reportiori.ge - ვალერი ხაბურზანია: აივანზე გაყვანის მომენტში კოდუა იშიფრება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:03
ინტერვიუ
ვალერი ხაბურზანია: აივანზე გაყვანის მომენტში კოდუა იშიფრება!
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 12:33


მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ერეკლე კოდუამ "მიშმაკური" ზღაპრების მოყოლა დაიწყო, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე ისევ აქტუალური გახდა. მართალია, კოდუას ნაამბობში, როგორც ვალერი გელბახიანი ამბობს, ძალიან ბევრი სიცრუეა, მაგრამ არის ერთი მთავარი დეტალი, რომელსაც ვერსად გავექცევით - ბადრი პატარკაციშვილმა დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, როცა ერეკლე კოდუასთან გააბა ურთიერთობა, არა აქვს მნიშვნელობა,  რა მიზანი ჰქონდა, კარგი თუ ცუდი. ამ თემაზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია "ალიასთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს...



- ბატონო ვალერი, თქვენ პირად საუბარში რამდენიმეჯერ მითხარით, რომ ბადრი პატარკაციშვილთან არცთუ თბილი ურთიერთობა გქონდათ, ხომ არ ვცდები?



- ბადრი თავის დროზე მეგობრობდა კახა თარგამაძესთან და კობა ნარჩემაშვილთან. თუმცა მათ მეგობრობა ბოლომდე არ გამოუვიდათ. მე არ ვიცი, შიგნით რა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ზოგადად ბადრი იყო ცოტა უცნაური კაცი. მაგალითად, 2002 წლის 26 მაისს, აღლუმზე მე და კობა ვიდექით ერთად, კობას გამოსდო ხელკავი, გაიყვანა გვერდით, მე არც გამარჯობა მითხრა, არც არაფერი. კობა რომ მობრუნდა, მითხრა, ეს ბადრი პატარკაციშვილიაო. მანამდე არ ვიცნობდი, მხოლოდ გვარი და სახელი მქონდა გაგონილი. არც ამის მერე მქონია ურთიერთობა, მაგრამ ერთი პერიოდი კობასთან დაეძაბა სიტუაცია. ამის შესახებ ინფორმაციები მეც მომდიოდა.



- რა ინფორმაციები მოგდიოდათ?



- ის ცდილობდა, ედუარდ შევარდნაძე დაერწმუნებინა, რომ ძალოვანი მინისტრები ცუდები იყვნენ და ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. ამის შემდეგ მე მოსკოვში ვიკითხე ბადრის ამბები... მას რაღაც პრობლემა ჰქონდა, ორმაგი მოქალაქეობა მიიღო კანონის გვერდის ავლით, ეს კომპრომატი მე მქონდა და შემეძლო, გამომეყენებინა. ჯერ შევარდნაძეს ვკითხე: ეს კაცი რაღაცეებს აკეთებს ჩვენს წინააღმდეგ, ძალოვნების წინააღმდეგ მოქმედება თქვენც გირტყამთ, ამაზე რას იტყვით-მეთქი? რა ვიცი, რა უნდა ვთქვა, მე მგონი, ეგ კაცი პუტინის ახლობელიაო. მე ვუთხარი, არა მგონია-მეთქი. არა, ერთხელ პუტინს რომ შევხვდი, პირდაპირ მითხრა: "კაკ ტამ ნაშ ბადრი"-ო? შეიძლება ეს ირონიულად ეთქვა, ცინიკურად-მეთქი. მერე მივხვდი, შევარდნაძე თავს იშტერებდა, თითქოს თავადვე უნდოდა, რომ ბადრი პუტინის კაცი ყოფილიყო. მე დავპირდი, რომ ამ საკითხს გავარკვევდი და მოსკოვში, გარკვეულ წრეებში გავიკითხე. აღმოჩნდა, რომ პუტინსა და მის გარემოცვას ბადრისთან იმ ეტაპზე არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. სხვათა შორის, მაშინ მირჩიეს, შენ ამ საქმეში ნუ ჩაერევი, არ ღირსო. მე ვუთხარი, მაინც მოვსინჯავ, შევხვდები ბადრი პატარკაციშვილს, თქვენგან რა გადავცე-მეთქი? ჩვენგან გადაეცი, ბორის ბერეზოვსკის დაანებოს თავი, რაც აქ ბიზნესები ჰქონდა, ყველაფერს დავუბრუნებთ და თავისუფლად იქნება რუსეთშიო. ჩამოვედი თბილისში, შევხვდი ბადრის, ეს სიტყვები გადავეცი და მიპასუხა: "ია დრუზეი ნე პრადაიუ". ამის შემდეგ მთხოვა, მოდი, მე და შენ კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ შევიკრათო. მეც იგივე ვუპასუხე - "ია, ტოჟე დრუზეი ნე პრადაიუ". ჩვენ დავშორდით იმ შეთანხმებით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს არ გადავდგამდით, თუ რამე ისეთი მოხდებოდა, ერთმანეთს პირდაპირ ვეტყოდით.


- ბატონო ვალერი, მოდით, ერთი რამე დავაზუსტოთ და თან გავიმეოროთ: ესე იგი, ბადრი პატარკაციშვილმა შემოგთავაზათ, ერთმანეთს კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ შევეკრათო?



- კი, ზუსტად ასე იყო.


- ხომ არ დაუკონკრეტებია, თუ ერთმანეთს შეეკვრებოდით, კობას წინააღმდეგ რა უნდა გაგეკეთებინათ?



- ისეთი არაფერი, რასაც ახლა ვანო მერაბიშვილზე ჰყვებიან, კობას გაშვება უნდოდა მინისტრობიდან. მე მაშინაც შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ ბადრი დაიწყებდა, ეს მოვკლათ და ის გავანადგუროთო.



- თქვენ ერთმანეთს კარგად არ იცნობდით და რატომ გენდოთ, ხომ არ გცდიდათ, ან ხომ არ გიწერდათ?



- არა, მე ისეთ ადგილზე დავპატიჟე, სადაც ვერ ჩამწერდა.



- კობა ნარჩემაშვილს ამ ყველაფრის შესახებ უთხარით?



- რა თქმა უნდა, ვუთხარი, თვითონაც იცოდა რაღაც-რაღაცები. მაგათ კახა თარგამაძის გამო ჰქონდათ გართულებული ურთიერთობა. როდესაც კობამ კახა შეცვალა და დაიწყო მისი კადრების გაშვება, ბადრის არ ესიამოვნა და სიტუაცია დაიძაბა. ბადრის ეგონა, რომ კობა დასდევდა, მუდმივად უთვალთვალებდა და გარე მეთვალყურეები ჰყავდა მიჩენილი. მე მგონი, ბადრის რაღაცეები ეჩვენებოდა ან რაღაც ასეთი.




- გამოდის, ბადრი პატარკაციშვილს ძალოვნებზე კონტროლის აღების მცდელობა ჰქონდა, ხომ?



- რა თქმა უნდა... ის რუსეთიდან ჩამოვიდა ძალიან დიდი ფულით, ჰქონდა პრეტენზია, რომ პუტინი მან დანიშნა, ამიტომ საქართველო მისთვის იყო ძალიან ვიწრო მასშტაბი, მე ვუთხარი კიდეც: შენ ამ მასშტაბებში ვერ გაძლებ-მეთქი. სანამ შევხვდებოდი, მე მთავრობის სხდომაზე გამოვედი და ვთქვი, ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქიული ინსტიტუტი შემოდის-მეთქი. ის პოლიტიკაში უკვე აქტიურად ერეოდა და ეს საშიშ ფორმას იღებდა. იმის თქმა, რომ ბადრი იყო საქართველოს მტერი და რუსების მოგზავნილი, ეს არის სრული აბსურდი. უბრალოდ საშიში ის იყო, რომ თეორიულად მას შეეძლო დიდი ფულით ბევრის მოსყიდვა, გადაბირება და ასე შემდეგ. მან ტაქტიკურად ვერ გათვალა რაღაცეები და ბერეზოვსკის მეგობრობას გადაჰყვა. სხვათა შორის, იგივე ბერეზოვსკიმ პირველმა უღალატა, როგორც კი ბადრი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა დიდი პრეტენზიები, შევარდნაძესთან ძალიან ახლოს იყო, მის კაბინეტში შედიოდა გვერდითი შესასვლელიდან. მას ძალიან ხშირი აუდიენციები ჰქონდა შევარდნაძესთან. ბადრი მაშინვე მთლიანად იყო ჩართული პოლიტიკაში. ასევე მეგობრობდა ზურაბ ჟვანიასთან, მას ფინანსურადაც ეხმარებოდა. როცა ჟვანია ოპოზიციაში აღმოჩნდა, ურთიერთობებს მაინც ინარჩუნებდნენ. ვაჟა ლორთქიფანიძე იყო მისი ფავორიტი, მას ლობირებდა და ამ თემაზე ჟვანიასთან ვერ თანხმდებოდა. ბადრი თამაშობდა კაზინოს წესებით, ფსონს "ზეროზეც" დებდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეცდა, მისთვის დამღუპველი იყო, როცა კოდუასთან ურთიერთობაში შევიდა. გოგა ხაინდრავამ თქვა სიმართლე: მე რომ მცოდნოდა, ბადრი ამის გაკეთებას აპირებდა, შეხვედრა არ შედგებოდაო. ვალერი გელბახიანიც რომ შეცდა, ძალიან მიკვირს, ვალერი მაინც გამოცდილი იურისტია, პროკურორიც იყო, ოპერატიულ საქმიანობასთან ჰქონდა შეხება და რატომ ვერ გათვალა, რომ კოდუასთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა? აქ ერთი მომენტია, მილიარდერები, როგორც ჩანს, სხვანაირად უყურებენ მოვლენებს. რაც შეეხება ერეკლე კოდუას მონაყოლს, აქ ბევრი საეჭვო მომენტია, პირველი ის არის, თითქოს გარეთ, აივანზე გაიყვანა ბადრიმ და ხმაურის გამო ვერ ჩაიწერა. ეს რატომღაც მაშინ პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არ ჩადეს, ახლა დასჭირდათ და სკანდალი ატეხეს. როგორც ზოგიერთი ამბობს, ამათ იცოდნენ, რომ ბადრის ყველაფერი მიჰქონდა "სკოტლანდ-იარდში", ხელში ჩაუვარდათ ჩანაწერი, მას დაასწრეს, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაქაჩეს. ამაში ლოგიკა არის, მაგრამ მე ვიცნობ რა ვანო მერაბიშვილს, არ გამოვრიცხავ, საქმე ბოლომდე არ მისულიყო მისი სიჩქარისა და არაპროფესიონალიზმის გამო. საერთოდ, ვანო ყოველთვის ჩქარობდა და ბევრ შეცდომას უშვებდა. კოდუა ასევე ყვება შვიდი "გულაბკის" შესახებ, ნუთუ დაცვას არ შეეპარა ეჭვი, რაში სჭირდება მამაკაცს შვიდი "გულაბკა"? ამ საქმეში ბადრის გარემოცვის წევრები გამოყვანილები არიან როგორც "ფრაერები", არა მგონია, მას ასეთი დაბალი დონის დაცვა ჰყოლოდა. კოდუამ იცის, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია ინგლისის სპეცსამსახურების მიერ, თუ დასჭირდება, იმათაც მალე ჩაუშვებს. მე არ გამოვრიცხავ ფეხსაცმლის ქუსლში ჩამწერის ჩამონტაჟებას, მაგრამ აივანზე გაყვანის მომენტში კოდუა იშიფრება, ბოლო-ბოლო, თუ ჩაწერა უნდოდა და ამას ვერ აკეთებდა, რადგან ფეხზე იდგა, ერთი ფეხი ცოტა აეწია, რა პრობლემა იყო, ბადრი უშლიდა? აივანზე გასვლის ფრაგმენტი ამათ მიერ არის შეთხზული. 

 


- სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

 


- ალბათ, ძებნა გამოცხადდება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ზოგი ამბობს, "ინტერპოლი" ჩაატარებს სპეცოპერაციასო. "ინტერპოლი" არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ორგანო, რომელიც გააჩნია ყველა ქვეყნის პოლიციას. როდესაც ძებნა ცხადდება, ამის შემდეგ ესა თუ ის სახელმწიფო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ადამიანი დააკავონ თუ არა. მე ვფიქრობ, არც ერთი სახელმწიფო სააკაშვილს არ დააკავებს. ხელისუფლებაში იტყვიან, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, აგერ, შევუფარდეთ პატიმრობა, გამოვაცხადეთ ძებნაო, უცხოელები იტყვიან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამით, იფიქრეთ მომავალზე, დაანებეთ თავი წარსულსო და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ეტაპზე იქნება იწილო-ბიწილო, 2016 წლის არჩევნებს რომ მივუახლოვდებით, მერე რა იქნება, ცოტა ძნელი სათქმელია. უცხოეთში ამ ყველაფერს მაინც პოლიტიკურად აღიქვამენ და არ რეაგირებენ, მით უმეტეს, თუ მიშა ფულს დახარჯავს და კარგ ადვოკატებს აიყვანს, შეიძლება გამოძვრეს კიდეც. 




გაზეთი "ალია", გელა ზედელაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016