ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი, მათი აქტიური მხარდამჭერები, თუ ცნობილი ადამიანები, ერთმანეთის მიყოლებით საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ და უგულავას დაკავებას აპროტესტებდნენ. ქვეყნის „აღმაშენებელი" და 5 შვილის მამა გიგი უგულავა, ამ უღმერთო და „უსამართლო" ხელისუფლებამ, როგორ გაბედა და დაიჭირაო.
თუმცა ამ სიტყვების ავტორებს, რატომღაც დაავიწყდათ გიგი უგულავას მიერ გამწარებული ასეულობით და ათასობით ადამიანი, რომლებსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, გიგი უგულავამ ქონება წაართვა და უამრავი ოჯახი სარჩო-საბადებელის გარეშე დატოვა.
ცნობისთვის: ამ ადამიანების ოჯახებშიც იზრდებოდნენ შვილები და მათ შვილებსაც უნდოდათ, სახლში მამა ჰყოლოდათ, თუმცა, სააკაშვილი-უგულავა-მერაბიშვილი-კეზერაშვილის კლანს მაშინ ეს საკითხი ნაკლებად აღელვებდათ. მთავარი მათთვის მაშინ, სხვათა დათრგუნვის ხარჯზე ბევრი ფულის შოვნა და ფუფუნებაში ცხოვრება იყო.
ჰოდა, რადგანაც მათ ყველაფერი ჰქონდათ, ძალაუფლება, ფუფუნება და ფული, არ ჰქონდათ სინდისი და ნამუსი, მათ სიხარბეს საზღვარი არ ჰქონდა, სწორედ ამიტომაც, გვიან, მაგრამ მაინც მათ მოეკითხათ პასუხი იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერი იყო სააკაშვილის-მერაბიშვილის-ადეიშვილის-კეზერაშვილის-უგულავას საქმიანობა, მათი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გასულ კვირას "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"-ში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და მისი ოჯახის შესახებ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ისეთი გულისამაჩუყებელი შოუ გვაჩვენა, რომ სრულიად საქართველოს ტირილისაგან, ალბათ, თვალები დაგვისივდებოდა. ისე წარმოგვიდგინა ჟურნალისტმა ხელისუფლების „მსხვერპლი" გიგი უგულავა, რომელმაც ლადო ასათიანის პოეტური პათოსით, ციხიდან „აღსარება" მიწერა ოჯახს და საზოგადოებას. ასევე, შთამბეჭდავი იყო უგულავას შვილების და ცოლის სიტყვები პატიმრის მიმართ. მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გიგი უგულავასადმი მიძღვნილ შოუს ლაიტმოტივად გასდევდა ის, რომ ეს უცოდველი კრავივით ბიჭი გიგი უგულავა, როგორ გაბედა და დაიჭირა ამ მონსტრმა ხელისუფლებამ. რა ეშველება მის ოჯახს, მის ხუთ შვილს და ასე შემდეგ, როგორ და რა საშუალებით შეძლებენ გიგის გარეშე ცხოვრებასო?!
ამ შოუს ინტერნეტსივრცესა თუ ბეჭდურ მედიაში გაგრძელება მოჰყვა. ზოგს შეეცოდა, საწყალი მისი ოჯახი, ამ 5 შვილს არსებობა ხომ უნდა, რა ეშველებათო? ზოგმაც გულზე ხელი დაიბრაგუნა და თქვა, ახია მაგ ბანდიტზე, ცოტა ადრე უნდა დაეჭირათო, 9 წლის განმავლობაში გადაჭამა ქალაქის ბიუჯეტი და ნაძარცვი თანხები, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ფირმებში განათავსა კეზერაშვილთან ერთადო.
ინტერნეტში ატეხილი აურზაურის შემდეგ, მართლაც გამიჩნდა ადამიანური სურვილი, გამეგო, როგორ და რა პირობებში გააგრძელებდა გიგი უგულავას 5- შვილიანი ოჯახი ცხოვრებას. მისი მომხრეების მიერ სოციალურ ქსელში გაჩაღებული იყო მხარდამჭერი აქცია, საცოდავი გიგის ოჯახი, როგორ ირჩენს თავსო.
მოულოდნელად უცნაური და გიგი უგულავას მხარდამჭერებისთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია მომაწოდეს.
„ექსკლუზივ ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას ოჯახი, რამდენიმე თვეა წავკისში, ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს და ქირაში კოლოსალურ თანხას იხდიანო.
მოწოდებული ინფორმაცია, ცხადია, გადავამოწმე და გავარკვიე, რომ გიგი უგულავა დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცოლ-შვილთან ერთად წავკისში ქირით ცხოვრობდა. ამ სახლში ცხოვრების ერთი თვის ქირის საფასური, 15 ათას აშშ დოლარს შეადგენს. გიგი უგულავას წავკისის ვილაში ქირის სახით, რამდენიმე თვეში დაახლოებით 100 ათასი აშშ დოლარი აქვს გადახდილი და გიგი უგულავას დაკავების შემდეგაც შეუფერხებლად გადაიხადეს ქირა. როგორც წავკისში მეზობლებმა გვითხრეს, გიგი უგულავამ თავისი ქონება ხელისუფლებას საგულდაგულოდ გადაუმალა და ცოლ-შვილი თავის ბიზნეს-პარტნიორის ოჯახში ქირით გადაიყვანაო.
„ექსკლუზივ ნიუსმა" გაარკვია, რომ წავკისში ის სახლი, რომელშიც გიგი უგულავას ცოლ-შვილი ქირით ცხოვრობს და მასში 15 ათას აშშ დოლარს იხდის, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორს შალვა ( შაკო) სირაძეს ეკუთვნის.
შალვა სირაძე შპს "აუთოდორ მედეა ჰაუსის" დირექტორია. ეს არის საქართველოში სარეკლამო კომპანიების, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც დღემდე კეზერაშვილი-უგულავას ხელშია და ამ ბიზნესს კეზერაშვილის კლანის წევრების გარდა, სხვა ვერავინ გაეკარება. ამ სარეკლამო კომპანიის გაკეთებულია ქალაქში განთავსებული სარეკლამო ბანერები თუ ბილბორდები. ამ ბიზნესს დღემდე ხელი არ შეშლია და კეზერაშვილი-უგულავას „სასტავი" სარეკლამო ბიზნესში ფულს დღემდე ბლომად შოულობს. არც არის გასაკვირი, რომ ბრალდებული გიგი უგულავას ოჯახი მუდამ ფუფუნებაში იცხოვრებს და მე რომ მოვინდომო, უბრალო ბანერის გაკვრა, ქალაქში გამოსაჩენ ადგილას, ალბათ, ვერც ფინანსურად შევძლებ და არც კეზერაშვილის სარეკლამო მონოპოლია დაუშვებს, რომ ამ შემოსავლიან ბიზნესში, მათთვის მიუღებელი პირი გააჭაჭანონ. პრაქტიკულად, ამ ბიზნესის ნამდვილ მეპატრონეებს, კეზერაშვილს და უგულავას სამართალთან და კანონთან პრობლემა აქვთ, თორემ შპს „აუთიდორ მედეა ჰაუსის" დირექტორის მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება და ის ბიზნესს წარმატებულად უძღვება.
ასე, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ"-ში მამა აბრამის ბატკნად წარმოჩენილი გიგი უგულავა, არც ისე საცოდავია, როგორც ეს ამ შოუს ავტორმა წარმოაჩინა. გიგი უგულავას ცოლ-შვილი ფუფუნებაში ცხოვრობს. ისინი წავკისში მდებარე სასახლეში, რომელიც კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის, შალვა სირაძის საკუთრებაა, უპრობლემოდ უხდიან მეპატრონეს ქირას თვეში 15 ათას აშშ დოლარს. სწორედ, ამ სასახლეში იყო ეს სიცრუის და სიყალბის შოუ, ყოფილი მერის შესახებ. საინტერესოა, რატომ არ გაუჩნდა ამ შოუს ავტორს შეკითხვა, ვისია ეს სახლი და თქვენ აქ საიდან მოხვდითო?
ცხადია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამ შეკითხვას არ დასვამს, რადგანაც მას მეგობრობა, სიცრუის სიმართლედ წარმოჩენა ჰგონია, რადგანაც ის სწორედ, სიცრუის და სიყალბის, ძალადობის და ადამიანთა დაკნინების „ეპოქაში" შეიქმნა და ძნელია, როცა მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ერთი დღე და თუნდაც ერთი საათი არ გაგიტარებია ხელისუფლების კრიტიკაში, მით უმეტეს ამ პერიოდში მოხდა მისი, როგორც ჟურნალისტად „ჩამოყალიბება და აღორძინება", რადგანაც ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი ფიგურა ჟორჟოლიანის ქმარი, ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსი გახლდათ. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს, მეტს, ცხადია, ვერც მოსთხოვ.
თუმცა, იყვნენ ისეთი გამონაკლისებიც, რომლებმაც ნანუკა ჟორჟოლიანს გიგი უგულავას „ტანჯულად" წარმოჩენა და მეგობრობა შეუქო. აფერუმ ნანუკა, მეგობრობა სწორედ შენ გცოდნია, ეს რა კარგი გადაცემა მიუძღვენი შენს მეგობარ გიგი უგულავასო... რასაკვვირველია, მიუძღვნიდა, რადგანაც ამ ფორმატით გადაცემის ჩაწერა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული, მით უმეტეს, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის ინტერესები "რუსთავი 2"-ში ახალი ამბავი არ არის. აბა, მსგავსი გადაცემა, მიშას დროს რომელიმე ჟურნალისტს მოეფიქრებინა დაკავებული მეგობრის სასარგებლოდ, მაშინ ნახავდა ნანუკა ჟორჟოლიანიც და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ძალადობის დემონსტრირებას, მიშას და ვანოს „ლეკვები" გადაუვლიდნენ ჟორჟოლიანის სტუდიას და მიწასთან გაასწორებდნენ...
ასე, რომ შეეშვით დემაგოგიის ტირაჟირებას და სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. გიგი უგულავას და მით უმეტეს მის ოჯახს, არაფერი სჭირს შესაცოდებელი, ერთი თვის ბინის ქირას 15 ათას აშშ დოლარს იხდის პატიოსნად... საკითხავი კი ის არის, საიდან და რა საშუალებებით იხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას გიგი უგულავას ოჯახი, რამდენად კანონიერი გზითაა მოპოვებული ხსენებული თანხა?
http://exclusivenews.ge/?page=view&artid=6075
ავტორი: დარეჯან ლიპარტელიანი