reportiori.ge - უცხოური მედია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
უცხოური მედია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე
ავტორი:
11 აგვისტო, 2014. 11:59

„კომერსანტი" (რუსეთი), 11 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2542796

 

 

ქართველი ძალოვანი სტრუქტურები პრეზიდენტის წინააღმდეგ

 

 

„საქართველოში სერიოზული პოლიტიკური სკანდალი აგორდა: გენპროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკეს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).

 


სკანდალის მიზეზი ისაა, რომ სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილისათვის ახალი ბრალდების წასაყენებლად ემზადებიან, ამჟამინდელი პრეზიდენტი კი აჭიანურებდა მოეხსნა გრიფი „საიდუმლო" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ დოკუმენტებისათვის, რომლებიც ნათელს მოჰფენდა  წინამორბედის მიერ ჩადენილ დარღვევებს - სახელმწიფო სახსრების უყაირათოდ და არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებს.

 


საქმე იმაში გახლავთ, რომ გენპროკურატურამ ორჯერ მიმართა გიორგი მარგველაშვილს განესაჯაროებინა ის მასალები, რომლებიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ძვირფასი ნივთების ჩუქებას პარლამენტის წევრი ქალბატონებისთვის, ელიტურ დასვენებას მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, „ბოტოქსის" პრეპარატით სარგებლობას და ა.შ., თუმცა იმის გამო, რომ გიორგი მარგველაშვილი მისი წინამორბედის მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს დადებული „საიდუმლო" გრიფის მოხსნას არ ჩქარობდა, გენპროკურატურამ ზემოხსენებულ საკითხებზე მიხეილ სააკაშვილის მიმოწერა გამოაქვეყნა. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებასთან" ახლოს მყოფმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან „საიდუმლო გარიგებაში" დაადანაშაულეს.


 

საბოლოო ჯამში გიორგი მარგველაშვილმა გრიფი კი მოხსნა, მაგრამ იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროკურატურის მიმართ მრისხანე განცხადება გამოაქვეყნა: „აღშფოთებულები ვართ, რომ პროკურატურმა დაარღვია კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" და პრეზიდენტის საიდუმლო მიმოწერა გამოაქვეყნაო". ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ გამოეძია საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტი და დამნაშავეები მკაცრად დაესაჯა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ პროკურატურის მხარე დაიკავა.

 


ბუნებრივია, სკანდალმა საქართველოში ფართო რეზონანსი გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჯარო დავა სახელმწიფოს მეთაურსა და სამართალდამცველებს შორის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იურისტების აზრით, პრეზიდენტების სამართლებრივი არგუმენტები უფრო დამარწმუნებელია: „პრეზიდენტის მოქმედება სწორია, რადგან თუ დოკუმენტს ადევს გრიფი „საიდუმლო", ესე იგი, შინაარსიც საიდუმლოა", - განუმარტა „კომერსანტს" საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა. იგი ვარაუდობს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრს ასეთ საჯარო პოლემიკის გამართვას ვერ გაუბედავდნენ. „იზრდება დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ამის მიზეზია ის ილუზია, რომლის მიხედვით, თითქოსდა საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა, კონსტიტუციის მიხედვით კი პრეზიდენტი ისეთი სიმბოლური ფიგურა არ არის, როგორიც პრემიერ-მინისტრს სურს".



 

 „ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 11 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.ng.ru/week/2014-08-10/7_cis.html

 

 

 

გასული კვირის ამბები: საქართველო

 

 

სტატიაში, რომელშიც მიმოხილულია დსთ-სა და რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში („ახლო საზღვარგარეთის") გასულ კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, საქართველოს შესახებაცაა საუბარი (ავტორი იური სიმონიანი).


 

„ჩვენმა მეზობელმა საქართველომ გასულ კვირაში ტრაგიკული „ხუთდღიანი ომის" მეექვსე წლისთავი აღნიშნა, რის შედეგად ყოფილმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიამ, ისევე როგორც აფხაზეთმა, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს სტატუსი მიიღო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ადანაშაულებს. გასულ პარასკევს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ტერიტორიალი მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის ნახვისას, ეს მძიმე ბრალდება კვლავ გაიმეორა: ომი, მსხვერპლი და შედეგები მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა.


 

თბილისში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ სამხრეთ ოსეთში ომის დაწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ერთობლიობაში განიხილონ. თუ მთავარი პროკურატურა, რომელიც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს აწარმოებს, მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ ანგარიში გაუწიოს ამ ხმებს, მას სულ ცოტა ერთი მოწმე ეყოლება, რომელიც მზად იქნება შესაბამისი ჩვენება მისცეს. პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მზადაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ჩვენებისათვის - ახლა უკვე ხუთდღიანი ომის გარემოებების შესახებ. პარალელურად მიხეილ სააკაშვილის უცხოელმა მეგობრებმა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ დაბეჯითებით მოუწოდეს შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

 

„სეგოდნია" (უკრაინა), 11 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.segodnya.ua/politics/pnews/saakashvili-perspektiv-u-rossii-net-putin-zashel-tuda-otkuda-celym-ne-vyhodyat-543399.html

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის ისევ უკრაინაშია: „ინტერის" ტელეეთერში გამოსვლის ზოგიერთი დეტალი

 

 

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბარი ტელეარხ „უკრაინას" საინფორმაციო პროგრამა „ნედელიას" წამყვან ჟურნალისტ ალექსანდრე მოზგოვოისთან, რომელიც ეთერში გუშინ, 10 აგვისტოს საღამოს, პირდაპირ ეთერში გადაიცა.

 


„მრცხვენია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჯერ ერთი, რომ „მაიდნის" წინააღმდეგი იყო, მეორე - არ გააკეთა განცხადება მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე... თავი გაიმართლეს, რომ „რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვსო"; მესამე - გუშინ გულშემატკივრები დააჯარიმეს, რომლებმაც ცნობილი პლაკატი „პუტინი ყ..." გამოფინეს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე მჯერა, რომ უკრაინა ასეთ ლოგიკას ბოლოს მოუღებს, თუმცა როგორი ფასით? ძალიან საწყენია, რომ ადამიანები იღუპებიან...


 

 

თქვენ უნდა გაიგოთ, რომ საქართველოში რუსული „გაზპრომის" ყველაზე მსხვილმა კერძო აქციონერმა გაიმარჯვა, მას ყველაზე დიდი წილი აქვს „გაზპრომში". საქართველოს ხელისუფლებას არცერთი იფიციალური ვიზიტი არ ჰქონია უკრაინაში, არადა, უკრაინას სწორედ ახლა სჭირდება დახმარება, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო... უბრალო მხარდამჭერი განცხადების გაკეთებაც კარგი საქმე იქნებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ სანქციები გამოსავალი არ არისო. მე მთელ მსოფლიოში დავდივარ უკრაინის მხარდამჭერ შეხვედრებზე, ჩვენი [საქართველოს] მთავრობა კი აცხადებს: „არა, არა, სანქციები საჭირო არ არის... არა, ქართული და უკრაინული სიტუაციები ერთმანეთს არ ჰგავს... არა, ჩვენ ხომ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან". რა თქმა უნდა,  ჩვენ მართლაც „კარგი ურთიერთობა" გვაქვს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. არ მინდა, რომ საქართველოში სიტუაცია უკრაინული „მაიდნის" მსგავსად განვითარდეს, რადგან ქართველი ხალხი უკრაინელებს მხარს მთელი სულითა და გულით უჭერს. აქ არიან ქართული წარმოშობის უკრაინელები, რომლებიც ჭეშმარიტი უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან".


 

 

            მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს პრორუსული ხაზი - ეს ისეთი ისტორიული ანომალიაა, როგორც ის, რომ უკრაინას ბოლო წლებში ვიქტორ იანუკოვიჩი მართავდა. ეს ყველაფერი დროებითია, რადგან ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მსგავსად, თავისუფლება სურს. კარგია, რომ იმ რეფორმებს, რომელთა გატარებაც ჩვენ მოვასწარით, ვერ გააუქმებენ. ჯერ-ჯერობით სახელმწიფო აპარატი კარგია, კორუფცია ჯერ არ არის, ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია მინიმალური ბიუროკრატია და კარგი ინფრასტრუქტურა. ჩვენ ძალიან კარგი წინამძღვრები დავტოვეთ, ხალხმა დაინახა, რომ ეს კარგია. თუ ვინმე პრორუსული ოლიგარქი რაიმე პროვოკაციას მოაწყობს, ეს მაინც დროებითი მოვლენა იქნება. ქართველი და უკრაინელი ხალხები ერთად არიან და ერთადვე გავიმარჯვებთ".

 


საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, „უკრაინას ძალიან გაუმართლა იმ აზრით, რომ ქვეყნის ლიდერს პეტრო პოროშენკოს რუსეთის არ ეშინია. ვლადიმერ პუტინი ყოველთვის დაშინებას ცდილობს. არის ასეთი მეთოდი - სხეულის ენა, [საკუთარი ფიგურით ზეწოლა]. მე მახსოვს ანგელა მერკელისა და ნიკოლა სარკოზის პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. იგი მათ ფიზიკურად შიშს უნერგავდა. პეტრო პოროშენკოს კი, ეს სურათებითაც ჩანს, პუტინის არ ეშინია, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ ბევრი დავკარგეთ იმით, რომ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, დსთ-ის ქვეყნების მეთაურებს უბრალოდ, ეშინოდათ, ავტომატურად უკან იწევდნენ, როცა პუტინი მათ თრგუნავდა".


 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი სტუდიაში პატრიოტული სიმბოლიკით - პიჯაკის ლაცკანზე მიმაგრებული წითელი ყაყაჩოთი და ხელზე უკრაინის დროშის ფერებიანი ბრასლეტით მივიდა. მისი თქმით, ეს სიმბოლიკა ბრძოლებში დაღუპული უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემას ნიშნავს: „ძალიან დასანანია და უაზროა, რაც ახლა უკრაინაში - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობიან ქვეყანაში ხდება. ომი მიმდინარეობს, ადამიანები იღუპებიან... აი, დღესაც ბრძოლებმა რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი იმსხვერპლა, მათ შორის კოლია ბერეზოვოი, რომელიც 1990-იან წლებში საქართველოში რუსეთს ებრძოდა". 

 

მიხეილ სააკაშვილმა დაამატა, რომ უკრაინის დროშის ფერებიანი ბრასლეტი მას ლვოვში ყოფნის დროს ბავშვებმა აჩუქეს: „ისინი ამ სამაჯურებს თვითონ აკეთებენ, ყიდიან და შემდეგ მოგროვილი ფულით არმიას ეხმარებიან".

 

 

„კომსომოლსკაია პრავდა - უკრაინა" (უკრაინა), 11 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://kp.ua/politics/465298-mer-lvova-podaryl-mykhaylu-saakashvyly-zolotoi-herb-horoda

 

 

 

ლვოვის მერმა მიხეილ სააკაშვილი ქალაქის ოქროს ღერბით დაასაჩუქრა

 

 

 

„ამ ორიოდე დღის წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გალიციის მხარის მთავარ ქალაქ ლვოვში იმყოფებოდა", - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი ანა მიშჩიშინი).

 

 

ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მოქმედ პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო ღვთისმსახურებას, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის მეექვსე წლისთავს მიეძღვნა. მასთან ერთად იქ მივიდა ლვოვის მერი ანდრეი სადოვოიც. ეკლესიაში მყოფმა მლოცველებმა ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცების სულზე ილოცეს და სანთლები დაანთეს. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ უკრაინაში საკმაოდ ბევრი გალიციელი ჯარისკაცი დაიღუპა, ამიტომ ლვოვის ოლქში სამდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული.

 


მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღია ლექცია ჩაატარა მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმების თაობაზე. სიტყვით გამოვიდა ანდრეი სადოვოიც: „ამ დღეებში ექვსი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია საქართველოს თავს დაესხა. ამ ომში საქართველომ გაიმარჯვა. ჩვენთანაც იგივე ხდება, ადამიანები იღუპებიან", - აღნიშნა მან.

 


დასასრულს, ანდრეი სადოვოიმ მიხეილ სააკაშვილი ლვოვის ოქროს ღერბით დააჯილდოვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კი მას საპასუხო კომპლიმენტი შეაგება - „ქალაქის მართვა კარგად შეგძლებია, წარმატებებს გისურვებო" და მერის კაბინეტში ლვოვის საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ წიგნში თავისი ხელმოწერაც დატოვა

 

 


„სტოლიჩნოე ტელევიდენიე" (ბელარუსი), 10 აგვისტო, 2014 წელი

http://www.ctv.by/novosti-gruzii/zhizn-v-gruzii-chto-obedinyaet-narody-gruzii-i-belarusi

როგორ ცხოვრობს კავკასიური რესპუბლიკა: ბელარუსების თვალით დანახული საქართველო

 

 

 

წუხელ, 11 აგვისტოს, ბელარუსის ტელეკომპანია „სტოლიჩნოე ტელევიდენიეს" („დედაქალაქის ტელევიზია") პროგრამა „ნედელიას" ეთერით გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ (ავტორი იგორ პოზნეკი).

 


„როგორ ცხოვრობს დღეს საქართველო - ყოფილი საკავშირო „ჯანმრთელობის სამჭედლო"? - ასეთი კითხვაა დასმული ჟურნალისტ ოლღა კორშუნის მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში, რომელშიც ვრცლადაა წარმოდგენილი ქართული ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი და გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობები, კულტურის კერები, ქართული ხელოვნება, ტრადიციები, ტოლერანტობა... „სტუმრისადმი პატივისცემა, ხელგაშლილობა და გულუხვობა სლავებსაც ახასიათებთ. ალბათ, სწორედ ამიტომაც იზიდავთ კავკასია ბელორუსებს...", - ნათქვამია ტელერეპორტაჟში. მასში ბევრია დიალოგი რიგით ქართველებთან - ახალგაზრდებთან, მოხუცებთან, რომლებშიც ქართველი ხალხის ხასიათია გამოხატული.

 


სიუჟეტის ავტორი საუბრობს აგრეთვე საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე - პოსტსაბჭოურ მძაფრ კრიზისზე, „ვარდების რევოლუციაზე", რუსეთთან სამხედრო კონფლიქტზე... ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მოსახლეობაზე, თუმცა პრობლემების მიუხედავად, ქართველები კვლავ ხალისიან ადამიანებად, ოპტიმისტებად და სტუმართმოყვარეებად რჩებიან", - ასკვნის ჟურნალისტი ოლღა კორშუნი.




 


(სპეციალურად რეპორტიორისთვის)

 

(მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016