reportiori.ge - ორი საფრთხე სააკაშვილისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:05
პრეს-დაიჯესტი
ორი საფრთხე სააკაშვილისთვის
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 23:18


რატომ ხდება მისთვის სახიფათო გაერო და აშშ


როგორც ჩანს, გარდაცვლილ ბადრი პატარაციშვილსაც სჭირდება ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალები" თავიანთ საქმეს „ხუთიანზე" აკეთებენ, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხას მაინც არაფერი აკლდება - ბადრი პატარკაციშვილის საქმეს 5 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეც დაუმატა და მათ მორიგი ბრალდება წაუყენა. როგორც ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, უახლოეს ხანში ამ ორ საქმეს მიემატება კიდევ ერთი- სვანეთში ჩადენილი სიბინძურეებისა და კოდორის ხეობის ჩაბარების საქმე. აქ უკვე მთავარ მოწმედ ამჟამად პატიმრობაში მყოფი ემზარ კვიციანი გამოვა, ხოლო მისი ადვოკატი თავად შალვა ხაჭაპურიძე იქნება:


- მე ვარ ემზარ კვიციანის ადვოკატი, მალე იქნება სასამართლო პროცესი, სადაც ძალიან ბევრი სკანდალური საკითხი გახმაურდება. საზოგადოება გაიგებს, როგორ ჩააბარეს მთელი ხეობა ტყვიის გასროლის გარეშე და რა პროვოკაციები მზადდებოდა, რომ რუსებისთვის გადაეცათ.


- სასამართლო პროცესი როდის არის?

 

- საქმე გადასცეს ზუგდიდის სასამართლოს, ჩვენ აცილებას მივცემთ, გვინდა, რომ საქმის განხილვა თბილისში მოხდეს. ესენი ზუგდიდში პროცესებს პარტიზანულად ჩაატარებენ და ბევრ რამეს მიჩქმალავენ. მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, საზოგადოება ბევრ ახალ ამბავს გაიგებს. არა მხოლოდ ემზარ კვიციანი, ამ პროცესებზე ბევრი მოწმე გამოვა და სააკაშვილს წარედგინება კიდევ ერთი ბრალდება. ახლა სააკაშვილისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს, რომ არ გაწირონ ამერიკელებმა და გაერომ ჰააგის ტრიბუნალს არ დააწყებინოს გამოძიება. გაერომ ჩვენს ხელისუფლებას უკვე მისწერა: ეს საქმე კარგად გამოიძიეთ, აქ სამხედრო დანაშაულსაც აქვს ადგილიო. თუ სააკაშვილს ჰააგის ტრიბუნალმა მოჰკიდა ხელი, არავითარი ჩამოყვანა აღარ არის საჭირო, მიაბრძანებენ იქ, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები სხედან. როცა მე ჰააგაში მიშას წინააღმდეგ საჩივარი ჩავიტანე, მაშინ დამათვალიერებინეს ციხე, იქ შედარებით კარგი პირობებია. ახლა „ნაციონალებს" კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ - რამენაირად არ უნდა ალაპარაკდეს ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და დავით ბეჟუაშვილი, ამ უკანასკნელს რატომღაც არავინ ახსენებს და კი ზის პარლამენტში გასუსული. კეზერაშვილთან ერთად სწორედ ბეჟუაშვილი იყო სააკაშვილის ხაზინადარი და მისი ფინანსების მიმხედავი. ამ ადამიანმაც ძალიან კარგად იცის, მიშას სად აქვს ანგარიშები, აქ საუბარია 9 მილიარდზე, საიდანაც ფინანსდება „რუსთავი 2". ეკა კვესიტაძე ეკითხება სააკაშვილს, ბადრი პატარკაციშვილისგან ფულს იღებდიო? არა, კაცო, რა ფულს ვიღებდიო? იღებდა და მერე როგორ? მაგათი მთავარი დამფინანსებელი ბადრი პატარკაციშვილი იყო, მაგრამ, როცა შეხედა, უკვე ნამეტანი მოსდიოდათ და ქონების წართმევაც კი დაუპირეს, ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება. მერე მიხვდნენ, რომ ამხელა რესურსების მქონე ადამიანს ვერ მოერეოდნენ და გადაწყვიტეს მისი მოშორება. მე ახლა საქვეყნოდ ვაცხადებ: ბადრი პატარკაციშვილი მოკლულია, არავითარი გულის ამბავი არ ყოფილა. სად გაგონილა, გარდაცვლილ ადამიანს ერთი თვე უტარდებოდეს ექსპერტიზა? ასეთი რამ მაქსიმუმ 12 საათში მთავრდება, ამათ ერთი თვე კაცი არ დაასაფლავეს.


- შალვა, ექსპერტიზას ხომ „სკოტლანდ-იარდი" ატარებდა?

 

- მერე რა, რომ „სკოტლანდ-იარდი" ატარებდა? მაგათ ქართველებზე უკეთესად იციან, როგორ და რანაირად უნდა გააკეთონ საქმე, ერთი თვე კაცი იქ ჰყავდათ, რაღაც კვალის გაქრობაზე იყო ლაპარაკი. ამერიკელებმა ბენ ლადენი რომ მოკლეს, სად არის დასაფლავებული, არავინ იცის, იძახიან, ზღვაში ჩავაგდეთო, ეს არაფერზე მიგანიშნებთ?


- ერთი თვე ბადრის ცხედარი კონკრეტულად სად ჰქონდათ?

 

- „სკოტლანდ-იარდის" მორგში. რატომ, რისთვის? მით უმეტეს, ამის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, პოლიციამ ინგლისში წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელაო. რა იყო წარმატებული, კოდუა რომ ჩავიდა ლონდონში და ბადრიმ ჩაწერა? ახლა „ნაციონალები" ათას რამეს ხლართავენ, კოდუამ ჩაიწერა, აივანზე არ ჩაიწერა, ქუსლში ჰქონდა ჩამონტაჟებული აპარატურაო. ათჯერ მაინც შევანელე კადრები, ერთი მანახონ, სად ჩანს, რომ კოდუას „ბულავკები" ამოუღეს დაცვის თანამშრომლებმა? „ნაცმოძრაობას" ბადრის თემა აწყობს, ამათი მიზანია, როგორმე იტივტივონ და თავი გაიმართლონ. სხვათა შორის, ახლა ვახტანგ რჩეულიშვილის პირით გამოაგდეს ინფორმაცია, თითქოს ბადრის გიორგი თარგამაძის მოკვლაც უნდოდა, ამის შესახებ ჩანაწერიც არსებობსო. ეს არის სრული აბსურდი, მსგავსი ინფორმაცია ბადრის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც გავრცელდა, ვიღაც განგებ ავრცელებდა. როცა დადგა საკითხი, რატომ წამოვიდა გიორგი თარგამაძე „იმედიდან", დარბევის შემდეგ მაუწყებლობა რატომ არ აღდგა და ასე შემდეგ, დაიწყეს ლაპარაკი, წამოვიდოდა, აბა, რა იქნებოდა, ბადრის ასეთი რაღაცეები  უთქვამსო. მაშინ ეს იყო უშიშროების სამსახურის მიერ გამოგდებული ჭორი, ანუ სატყუარა.


- შალვა, რა ბრალდებებსაც მთავარი პროკურატურა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს უყენებს, ამის შესახებ ფაქტები და სამხილები დევს, აგერ არის „იმედის" დარბევის კადრები, ნაცემი ვალერი გელაშვილის კადრები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენს უცხოელ მეგობრებს რაში უნდა შეეპაროთ ეჭვი და რატომ არ უნდა დააკავონ სააკაშვილი? ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ქართველმა ხალხმა საკუთარი თვალით ნახა?

 

- გასაგებია, მაგრამ შენ იცი, საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა რატომ არ შეუფარდა? ესე იგი, ამათ წარადგინეს დოკუმენტები, რომ კეზერაშვილმა ამასთან და ამასთან ერთად ჩაიდინა ესა და ეს დანაშაულიო. მოსამართლემ იკითხა, კეზერაშვილმა მავანთან და მავანთან ერთად დანაშაული რომ ჩაიდინა, ისინი დაკავებულები არიანო? ამათ უპასუხეს - არაო. აი, ის ადამიანები პოლიტიკოსები არიანო? ამათ მხრები აიჩეჩეს და უპასუხეს - არაო. კეზერაშვილი პოლიტიკოსიაო? კი, პოლიტიკოსიაო. ჰოდა, ეს პოლიტიკური დევნააო. ახლა რომ 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს ბრალდებები წაუყენე, სულ მცირე, 10 კაცი მაინც არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული, ვინც ამათ უკანონო დავალებებს ასრულებდა? ძმაო, თუ დამკვეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სად არიან შემსრულებლები, რომლებიც „დუბინკებს" გვირტყამდნენ და თავ-პირს გვამტვრევდნენ? 26 მაისის საქმეზე წაუყენეს ვანო მერაბიშვილს ბრალი, დანარჩენები სად არიან, ზოგი რომ ისევ თანამდებობაზე დასვი და ზოგი კიდევ რომ დააწინაურე, შენი საქმე იურიდიული თვალსაზრისით გამართული იქნება? იგივე გელაშვილის საქმე ავიღოთ, ვინც უშუალოდ ვალერის ურტყამდა, ისინი სად არიან? თუ იმათ ბრალს არ წაუყენებენ, ძმაო, ევროპასთან გაქვს საქმე, სოფლის ორღობე კი არ არის? სამართლებრივი დონე აქვთ, ორი საუკუნით არიან წინ გაქცეულები.


- კი, მაგრამ ჩვენმა პროკურორებმა ეს არ იციან?

 

- არ ვიცი, რა იციან და რა არ იციან, ადამიანები, რომლებიც უამრავ დანაშაულს სჩადიოდნენ, დღეს დაწინაურებულები არიან და ამიტომაც აქვს უამრავ საბოტაჟს ადგილი. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ გააკეთა განცხადება, გამგებს უნდა გაეგო, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. თუ შესაბამისი საკადრო პოლიტიკა არ გატარდა, არაფერი არ გამოვა, მე რომ ევროპელი მოსამართლე ვარ და ვუყურებ, სააკაშვილს ბრალდებას უყენებ, იქ ეს ადამიანი დარბოდა და „დუბინკას" იქნევდა? ერთი კადრები მანახეთ... ვააა, ვნახე, გამოსულია 100 ათასი კაცი და 20 ათასი პოლიციელი თუ ჯინსიანი „ზონდერი" ურტყამს. ხომ ვიკითხავ, ამ პოლიციელებიდან თუ „ზონდერებიდან" რამდენი გყავთ დაჭერილი? ა, არც ერთი? მაშინ ეს საქმე პოლიტიკურია. ბიჭო, რასაც აკეთებ, ბარემ წესიერად გააკეთე და მარილი მოაყარე. აგერ, მე და ჩემი ცოლი ვიყავით დალეწილები, ვინმემ დაგვკითხა? მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ მცემდა და ვინ მირტყამდა. კაი, მე გავჩერდი, სახელმწიფოს განვითარებას ხელს არ ვუშლი, შენ რომ ევროპაში საქმეს წააგებ, ამას რა ვუყოთ?


- სააკაშვილის ბანდა აცხადებს, თუ აქ არაფერი გამოგვივიდა, სტრასბურგში გავასაჩივრებთო. ეგეც კარგია, ირბინონ სტრასბურგში, ნახონ, როგორია ლოდინი.

 

- კი, ბატონო, თუ დასჭირდათ, ევროკონვენციის მე-5 მუხლით გაასაჩივრებენ, ეგ არაფერი არ არის, ჩამოუვათ სადღაც 5 წელიწადში პასუხი. აგერ, სულხან მოლაშვილის საქმე ჯერ არც განუხილავთ.


- ეს ყოფილ პრეზიდენტს ეხება და ხომ შეიძლება, დაჩქარებული წესით განიხილონ?

 

- მერე რა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეხება? იმათ თავიანთი რეგლამენტი აქვთ და ეგ არის ერთი მინუსი - საქმეების განხილვა არის კატასტროფულად გაჭიანურებული. სულ ლაპარაკობდნენ, შეიძლება მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდოსო, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა არ არის გამორიცხული, ვიღაცეები ჩაერიონ და დააჩქარონ, მაგრამ რეკომენდაციას გამოაგზავნიან და მორჩა, სანდრო გირგვლიანის შესახებაც მოვიდა რეკომენდაცია, რამე გააკეთეს? პრობლემა აქ სხვა რამეა, უნდა ჩატარდეს კომპლექსური გამოძიება, არავინ არ გეუბნება, ყველა ციხეში ჩაყარეო, პასუხისგებაში მიეცი, სრულყოფილი საქმე შექმენი, კეზერაშვილის თემა შენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, ვნახოთ, თუ ეს ყველაფერი გაითვალისწინეს, კარგი იქნება, თუ არა და იგივე მოხდება, რაც კეზერაშვილის შემთხვევაში მოხდა.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016