reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: რადგან კოდუას გამჩენი არ ასვენებს, ვურჩევ, ფრთხილად იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:49
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხაჭაპურიძე: რადგან კოდუას გამჩენი არ ასვენებს, ვურჩევ, ფრთხილად იყოს!
ავტორი:
10 აგვისტო, 2014. 18:50



`კოდუას ვურჩევ, ფრთხილად იყოს! მოსახვევში უცებ არ შევიდეს და ფეხი არ აუცდეს! იმდენად ღრმად არის ეს საქმე შესწავლილი, მას წარმოდგენაც არ აქვს!~ _ ასე გამოეხმაურა `ქრონიკა+~-თან ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კოდუა-პატარკაციშვილის ფარული ჩანაწერის თემას. ადვოკატი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობის პერიოდს იხსენებს და სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სამართლებრივ შეფასებას აძლევს.

 

 

შალვა ხაჭაპურიძე:

_ მოგეხსენებათ, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილს ამერიკელებმა მიაღებინეს გადაწყვეტილება, გადამდგარიყო და არა როგორც აცხადებს, თითქოს, თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი. ჩარეული იყო ამერიკის ელჩი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომ გადამდგარიყო და გამართულიყო ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებამდე ოპოზიცია იყო ერთიანი, მაგრამ როგორც კი ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მას სურდა, ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი, დაიწყო გახლეჩა. როგორც ვიცი, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი პარატკაციშვილს შეხვდა და შესთავაზა, რომ ყოფილიყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ბუნებრივია, ამაზე ბადრი არ დათანხმდა. ოპოზიციამ უთხრა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად გაჩეჩილაძეს წამოაყენებდნენ, ხოლო პატარკაციშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალკე ეყარა კენჭი. ოპოზიციის ლიდერთა გარკვეული ნაწილი წავიდა პატარკაციშვილისგან, ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ბადრის შტაბში იყვნენ. 13 კაცისაგან შედგებოდა შტაბი, მათ შორის იყო რამდენიმე, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გახდა. ეს არ მოეწონა მაშინდელ ოპოზიციას და პირდაპირ რომ გითხრათ, ამას კმაყოფილები და სიხარულით არ შეხვედრიან, რადგან ეგონათ, მათი კანდიდატი უფრო ძლიერი იყო. თუმცა აშკარა გახდა, რომ ძალთა გაყოფის შემთხვევაში გაჭირდებოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეც მოხდა, რომელიც დრომაც გვიჩვენა.

ნათქვამია, “ენას ძვალი არა აქვსო.”ნაციონალებირომ აცხადებენ, _ გიგი უგულავა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დააკავეს და ჩამოაშორეს საარჩევნო შტაბსო, _ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბადრი პატარკაციშვილი, აღუძრეს ერთი სისხლის სამართლიოს საქმე; აღუძრეს მეორე; ვალერი გელბახიანის _ შტაბის ხელმძღვანელის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე; დაკავებული იყო 80 რაიონული შტაბის ხელმძღვანელი; ნაცემებზე, ნაბეგვებზე, დაჭერილებზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. თქვენ ხომ არ გგონიათ, ამას ჩვენ ჩუმად ვატარებდით და არავის ვატყობინებდით? ფაქტობრივად, დღეში 5-6 შეხვედრა გვქონდა, ხან სასტუმრო `მარიოტში~, ხან `მეტეხში~, საელჩოს არ ვტოვებდით, ყოველდღე ვაგზავნიდით წერილებს... მთელი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში გვყავდა. ძირითადი აქცენტი ჩვენი მხრიდან კეთდებოდა იმაზე, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ კრიმინალური მეთოდებით ცდილობდა საპრეზიდენტო კანდიდატის გზიდან ჩამოშორებას, რასაც მიაღწიეს კიდეც. მახსოვს, ბადრიმ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, _ ჩამოვშორდებიო. ამას შტაბი არ დაეთანხმა, გოგლა ჟვანია გაემგზავრა და შეხვდა პატარკაციშვილს. ბატონმა გოგლამ იქიდან ჩამოიტანა ბადრის განცხადება, რომ უარს აცხადებდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა მერე ბადრიმ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, მაინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საკმაოდ დიდი პროცენტებიც დააგროვა.

შემდეგ გადაწყვეტილი იყო, ბადრის უნდა შეექმნა პოლიტიკური პარტია. ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა, სახელიც იყო შერჩეული _ `ჩვენი საქართველო~, მაგრამ, თუ არ ვცდები, 13 რიცხვი იყო, ბატონი ბადრი საკმაოდ საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა. დღემდე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კაცი არ გარდაცვლილა და მოკლეს. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომ არ ვუშინდებოდი რეჟიმს და ვამბობდი, რომ ბადრი მოკლეს, ვწერდი, ვასაბუთებდი და კითხვებს ვსვამდი, მისმა ერთ-ერთმა დამ შემომითვალა, _ ძალიან გთხოვ, ტერმინი მოკლეს ამოვიღოთ, იმიტომ, რომ ბადრი არ მოკლეს, ის გარდაიცვალაო. დღემდე ვარ დარწმუნებული, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლულია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც გარკვეულ მტკიცებულებებზე ვამყარებ და არა რაღაც ფანატიზმზე, რომ ცოცხალია, ხვალ ჩამოვა და . . მაქვს გარკვეული კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

 

 

_ რა კითხვები გაქვთ?

_ ძალიან ბევრი კითხვაა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, შეიძლება ცალკე გაკეთდეს მასალა, რატომ ვფიქრობ, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლულია. კითხვა ისმის თუნდაც მისი ექიმის მიმართ: მას ჰყავდა პირადი კარდიოლოგი, რომლის განცხადებები დაუყოვნებლივ გავრცელდა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში, რომ ბადრი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მან წინა დღეებში გასინჯა. რამდენიმე საათში შეიცვალა ინფორმაცია და გავრცელდა განცხადება, რომ პატარკაციშვილს გული აწუხებდაო. გული თუ აწუხებდა, ბადრის საკუთარ სახლში ჰქონდა სამედიცინო კლინიკა, მანქანა დაჰყვებოდა დაცვის მანქანასთან ერთად და სიარულში უზომავდა პულსს, წნევას და . . აქ უცაბედი გარდაცვალება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. კიდევ უამრავი კითხვაა... ფაქტი ერთია _ გახსოვთ, ალბათ, 6 მაისი, გიორგობა დღე, პოლიციის დღესასწაულად დაწესდა. პოლიციის ახალ შენობასთან გაიმართა ღონისძიება, სადაც გამოვიდა სააკაშვილი. როგორც ჩანდა, ცოტა ნასვამი იყო. იმ დღეს, რამდენიმე წუთით ადრე, აქცია დაარბიეს. აქციის დარბევისასაც იქ ვიყავი, ასე ვთქვათ, დარბეულებს შორის. სააკაშვილმა კოდუა და კიდევ რამდენიმე პოლიციელი დააჯილდოვა, 2007 წელს შსს- მიერ `გაკეთებულ~ საქმეებზე იყო საუბარი და წამოსცდა, რომ 2007 წელს შს სამინისტრომ ინგლისში განახორციელა სპეცოპერაცია. რა სპეცოპერაცია უნდა განეხორციელებინა ინგლისში საქართველოს პოლიციას?! საუბარი იყო ბადრი პატარკაციშვილზე.

 

 

_ რა სპეცოპერაციაზეა საუბარი?

_ დღესფეისბუქზევადევნებდი თვალს: ამ საღამოს, თურმე, კოდუა უნდა გამოვიდეს და ამ საქმის დეტალებზე ილაპარაკოს (ინტერვიუ ჩაწერილია 1- აგვისტოს). კოდუას ვურჩევ, ფრთხილად იყოს! მოსახვევში უცებ არ შევიდეს და ფეხი არ აუცდეს, იმიტომ, რომ იმდენად ღრმად არის საქმე შესწავლილი, მას წარმოდგენაც არა აქვს! არ არის საუბარი იმაზე, ჩურჩუტა ადვოკატები რომ ჰყავთ, გამოდიან და ვითომ გამამართლებელ განაჩენებს რომ აყენებენ. სინამდვილეში, კეზერაშვილის ფულით ხდება ამ განაჩენების გამოტანა. თუ ჰგონია კოდუას და კიდევ სხვებს, არ ვიცით ეს ფული საიდან მოდის, როგორ მიდის, ვინ აძლევს ამ მოსამართლეებს და რა ხდება, როგორ ხდება, ეს არ იცის პროკურატურამ და ხელისუფლებამ, ძალიან ცდება! თითოეულ განაჩენში, რომელიც გამოდის ახალაიაზე თუ სხვაზე, კეზერაშვილის ფული იდება. სადაც საჭიროა, იციან, ამის დროც დადგება და გაჟღერდება ეს ყველაფერი. ამიტომ კოდუას ნუ ჰგონია, გავშლი ფრთებს და ახლა რასაც მინდა, იმას ვილაპარაკებო.

გელბახიანისთვის მიცემული დავალება იყო, რომ კოდუასთვის ეთქვა, _ პატარკაციშვილი გელოდებაო. გელბახიანმა შეასრულა ეს დავალება, შემდეგ ჩავიდა კოდუა და წავიდა საუბარი, მაგრამ ის, რომ კოდუა უკვე კეთილგანწყობილი იყო და უფრო სწორად, რბილად რომ ვთქვათ, კეთილი განწყობით აღარ იყო მაშინდელი მოქმედი ხელისუფლებისადმი, ეს კარგად იცოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ. იგივე ვანო მერაბიშვილმა, ახალაიებმა და . . ამიტომ კოდუას დაუსვეს პირობა, რომ თუ გინდა ეს გაპატიოთ, მაშინ წახვალ და ამბავს ჩამოიტანო. კოდუას იდეაშიც არ ჰქონდა, ჩამწერით შესულიყო ბადრი პატარკაციშვილთან. ქუსლში კი არა, იმის იქით იშიფრება აპარატურა და მით უმეტეს, ბადრი პატარკაციშვილს ეს აპარატურა ჰქონდა.

 

 

_ თუმცა ჩანაწერი არსებობს...

_ უამრავი ჩანაწერი არსებობს. არ ვიცი, ოჯახმა იცის თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი რა შეხვედრასაც ატარებდა, ყველას იწერდა. მისი სპეცსამსახური აკეთებდა ამ ჩანაწერებს. თუ გახსოვთ, ამას წინათ ამიტომაც გამოხტა ჟვანია-სააკაშვილ-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი. ასეთი ჩანაწერები არსებობს უამრავი, სხვადასხვა პოლიტიკოსთან, საზოგადო მოღვაწეებთან და . . ასეთივე ტიპის ჩანაწერს აწარმოებდა ბადრი, როდესაც კოდუა ჩავიდა. ახლა კოდუა ამბობს, რომ მას ქუსლში ეყენა აპარატი და იწერდა. ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველ ორგანოებში მომუშავე პირები, იმიტომ, რომ იურიდიული სკოლა დღეს საქართველოში მკვდარია და ტენდენციაა ასეთი _ ვინც იურისტია, იმ ხალხს არ აკარებენ სამართალდამცველ ორგანოებს.

ავიღოთ ასეთი პატარა ექსპერიმენტი: ჯერ საქმეში ჩანაწერი კაციშვილს თვალით არ უნახავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, დაცვის მხარეს: შალვა შავგულიძეს, სოსო ბარათაშვილს და მე ჩანაწერი არ მოგვცეს. ეს ჩანაწერი, წესით, დღეს უნდა იყოს სასამართლოში. გელბახიანის მიმართ საქმე რომ წარიმართა, იქ უნდა იყოს. აქაც, ცოტა რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ესეც სხვა საუბრის თემაა და ახლა ნუ დავწვრილმანდებით. შევიდა კოდუა, დავუჯერეთ და ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდა ჩამწერი. ფეხსაცმელი ხომ არ გახადეს, ანუ სადაც მიდის კოდუა, იწერს ყველაფერს. საუბარი მთლიანად ჩაწერილია ოთახში, მაგრამ, რატომღაც, აივანზე რომ გავიდა, ამის მერე ჩანაწერი არ არის. აქ უკვე საქმეში ჩნდება კოდუას ჩვენება, რომ აივანზე რომ გამიყვანა  ბადრი პატარკაციშვილმა, იქ მითხრა, _ უნდა მოკლა ეს, ის და რაღაც სისულელეები. არ ვიცი, ვინ უნდა მოეკლა? დღეს იტყვის, რაღაცას გამოიგონებს, არ აჩერებს გამჩენი გიგი უგულავასავით. რადგან არ აჩერებს, რაც ვუწინასწარმეტყველე უგულავას, იმიტომ კი არა, რომ მკითხავი ვარ, ლოგიკურად მიყვება მერე ჯაჭვი ყველაფერს: გაზეთის მეშვეობით გიგი უგულავას, დაახლოებით 6 თვის წინ, ვუთხარი, _ გაჩერდი, წყნარად მაინც იყავი-მეთქი. არ გაჩერდა, ახლა, როგორც ვატყობ, კოდუას ჯერი დადგა.

საქმე ის გახლავთ, ჩამწერი თუ ჰქონდა კოდუას ქუსლში, აივანზე რომ გავიდა, ის ჩანაწერი სად არის? რატომ ხდება საჭირო კოდუას ჩვენების მიცემა და რატომ არ არის საქმეში ჩანაწერი? ეს ჩაიწერა ბადრი პატარკაციშვილმა. როდესაც, ჩვენდა გასაკვირად, ტელევიზიაში გავიდა, მაშინ შტაბის წევრები ერთად ვიყავით. როდესაც გავიდა გელბახიანის ჩანაწერები და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებაზე რომ დაიწყო საუბარი, ბადრიმ დარეკა და თქვა, _ მე ვაჩვენებ მაგათ, რა ჩანაწერები არსებობს, ესენი ვინ ყოფილან, მე გამოვაგზავნი ახლა მასალებს და დაელოდეთ, თქვენ შტაბში, დაახლოებით, საათ-საათნახევარში მოგივათ ეს ჩანაწერები, ვაგზავნი ახლა, ტიტრები რომ დაედოსო. აბსოლუტურად დაუმუშავებელ-დაუმონტაჟებელ მასალას აგზავნიდა ბადრი პატარკაციშვილი. ორ საათზე მეტი ვუცადეთ, ჟურნალისტებიც იქ იყვნენ, გავაკეთეთ განცხადება, რომ ბადრი პატარკაციშვილი ჩანაწერს აგზავნიდა, პრესკონფერენცია ჩავატარეთ, ველოდებით ამ ჩანაწერებს, მაგრამ ჩანაწერები ტელევიზიით ნიკა გვარამიას კომენტარებითურთ გავიდა, ჩვენთან კი არავის მოუტანია.

 

 

_ რა მოხდა?!

_ ნაცვლად იმისა, რომ ჩანაწერები ჩვენთან მოსულიყო, მოხვდა პროკურატურის ხელში. კარგი იქნება, თუ გამოძიება ამით დაინტერესდება! მე ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს. გავაჟღერე კიდეც გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა მერე ვთქვი, რომ შევეცდები, ამ თემებზე აღარ გავაკეთო განცხადებები, სანამ გამოძიება არ იტყვის თავის სიტყვას. მჯერა, ამას გამოიძიებენ, იმიტომ, რომ `არაფერია დამალული, რაიც არ გაცხადდეს~. დამიჯერეთ, ბევრს ისე შეექმნება საქმე, საქართველოში საცხოვრებლადაც აღარ დაედგომება. ეჭვი მაქვს, ძალიან შინაურიდან გავიდა ეს მასალა, რადგან ბადრი პატარკაციშვილი, ბუნებრივია, ამ მასალას პროკურატურაში არ გადმოაგზავნიდა. ნიკა გვარამია კი გამოვიდა და ტიტრებდადებული ფილმები აჩვენა, დღეს რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორად მოაქვს თავი. ასე რომ, სერიოზულ ღალატს ჰქონდა ადგილი!

ყველაზე მეტად გული ამაზე დამწყდა _ ახალი წლის ღამე თენდებოდა და ბადრის ლონდონში დავურეკე. ეს ამბები უკვე მომხდარი იყო. აიღო ყურმილი, მივულოცე, მითხრა, _ პირველი კაცი ხარ ახლა, ვინც დამირეკაო. იქით ვურეკავ ვიღაცებს, მინდა მივულოცო და კაციშვილი ყურმილს არ იღებსო. მაშინ მითხრა, _ უამრავმა მეგობარმა მიმატოვა, აღარ ვამბობ, რომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ბევრ მათგანს სიცოცხლეც კი ვაჩუქეო.

მახსოვს, ბადრის გასვენებაში რომ ვიყავით, სუფრა გაიშალა. ბადრის შტაბის წევრებისთვის და თანამებრძოლებისთვის ცალკე, მიყუჟული კუთხე იყო გაკეთებული. წინა პლანზე უკვე ის ხალხი იყო, ვინც დაიმალა. გვარებით ვიცი ყველა, არ მინდა ახლა დავასახელო, ბევრი დღესაც გამოდის ტელევიზიით და გვმოძღვრავს. იქ სადღეგრძელოები იყო მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ბადრის დიდკაცობაზე... ამ დროს ხომ ვიცოდით ყველაფერი, ბადრის მოყოლილი ჰქონდა... სადღა იყო ეს ხალხი?! _ შემოეცალა!..

კიდევ ერთი ცუდი მომენტი მახსოვს: სანამ პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის კადრები გავიდოდა და პროკურატურა გამოაცხადებდა, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, `არკადიაში~ ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. იმდენად ბევრი ხალხი იყო, სიგარეტს რომ ეწეოდნენ, შენობიდან კვამლი ადიოდა. როცა გამოცხადდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს ბრალი წაეყენა ამაში და ამაში, რამდენიმე წამი დასჭირდა იმას, რომ მაგიდებზე დარჩენილიყო ანთებული სიგარეტები, ანუ ხალხი ისე გაიქცა, სიგარეტიც არ ჩაუქრიათ! რამდენიმე ადამიანი დავრჩით: მე, ელისო კილაძე... ჩვენ ჩამოვუარეთ და სიგარეტები ჩავაქრეთ. ყველას ეგონა, სპეცრაზმი შემოვარდებოდა და . . მოყვარეს პირში უძრახეო, _ ასე გამომივიდა, მაგრამ რაც სიმართლეა, სიმართლეა.

აღარ ვლაპარაკობ იმდროინდელ ოპოზიციაზე. `არკადიაში~ რამდენიმე ადამიანი ვიყავით დარჩენილი, შემადგენლობა დაიშალა. მერე ვთქვით კიდეც, რომ გვინდოდა ამ კადრების ამოღება, საგაზეთო სტატიების ამოჭრა და წიგნად გამოცემა. სავარაუდო სათაურიც კი გვქონდა მოფიქრებული: `ღალატი, ღალატის საშინელი ფორმები~ და . . ანუ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომლებიც სულ ერთი კვირით ადრე მის გვერდით იყვნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, _ რადიკალურად ვემიჯნებით!.. ჩვენ არ გვინდა პატარკაციშვილთან!.. საშინელება იყო, პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, რა ადამიანური იყო?!. ბევრი ეს პერსონა დღეს `ოცნებაშია~, ზოგი `ნაციონალებშია~, ზოგი წამყვან ტელევიზიებშია, ზოგი იქითაა, ზოგი _ აქეთ... ვუყურებთ, ვხვდებით... ისე ცხოვრობენ, ვითომც არაფერი მომხდარიყოს...

არ მინდა ამის გაჟღერება, მაგრამ ბევრი პრეტენზია და უკმაყოფილებაა თუნდაც ჩემი მხრიდან, როგორც განვითარდა შემდეგ მოვლენები, _ ოჯახის საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო მთლად მისაღები. მეტი არც მინდა ვილაპარაკო, უბრალოდ, იმ კაცს ვცემ პატივს. ისიც უნდა ითქვას, რომ ბადრის ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჟურნალისტებთან მიმართებით, იმიტომ, რომ იგი დაკავშირებული იყო ტელეკომპანია `იმედთან~; ჟურნალისტების მხრიდან კი შემდგომ ბევრმა გააკეთა განცხადება, _ მივდივართ ბადრი პატარკაციშვილისგან იმიტომ, რომ პოლიტიკაშია და ტელეკომპანია `იმედი~ ატარებს პოლიტიკის ინტერესებს, როგორც მხარის ინტერესებსო. მაპატიეთ და, გირგვლიანის დროს არ იყო ბადრი პოლიტიკაში?! პატარკაციშვილი სულ იყო პოლიტიკაში, ბიზნესმენთა ფედერაციაში რომ განცხადება გააკეთა და იქ ვინც ისხდა, სკამების ქვეშ რომ შეძვრა, გვარებიც ვიცი ყველასი და სახელებიც, ამოიღეთ კადრები და ნახავთ, ვინ იყვნენ, დღესაც თავი რომ მოაქვთ ბიზნესმენებად, მონები არიან და არაფრის გამკეთებლები, ბიუჯეტის წურბლები! რის ბიზნესმენები არიან?! სახელმწიფო ბიუჯეტიდან გატყავებული ხალხის ანაბრებით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული ადამიანები, რომელთაც არანაირი კავშირი ბიზნესებთან არ აქვთ. მშიშარა მონები! მაგათ რომ ხმა ამოეღოთ, სააკაშვილი ამდენს ვერ გაბედავდა და თავზე ვერ დაგვაჯდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს კაცი აბსოლუტურად მარტო მიატოვეს და ერთი ხაჭაპურიძე, კილაძე და, თუ გნებავთ, ჯაფარიძე და სხვები, ვინც იყვნენ შტაბში, ბუნებრივია, ბევრს ვერაფერს ვიზამდით. რაც შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით, ვყვიროდით, ვკიოდით, ხან გაზეთებში ვწერდით, რას არ ვაკეთებდით, ორგანიზაციაც კი დავაარსეთ თავის დროზე, განვაცხადეთ, რომ გააგრძელებდა პატარკაციშვილის ბრძოლის გზას და . ., მაგრამ ბადრი უკვე აღარავის აინტერესებდა, იმიტომ, რომ მის მიმართ ინტერესი იყო ერთადერთი _ რომ ეს კაცი ფულს გაიღებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. არც იმ ბიზნესმენებს, ვინც იქ იყვნენ. რამდენიმე ადამიანი ყოველთვის არის ღირსეული და გამორჩეული. თუმცა ამ ადამიანებმა, სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, კლიმატი ვერ შევქმენით. ძირითადი მასა, _ ეს იყო ბიზნესმენების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების თუ . . _ ეს იყო მედროვე, გამომრჩენი ხალხი, რომლებიც ბადრიში უყურებდნენ ერთადერთს _ ფულს და არა სახელმწიფო ინტერესებისთვის რამე კარგის გაკეთებას.

ვიცი ასეთი ფაქტი, თვითონ ბადრი პატარკაციშვილი მოყვა ამ ამბავს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე: ის მინსკში იმყოფებოდა, შეხვედრა იყო, მან დაურეკა ვალერი გელბახიანს და უთხრა, _ მე მოვუწოდე ჟურნალისტებს და მქონდა საუბარი კიდევ ვიღაცებთანო, ვინც ხელმძღავნელობდა `იმედს~, გვარებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რომ შეცვალეთ ეგ სტილი და დაიწყეთ ისევ ისე მუშაობა, როგორც მუშაობდითო. გახსოვთ, `იმედი~ რომ თავიდან ამუშავდა, სულ სხვა ტელევიზია იყო მის დახურვამდე და დარბევამდე. ბერეზოვსკისთან იმყოფებოდა სახლში იმ პერიოდში ვალერი გელბახიანი, როდესაც პატარკაციშვილმა დაურეკა: ჩართე `იმედი~ და ნახავ, რაც იქნებაო. ჩართო და იგივე იყო, რაც წინა პერიოდში. ამას გაოგნებული შეხვდა ბადრი, უთხრა გელბახიანს, _ ამას არ ველოდი, სულ სხვა გეგმები იყო, მითხრეს, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდაო... არ ვიცი, ვერავის გაამტყუნებ უკვე ამ მომენტში, რადგან ამათგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო და არ არის გამორიცხული, თუნდაც იმ ჟურნალისტების სიცოცხლე, თავიანთი ოჯახის წევრებიანად, საფრთხის ქვეშ იქნებოდა. რამდენიმე ფაქტიც ვიცი, რომ ასე იყო და ამიტომ სარჩელში, რომელიც 2010 წელს გავაგზავნე ჰააგაში, ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ 7 ნოემბერი, ტელეკომპანია `იმედის~ დარბევა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა! პირდაპირ ასე დავარქვი, როდესაც საჩივარი გავაგზავნე.

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა წერილი და ხელისუფლებას ეუბნება, _ 7 ნოემბერი, `იმედის~ ამბავი და ქონებების წართმევა გამოსაძიებელი გაქვსო. როდესაც ჰააგაში საჩივარი დავწერე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მივწერე წერილი, ბევრ თავმჯდომარეს დავურეკე და პირადადაც შევხვდი. ჰააგის პროკურორმა მითხრა, _ კარგი იქნება, თუ გამომიგზავნი დოკუმენტს, სადაც ოპოზიციური პარტიები ამას ხელს აწერენო. ეს ყველას ვთხოვე. ამბობდნენ, არასერიოზულიაო. პირში ხომ ვერ მეტყოდნენ, გვეშინია და ამას ვერ  გავაკეთებთო? ზოგი ხომ არ მეტყოდა, შეკრულები ვართ სააკაშვილთან და თავი დაგვანებეო? ამას ტყიბულის სასამართლოში ხომ არ ვაგზავნიდი?! _ ჰააგაში მქონდა ჩატანილი საქმე! რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი გაიგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ქალბატონ ჰეიგი ჰაუტონასთან და ასევე გაიგზავნა გაეროში. გაეროს საგამოძიებო უწყება არის სწორედ ჰააგის ტრიბუნალი. აი, გავიდა ამდენი ხანი და ჩამოვიდა დღეს ზუსტად ეს ყველაფერი, რომ ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიეთ ეს საქმეებიო.

ჩამოვიდა თუ არა ეს დოკუმენტი, გამოხტნენ დღეს პოლიტიკოსები და, _ ამას ჩვენ როდის მერე ვამბობდითო?.. რა სასაცილოები არიან!.. ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და არ გვახსოვს, რა ითქვა გუშინწინ, რა ქმედებები იყო ჩადენილი მათი მხრიდან, მაგრამ მართალი თქვა ბიძინა ივანიშვილმა, _ შუა უნდა გაიკრიფოსო. ვიღაცას ის `შუა~ ეგონა 4-5 პარტია, რომელიც `გაიკრიფა~! არა, ბიძინა ივანიშვილმა ღრმა აზრი ჩააყოლა და ამას ძალიან ბევრი მიხვდება, განსაკუთრებით, 2016 წელს, რომელი პარტიები, რა პიროვნებები და რა ძალები იგულისხმებოდა კიდევ ამ `შუა გაკრეფაში~, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც `ქართულ ოცნებაში~ არიან. `შუის გაკრეფა~ ნიშნავს იმას, რომ შენი საქმე არ არის პოლიტიკა, იმიტომ, რომ ფლიდის, მატყუარას, მლიქვნელისა და, განსაკუთრებით, მშიშარას ადგილი აქ არ არის! შევარდნაძე რატომ იყო დიდი პოლიტიკოსი, გარდა იმისა, რომ შეეძლო პოლიტიკური თამაშები? ფაქტობრივად, უშიშარი კაცი იყო. ასე იყო გამსახურდიაც, რომელმაც ტარიგად მიიტანა საკუთარი თავი. ცუდია, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებდნენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძეს და გამსახურდიას არ გაუკეთებიათ ის, რომ ვითომ მტრები იყვნენ და სინამდვილეში შიგნით რიგდებოდნენ. ეს არც ერთს უკადრებია და არც _ მეორეს. არც ერთი მალავდა და არც მეორე, რომ ერთმანეთთან არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ღია პოლიტიკას აწარმოებდნენ. შენ მაჯობებ თუ მე, ეს პოლიტიკა მიდიოდა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაზე ამან ძალიან ცუდი გავლენა იქონია და ძალიან ბევრი წლით უკან დაგვხია. ვინ იყო მტყუანი და მართალი _ ეს კიდევ სხვა თემაა, მედლის მეორე მხარეა და ამას ისტორია და დრო განსჯის.

საუბრის ამ ნაწილის რეზიუმე რომ გავაკეთო, რომ არა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გამყიდველობა, მშიშრობა, სააკაშვილი ამდენი წელიწადი ვერ გაძლებდა ხელისუფლებაში, იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დღესაც საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს. ასეთმა ფლიდმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ 21- საუკუნეში ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ ნეობოლშევიზმი, ეს ფაშიზმიც არ იყო.

დღეს მსოფლიოც კი გაორებულია, წარმოიდგინეთ, რამხელა ფესვები ჰქონდა ამას. ამერიკაში ორი თუ სამი კონგრესმენი გამოდის და ამბობს: რას შვრებითო?.. დღეს მაკკეინმა რაღაც განცხადება გააკეთა, _ რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილს, დასაჭერად მაინც არ უნდა გაემეტებინათო... ერთი, მაგის შვილი მოეკლა სააკაშვილს და მერე ვნახავდი, თუ მასე ილაპარაკებდა. სამაგიეროდ, შეხედეთ, გაერო რა განცხადებას აკეთებს?.. მსოფლიოც კი დაბნეულია, კაცს უძახოდნენ `დემოკრატიის შუქურას~ და უცებ დალაგდა ამდენი ფაქტი. ყველაზე სერიოზული ნაწილი მსოფლიოში მე გავიტანე, მერაბ რატიშვილი იყო ამ სარჩელის ავტორი და კიდევ ბევრი ძალიან სერიოზული იურისტი. არ მაქვს მათგან უფლება დღემდე, რომ ვილაპარაკო, იმდენად მტკივნეული დოკუმენტია.

აქ წაყრუების პოლიტიკა მიდის. მაგალითად, დღეს ტელეკომპანია `იმედმა~ გააკეთა განცხადება, რომ გაეროდან ჩამოვიდა ასეთი წერილი: როგორც გაერო ამბობს, თურმე, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინაშე და სამხედრო დანაშაულიო, ამიტომ წავედით და იურისტებს ვკითხეთო. პირველად ვინ თქვა ეს საქართველოში? _ შალვა ხაჭაპურიძემ, როდესაც ჰააგაში გააგზავნა ეს დოკუმენტი. `იმედი~ არ მოდის ჩემთან ინტერვიუს ასაღებად იმიტომ, რომ პატარკაციშვილის ოჯახზე რამე არ ვთქვა. არ ვთქვა ის, რაც ბადრის დამ შემომითვალა, _ მოკლული არ არისო. რა ჰგონიათ, ბადრის და პირს ამომიკერავს, საშუალებას ვერ ვნახავ, სადმე ვილაპარაკო, თუ რა?! ერთი რამე დაასახელოს ბადრის ოჯახმა, რომ შალვა ხაჭაპურიძემ, ან იმ შტაბში მყოფმა ადამიანებმა ცუდი გაუკეთეს. პირიქით, გადავყევით, ჩვენი სიცოცხლე მივიტანეთ სამსხვერპლოზე. რომ გითხრათ, ეს ყველაფერი დიდად მაღელვებს-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ადამიანური ფაქტორია. ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ბადრის დების პოზიცია და, თუ გნებავთ, მათი ხუშტურები. მის მეუღლეს არც ვიცნობ, ბადრის გასვენებაში მყავს ერთხელ ნანახი და არც არაფერი მაქვს იმ ქალბატონთან საპრეტენზიო, არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია, სხვათა შორის, არც ბადრის დედასთან. აქ საუბარია ერთ დაზე, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა. მეორე დას ხმაც არ ამოუღია არასდროს.

 

 

_ ზოგადად, რა ხდებოდა შტაბში? როგორც ითქვა, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა...

_ იქ იმდენი რამე ხდებოდა, ბრალს რომ უყენებდნენ სააკაშვილს, ადეიშვილს და დანარჩენებს ამ თემასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ყველაფერმა თვალწინ გაიარა, იქ რა უბედურებაც გადავიტანეთ და რაც მზადდებოდა. ჩვენ გვქონდა შიდა უშიშროების სამსახური და, მაგალითად, მოგვდიოდა ინფორმაციები: ტელეკომპანია `იმედის~ რომელი ჟურნალისტები მიჰყავდათ, რომელ საათამდე ჰყავდათ, გივია თარგამაძის კაბინეტში ხდებოდა მათი დამუშავება, იქ რა მოლაპარაკებები მიდიოდა, რას ჰპირდებოდნენ ვიღაცებს... კონკრეტიკას ამ ეტაპზე თავს ავარიდებ, დამღალა ამ კონკრეტიკებზე საუბარმა იმიტომ, რომ აგერ ლაპარაკობ, იცი ნამდვილი ამბავი, გაიხედავ მერე და ჩახუტებულები არიან იმათთან, ვისთანაც გგონია, რომ მტრობა უნდა ჰქონდეთ. ამიტომ პერსონალიზაციას, საერთოდ, ძალიან ვარიდებ თავს. ჩვენ მოგვდიოდა ეს ინფორმაციები და შემდგომ ამ ყველაფერს ვიხილავდით. ჟურნალისტი რომ მოდიოდა და ინტერვიუ უნდა აეღო, უკვე ვიცოდით, ვის უკან რა დავალება იდგა. ვიცოდით ისეთი საკითხებიც, რა დროს იყო გამზადებული შტაბის წევრების აყვანა, დაპატიმრება... მე 8 საათი ვყავდი დაკავებული, სანამ გელბახიანის კადრები გამოქვეყნდებოდა... ელოდებოდნენ, გელბახიანი თუ გადმოკვეთავდა საზღვარს, მაშინ გენპროკურორის მოადგილე იყო გვარამია და მისი ბრძანება იყო, შტაბის 13-ვე წევრი დავეპატიმრებინეთ. ვიცოდით, იყო ასეთი სქემა: გელბახიანი გამოვიდოდა სახლიდან, მივიდოდა პიროვნება სატვირთო მანქანით, მძღოლი გადმოვიდოდა და ეტყოდა, _ გამარჯობა, ბატონო ვალერი, თქვენი დავალება შესრულებულია. რა დავალებაა და `სპეცნაზს~ შემოიყვანდნენ, სომხეთიდან უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა საზღვარი ამ მანქანას, რომელიც სავსე იყო `კალაშნიკოვის~ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებით და ამას გელბახიანს მიაყენებდნენ სახლში. ეს ინფორმაციები რომ მოგვდიოდა, შტაბიდან აღარ გავდიოდით, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით, დღე და ღამე იქ ვიყავით და თუ გამოვდიოდით, ერთი ადამიანი მოგვყვებოდა, რომ რამე არ მომხდარიყო. ბევრი სქემა და გეგმა იყო, ბევრ რაღაცას გავუძელით

 

 

_ გელბახიანი-პატარკაციშვილის ჩანაწერებზეც იყო საუბარი...

_ არც ერთ იმ ჩანაწერში დანაშაულებრივი ნიშნები არ არის. ამ წლების განმავლობაში სულ ამას ვყვირივარ. ჟურნალისტებმა ამოიღეთ მასალები _ რა განცხადებებს აკეთებდნენ მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები? არ შერცხვებათ მაინც? ვეკითხები ახლა თითოეულ მათგანს, _ თქვენ თავთან რომ დარჩებით მარტო, ხატის წინაშე, თუ მორწმუნე ხართ, ღმერთის წინაშე რომ დარჩებით, არ შეგრცხვებათ მაინც?! დავანებოთ თავი, რომ საზოგადოების არ გრცხვენიათ, უნამუსოები ხართ და იმიტომ, იმათ მივმართავ, ვინც მაშინ განცხადებას აკეთებდა ბადრი პატარკაციშვილზე. ერთადერთი, ვინც იცავდა _ ეს იყო გოგა ხაინდრავა. სხვა არავინ მახსოვს! შაშიაშვილმა გააკეთა კიდევ განცხადება, თუმცა ის მაშინ არ იყო ამ ამბებში აქტიურად ჩართული. ვინც აქტიურად იყო ჩართული, იმ ხალხზე მაქვს საუბარი და ვინც ფულს იღებდა ბადრი პატარკაციშვილისგან. თქვენ გგონიათ, აქციები ისე ტარდებოდა? ამ ყველაფერს ბადრი აფინანსებდა. კაცურად დაიცვა მხოლოდ გოგა ხაინდრავამ, დანარჩენი უარყოფდა: რას ლაპარაკობთ, საერთოდ არ ვიცნობთ, რა კავშირი უნდა გვქონდესო?.. ვყვიროდი: ყალბია ეს ჩანაწერები, დამონტაჟებულია-მეთქი... კრებსის სახით მქონდა მოცემული და როგორც გავეცანი, მაშინვე მივხვდი, იმდენად ღია ძაფით იყო ნაკერი, აზრები არ ებმებოდა ერთმანეთს. ჩანაწერი არავისთვის უჩვენებიათ, არც ამ ჩანაწერებს გაეცნო არავინ, იფიქრეს, _ შარში არ გავეხვიოთო და კარგად ბრძანდებოდეთო, საერთოდ უარყვეს ბადრი პატარკაციშვილის არსებობაც კი. ეს არის ძალიან მძიმე გასახსენებელი და ეს კაცი ამ ყველაფერს შეეწირა!.. ახლა გამოდის სააკაშვილი და აცხადებს, ერთი ოლიგარქის მიერ მოწყობილი რევოლუცია მეორე ოლიგარქმა დაამთავრა, მე კი მწირავსო...

ზღაპრებია ეს ყველაფერი, არანაირი რევოლუცია არ მზადდებოდა, იქ საუბარი მიდიოდა მხოლოდ არჩევნებზე. მეტიც, ისეთი უკმაყოფილო ვიყავი მე პირადად შტაბის მუშაობით, ხშირად ვხუმრობდი, _ სადმე სხვა შტაბი ხომ არ არის, რომლითაც ბადრი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას-მეთქი? ძალიან ძნელი იყო ასეთ დაქსაქსულ სიტუაციაში ამხელა მასის მობილიზება და თავმოყრა, თუმცა შტაბმა მაინც შეძლო ამ ყველაფრის მობილიზება და რომ არა კიდევ იმ ადამიანების საქციელი, არ მინდა გვარები დავასახელო კიდევ, შეჭამეს ბადრი ცოცხლად, რომ მოხსენი კანდიდატურა, მთელი ინტელიგენცია შეწუხებულია, შენ თურმე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდი სააკაშვილის წინააღმდეგო. მაშინ ვთქვი, _ ნეტავ, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო ბადრი პატარკაციშვილს, პირველი მონაწილეობის მიმღები ვიქნებოდი, ახლაც ვამბობ: ნეტავი მოემზადებინა და სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილისთვის, მერე გამოჩენილიყო კაცი და დაეფინანსებინა, მე დავდგებოდი პირველი იმ კაცის გვერდით. რატომ? იმიტომ, რომ გაეროს კონვენციებით, იგივე აშშ- დეკლარაციით, როდესაც ამნაირი ხელისუფელბა გყავს, ხალხს შეუძლია აჯანყდეს ხელისუფლების წინააღმდეგ.

მთელი მსოფლიო უკვე გვიძახის, გამოიძიეთ ეს საქმეებიო. ვიღაც ცალტვინა კონგრესმენი თუ აღშფოთდა, ცივი წყალი დალიოს. ვასალის ფსიქოლოგიიდან უნდა გამოვიდეთ და სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის თავს. არ მივხედავთ? ვიქნებით სულ ასე დამონებულ მდგომარეობაში. რასაც აკეთებდა სააკაშვილი, ასეთი უბედურება აღარ უნდა განმეორდეს. პატარკაციშვილის დანაშაული, თურმე, ის იყო, რომ გაბედა და პრეზიდენტობა მოინდომა. გახსოვთ ბოკერიას სიტყვები? _ აჰა, შენ გაბედე პოლიტიკაში შემოსვლა? ჩვენ განახებთ, რას იზამ შენ პოლიტიკაში! ბოლოს კაცი მოკლეს, ეს ქნეს! ახლა ამათ რაღაცები უკვირთ... რატომ იჭერენ კი არა, ბიძინა ივანიშვილს სანთელი უნთონ დილა-საღამოს, ჩახოცილები და ჩაქოლილები რომ არ არიან ხალხის მიერ. ეს არის რეალობა. ამ თემაზე ბევრი შეიძლება კაცმა გაიხსენო, მაგრამ, ძირითადად, ეს არის. ახლა კოდუა რომ აპირებს, ქუსლში მქონდა ჩანაწერიო და . . ადგეს გამოძიება და სრულყოფილი ვერსია გამოაქვეყნოს. მაგალითს გეტყვით: იქ არსებობს ერთი ასეთი დეტალი, პატარკაციშვილი ამბობს, _ მე ჯერ კიდევ ვინმეს კეთილი ბაბუ ხომ არ ვგონივარ, მე ჯერ კიდევ ჩემი გასროლა არ დამიწყიაო, _ დაახლოებით ასეთი სიტყვებია. ეს ამათ ჩათვალეს, _ ნახეთ, პატარკაციშვილი გასროლას და სახელმწიფო გადატრიალებას აპირებსო.

 

 

_ სინამდვილეში რაზე იყო საუბარი?

_ ბადრისა და კოდუას შორის მიდის საუბარი, რა უნდა ამ `რუსთავი 2~-, კონკურენციას რომ მიწევსო და `რუსთავთან~ მიმართებაში ამბობს, მე მაგათთან კონკურენციის საწინააღმდეგოდ პირველი ტყვიაც კი არ გამისროლიაო, ანუ ხატოვანი გამოთქმაა, გადატანითი მნიშვნელობით, ეს ამათ დააკავშირეს. ჯერ რა სახელმწიფო გადატრიალებაზეა ლაპარაკი? გამოჩნდა კოდუა და ვანო მერაბიშვილი მიაძინე-მოაძინე, ათასგვარი სისულელეა ამოჭრილი, გადაკერებული და მიკერებულ-მოკერებული. კარგი იქნება, თუ გამოძიება ამაზე იმსჯელებს. იმედია, ექსპერტიზა უკვე ჩატარებული აქვთ. თუ კარგად მახსოვს გვარი, შანშიაშვილი იყო გამომძიებელი, სიკვდილს ათავებდა, თვალებით რაღაცას განიშნებდა, იმ პერიოდში ვერც გელაპარაკებოდა. ამიტომ კარგია, რომ ამ საქმეზე ამათ ბრალი წაეყენათ. ახლა მთავარია, ამას პროკურატურამ თავი გაართვას. ეს არ არის მარტივი საქმე, ბევრი მტკიცებულება რთული მოსაპოვებელი იქნება, ვინაიდან დიდი დროა გასული, მაგრამ, ვფიქრობ, ვინაიდან `ნაციონალურ მოძრაობას~ არ ეგონა, რომ ასე უცებ დაუმთავრდებოდა მოღვაწეობა, არ არის გამორიცხული, ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები შემორჩენილი იყოს. ამ ყველაფერს უნდა პროცესუალურად კარგი გამაგრება, ჩამოყალიბება, რომ მერე არ განმეორდეს ის სერიალები, რასაც ვუყურებთ. ბაჩო ახალაიას რომ გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენები, 8 გამამართლებელი განაჩენი `ნაციონალების~ დროს, 9 წლის განმავლობაში, მთელ საქართველოში, საერთოდ არ გამოსულა. ერთ კაცზე _ ბაჩო ახალაიაზე გამოვიდა. იურისპრუდენციაში არსებობს ასეთი ტერმინი: რასაც მტკიცება არ სჭირდება _ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ბაჩო ახალაია რისი გამკეთებელი იყო და საყოველთაოდ ცნობილ ბაჩო ახალაიას დანაშაულებებზე 8 გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. გამოდის კიდევ კუბლაშვილი და რეებს ლაპარაკობს? _ სასამართლო დამოუკიდებელიაო. იქ ცერცვაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ახვლედიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ერთი და იგივე მოსამართლეს აწერია საქმე, სამი მოსამართლეა სულ ამათ საქმეებში. განაწილების პრინციპი სადაა? მაინცდამაინც ამ სამ მოსამართლეს რატომ ეწერება ეს საქმე? საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის, ქონების დაბრუნებისა და კეზერაშვილის საქმეები ერთსა და იმავე მოსამართლეებს ეწერება სულ. შტერები ხომ არ ვართ?

 

 

_ უცხოელი პროკურორების ჩამოყვანამ მაშინვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებას აპირებდა და პრევენციული ზომები გაატარეს ამ მეთოდითო. თქვენ რას იტყვით?

_ რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა იმ სამი პროკურორის ჩამოყვანა. საქართველო არ არის ისეთი ავტორიტეტის, ისეთი დიდი ქვეყანა და პოლიტიკაში იმხელა მოთამაშე, რომ საქართველოს ხელისუფლება რასაც იტყვის, აპრიორი იყოს გაზიარებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. სამწუხაროდ, არ ვართ ასეთი ტიპის სახელმწიფო, იმედია, ვიქნებით. ამიტომ საჭიროა ავტორიტეტული ადამიანების ჩარევა, რომლებიც ჩაიხედავენ საქმეში და საქართველოს ხელისუფლება რომ იტყვის, _ ეს ასე კი არა, ასე იყოო! _ მხარს დაუჭერენ. აქ უკვე იმათი ავტორიტეტი იმუშავებს. თუმცა როდესაც პროკურორებზე მიდის საუბარი, რაც გაჟღერდა იქიდან გამომდინარე ვამბობ, თუ ეს ადამიანები იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ პოსტ ფაქტუმ გააკეთონ განცხადება, რომ იცით, რა, საქართველოს ხელისუფლება მართალია, როცა ბრალი წაუყენა სააკაშვილს და მაღალჩინოსნებს, მაგრამ მათი ფუნქცია სხვა რამეა, რაც გაჟღერდა მათთან შეხვედრის დროს, გასცენ რეკომენდაციები, მათ უნდა შეისწავლონ ეს საქმეები და . ., ანუ აქ უკვე საჭიროა არა მარტო განცხადებების გაკეთება, არამედ, უშუალოდ, პროცესში ჩარევა და მონაწილეობა.

 

პირველი: აქ, ალბათ, უნდა დარეგულირდეს, სისხლის სამართლის პროცესში ჩვენ გვაქვს გარკვეული ანალოგია, რომელიც, შეიძლება, როდესაც უცხოელი სპეციალისტები ჩამოგყავს და . . თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ვინაიდან ჩვენ გერმანული სამართლის მიმდევრები ვართ, კარგი იქნებოდა, თუ ამას დაემატებოდა ვინმე გერმანელი სპეციალისტი, აუცილებლად დავამატებდი ამას ერთ-ორ ქართველ იურისტს, მით უმეტეს, ჩვენ გვყავს სისხლის სამართლისა და მატერიალური სამართლის კარგი სპეციალისტები. ჩვენი კანონმდებლობა აწყობილია გერმანულზე თავისი ქართული შენაერთებით და . ., ანუ იმისთვის, რომ ის კაცი, თუნდაც, პროფესიონალი, გაარკვიო რა ხდება და როგორ ხდება, ვიღაც გინდა, რომ აუხსნას. ამას უფრო მარტივად აუხსნი გერმანელს, ვიდრე სხვას. ქართველი სპეციალისტების გვარებიც შემიძლია დავასახელო, მაგალითად: ტურავა, გვენეტაძე, მეფარიშვილი, ბენიძე... ბევრია, გვყავს ჩვენ ასეთი სასახელო სპეციალსიტები, რომლებიც საზღვარგარეთ დადიან და სხვას უკითხავენ ლექციებს!

 

მეორე მომენტია: რომ პროკურატურამ ამ კუთხით მართლა სერიოზული ნაბიჯი გადადგა. კარგი იქნება, თუ ამ პროკურორების მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ მაღალჩინოსნების საქმეებზე და ისინი გააგრძელებენ მუშაობას, თუ როგორ გადაეწყოს საქართველოს პროკურატურა ცივილიზებულ სამყაროში არსებულ დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული პროკურატურების მუშაობის სტილზე. ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება ის, რომ პროკურატურა უნდა გამოეყოს მთავრობას და ცალკე მდგომი ორგანო უნდა გახდეს: რა კრიტერიუმებით შეიძლება შეირჩეს პროკურორები და სხვა? რა უნდა ვუყოთ იმ პროკურორებს, პირველ რიგში, და იმ ადამიანებს, რომლებზეც შესულია უამრავი საჩივარი? ადგე და გაყარო ეს ხალხი სახლებში, არ გამოდის. პროკურატურის კადრის გაზრდა ეს არის ურთულესი პროცესი. 5 წელიწადი მაინც უნდა მუშაობდეს გამომძიებლად და სერიოზულ საქმეებს უნდა იძიებდეს გამომძიებელი, პროკურორის წოდება რომ მიანიჭო. ასეთი კადრები ისედაც ცოტაა და ამათაც თუ გაყრი, რაღა დაგრჩება ხელში? მოწვეული პროკურორები იმ ქვეყნებიდან არიან, რომელთაც გაიარეს ჩვენნაირი ტიპის პრობლემები და, რა თქმა უნდა, დაგროვდა უზარმაზარი გამოცდილება. მთავარია, ამ პროკურორების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყოს, რომ რამენაირად მოხდეს პოლიტიკისა და სამართლის გამიჯვნა. სანამ ეს სფერო არეულია და ჩვენთან ეს სფერო 25 წელიწადია, არეულია, არაფერი არ დალაგდება.

დღემდე საქართველოს მთავარ პროკურატურაში არსებობს სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ჰქვია სისხლის სამართლის საქმე აღძრული ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ბრალში რა წერია, იცით? `ზვიად გამსახურდიამ 1992 წელს შექმნა შეიარაღებული ფორმირება და განიზრახა შეიარაღებული გზით არსებული ხელისუფლების დამხობა~. სასაცილოა, კაცი პრეზიდენტი იყო, დაამხეს, გააქციეს, მოკლეს, რა უბედურება აღარ დამართეს, ოჯახი გადაუხვეწეს, ათასი ჯანდაბა და ზვიად გამსახურდიაზეა აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომ თურმე ზვიადმა შექმნა შეიარაღებული ფორმირება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუ ამ ტენდენციას წავყვებით, ფანტაზიის რამხელა უნარი გვაქვს, ხომ ხედავთ?!. ასე ხდებოდა მთელი წლების განმავლობაში. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამ ადამიანების დახმარება გვჭირდება.

ვინმეს თუ ჰგონია, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიხარია, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი პირები პასუხისგებაში რომ ეძლევიან, ძალიან ცდებიან. მართლა გულით ვწუხვარ, ეს ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, ვერ შევდექით და ვერ ჩამოვყალიბდით... მესამე: თუ ჩვენ გვინდა მართლა ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სააკაშვილი იქნება, მერაბიშვილი თუ სხვა, აუცილებლად უნდა მივცეთ პასუხისგებაში იმისთვის, რომ მოხდეს კათარზისი და ერთხელ და სამუდამოდ, როგორც გერმანელებმა ნიურნბერგის პროცესით დაუსვეს წერტილი და უარი თქვეს ფაშიზმზე, უარი თქვეს იმ უბედურებაზე, რაც ტრიალებდა, ისევე უნდა ვთქვათ უარი დღეს პრემიებზე, ჯიპებზე, კორუფციაზე, თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნაზე, მინისტრი რომ შეიცვლება, არ უნდა მიჰყვებოდეს მთელი სამინისტრო და არ უნდა მივეხვეტ-მოვეხვეტებოდეთ ნათესავებსა თუ ძმაკაცებს და . . ამას უნდა დავარქვათ თავისი სახელი _ ეს იყო სისტემური დანაშაული! გარდა იმისა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს, მათ აქვთ ჩადენილი რომის ტატუტის მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მე-7 მუხლი გახლავთ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მე-8 მუხლი კი გახლავთ სამხედრო დანაშაული. აი, ამ ორი მუხლით აქვთ ჩადენილი დანაშაული ამ ადამიანებს და ამაზე იყო საუბარი, ჰააგის პროკურატურაში რომ შევიტანე. ამას არ გავაკეთებთ?! _ ჩვენი საშველი არ იქნება.

სამართლიანობის აღდგენა არ არის მხოლოდ მაღალჩინოსნების დაჭერა. ჩვენ ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. ის, რომ დაჭერებით სამართლიანობა ვერ აღდგება, ამაში დამერწმუნეთ. იმდენი ხალხი ჰყავს სააკაშვილს დაჭერილი, მაშინ ყველაზე სამართლიანი ქვეყანა საქართველო ყოფილა სააკაშვილის დროს. უნდა დადგეს ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების საკითხი. დღეს გაერომ ხომ მოგვწერა ჩამორთმეულ ქონებებზე? ჯერ ასეთი ტონია და ხვალ მაგას სხვანაირი ტონი მოჰყვება. ციხეებში ჩარჩენილია უამრავი ადამიანი, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გასამართლებული, პლუს ამას ქონებები არ უბრუნდება არავის, მით უმეტეს, ისეთი ქონებები, რომლებიც გატაცებული აქვთ იმ ადამიანებს, ვისზეც განაჩენები დგება და არის კიდევ ისეთი ქონებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროზეა გადაცემული, არც ბიზნესი კეთდება იმ ქონებებით და გაჩერებულია. ვიღაცას მოუვიდა თავში აზრი, რომ მივცეთ ეს ქონება, მერე დასაბრუნებელი შეგვექმნება და ეს ქვეყანას დააქცევსო. ეს ქვეყანა დაიქცა მაშინ, როცა ქონებები წაართვეს ამ ხალხს და როცა ხალხს დაუბრუნებ ქონებას, ქვეყანა კი არ დაიქცევა, პირიქით, თუ ხელს შეუწყობ ბიზნესის განვითარებას, აყვავდება. არაფერი მუდმივი რომ არ არის ამ ქვეყანაზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხომ დაგვარწმუნა ამაში?

 

მეოთხე: 300 კანონია ასოცირების ხელშეკრულებასთან სასწრაფოდ შესაბამისობაში მოსაყვანი. მოიყვანე და ევროპული ყაიდის ცხოვრებაზე გადაგვიყვანე! აღარ შეიძლება ასე, რასაც 25 წელიწადია ვუყურებთ!

 

 

_ სააკაშვილის თემას დავუბრუნდეთ... რა იურიდიული პროცედურები უნდა გაიაროს ამ საქმემ?

_ სააკაშვილის წინააღმდეგ პროცედურები ძალიან მარტივია: პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. რადგან პირი არ ცხადდება, სასამართლოს გაუგზავნის უწყებას და დღეს-ხვალ ვიხილავთ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის საკითხს. უნდა გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. თუ გამოცხდდა, დღევანდელი სასამართლოს პირობებში, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს გირაო აქვს შეფარდებული. მაგას თავში ტვინი რომ ჰქონდეს და ვაჟკაცობა ჰყოფნიდეს, პროცესზე უნდა ცხადდებოდეს, იმიტომ, რომ სასამართლო, დღეის მდგომარეობით, “ნაციონალებისხელშია, მაგრამ კურდღელია და დარწმუნებული იყავით, არ ჩამოვა. არ გამოცხადდება და ძებნილ ადამიანზე მოსამართლემ ორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს _ ან უნდა ჩათვალოს, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა სისულელე იყო და აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს, რაც არ არის გამორიცხული ჩვენი სასამართლოსგან; ან მეორე ვარიანტია გირაო, მაგრამ ვერ შეუფარდებს, კაცი არ ცხადდება. იქ მთავარი პირობაა _ არ ცხადდება, იმალება, არ თანამშრომლობს და . . ყველა პირობა აქვს დარღვეული სააკაშვილს. ამიტომ წესით და ლოგიკით უნდა შეეფარდოს პატიმრობა.

პატიმრობის შეფარდებისთანავე, მეორე დღესვე, ან იმავე დღეს შეუძლია პროკურატურა შევიდეს სასამართლოში, რომ გამოცხადდეს მის მიმართ ძებნა. აქ უკვე ვეღარაფერს იზამს სასამართლო, ყველა ვარიანტში ძებნას გამოაცხადებს. ძებნის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში უკვე ინტერპოლი, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაშია, აცხადებს მასზე საერთაშორისო ძებნას წითელი ცირკულარით. ეს გადაეგზავნება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ოღონდ იქ უკვე კატეგორიებადაა ქვეყნები დაყოფილი. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში თუ მიიღე პოლიტიკური თავშესაფარი, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შეგიძლია გადაადგილდე და მისი წევრი არც ერთი ქვეყანა შენ მიმართ მინიჭებული პოლიტიკური დევნილის თავშესაფარს არ დაარღვევს და არც შევა იმის განხილვაში, რამდენად კანონიერად იყო გაცემული თუ არა, იმიტომ, რომ პატივს გცემს.

ვთქვათ, შემოვიდა უკრაინაში, უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მისცა თავშესაფარი. ეს მოქმედებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. რაც შეეხება აშშ-, ამერიკას სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოსთან არა აქვს. 35 კაცი რომ გყავდეს მოკლული, აშშ გეუბნება, ჩემთან არის შემოსული, კარგად ბრძანდებოდე, საერთოდ არც იფიქრო, რომ გადმოგცეო. ანუ მას შეუძლია შევიდეს ამერიკაში და იცხოვროს, სანამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა არ გავა და მეეჭვება, ამერიკამ გადმოგვცეს. დანარჩენი სახელმწიფოები თუ მიანიჭებენ პოლიტიკურ თავშესაფარს, მხოლოდ იმ სახელმწიფოში ივლის სააკაშვილი თავისუფლად, ერთადერთი ისრაელს აქვს გაცხადებული მსოფლიოში, რომ მის მოქალაქეს არ გადასცემს, მაგრამ ეს შეეხება მის მოქალაქეს და არა სააკაშვილს. თუმცა რას გაიგებ, `რომელი ქვეყნის მოქალაქეა პატივცემული მიშა?~ ამიტომ არის ნაკლები კეზერაშვილის გადმოცემის შანსი, ეს იცოდა კეზერაშვილმა თავის დროზე და მიიღო ისრაელის მოქალაქეობა. ასეთი პროცედურებია სააკაშვილთან მიმართებით გასავლელი.

 

მე მგონი, ამ დღეებში დამთავრდება ყველაფერი. სააკაშვილი იმიტომ ჩავიდა ადეიშვილთან რუმინეთში, რომ მან მანამდე დაალაგა ეს ურთიერთობები და ძალიან მალე მიიღო იქ პოლიტიკური თავშესაფარი. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მათი მეგობარია. არანაირი გარანტია არ აქვს სააკაშვილს ევროპაში და შეიძლება არც ამერიკაში, რომ ამერიკა და ევროპა არ გადასცემს. უკრაინა არ ადგება არც ერთ ვარიანტში, არც უკრაინაში არ აქვს გარანტია, იქაც ამოუყვანა კისერში ყველას და უკვე მთელი მსოფლიოს პრესა წერს იმას, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში, გარკვეულწილად, სააკაშვილმაც ითამაშა სერიოზული როლი. რადგან სააკაშვილი ადეიშვილთან ჩავიდა რუმინეთში, აშკარაა, რომ სხვა ქვეყნებიდან გარანტიები არ აქვს. ის განცხადებები, რომლებსაც `ნაციონალები~ ბოლო დღეებში აკეთებენ, თურმე, რა სჭირს სააკაშვილს დასამალი, ერთი კვირის მერე დაინახავენ!




თამარ ბატიაშვილი

"ქრონიკა+"




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016