მძიმედ დაწყებული და ლამის "აღიარებითი კვირეულის" დასასრული კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის. საზოგადოებას კარგად დაცდილი სამთავრობო `კარუსელი~ ვერ მოენელებინა, უფრო ადრე კი დავით ნარმანიას თბილისის მერობა, აღარაფერს ვამბობთ საკანონმდებლო ორგანოში რატიფიცირების `რიტუალზე~ პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუპატიჟებელ მისვლასა თუ პარლამენტში `ძლივს დატევაზე~, რომ აშკრად ჩრდილში მოქცეულმა უმცირესობამ სატელევიზიო სეზონი გაგანია დასვენების დროს გახსნა. აქეთ ძებნაზე დასმულმა `სოდის~ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თუ იქით ევროპა-ამერიკა ტურისტად დავარდნილმა, აწ უკვე პატიმრობაშეფარდებულმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მოხსნეს გუდას პირი და ქვეყანას `გამარჯვებული ხალხის~ ეკრანებიდან `აღიარებითი ჩვენება~ მისცეს. კოდუამ მერაბიშვილს აუნთო წითელი და თან ქილერობის უნებლიე დადასტურება გააკეთა, სააკაშვილმა სამოქალაქო სექტორში `ასულ~ ბიძინა ივანიშვილს დაურღვია მშვიდი ძილი თუ სიზმრებში მშვიდი ცურვა, _ ორივე მათგანმა, შეთანხმებულად, ლონდონში გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი შეახსენა საზოგადოებას. ხალხსაც მეტი რა უნდოდა?! როცა ქვეყნის ბიუჯეტი 7 მილიარდით გერღვევა მეოცნებე ხელისუფლებას, მოსახლეობა მშიერი გყავს, პურს ვერ ურიგებ გამოსაკვებად, მინიმუმ, თუ ნამუსი გაქვს და თან კიდევ გამუდმებული შიში მოახლოებული თუ მოსაახლოებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, სანახაობა მაინც ხომ უნდა მისცე იმ ელექტორატს, წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ თავს გაბითურებინებს და ყველაფერს გიჯერებს?!
ამ სანახაობამაც არ დააყოვნა და `აღიარებითმა კვირეულმა~ ქვეყნის შიგნით არეული `საოცნებო ჩინოსნები~ გადაფარა და ქვეყნის გარეთ, _ ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი რისკები საგადასახადო სეგმენტში. მოკლედ, ისედაც წარსულში დაბრუნებულ ქვეყანას, სადაც ენერგოსისტემა ისე იშლება, 3-4-საათიანი დენის წასვლა მოსახლეობას მხოლოდ მინისტრის მხრიდან ჰესებზე მონატრებული ფეხბურთის თამაში ჰგონია, რა გასაკვირია, რომ 7 წლით უკან დაგვეხია და ისევ ბადრი პატარკაციშვილამდე მივსულიყავით? იმ ეტაპამდე, როცა რეალურად დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების, ან უფრო სწორად, რეჟიმის დემონტაჟისთვის ბრძოლა. მოეწონება თუ არა ეს დღეს სამოქალაქო სექტორში `ასულ~ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სკანდალურად შერაცხულ ციხის კადრებთან ერთად 1-ლ ოქტომბერს ქვეყანა ერთ მუშტად შეკრა, მაინც იმ გზის გამგრძელებელი გამოდის, რომელსაც 7 წლის წინ ბადრი პატარკაციშვილი დაადგა, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდა.
დღეს კიდევ ერთხელ `დღის წესრიგში~ დაბრუნებულ `არკადიას გმირს~, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პარტია `თეთრების~ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი გაიხსენებს ყველა იმ თანმდევ პროცესთან თუ თანმხლებ პირთან ერთად, ვინც მეხსიერებას ავად, ან კარგად, შემორჩა.
პატარკაციშვილი და "მოქკავშირის" ნგრევის პროცესი
_ ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებაში არ უნდა მოსულიყო. ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. თქვენ მაშინ ქუთაისში იყავით, წინა წლები მაქვს მხედველობაში, როცა იქ მუშაობდით და ნანახი გაქვთ, როცა პატარკაციშვილი 3-4-ჯერ საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვიდა ქუთაისში. ისიც იცით, რომ გვქონდა იმერეთის გუბერნიაში რამდენიმე დახურული შეხვედრა, მე ჯერ კიდევ მაშინ ვეუბნებოდი, რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში. ბადრი მიმტკიცებდა, რომ იგი ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო არა მისი ნების გამო, არამედ სიტუაცია იყო რთული და სწორედ ეს სირთულე განაპირობებდა მის ნებასაც. ბადრი პატარკაციშვილს ერთი ამოცანა ჰქონდა _ `მოქალაქეთა კავშირი~ მთელი თავისი შენაკადებით უნდა წასულიყო და ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოსულიყო. ახალ ძალას გარკვეული ახალი სახეებით წარმოიდგენდა. მომიაზრებდა მათ შორის მეც. არ ვიცი, სხვებისთვის რა ჰქონდა შეთავაზებული, მაგრამ მე, მისი გათვლებით, პირველი პირის სტატუსი უნდა მქონოდა. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ჩამომითვალა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ ახალ გუნდში და ვკითხე, _ ამ ხალხს როგორ აერთიანებ-მეთქი? არ ვიცი, ეს წამოსცდა თუ ღვთის წყალობით, ჩემდა სასარგებლოდ, ხმამაღლა გააჟღერა, მიპაუხა, _ ბევრი ნებით წამოვიდა, ბევრი ვიყიდეო!!! მე მას ვუთხარი, _ გავა დრო და მერე ჩემზეც რომ თქვათ, მიყიდეთ, აი, ამიტომ არ ვიქნები ამ ძალასთან ერთად-მეთქი... და არ დავთანხმებულვარ მის წინადადებას. აქ დამთავრდა კიდეც ჩვენი შეხება ამ კონკრეტული მიმართულებით, რასაც ახალი ძალის ჩამოყალიბება ერქვა.
პატარკაციშვილი და "ნაყიდი" პოლიტიკოსები
_ ვინ იყიდა და ვინ ნებით მივიდა, ყველამ კარგად იცის, ოღონდ ხმამაღლა არავინ საუბრობს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მათგანი, ვინც მე ბადრი პატარკაციშვილმა თავის დროზე ჩამომითვალა, დღეს `ქართულ ოცნებაშია~, უამრავი პიროვნება კი მიხეილ სააკაშვილის გვერდით და `ნაციონალურ მოძრაობაში~ იყო. ბადრი მაშინ საუბრობდა არა პარტიებზე, არამედ პიროვნებების ერთობით ახალი პარტიის შექმნაზე. სხვათა შორის, მისი ეს კურსი მიმაჩნდა, რომ სწორი იყო. მან მომიყვა, როდესაც ის მივიდა ედუარდ შევარდნაძესთან, თუ რა უთხრა. არ დაუმალავს, რომ ქვეყანაში იყო კატასტროფული მდგომარეობა, მიდიოდა საშინელება, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, არ მოქმედებდა და მისი უმოქმედობა ანგრევდა ქვეყანას. ზედმიწევნით ვიხსენებ ამ ფრაზებს. პრინციპში, პატარკაციშვილ-შევარდნაძის საუბარს ესწრებოდა ვაჟა ლორთქიფანიძეც და მასთანაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება. მან ასევე უთხრა შევარდნაძეს, რომ საკადრო ცვლილებები იყო საჭირო, რამდენიმე პიროვნებაც დაუსახელა, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც მერე მითხრეს. ბადრი პატარკაციშვილს უნდოდა, რომ მე ან თბილისის მერი, ან პრემიერი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ვყოფილიყავი, რაზეც შევარდნაძეს უთქვამს, _ შაშიაშვილი ჩვენ არ დაგვინდობსო!
სხვათა შორის, ბადრი პატარკაციშვილი ორ პიროვნებაზე ამბობდა, რომ უღალატონი იყვნენ. პირველი ნომერი იყო გოგი ჯაოშვილი და კიდევ ვალერი გელბახიანი. მე ცოტა გელბახიანის თემას სხვანაირად ვუყურებდი, ბევრს ვაკრიტიკებდი, მძიმედ განწყობილი ვიყავი მის მიმართ. არ მახსოვს, რამდენჯერაც არ გვქონია საუბარი მე და ბადრის, მას გელბახიანზე აუგი არასოდეს უთქვამს. სულ ამბობდა, რომ არც მჯერა და არც მინდა დავიჯერო, მასზე რასაც ამბობენო. ფიქრობდა, რომ ვალერი გელბახიანის ირგვლივ ყველაფერი აგორებული უფრო იყო, ვიდრე რეალობა.
ცხადია, მე დღეს პირდაპირ არაფერს ვიტყვი ნაყიდ პოლიტიკოსებზე, რადგან არ მინდა ბევრი დეტალის გახსენება. მიზეზი ადვილი ასახსენელია, თავად ბადრი პატარკაციშვილმა აპატია უმეტეს მათგანს ყველაფერი მისსავე სიცოცხლეში და ახლა, მისი გარდაცვალების მერე, ეს ადამიანები მე გავიხსენო, ზნეობრიობაზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ, არამიზანშეწონილია.
პატარკაციშვილი, ივანიშვილი და "ვარციხის რეზიდენცია"
_ მახსოვს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გავიცანი, 97-98 წლები იყო. მირეკავს `ვარციხის რეზიდენციის~ დირექტორი და მეუბნება, _ აქ არის მოსკოვიდან ჩამოსული ორი პიროვნება, უკვე 4-5 დღეა, სასტუმროში არიან, არსად გადიან, მგონია, რომ ერთი პატარკაციშვილი უნდა იყოსო. დანამდვილებით ვერ მითხრა. მე მაშინ ისე კარგად მას არ ვიცნობდი, ავიღე ყურმილი და დავურეკე ვაჟა ლორთქიფანიძეს. ვკითხე, _ ბადრი პატარკაციშვილი მართლა ჩამოსულია საქართველოში და ჩვენს მხარეშია-მეთქი?! _ კიო, აქ არის, არ უნდოდა არავის შეწუხება და იყოს, არაფერი არ არის საჭიროო, _ მითხრა ვაჟა ლორთქიფანიძემ. ჯერ გავოცდი, მერე დავადგინე, რომ ბადრისთან ერთად იყო შავერზაშვილი და გადავწყვიტე, უფრო სწორად, ადამიანურ მოვალეობად მივიჩნიე, რომ მივსულიყავი. აი, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, პირველი შეხვედრა `ვარციხის რეზიდენციაში~ შედგა. მერე უკვე იყო გოგი ჯაოშვილის ოჯახი, ზესტაფონიდან არის და იქ ვიყავით მიღებაზე. როდესაც გზაზე მოვდიოდით, ახლა საოცარ რამეს გეუბნებით, ტელეფონმა დარეკა პატარკაციშვილთან. ნუ, ილაპარაკეს ხან ქართულად და რუსულად, ხანაც ფრანგულად, როცა ტელეფონი გათიშა, მითხრა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი იყო. ასევე მითხრა, _ დაიმახსოვრეთ თქვენ, გავა გარკვეული დრო და ივანიშვილი პირველი კაცობისთვის გაიბრძოლებს საქართველოშიო. რა გითხრათ ახლა მეტი, მაშინ 97 თუ 98 წელი იყო ჯერ კიდევ, როცა პატარკაციშვილმა ეს თქვა!
მახსოვს, მანქანაშივე შევეკამათე ბადრის ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მეწარმე თუ გადაწყვეტს მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს დამოკიდებულია რეალურ პოლიტიკურ ძალებზე, ვინც ხელისუფლებაში არის. იმდენად მახინჯი პოლიტიკური ძალები იყვნენ მაშინდელ პოლიტიკაში, `მოქკავშირის~ `აღორძინებისა~ და `ნაციონალური მოძრაობის~ სახით, რომ, თავისთავად ცხადია, მეწარმე, რომელიც ჩამოვიდა ქვეყანაში, ის შინაგანად ხდება ვალდებული, საკუთარი თავის დასაცავადაც და ქვეყნის დასაცავადაც რომ იბრძოლოს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რომ არა შევარდნაძის გაუბედავი მოქმედება, `მოკქავშირისადმი~ მოდრეკილი დამოკიდებულება, თავზე აჯდა ყველა, რომ არა ასეთი პოლიტიკა, არც ბადრი პატარკაციშვილს გაუჩნდებოდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. ფულიანი კაცი, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, მოვიდეს პოლიტიკაში, თავის თავს აყენებს უდიდესი რისკის ქვეშ. არ არსებობს მაგალითი, რომ რომელიმე ქვეყანაში ფულიანმა კაცმა კარგად დაამთავრა. ვერ დაამთავრა ბადრი პატარკაციშვილმა, ისევე როგორც ვერ დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი. ამათ უჩნდებათ განწყობა, თავისთავად სურვილი, რომ შევიდნენ პოლიტიკაში, ამას რეალობა კარნახობთ, იმიტომ რომ დაუცველნი ხდებიან იმ ქვეყანაში და სიმშვიდე არ არის. ბიზნესს კი სიმშვიდე უყვარს, თუ სიმშვიდე არ არის, შესაბამისად, იქ ბიზნესიც ვერ იქნება. დიდი ფულის პატრონი რომ ხარ და ქვეყანაში არ არის სიმშვიდე, თავისთავად იწყებ ფიქრს, როგორ შემოიტანო სიმშვიდე, გაქვს ფული და ბუზებივით გეხვევა ირგვლივ ყველა. საქართველოში გამყიდველი პოლიტიკოსები რომ არ ყოფილიყვნენ და რომ არ მიმწყდარიყვნენ ბადრისთან, რომ არ მიმწყდარიყვნენ დღეს ბიძინა ივანიშვილთან, სულ სხვა რეალობას მივიღებდით.
პატარკაციშვილი, ონიანი და საქართველოს ხელისუფლება
_ კანონიერ ქურდებთან ყველაზე დიდი ურთიერთობა ვისაც ჰქონდა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ჰქონდა თუ არა ბადრი პატარკაციშვილს ურთიერთობა, ლონდონის თემასთან დაკავშირებით, კოდუასთან შუამავლად ონიანის გამოჩენაზე, ითქვა თავის დროზე. მე ახლა ორ ფაქტს გეტყვით და მეტის თქმა არ შემიძლია. პირველი: ონიანს იცით, რომ მე იმერეთში არ ვუშვებდი, მასაც ყოველთვის ეშინოდა ამ მხარეში ჩამოსვლა. ონიანზე ყოველთვის ვამბობდი ერთ რამეს, როდესაც გაეროს დამკვირვებლები გაიტაცეს, მასში მონაწილეობდა ონიანი, ხოლო `მოქკავშირის~ ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი. მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი პიროვნება, რომელიც ვამბობდი მაშინ, რომ `კანონიერ ქურდს~, ონიანს კავშირი ჰქონდა ამ გატაცებასთან. მეტიც, როდესაც იგივე ონიანმა გაეროს დამკვირვებლები გაათავისუფლა, `ვეჩეს~ ტელეფონზე დაურეკა შევარდნაძეს და სხვა პოლიტიკოსებსაც ესაუბრა და მოახსენა ფაქტი. მომდევნო დღეს სააკაშვილმა განაცხადა ამაყად, _ გაეროს წარმომადგენლები თავისუფლები არიანო! იქნებოდნენ, აბა, რა?! გამტაცებელიც ონიანი იყო და გამათავისუფლებელიც. მე ვიყავი ასევე პირველი, რომელიც ქურდ ონიანს ვაკავშირებდი კალაძის გატაცებასთან, მაგრამ კალაძის მამამ მაშინ უსირცხვილოდ თქვა, რომ თემურ შაშიაშვილი თავის ავტორიტეტზე ფიქრობსო! მე ამ განცხადებით სიცოცხლე დავდე სასწორზე და კალაძის მამა ასე უსირცხვილოდ მომექცა! თუმცა ეს მის ნამუსზე იყოს, დრომ ხომ დაადასტურა, რასაც მაშინ ვამბობდი და ვწერდი, ყველაფერი სიმართლე იყო!
ახლა რაც შეეხება ონიანის თემას: როდესაც მე ასეთი განცხადებები მაქვს გაკეთებული, `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ, ორი პიროვნება ჩამოდის საქართველოში _ ერთ დღეს ბერეზოვსკი, მეორე დღეს _ ონიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა `ვარდების რევოლუციიდან~ სამ დღეში ონიანისა და ბერეზოვსკის ჩამოსვლა?! ესენი ის ხალხი იყო, ვინც მათ აფინანსებდა. აფინანსებდნენ ონიანი და ბერეზოვსკი რევოლუციას, რომელსაც ასევე აფინანსებდა ბადრი პატარკაციშვილი. როგორც ახლა ვიტყობთ, აფინანსებდა ასევე ბიძინა ივანიშვილი...
ძალიან ბევრს ვკამათობდით მე და ბადრი პატარკაციშვილი ქურდების საკითხთან დაკავშირებით. მე ადამიანურად საყვედურიც კი ვუთხარი ბადრის, როდესაც შევხვდით ერთმანეთს. არადა, ეს შეხვედრა სულ შემთხვევით მოხდა. მახსოვს, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი მუშაობდა წიგნზე, რომელიც ეხებოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. მე დახმარება მთხოვა და ამიტომაც მომიწია ისრაელში წასვლა. აეროპორტში რომ მივედი, იქ ორი გოგა დამხვდა _ ხაინდრავა და ჟვანია. მეც მივხვდი და თავადაც მითხრეს, რომ ბადრისთან მიდიოდნენ შეხვედრაზე. საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო, მიხეილ სააკაშვილი გადამდგარი იყო. მე მათ დავაბარე, _ გადაეცით დიდი მადლობა ბატონ ბადრის, არასდროს არაფერზე უკან დაუხევია, ვიდრე იმერეთის გუბერნატორი ვიყავი. რაც აღარ ვარ თანამდებობაზე, საერთოდ აღარ გავხსენებივარ-მეთქი. ნუ, გულისწყენა ნამდვილად მქონდა და ასე გამოვხატე. რომ ჩავფრინდით, მათ მანქანები დახვდათ, მეც შემომთავაზეს, მაგრამ არ მისარგებლია, ავტობუსით წავედი იქ, სადაც უნდა მივსულიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამდენიმე საათში, მირეკავს ტელეფონზე ბადრი პატარკაციშვილი, _ გამიხარდა ძალიან, როგორ არ ხარ ჩემთანო? _ არ ვიქნები თქვენთან-მეთქი, _ ვუპასუხე! _ ეტყობა, ჩემზე ნაწყენი ხარო, _ დამიბრუნა სათქმელი, რასაც მოვაყოლე, რომ უკვე 5 წელი გავიდა, რაც ყველაფერი შეიცვალა ქვეყანაში და არც კი გიკითხივარ, როგორ, ვარ-მეთქი! მაშინ მითხრა, რომ უნდა შევხვდეთო და თავად მოვიდა. ერთ კაფეში დავსხედით, 3-4 საათი ვისაუბრეთ ძალიან ბევრ თემაზე. ჩვენ შორის შედგა ადამიანური, მაგრამ მძიმე საუბარი. აი, იქ ვუთხარი, ონიანთან როგორ დაიჭირე საქმე-მეთქი? პატარკაციშვილმა კარგად იცოდა ჩემი მძიმე დამოკიდებულება არა მარტო ონიანისადმი, არამედ მთელი ქურდული სამყაროსადმი, _ როგორ ჩამოიყვანეთ თქვენამდე ურეკში, როცა მე არ ვატარებდი ონიანს-მეთქი?! არადა, იმ დროს პოლიციამაც მიმუხთლა, ქუთაისში, ჭომაში დარჩენის საშუალება მისცეს და მერე უკვე კოდორის ხეობაში კვიციანი მიაცილებდა, _ დეპუტატი ვარ და ჩემი სტუმარიაო. ეს ყველაფერი მერე გავიგე, როცა ქუთაისი დატოვა და პატარკაციშვილამდე ჩავიდა ურეკში. მაშინ ასე ამიხსნა ბადრიმ, _ რომ მითხრეს, მოვიდაო, არ ვიცნობდი და მივიღეო. კონკრეტულ თემაზე მოუწიათ შეხვედრა, რაზეც მე არ მინდა საუბარი...
პატარკაციშვილი და "ბოლშევიზმი"
_ კარგად მიცნობთ, იცით, რომ პრინციპების ადამიანი ვარ. სულ ვეუბნებოდი ბადრის, ბოლშევიკური არის ორი რამ _ ადამიანს უთხრა, რომ მე გიხდი ფულს და გაძლევთ ფულს. ბოლშევიკები შენარჩუნდნენ იმიტომ, რომ თავისი ტელევიზია ჰქონდათ. როცა შენს პოლიტიკურ კურსს აგრძელებს შენი ტელევიზია და ხალხის განწყობას არ გამოხატავს, შენს პირად, პოლიტიკურ აზრსა და დამოკიდებულებას ავითარებს, ეს არის დამღუპველი! ბოლშევიკებს უნდოდათ ჰქონოდათ თავისი ტელევიზია და ჰქონდათ კიდეც, მოვიდა შევარდნაძე, უნდოდა თავისი ტელევიზია და შექმნა კიდეც, მერე მოვიდა სააკაშვილი, მასაც უნდოდა საკუთარი აზრის გამტარებელი ტელევიზია და მანაც შექმნა, მოვიდა პატარკაციშვილი და მანაც შექმნა ტელევიზია, მერე ბიძინა ივანიშვილი ჩაენაცვლა ამათ და შექმნა მანაც ტელევიზია და დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, უფრო კი კატასტროფის პირას, რომ ქვეყანაში არ დარჩა ხალხის ინტერესების გამტარებელი არც ერთი ტელევიზია. სულ ვეუბნებოდი პატარკაციშვილს, რომ ფულის დარიგება არის მოსყიდვა-მეთქი, უფრო სწორად, ამ თემაზე ვკამათობდით კიდეც, ეს ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში ჩადებული, რაც არ მომწონდა და წამგებიანი იყო. მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვრჩები _ რომელი უფრო სწორია, ადამიანებს მუდმივად უხდიდე ფულს, თუ ეკონომიკა გააძლიერო და კონკურენტული გარემო შექმნა?! ბადრის უნდოდა თუ არა, დაანაგვიანა პოლიტიკური სივრცე, როცა პარტიებს ფული დაურიგა, ასევე მოიქცა ბიძინა ივანიშვილიც, ამ მოსყიდულმა პარტიებმა კი ქვეყანა დააქციეს და გააპარტახეს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი სულ. ბადრი პატარკაციშვილს ვაფასებ იმიტომ, რომ მითხრა, _ მე ვიცი რამდენიმე პიროვნება, რომლებთანაც ვერ შევძელი ჩემს გარემოში მომექცია და მათ შორის შენც ხარო! მთლად `ვიყიდეო~ არ შემომკადრა, მაგრამ ეს აზრი იგულისხმებოდა.
პატარკაციშვილი, უტიფარი სააკაშვილი და "ნულოვანი აუქციონის" დედოფალი ლაურა
_ სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის არც ერთ გამოსვლას არ ვუსმენ, აი, ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლასაც თქვენი ხათრით ვუყურე, რომ ვიცოდი, ინტერვიუ უნდა ჩაგეწერათ. რატომღაც, ერთხელ თქვა ბადრი პატარკაციშვილმა და ეს ფრაზა გამახსენდა მეც, _ ასეთი უტიფარი ადამიანის მნახველი არ ვარო და ვეთანხმები. მსგავსი უტიფარი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე ჯერ არ მინახავს. ახლა რომ ამბობს, პატარკაციშვილი და ივანიშვილი რუსეთის აგენტები იყვნენ, ოლიგარქები, რუსული ფულით მოღვაწენი, ძალიან მაინტერესებს, თუ რუსეთის აგენტები იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი, ბადრიმ თავად მითხრა, რომ ის აფინანსებდა `ვარდების რევოლუციას~, ივანიშვილიც თავად ამბობს, რომ ისიც აფინანსებდა, მაშინ, რა გამოდის?! თუ ისინი პუტინის ოლიგარქები იყვნენ, რუსულ ფულს ატრიალებდნენ, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთს დაუფინანსებია და პუტინს მოუწყვია `ვარდების რევოლუცია~. კოდუაზე კი რა უნდა გითხრათ?! არც მინდა მასზე ბევრი საუბარი, მის ოჯახზე კარგად იცით ქუთაისიდან ამბები, თუ რა კავშირები ჰქონდა ლაურა ღაჭავას დანაშაულებრივ წრეებთან, რომელსაც არასოდეს ვიღებდი და მისაღებიდან ვაბრუნებდი. აეროპორტის უფროსის, ჩაჩხიანის გატაცების საქმეც საკმარისია გასახსენებლად და ამ ოჯახზე წარმოდგენის შესაქმნელად. მე არასოდეს შევხვედრილვარ ლაურა ღაჭავას, რადგან ეს იყო ბანდიტური ოჯახი. ქურდების საშუალებით გაიტაცეს მაშინ აეროპორტის უფროსი და ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბრო?! შევარდნაძის სახელით საუბრობდა სულ და შემოდიოდა ბიზნესში. ნულოვან აუქციონზე გაყიდული საქართველოს მეპატრონეები არიან ღაჭავა-კოდუები და მათი მსგავსნი, დღეს კი მის შვილს უნდოდა, ბადრი პატარკაციშვილი სულელად წარმოეჩინა. ამ გამოსვლით ერეკლე კოდუამ თავი მოიჭრა, რადგან იშვიათად მინახავს ისეთი ჭკვიანი ადამიანი, როგორც პატარკაციშვილი იყო, კოდუასნაირი უსირცხვილო კი, სამწუხაროდ, ბევრი შემხვედრია!
სრულდება და არც სრულდება თემა... იმერეთის ყოფილ გუბერნატორსა და დღეს პარტია `თეთრების~ ლიდერს ბევრი რამ რჩება სათქმელი, ზოგიც საგანგებოდ `გადავიწყებული~, რადგან ის, რაც პატარკაციშვილს აქვს სხვებისთვის მიტევებული, იმ ადამიანების სინდისზე რჩება და გახსენებად არც თემურ შაშიაშვილს უღირს. სამაგიეროდ, უღირს გამუდმებით და ყველასთან, განსაკუთრებით კი `ქრონიკა+~-სთან ისაუბროს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელსაც ემოციის გარეშე წლების მერეც ვერ იხსენებს: `პირველი ინტერვიუა, რომელსაც თქვენს გაზეთს ვაძლევ. დაგეთანხმეთ იმიტომ, რომ მართლა როცა შიში იყო, როცა ვერავინ ბედავდა ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის სახელების ხსენებას, მათი პოზიციების დაცვაზე ზედმეტია საუბარი და ვინც ამას მაინც გააკეთებდა იმ დროში, დიდი დარტყმის ქვეშ აყენებდა საკუთარ თავს და განაჩენიც გამოჰქონდა საკუთარი მომავალისთვის. სწორედ მაშინ შეძლო ინტერნეტტელევიზიამ, ეთერში გაეშვა ელისო კილაძის მიერ მოტანილი მასალები, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა კომენტარები. რაც მაშინ ინტერნეტტელევიზიამ და ელისომ გააკეთეს, ეს იყო გმირობის ტოლფასი! მართლაც გაოცებული ვარ დღემდე, იმ გამყინვარების პერიოდში, ესენი ერთადერთი გამავრცელებლები იყვნენ ინფორმაციის. დღესაც რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რა რაოდენობის მაყურებელმა, პირდაპირ გეტყვით, წარმოუდგენელმა რაოდენობამ ნახა ის ფილმი, რომელსაც "ავგიას თავლა" ერქვა. აი, ამიტომ დავთანხმდი "ქრონიკა+"-ს ინტერვიუზე!
ნანა თავალაბეიშვილი
"ქრონიკა+"