„ალიას" ესაუბრება ილიას სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ გაგნიძე:
- გიგი თევზაძის მიერ ილიას სახელობის უნივერსიტეტიდან ორი პროფესორის განთავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო და ისინი, წესით, უახლოეს პერიოდში უნდა იქნან აღდგენილები.
- ეგ ფაქტი ნამდვილად გასახარია, მაგრამ მანამდე სათქმელი მაქვს ის,რომ 2005 წელს ჩვენი ჯგუფიც მოხვდა მასეთ სიტუაციაში, ჩვენც აღგვადგინა სასამართლომ, მაგრამ თევზაძე მაშინ დაეყრდნო იმდროინდელ კანონს უმაღლესი განათლების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ახლაც ძალაშია და, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, ბოლოს, აღსრულების მომენტში, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რექტორატსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას და ისინი თავად წყვეტენ, ყოფილი თანამშრომელი რა ფორმით აღადგინონ.
- და ამაში რა იგულისხმება?
- რა და დანიშნონ ახალი კონკურსი, ცხადია, ძველი შემადგენლობით და ძველი გადაწყვეტილება მოიყვანონ ძალაში. ჩვენთან მიმართებით ასეც მოიქცნენ. ჩემს კონკურენტად გამოცხადებული კონკურსის შემთხვევაში გიგიმ მოიყვანა მამამისი გურამ თევზაძე, რადგანაც თავად გიგიმ ვერ გაბედა შემოეტანა განცხადება და, სხვათა შორის, ვერც გია ნოდიამ. ბატონი გურამი ჩემი კონკურენტი იყო და ეგონათ, ამით შემაშინებდნენ, მაგრამ მე ჩემი მაშინ ბოლომდე გავიტანე, თუმცა აღსრულება დამიგვიანეს. მახსოვს, საქმე იქამდე მივიდა, რომ თევზაძემ წერილიც შეადგინა, რომ მამაჩემი თურქეთის რომელიღაც საავადმყოფოში წევს და მას ვერ დავატოვებინებ ადგილსო და, მოკლედ, აღდგენა შესრულდა დამახინჯებულად. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ნამდვილად მჯერა, რომ ამ ორ ჩვენს ყოფილ თანამშრომელს სასამართლო ნამდვილად აღადგენდა, რადგანაც ამ გაუბედურებულ უნივერსიტეტში მუდამ უკანონოდ სჩადიოდნენ და სჩადიან დათხოვნებს. მახსოვს, ეგ ადამიანები რომ დაითხოვეს სამსახურიდან, მათთან ერთად სხვა 30 პროფესორიც დაითხოვეს, რომლებიც თევზაძის დროს იყვნენ მიღებულები.
- ანუ, ეს ადამიანები ძველ დროს ჩარეცხილები არ არიან?
- არა და მახსოვს, მთელი ბიზნესის ფაკულტეტი გაუშვა თევზაძემ მაშინ და განაცხადა, ამათ ნაცვლად უცხოელ პედაგოგებს ჩამოვიყვანო, მაგრამ იქ უცხოელი არავინ გვინახავს ჩამოყვანილი, რადგანაც ჩვენს უნივერსიტეტს, სამწუხაროდ, საერთაშორისო დონე არ აქვს. ეს ჩვენთან ჟღერს ილიაუნი, თორემ სინამდვილეში უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და უცხოეთში არავინ ცნობს, ამიტომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და ვთქვათ, რომ ნამდვილად მისასალმებელია ამ ადამიანების აღდგენა და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამათი მმართველობის დროს მსგავსი რამ ბევრი არ მომხდარა, მაგრამ რა სახით აღადგენს თევზაძე მათ და აღადგენს კი? ესაა საინტერესო, რადგანაც, ვიმეორებ, ექსრექტორი ამ აღსრულებას გააკეთებს თავისებურად, ანუ, როგორც უნდა, ისე გააკეთებს: უნდა, პროფესორებს ასისტენტად დანიშნავს, უნდა საერთოდ არ დანიშნავს, უნდა გარიგდება და სხვა პოსტზე აიყვანს, ანუ, როგორ გადაწყვეტს, ჯერ არავინ იცის.
- თქვენთვის თუ არის ცნობილი, ეს ადამიანები მოითხოვენ თუ არა კომპენსაციას?
- წესით, აუცილებლად უნდა მოითხოვონ, რადგანაც მაგ უნივერსიტეტში ყველაფერი უკანონოდ ხდებოდა და ახლაც დიდი უკანონობა ხდება, კომპენსაცია კი არა, მათ შეიძლება, მოითხოვონ მკაცრი სანქციების გატარებაც. მაგრამ, ვიმეორებ, თევზაძე ეყრდნობა ძველ კანონს, რაც დღემდე არ შეცვლილა, ეს იმის „დამსახურებაა", რომ განათლებია და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტში მოადგილედ უდგას სერგო რატიანი, რომელიც დიდ წინააღმდეგობას უწევს ბატონ ვანო კიღურაძეს. უნდა იცოდეთ, რომ სწორედ რატიანმა დაბლოკა ახალი კანონის მიღება და ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა, მგონია, რომ ამ გამართლებულების სიხარული ჯერჯერობით ნაადრევია და, ნეტავი, ვცდებოდე. მგონია, რომ აღდგენა ნაკლულად მოხდება, ან საერთოდ არ შეასრულებს. მე ამას დიდი ხანია ვამბობ, რომ თევზაძისა და მისი ხელისბიჭების შემთხვევაში არაფერ სასიკეთოს არ უნდა ველოდეთ.
- მაგრამ, მიუხედავად თქვენი სევდიანი პროგნოზისა, ჩემი აზრით, ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ პროფესორებმა უკან არ დაიხიეს, იბრძოლეს და მიზანს მაინც მიაღწიეს, სასამართლომ ისინი გაამართლა.
- ცხადია, ბოლო მუდამ კეთილია და საბოლოოდ ამათი არაადამიანური მმართველობა რომ დასრულდება, ყველა მებრძოლი დადებითად შეფასდება. ამიტომ, თავად პროცესის მოგება ნამდვილად პოზიტიურად მიმაჩნია. წეღან რატიანი ვახსენე და არასოდეს მითქვამს, ვინ დანიშნეს რატიანის ნაცვლად ილიაუნის უნივერსიტეტში და ეს იყო კანცლერის პოსტი, ანუ რექტორის შემდეგ კანცლერი მეორე ადამიანია უნივერსიტეტში და დღეს ესაა დავით აფრასიძე. ეს კი ის ადამიანია, რომელიც ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო, მერე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, მერე ვანო მერაბიშვილის ძალისხმევით გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, მერე - პოლიციის აკადემიის რექტორად. რატიანის წასვლის შემდეგ კი, ეტყობა, მეტი გამოსავალი არ ჰქონდათ, და აფრასიძე დააბრუნეს კანცლერად, ადმინსტრაციის უფროსად და თავად მიხვდით ყველაფერს. ახლა კი გადავალ ყველაზე მნიშვნელოვანზე.
- და ეს არის?
- ეს არის შემდეგი. ამ ცოტა ხნის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომელიც, სანამ თქვენთან გავაჟღერებდი, საგულდაგულოდ გადავამოწმე: რადგანაც გიგი თევზაძე ჩარეულია პოლიტიკურ საკითხებში, ჯერ მიშას დროს, მერე ამათ დროს და კოჰაბიტაციის დროსაც, ამდენად მისი ძალისხმევა ისევ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. დანარჩენი საკითხები მისთვის უნივერსიტეტში არის ნულის ტოლი და ისე ალაგებს ყველაფერს, როგორც მის ინტერესებს შეესაბამება. აი, რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, თევზაძემ შეიმუშავა სამკუთხედის თეორია.
- რას ნიშნავს სამკუთხედის თეორია, ახალი პითაგორაა?
- ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო: ამ უახლოეს პერიოდში ინფორმაციების შედეგად გაიშიფრა, რომ „ნაციონალები" ე.წ. „დაბრუნებას" ჯერ შემოდგომისთვის ამზადებენ, რაც გამოიხატებოდა მთელ რიგ პროვოკაციებსა და საბოტაჟში და მოგეხსენებათ, სიტუაცია როგორ წარიმართა და ახლა კი არეულობები გადაიტანეს დეკემბრისთვის. მათი აზრით, შემოდგომას ახლა დეკემბერი არჩიეს, როცა, ბუნებრივია, აცივდება და დადგება გათბობისა და კომუნალური გადასახადების პრობლემები, აი, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა" და იგივე ილიაუნი, რომელიც ამ მოძრაობის ორგანული ნაწილია, გეგმავს პოლიტიკურ არეულობებს. აქ დაიგეგმა სამკუთხედის შექმნა, რაც გამოიხატება შემდეგში: თევზაძე, ამ სახელში კი მოიაზრება მთელი ილიაუნი, მეორე სანიკიძე,რომლის სახელშიც მოიაზრება განათლების სამინისტრო და მესამე, დღევანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი და ეს სამკუთხედი, ფაქტობრივად, იქნება გადატრიალების ხერხემალი. ეს დაიგეგმა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მივიდა იმ აზრამდე, რომ არჩევნების გზით მათ კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი, რადგანაც ხალხს ძალიან კარგად ახსოვს მათი ქმედებები, ამიტომ ამ გეგმის მიხედვით, მოხდება დარტყმა ხელისუფლების სისუსტეებზე, კერძოდ, სოციალურ მხარეს ვგულისხმობ. აქვე მოიაზრება იმ პარლამენტარზე დაყრდნობა, ვინც მაგათ ფრაქციაშია სერგო რატიანის ხელმძღვანელობით და სანიკიძეზე დაყრდნობით კი მარგველაშვილი შექმნის პარტიას.
- კი, მაგრამ ახალ პარტიას დაფინანსება არ უნდა?
- აი, დაფინანსება რომ სჭირდება ამათ პარტიას, ეს გათვალისწინებულია განათლების სამინისტროდან, სადაც სანიკიძემ თანხა ჩარეცხილების დაბრუნებას ნამდვილად არ მოახმარა და ეს იქნება მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობისათვის" და, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოახერხებს დაბრუნებას, ისინი ისევ მარგველაშვილის პარტიის სახით დაბრუნდებიან. სანიკიძე ამ შემთხვევაში მარგველაშვილის კადრია და მას დაუჭერს მხარს, ბუნებრივია, და აქვე იქნება თევზაძის ფაქტორი, თავისი ილიაუნის სახსრებით და ეს სამკუთხედი შეეცდება, რომ მარგველაშვილი კი არ ჩაირეცხოს, არამედ ის გამოყენებულ იქნას ძველი სისტემის მოსაბრუნებლად.
- შესაძლებელია, რომ ამის შემდეგ მოხდეს კოალიციის ჩამოყალიბება, იგივე თქვენ მიერ ნახსენები მარგველაშვილის პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანების საფუძველზე?
- არაფერი არაა გამორიცხული. მანამდე პარლამენტში მოხდება სავარაუდო გადაჯგუფებები: მათი აზრით, ის „ნაციონალები", რომლებიც დროებით გაემიჯნენ „ნაციონალებს", კვლავ დაუბრუნდებიან ამ მოძრაობას, ისინი გადაიბირებენ სხვა დეპუტატებსაც, მალევე მოიპოვებენ საპარლამენტო უპირატესობას და ამის შემდეგ მოსალოდნელია, პარლამენტის თავმჯდომარეც გადააყენონ. თუ მანამდე მარგველაშვილს არ დააწერინეს განცხადება „ოცნების" ძალებმა, მოხდება საპარლამენტო გადატრიალება, სადაც მარგველაშვილი და სააკაშვილი ერთად მოახდენენ ძალაუფლების დაბრუნებას.
ბრალდებები ისეთია, რომ კომენტარისთვის დავუკავშირდით ილიაუნის ყოფილ კანცლერს, ამჟამინდელ პარლამენტარ სერგო რატიანს:
- ჩვენთან იყო მოსული ილიაუნის პროფესორი ზურაბ გაგნიძე, რომელმაც განაცხადა, რომ... (მაწყვეტინებს).
- გაგნიძე? მანდ გავჩერდეთ და მანდ დავხუროთ თემა. კომენტარი არ მაქვს.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"