თავსა ახლად რომ ვერ იშობს ადამიანი, მით უმეტეს, თუ ის ცრუპენტელა არამზადად არის დაბადებული, ეს უძველესი ჭეშმარიტება ერთხელ კიდევ დაამტკიცა უსირცხვილოდ თავგადავითაღმაშენებულმა მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალების ჭუჭყიანი საცვლების მრეცხავ ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში, რომელიც, დიდად სამწუხაროდ, ნაციონალების იდეოლოგიურმა რუპორმა „რუსთავი-2-"მა ასევე ნაციონალების ცნობილი აგენტის ერეკლე კოდუას „წვერებიან" ინტერვიუსთან ერთად შემოგვთავაზა მიზანმიმართულად სწორედ იმ დროს, როცა, როგორც იქნა, ცოდვებში ყელამდე ჩაფლულ სააკაშვილს ჯერჯერობით მხოლოდ ორი მძიმე ბრალდება წაუყენეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.
იმის მაგივრად, რომ მონანიების გზას დასდგომოდა ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან, ამ ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, გრძელი ცხრა წლის მანძილზე თავს დაატეხა საქართველოს და ქართველ ხალხს, პირიქით, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე როგორც ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. თავი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩინა, რომელსაც ვითომც ხელთან ერთად თავსაც სჭრის „რუსი ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი თვითონ პუტინის დავალებით - „კარგი რატომ აგიგიას" პრინციპით.
აგანგალა განგალაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. იმ საღამოს ყველანი დიდი ბლადუნის, აბდაუბდის მოწმენი გავხდით. ბლადუნი კი, მოგეხსენებათ, არამზადათაგან გამოყენებული თავდაცვის ერთ-ერთი ძველი ხერხია, რომელსაც აგრერიგად ხშირად მიმართავდა და მიმართავს ყოველგვარი სიყალბისა და ბოროტების დიდოსტატი, - სააკანთ აწ ავად ჩაკურატებული (იქნებ სულაც ბოღმისგან!) ბიჭი.
ალხანას რომ ჩალხანა არ დაელევა, ეს სააკაშვილის ამჟამინდელმა ვითომ მეგობრებმაც ნათელყვეს, ვინ არიან ეს „მეგობრები"? ერთი სააკაშვილის თანაბოროტმოქმედი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ამჯერად გაადვოკატებული, ზურგზე ენაგადადებული ოთარ (ბოდიში, ოთო!) კახიძეა, რომლის ადეიშვილის მოადგილეობის პერიოდი, ალბათ, ცალკეა შესასწავლი. ამ ოთოს „მგზნებარებით" არ ჩამორჩება ასევე ადეიშვილის კიდევ ერთი მოადგილე, სააკაშვილის გავეშებული დამცველი გიორგი ვაშაძე, რომელსაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ჩვენი დასავლელი კეთილმოსურნეების თვალში საქართველოს სახელის შერცხვენად მიაჩნია.
ამავე აზრს იმეორებს ეკრანზე ყოველი გამოჩენისას „გააფთრებულ-გაშმაგებული" ნაციონალი, უთუოდ კარგი პოეტის არცთუ მაინცდამაინც კარგი ლექსი-შვილი ნუგზარიკო წიკლაური, რომელმაც ამ დღეებში პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს სირცხვილი უწოდა, არა თვითონ სააკაშვილს და ნაციონალთა მიერ ჩადენილ ათას ბნელ საქმეს, არამედ სააკაშვილის, ამ „ფრთიანი ანგელოზის", ვითომცდა პოლიტიკურ დევნას.
ესე იგი, რა გამოდის, ბატონებო - ყოველგვარ საღ ლოგიკას მოკლებულ სააკაშვილის დამცველთა აზრით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები უკანონობის მომხრენი არიან, ისინი ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას საჭიროდ არ მიიჩნევენ, მთავარია, თურმე მომავლისკენ ვიყურებოდეთ და ნაციონალთაგან წარსულში ჩადენილ უამრავ ბოროტმოქმედებას დავიწყების ფარდა ჩამოვაფაროთ?!
ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი უკანონობის მომხრე ადამიანები საქართველოს მეგობრები არიან. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ნამდვილად საქართველოს სირცხვილია, ათასი დანაშაულის ჩამდენი ადამიანის, თუნდაც იმპერატორის, მეფის, პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის, აგრერიგად უსირცხვილოდ თავგამოდებული დაცვა!
ქვეყნის პირველი რიგის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ამ სირცხვილის რაც შეიძლება უსწრაფესად ჩამორეცხვა!
სხვაგვარად მომავლისკენ სვლა შეუძლებელი იქნება!
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"