გაასამართლებს თუ არა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი მიხეილ სააკაშვილს? ეს კითხვა დღითი დღე აქტუალური ხდება. გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დასკვნა, სადაც საუბარია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და პირდაპირი მითითებაა, რომ სახელმწიფოს ეს ფაქტები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. მეტიც, გაეროს დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმის ქმედებებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ნიშნები იკვეთება. ამის პარალელურად, კიდევ უფრო გააქტიურდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის, ბოკერიასა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მეგობარი აცხადებს: „საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას შურისძიებისთვის იყენებს, ამ პროცესებიდან გამომდინარე, საქართველო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს". საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო, კარლ ბილდტის განცხადება სასამართლოზე ,„გარკვეულ ზეწოლად" შეაფასა; დროა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო მეტად შემტევი გახდეს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს რეალურად, ვის იცავენ და ვისთან ჰქონდა ხალხს საქმე ამდენი წლის მანძილზე.
მაშ ასე, აღმოვჩნდებით თუ არა იზოლაციაში, რითაც სააკაშვილის ზოგიერთი უცხოელი მეგობარი გვემუქრება? მივა თუ არა სააკაშვილის საქმე ჰააგის ტრიბუნალამდე და რა დარტყმებისთვის ემზადებიან დამნაშავე რეჟიმის ნარჩენები?
„ალიას" კითხვებს პასუხობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:
- გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნა გამოდგება ყველა იმ დასავლელი პოლიტიკოსის საპირწონედ, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებს?
- ისეთი რანგის პოლიტიკოსს, როგორიც კარლ ბილდტია, არ შეეფერება მსგავსი განცხადების გაკეთება. ჩვენ ვნახეთ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის დასკვნა, სადაც ისინი ითხოვენ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. გაეროს დადგენილება სწორედ იმ პათოსით არის შედგენილი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა უზენაესია. კარლ ბილდტი კი გვეუბნება, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ეს არის იმ პოლიტიკის ტიპური მაგალითი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ არადემოკრატიულს.
- კარლ ბილდტის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა როგორც სასამართლოზე ზეწოლა. სააკაშვილის უცხოელი მეგობრების მხრიდან ხომ არ ხდება ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა და ჩვენს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, თითქოს საქართველო არის არშემდგარი სახელმწიფო და მათდა სამწუხაროდ, ასეთი განცხადებებით ისინი ხალხის პროტესტს ხომ არ მიიღებენ?
- მთელი ეს პროცესი შეიძლება იყოს აღქმული ცუდად, რადგან იმაზე უარესი არაფერი ხდება, რასაც ჩვენ ვუყურებთ საფრანგეთში, იტალიაში, გნებავთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა მაღალი რანგის ჩინოსნების მიმართ მართლმსაჯულებას უჩნდება კითხვები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ ხმაურიანი პროცესები დაიწყო. ასე რომ, თუკი ჩვენ მეტ-ნაკლებად თანაბარნი ვართ, მათ მოუწევთ, თვალი გაუსწორონ რეალობას. მით უმეტეს, სამართლებრივი უფლებებით ყველა ქვეყანა თანაბარია. აი, სწორედ ამ უფლებას გვირღვევენ ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევაა დანაშაული და სასაყვედურო, ასევე სასაყვედუროა სამართლიანობის დარღვევა.
როცა არსებობს 27 ათასი ფაილი, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის გამოუძიებელი საქმე, ციხის სკანდალური კადრები, ნუთუ ეს არ არის საკმარისი კორპორაციული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული დასავლელი ჩინოვნიკებისთვის და დამატებითი არგუმენტი არ არის საკმარისი, რომ ეს ხელისუფლება სამჯერ აირჩია მოსახლეობამ და სწორედ ხალხმა დაუკვეთა სამართლიანად დამნაშავე რეჟიმის გასამართლება. ეს ფაქტები მიუთითებს იმას, რომ დასავლეთს არა აქვს გასიგრძეგანებული, რას ნიშნავს ჩვენი დემოკრატობა, ისევე როგორც ჩვენ არ გვაქვს გასიგრძეგანებული, რა არის დემოკრატია. მათი განცხადებები სწორედ მათ დემოკრატობას აყენებს ჩრდილს და ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში მათი ასეთი ტიპის განცხადებები დემოკრატიის არასწორ გაგებას აჩენს. ეს საერთაშორისო პოლიტიკური განწყობები გადაივლის, ყველაფერი დალაგდება, მაგრამ საქართველოში ეს გააჩენს დასავლეთის დემოკრატიისადმი უნდობლობას. აი, შეხედეთ რის ხარჯზეა რუსული ავტორიტარიზმი ასეთი ძლიერი. იმის ხარჯზე, რომ მოსახლეობას აქვს აზროვნების ის წესი, რომ ავტორიტარული რეჟიმი ჯობია დემოკრატიას. შენ როგორ უნდა დაუმტკიცო რუსეთის მოსახლეობას, რომ დემოკრატია სამართლიანია და ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას. როცა ადამიანები ხედავენ, რომ დასავლეთი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს ამართლებს და მოგვიწოდებს თვალი დავხუჭოთ, ამით ისინი ჩრდილს აყენებენ დასავლეთის დემოკრატიას. თავისივე პოლიტიკას დასავლეთის ლიდერები ცუდ სამსახურს უწევენ გრძელვადიან პერსპექტივაში.
- ასეთი ტიპის განცხადებები ხომ არ გამოიწვევს მართლაც საქართველოს იზოლაციას?
- სამწუხაროდ, საქართველოს იზოლაცია თუ არაიზოლაცია, ამ ფაქტორებზე დამოკიდებული არ არის. იცით, სამწუხაროდ რატომ ვთქვი? ჩვენ პირველი უმძიმესი შეჯახება რუსეთთან 2008 წელს არ გვქონია. გვქონდა გაცილებით ადრე, 90-იან წლებში, აფხაზეთის და ოსეთის თემებზე. თუ დღეს რუსეთი უკრაინის სეპარატისტებს იარაღს აწვდის, აფხაზეთის სეპარატისტებსაც აწვდიდა თავის დროზე. ამის კადრები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. მაგრამ არც ერთ დასავლურ სახელმწიფოს რეაქცია არ გაუკეთებია. მაშინ რომ რეაქცია არ გააკეთა დასავლეთმა, ეს იყო წინაპირობა იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ რეალურად მაშინ ვიყავით იზოლაციაში, ჩვენ აღმოვჩნდით რუსული აგრესიის მსხვერპლი დემოკრატიის და თავისუფლების გამო და მაინც იზოლაციაში ვიყავით. ამ იზოლაციიდან გამოგვიყვანა მხოლოდ ნათვობსადენმა, ანუ ნდობის ინტერესმა, რომ შეიძლება საქართველო აღმოჩენილიყო კარგი სატრანზიტო ხაზი. ასე რომ, ჩვენი იზოლაცია და არაიზოლაცია, უფრო პრაგმატიზმზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენს პოლიტიკაზე.
- როგორ ფიქრობთ, რა საფასური გადაუხადეს „ნაციონალებმა" კარლ ბილდტს და ზოგიერთ წამყვან დასავლელ პოლიტიკოსს, რის გამოც ისინი ასე თავგანწირვით იცავენ?
- თუ ფინანსებზეა ლაპარაკი, ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა გულუხვი იყო სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" ლობისტებთან, ლობიზმი ძალიან ფართე ცნებაა, შეიძლება ამან პოლიტიკოსებიც მოიცვას. როგორც ჩანს, „ნაციონალებს" პოლიტიკოსებისთვის დიდი თანხის გადახდა არ ენანებათ, მით უმეტეს ეს თავიანთი ფინანსები არ იყო, ეს იყო ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ფული. რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ეს იყო ანტირუსული რიტორიკა, დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილს სააკაშვილის ანტირუსული რიტორიკა აწყობდა. სააკაშვილი დასავლეთს ისეთ პოლიტიკურ ფონს უქმნიდა, რომელიც მათ სჭირდებოდათ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პირობებში დასავლეთი მიხვდა, რომ ხელისუფლებაში ვერ გამოძებნიდა ფიგურას, რომელიც იქნებოდა ასეთი აგრესიული ანტირუსული რიტორიკის მატარებელი, ამიტომაც სააკაშვილის მეგობარი პოლიტიკოსებისგან ჩვენ ვისმენთ ასეთ განცხადებებს.
- შეიძლება სააკაშვილის შემდეგ დადგეს გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი? როცა ის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და გაედინებოდა მილიონობით ფული ლობისტების დასაფინანსებლად. არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი, რაში იხარჯებოდა ფული. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილმაც ისაუბრა. თუკი დაიდება დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ეს ფული „ნაციონალური მოძრაობის" მეგობარ პოლიტიკოსებს ხმარდებოდა დასავლეთში, რა მოხდება შემდეგ? თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ სააკაშვილის შემდეგ განსასჯელის სკამზე გიგა ბოკერია აღმოჩნდება?
- დასავლეთმა რომ დაინახოს, რასთან გვქონდა საქმე და გარწმუნებთ ყველაფერი კარგად აქვს შესწავლილი, რეაქცია არ ექნებათ, ვიდრე ეს მათ არ დასჭირდებათ. თუ არ შეეხო ეს დანაშაულები ისეთ თემებს, რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი, ის დანაშაულები დასავლეთისთვის არ იარსებებს. დასავლეთშიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც აღმოსავლეთში. აი, დავუკვირდეთ როგორ ვიქცევით ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარია. იქ მიმდინარე პროცესებს ვერ მივეცით თავისუფლად ის შეფასება და ვერ გავაკეთეთ ის რეაქცია, რაც ჩვენ გვსურდა, რადგან ჩვენივე პრობლემატიკას გავუწიეთ ანგარიში, დასავლეთიც ანალოგიურად ხელმძღვანელობს თავისი პრობლემატიკით. ვიდრე მათ არ შეექმნებათ საფრთხე, ჩვენ ისინი არ დაგვიცავენ. დასავლეთს რეაქცია ექნება მაინც იმ თემატიკიდან გამომდინარე, რაც მისთვის აქტუალურია. ეს არის რუსეთის გავლენის გაფართოება დასავლეთის მიმართულებით, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ აგვისტოს ომის დროს დასავლეთს სხვა რეაქცია ჰქონდა, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში - სხვა, უკრაინა სწორედ დასავლეთის მიმართულებაა და ამიტომ გააქტიურდნენ მის დასაცავად, შემდეგი არის საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი, იარაღით უკანონო ვაჭრობა და ის სამხედრო დანაშაულები, რომელზეც დასავლეთს აქვს მწვავე რეაქცია. ამიტომ გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის დასკვნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც განცხადებას გააკეთებს ზოგიერთი პოლიტიკოსი დასავლეთიდან, შეიძლება ამ დასკვნის საფუძველზე ჰააგის ტრიბუნალზე აღმოჩნდეს მიხეილ სააკაშვილი.
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს დაიჭერენ?
- არ ვიცი, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა მომწიფდეს, მილოშევიჩი რომ დააპატიმრეს, იქ მხოლოდ მისი დანაშაულები კი არ იყო, ბევრი სხვა ფაქტორი დაგროვდა, რამაც ხელი შეუწყო ამ დანაშაულის აღქმას მათთვის, ვისაც ეს უნდა აღექვა.
- არის ინფორმაცია, რომ პანიკაში ჩავარდნილი სააკაშვილი წავა ყველა პროვოკაციაზე, მისი მხრიდან იყო არასახელმწიფოებრივი განცხადება, რომ საქართველოში ანტიალიევური ცენტრი იქმნება. ხომ არ ცდილობს სააკაშვილი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაძაბოს ვითარება? არის საშიშროება, რომ აფეთქდეს სამცხე-ჯავახეთი და მარნეული, რომლის უკანაც დგას სააკაშვილის ინტერესი.
- აბსოლუტურად შესაძლებელია, სააკაშვილის განცხადება ანტიალიევური ცენტრის შესახებ ძალიან საყურადღებოა, ამ თემის ტრიალი უკვე დაიწყეს „ნაცმოძრაობის" სხვა წევრებმა, სავარაუდოდ, მათ ფსონი აქვთ ამ თემაზე დადებული, რასაც ჰქვია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაპირისპირება. საქართველოში ანტიაზერბაიჯანული თემის დატრიალება „ნაციონალებისთვის" ხელსაყრელია. აზერბაიჯანი ნამდვილად არის დასავლეთის ინტერესის საგანი. საქართველოს აზერბაიჯანთან დაპირისპირება, ეს იქნება შეფასებული და აღქმული ანტიდასავლურ ნაბიჯად. აი, ამ კუთხით ცდილობენ „ნაციონალები" სიტუაციის დაძაბვას, გასარკვევია, რატომ შემოჰქონდათ „ნაციონალებს" აზერბაიჯანიდან ის თანხა, რომელიც საზღვარზე გაჩერდა. საინტერესოა, თვითონ აზერბაიჯანში რა დასაყრდენი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას", გასარკვევია ბაქოს სტადიონზე „ჩიხურას" თამაშის დროს ვინ გადმოფინა ის რუკა, რომელიც 1998 წელსაც არც ერთ ქართველს არ მოუვიდოდა აზრად, რომ გადმოეფინა, ამ რუკაზე შემოხაზულია კახი და ზაქათალა, თითქოს ეს ჩვენი ტერიტორიაა... რაღაცა პროცესები ხდება, ეს ფაქტია, ხდება არა თავისით, არამედ ამ ცუდი პროცესების უკან ვიღაც დგას. აუცილებლად გამოსაძიებელია ეს პროვოკაციები ხდება ვინმეს დავალებით, თუ თვითინიციატივით. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, რომ მოულოდნელი და ძალიან ცუდი სიურპრიზების წინაშე არ დადგეს ქართული ხელისუფლება.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"