარულს და მეგობრობას, როგორ უცხადებდნენ ქართველ ხალხს ძმობას და ერთგულებას... გასაგებია, რომ მათი მეგობრის სამართლებრივი დევნა გარკვეული არასასიამოვნო ამბავია ლიტვისა და პოლონეთისათვის.
მიხეილ სააკაშვილმა ბევრი მტერი გაიჩინა საქართველო არა მარტო პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში, არამედ რიგით მოქალაქეებშიც. დღეს საქართველოში პირადი ინტერესები და ანგარიშები ვაშინგტონის პოზიციაზე მაღლაა დაყენებული. ამას თავისი მიზეზები აქვს: ქართველები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტი კორუფციონერი და მკვლელია. ქართველები სამართლიანობის აღდგენას დასავლეთის პოზიციის მიუხედავად ცდილობენ. თავის მხრივ, საქართველოს მტავრობა, პოპულარობის შენარჩუნების მიზნით, იძულებულია ანგარიში გაუწიოს მოსახლეობის სურვილს და შესაბამის ფარვატერში იმოქმედოს".
„ლიტველი და პოლონელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს იმიტომ იცავენ, რომ მათ თავის დროზე საერთო ენის გამოძებნა მოახერხეს. ამგვარ ადამიანებს ერთნაირი იდეოლოგია აქვთ: ჯერ იყო ანტისაბჭოთა იდეოლოგია, ახლა კი ანტირუსული იდეოლოგიაა", - განუცხადა „ვზგლიადს" ყოფილმა პარტიულმა მოღვაწემ მიკოლას ბუროკიავიჩიუსმა.
„კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი), 6 აგვისტო, 2014 წელი
http://www.kp.ru/daily/26264/3142820/
ვაშინგტონი - თბილისს: „ხელი არ ახლოთ მიხეილ სააკაშვილს, ის ჩვენი ძაღლიშვილია"
სტატია ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ექს-პრეზიდენტის დაუსწრებლად დაპატიმრებასა და მისი უცხოელი მხარდამჭერების სოლიდარულ განცხადებებს (ავტორი ედუარდ ლოზანსკი).
„ვაშინგტონმა დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა: სახელმწიფო დეპარტამენტმა და რამდენიმე სენატორმა ორივე პარტიიდან თავიანთი აღშფოთება გამოხატეს და საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ოპონენტების „პოლიტიკურ დევნად" მიიჩნიეს. საინტერესოა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ საკითხში მხარი ოფიციალურ თბილისს დაუჭირა.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აღმასვლა დაიწყო 2003 წელს, როცა მან „ვარდების რევოლუციად" წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად თავისი პატრონი ედუარდ შევარდნაძე დაამხო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კორუფციასტან და ორგანიზებულ დანასაულთან ბრძოლაში, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებაში, თუმცა მეორე ვადით არჩევის შემდეგ, 2007 წლიდან სიტუაცია ქვეყნისა და მოსახლეობისათვის არცთუ სასიკეთოდ განვითარდა. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თანამდებობებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა დაიწყო, შეუდგა ოპონენტების დევნას, მიიტაცა მათი ბიზნესი, შეავიწროვა მასმედია, ახორციელებდა სასამართლოთი მანიპულირებას. ასეთი მოქმედების შენიღბვისა და დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილმა დაიქირავა რამდენიმე მსხვილი და გავლენიანი ამერიკული ლობისტური ფირმა, რომლებმაც კარგად ფლობდნენ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მეთოდებს.
თუმცა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე მთავარი კოზირი იყო ზღვარსგადასული ანტირუსული და ანტიპუტინური რიტორიკა, რომელმაც მას ვაშინგტონში მრავალი მეგობარი შესძინა. სწორედ ისინი გამოდიან ახლა აშშ-ში ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებად.
არ ვფიქრობ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილს მთავარ ბრალდებასაც წაუყენებენ - 2008 წლის აგვისტოში ცხინვალზე თავდასხმას, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, რუსი მშვიდობისმყოფლების ჩათვლით.
რა შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის ახლანდელ თანამდებობაზე მეტად აბსურდული? დღეს იგი უკრაინის მთავრობის ოფიციალური მრჩეველია... რა უნდა ურჩიოს უკრაინელებს იმ ავანტიურისტმა, რომელმაც თავისი [მცდარი პოლიტიკის წყალობით] სამშობლოს ტერიტორიის 20% დაკარგა?
დღეს არანაკლებ აბსურდული ჩანს აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის" წოდებას ისეთი ადამიანი ატარებს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მართლმსაჯულებას ემალება. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში საქართველოს „დემოკრატიულ სახელმწიფოდ" თვლიან..
საინტერესოა, გააპროტესტებენ თუ არა ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები თავიანთი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას?"