reportiori.ge - რა პროვოკაციებით აპირებენ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:35
პრეს-დაიჯესტი
რა პროვოკაციებით აპირებენ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში დაბრუნებას
ავტორი:
06 აგვისტო, 2014. 23:21


ძალიან უცნაურად ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც რუსეთის პოლიტიკური ინტერესების კომპასი სწორდება. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელშია სააკაშვილის გასაღები, ხელაღებით ამის თქმა რთულია, თუმცა ის მაშველი რგოლივით ჩნდება ცხელ წერტილებში. უკრაინის შემდეგ, დაკონსერვებული კონფლიქტი ყარაბახში განახლდა, ცეცხლის დანთებამდე საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო ინციდენტი მოხდა, როდესაც ბაქოს სტადიონზე ქართველმა „გულშემატკივრებმა" გადმოფინეს რუკა შემოხაზული წარწერით - „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია!" რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიები ზაქათალა და კახი საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებად იყო მონიშნული. რუკის გადმოფენიდან რამდენიმე წუთში აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საპირისპირო რუკა გადმოფინეს.



რა კონფლიქტის გაღვივებას ემსახურება ტანდემში შეთამაშებული პროვოკაცია და რა საფრთხე ემუქრება საქართველოს? არ არის გამორიცხული, ამ პროვოკაციას გაგრძელება 7 აგვისტოს თამაშზე მოჰყვეს. დამზადებულია მაისურები, კეპები, დროშები აზერბაიჯანის რუკით და ეთნიკური აზერბაიჯანელების ჩამოყვანას აპირებენ მარნეულიდან, გარდაბნიდან, დმანისიდან, რუსთავიდან, ამ ყველაფერს კი ეთნიკური სომხები  აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ, თუ სიტუაცია დაიძაბება, გაააქტიურებენ სამცხე-ჯავახეთს. სიღრმეებში ჩასვლა მხოლოდ აპოკალიფსურ სურათს მოგვცემს, ამიტომაც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხა რომ არ დაგვბრალდეს, ერთს ვიტყვით მხოლოდ - სიტუაცია პიკზეა, ამით დაინტერესებულია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთი, რომელიც ანტიალიევურ ცენტრს აძლიერებს, შემთხვევითი არ იყო სააკაშვილის სწრაფი რეაქცია, ბაქოს სტადიონის ინციდენტზე, „ჩიხურა" ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება, სწორედ ამ გუნდის თამაშზე მოხდა პროვოკაცია. სააკაშვილი ჩასაფრებულივით ელოდა, როდის დასრულდებოდა ინციდენტი, რომ კომენტარი გაეკეთებინა. ის ალიევს არწმუნებს,რომ ბიძინა ივანიშვილი მის ოპოზიციასთან არის შეკრული და დაინტერესებულია ხელისუფლებიდან მისი წასვლით, ამ მიზნით „აზერბაიჯანელ მილიარდერთა კლუბთან" მეგობრობს, სადაც გაერთიანებულები არიან ალეკპეროვი, ტელმან ისმაილოვი, სოიუნ სადიკოვი და ა.შ.



სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ ალიევთან ამ ამბის ჩასატანად იყო,  თუმცა, ალიევმა ეს, ცხადია, არ დაიჯერა. სანდო წყაროს ცნობით, სააკაშვილის ვიზიტის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენელთან პირისპირ შეხვედრაზე ალიევს უთქვამს, რომ სააკაშვილი მას არწმუნებს თითქოს, „ოცნების" ხელისუფლება ჩემს მოწინააღმდეგეს შეეკრა, თუმცა მე სააკაშვილის ზღაპრების არ მჯერაო. მაგრამ სააკაშვილმა პედალს მიაჭირა და ძალიან ცუდად დაიწყო კავკასიაში ხელების ფათური, „ანტიალიევური ცენტრის" შექმნის განაცხადი, ეს არის განაცხადი იმისა, რომ სააკაშვილმა დაძაბოს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა. ისე კი, ალიევის ოპოზიცია, სოიუნ სადიკოვი, სწორედ სააკაშვილის არჩევნებს აფინანსებდა, თუმცა მაშინ, ეს თემები გასაიდუმლოებული იყო, დღეს კი სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, საიდან უნდა მიაყენოს დარტყმა ქვეყანას და ხელისუფლებას. რასაც ის წლების მანძილზე აკეთებდა, დღეს „ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს, ეს უკვე სახიფათო თამაშებია.


„ალიას" კითხვებს „კავკასიის კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი პასუხობს:

 

-ალიევმა ყარაბახის საკითხში  შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და მისი გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეშინებულია აზერბაიჯანის ეკონომიკური გაძლიერებით და მისი სამხედრო პოტენციალით, ამიტომაც გარდაბანში დაბადებული და მოსკოვში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მილიარდერის სოიუნ სადიკოვის მეშვეობით წამოიწყო ანტიალიევური კამპანია. აზერბაიჯანულ ოპოზიციას ქმნის კრემლი, მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანელი მილიარდერების დახმარებით. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა და „ნაციონალურ მოძრაობასაც" აფინანსებდა, ჩვენ რამდენადაც გვახსოვს, ეს პიროვნება, ყოველთვის ეხმარებოდა „ნაციონალებს" არჩევნებში, სადიკოვი ყოველთვის მანიპულირებდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ხმების რაოდენობით, „ნაციონალური მოძრაობა" თან ალიევს ეფიცებოდა ძმობას და დახმარებას იღებდა ხმების სახით და თან ალიევის კონკურენტ მოსკოველ აზერბაიჯანელებთან ვასასობდა, ჩვენ არ გვიკვირს მიხეილ სააკაშვილის უსინდისო და ორსახოვანი პოლიტიკა, როცა ყველა კალთაში ჩაჯდება, თუ სარგებელი აქვს. ამის შედეგებს ახლაც ვიმკით.


- აშკარაა, რომ სააკაშვილი ცდილობს, სიტუაცია არიოს და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. უკრაინის შემდეგ მან კავკასიაზე დაიწყო ფიქრი. მისი საბოლოო გეგმა ხომ კავკასიის ლიდერობაა. რას მიაღწევს?

 

- სააკაშვილი მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. მისი განცხადებები ამჟამად მიმართულია ქართველების წინააღმდეგ, მისთვის სულ ერთია, რა დაემართება საქართველოს, მთავარია, საქართველოში მოხდეს არეულობა და დაკარგო ტერიტორიები, ერი გამწარდეს, რომ მერე, სააკაშვილმა ყოფილ პატრონებთან, რომლებსაც მუხლებს უკოცნიდა, თავი გამოიჩინოს, რომ მისი მართვის პერიოდში არც ეთნიკური და არც რელიგიური ომი არ იყო, ის ამ განცხადებებით ხელს უწყობს პრორუსული ორიენტაციის აზერბაიჯანელების გააქტიურებას, მისი განცხადებები რუსეთის სპეცსამსახურების წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომაც არის, რომ პოროშენკო გონს მოეგო, უკრაინელები მიხვდნენ, რომ სააკაშვილი მათ სასარგებლოდ არ ლაპარაკობს, უკრაინის კონფლიქტსაც კი თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს სააკაშვილი, პლუს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, თავი იმართლოს დასავლეთის წინაშე, რომ უკრიანაში ფაშისტური და ნაციონალისტური ტენდენციები ძალიან ღრმაა, რომელსაც დასავლეთი აძლევს როგორც ფინანსურ, ასე მორალურ მხარდაჭერას სააკაშვილის სახით, რაც უკრაინის პოლიტიკურ ელიტას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.


სულ ახლახან მომაწოდეს უკრაინიდან ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ზღვარს გადავიდა, შოკში ვართ მისი სატელევიზიო გამოხტომებით, რასაც ის უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად აკეთებს, ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებსო. მას შეუთვალეს, თავი შეიკავოს მსგავსი შეუთანხმებელი განცხადებებისგან და შეზღუდოს უკრაინაში სიარული. სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის" ინტერესიც აღარ არის. მას მხარს უჭერენ პარტიები, რომლებიც მასთან რაღაც სქემებით იყვნენ დაკავშირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად.


- სააკაშვილს ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და უმოწყალო ცემის ფაქტზე, თუკი ექსპრეზიდენტს დასავლეთი ლობირებს, როგორც სააკაშვილი გვიმტკიცებს, რატომ დაუშვეს მასზე საქმის აღძვრა?

 

- ჩვენი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაუშვა იმიტომ, რომ ეს ცოფიანი ძაღლი ჯაჭვზე დააბან და პრობლემები არ შეუქმნას სხვადასხვა დონის პოლიტიკოსებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წითელ ცირკულარზე დასვამენ და ვეღარ გადაადგილდება, მას არ დააპატიმრებენ. მინდა ვთქვა შიშველი სიმართლე, რატომ არ დააპატიმრებენ მას. მიხეილ სააკაშვილი არ არის ის კაცი, ვისაც დააპატიმრებენ და გაჩუმდება. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, მას თუ დააპატიმრებენ, ის პირს გააღებს და ბევრს უხერხულობას შეუქმნის. მიშას თუ დაიჭერენ, ყველას „ჩაუშვებს". ასეთ ადამიანებს კი არ იჭერენ, არამედ იშორებენ, მაგრამ ვიდრე მოიშორებენ, აფრთხილებენ ძალიან სერიოზულად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და ბრალის წაყენება არის სერიოზული გაფრთხილება, ამიტომ გარკვეულ ტერიტორიაზე მოაქცევენ, რომ პრობლემები არ შექმნას, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს ფსიქოპატურ გამოხტომებს სხვადასხვა კონფლიქტის ეპიცენტრიდან და სამხრეთ კავკასიაში ის უკვე გამოდის, როგორც ამრევი, და ამის ნიშნები უკვე არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ცუდად დაამთავრებს მოღვაწეობას და გააჩუმებენ.


- სააკაშვილს მოკლავენ, როგორც ეს არაერთი ლიდერის შემთხვევაში მოხდა? პოლიტიკური სასაფლაოები მომრავლდა საქართველოში.

 

- ბევრი უბედურება შეიძლება დაემართოს, შეიძლება ბევრი დალიოს და ნაბახუსევს ვეღარ გაიღვიძოს, შეიძლება წამალში გაიპაროს, გაიგუდოს, საჭმლით მოიწამლოს, ვფიქრობ, რომ ეს მისი ბოლო გაფრთხილებაა.


ახლა ერთ საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, ჩემმა დასავლელმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში  ძალიან სერიოზული კამპანია მიდის ობამას გვერდით გასაწევად. თუ „რესპუბლიკელებმა" მოახერხეს და ობამა ჩამოიცილეს, ისევ „რესპუბლიკელები" მოვლენ ხელისუფლებაში და „ნაციონალურ მოძრაობას" იმედი აქვს, რომ ამერიკის ხელისუფლებაში მოსული „რესპუბლიკელები" სააკაშვილის რეაბილიტაციას მოახერხებენ, მაგრამ მათ არ იციან, რა გზებით უნდა დააბრუნონ ის ქვეყანაში და რა ფორმით გააგრძელებს ის დასავლეთში პოლიტიკურ მოღვაწეობას, იმისთვის, რომ საქართველოში შემოესვლებოდეს, მაგრამ მათ ერთი რამ კარგად იციან, რომ „ნაციონალები" არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან. არის ინფორმაცია, რომ „ნაცები" რევოლუციურ ფონს ამზადებენ. ამ პროცესში მათ იმედი აქვთ, პრეზიდენტ მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიასი, მათი ამოცანაა, რომ დაძაბონ ვითარება, შექმნან დაპირისპირების კერები, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, მე არ გამიკვირდება, რომ გარდაბნის, მარნეულის ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და სამცხე-ჯავახეთის სომხებმა ძალიან მალე ავტონომიები მოითხოვონ. ამ არეულ სიტუაციაში „ნაციონალები" ააგორებენ საპროტესტო გამოსვლებს. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციისთვის ემზადება! სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" არწმუნებენ დასავლეთს, რომ საქართველოში ახალი რევოლუცია, ეს არის სწორი გზა, რომ არ დაკარგონ კავკასიაში გავლენა საქართველოს სახით. როცა სააკაშვილი დაბრუნებაზე ლაპარაკობს და ვადებს ასახელებს, მათ იცით, რა გეგმა აქვთ? „ნაცები" აპირებენ, სიტუაცია ისე დაძაბონ, რომ დიდი საპროტესტო აქციების ფონზე მიხეილ სააკაშვილი შემოიყვანონ და კვლავ რევოლუციური გზით დაბრუნდნენ ქვეყანაში.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016