გასულ წლებში ჰეროინის ყველაზე დიდი ოდენობა 2010 წელს ამოიღეს და ეს იყო 1 კგ და 271,4 გრ. მომდევნო წელს ამოღებულია მხოლოდ 886,88 გრ; 2012 წელს - 291 გრ, 2013 წელს კი 117 კგ და 623,16 გრ. 2014 წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერ უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ შემთხვევაში ეს ციფრი არა კილოგრამებს, არამედ ტონობით ჰეროინს მოიცავს
„ჩვენი სამინისტრო ძალიან აქტიურია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, ამის დასტურია უპრეცედენტო რაოდენობის ჰეროინის ამოღება. ჩვენ არც ერთი წუთით არ ვაპირებთ, მოვუყრუოთ ამ საკითხს", - ეს არის ციტატა ალექსანდრე ჭაკაიძის ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმატაიმმა"რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. მაშინ შს მინისტრი სამართალდამცველების მიერ 116 კილოგრამი ჰეროინის ამოღების ფაქტს გამოეხმაურა, თუმცა ეს რეკორდი სულ ახლახან მოიხსნა, როდესაც ქართველმა სამართალდამცველებმა 3 ტონამდე თხევადი ჰეროინით დატვირთული ტრაილერი დააკავეს.
„პრაიმტაიმისთვის" ცნობილი ხდება ამ გახმაურებული საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალი. პირველ რიგში, დავიწყოთ მარშრუტით: 2 ტონა და 997 კილოგრამი თხევადი ჰეროინი ავღანეთის ტერიტორიაზე დაიტვირთა, ნარკოკარტერმა უპრობლემოდ მოახერხა ტვირთის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გატარება, რის შემდეგაც ტრაილერი საქრთველოს საზღვარს მოადგა. როგორც ირკვევა, ქართველ სამართალდამცველებს წინასწარ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია საქართველოში დიდი ოდენობით ჰეროინის შესაძლო შემოსვლის შესახებ. ამიტომაც იმ დღეებში ყველა ტვირთი განსაკუთრებულ შემოწმებას გადიოდა.
ნარკოკარტერი იმედოვნებდა, რომ პოლიეთილენის ბოცებში დაფასოებული თხევადი ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 400 მილიონს აჭარბებს, ასევე უპრობლემოდ გაივლიდა საქართველოს ტერიტორიას, გადავიდოდა თურქეთში, საიდანაც ნაკროტიკული საშუალება ევროპის ქვეყნებში უნდა მოხვედრილიყო. ჯაჭვი საქართველოში გაწყდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა დამატებით ინფომრაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ახმაურებენ. ცნობილია, რომ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკების ტრანზიტს მხოლოდ ეს სამი პიროვნება ახდენდა, შესაბამისი მფარველებისა და ნარკომაფიის ლიდერებისგან დამოუკიდებლად. ამიტომაც, სავარაუდოდ, გამოძიების პროცესში კიდევ არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება.
„პრაიმტაიმს" შსს-ში დაუდასტურეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნარკოტრანზიტის მფარველების გამოსავლენად.
„რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ და მიდის მუშაობა, რათა დავადგინოთ, წლების განმავლობაში ვინ იდგა ამ ტრანზიტის უკან საქართველოში. როგორც ხედავთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი რაოდენობის ჰეროინის პარტიების გარდა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში მიდის, მედიით შუქდება, რა რაოდენობის ნარკოტიკების ამოღება ხდება. სახელმწიფო პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია ამ მიმართულებით და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრებულია", - განუცხადეს „პრაიმტაიმს" შსს-ში.
„მწვანეთა პარტიის" ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე საერთაშორისო ნარკოკარტერის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირზე ღიად საუბრობს. მისი თქმით, საქართველო 2005-2006 წლიდან ავღანური ჰეროინის „ტრასად" იყო გამოყენებული.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით 2009 წელს გვქონდა პრესკონფერენცია. როდესაც გაეროს შესაბამისი სამსახურების სენსაციური მასალები გამოვიტანეთ, იმის შესახებ, როგორ გადაიქცა საქართველო ავღანური ჰეროინის „ტრასად" 2005-2006 წლიდან. პირდაპირ გეტყვით, ფოთის პორტიდან ტრაილერებით შემოდიოდა და გადიოდა ევროპასა და უკრაინაში. ნაწილი რჩებოდა საქართველოში და მისი ხელშეუხელობა გარანტირებული იყო ნარკოქსელის საშუალებით. ეს არის ასეულობით მილიონ დოლართან დაკავშირებული", - აცხადებს გაჩეჩილაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას ვარაუდით კი, ნარკოდანაშაულს წინა ხელისულფებაში სერიოზული მფარველები ჰყავდა. ბესელია არ გამორიცხავს, რომ მალე საზოგადოებისთვის ეს საქმეები ცნობილი გახდეს.
„ზოგადად, ნარკოდანაშაულს სერიოზული მფარველები ჰყავდა წინა ხელისულფებაში. იყო სერიოზული ფაქტები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საქმეები გაიხსნას. დღეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც შსს-მ კლასიკური ნარკოტიკების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გამოაცხადა, აქტუალური გახდა ბიონარკოტიკები. ამიტომაც მივიღეთ რამდენიმე კანონი, რომლის საფუძველზე სინთეტიკური ნარკოტიკის კრიმინალიზაცია მოხდა. ეს გამოწვევაა და კარგია, რომ ბატონი ჭიკაიძის უწყება ამ მრხივ, ყურადღებას არ ადუნებს", - აცხადებს ეკა ბესელია.
ნარკოტრანზიტის საქმეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ღარიბაშვილის განმარტებით, ამ ოდენობის ნარკოტიკი სამართალდამცავებს არასოდეს ამოუღიათ.
„მართლაც დასაფასებელია ის მუშაობა, რასაც ლექსო ჭიკაიძის უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს მკაცრი. გასულ წლებში ჩვენ არასოდეს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ ამოვიღეთ 116 კილოგრამი, რაც რეკორდული რაოდენობა იყო, თუმცა ლექსო ჭიკაიძემ ეს რეკორდი მოხსნა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აძლიერებს და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას უწყობს ხელს.
„პრაიმტაიმი" ექსპერტების მოსაზრებითაც დაინტერესდა. ისინი ერთხმად მიუთითებენ, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკების უკან სერიოზული ფიგურები დგანან, რასაც გამოძიება და ბოლომდე მიყვანა სჭირდება. მაგალითად, ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას აბმობს, რომ მას ამ მასშტაბის ნარკოტრანზიტის გამოვლენის ფაქტი არა თუ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი არ ახსენდება.
„დიახ, მსგავსი მასშტაბის ფაქტი პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ მახსოვს. ცოტა ხნის წინ საქართველო-სომხეთის საზღვარზე 100 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, მაგრამ ეს რაოდენობა უპრეცედენტოა. ყველაზე მეტად იმ ჯგუფის თავხედობამ გამაოცა, ვისაც ნარკოტიკი გადაქონდა. როგორც ვიცით, მას თხევადი საპნის სახე ჰქონდა. ნებისმიერ მებაჟეს გაუჩნდება ეჭვი, რად უნდა თურქეთს აზერბაიჯანში დამზადებული ამდენი თხევადი საპონი? არ ვიცი, წინასწარი ინფორმაცია ჰქონდათ თუ არა საბაჟო სამსახურსა და სამართალდამცველებს, მაგრამ ფაქტია, ძალიან დიდი მნიშვნელობის ოპერაცია ჩატარდა. აქ დაახლოებით 500 მილიონ დოლარზეა საუბარი. როგორც ჩანს, ის ჯაჭვი გაწყდა, რომელიც ადრე იყო ნარკოტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით", - აცხადებს არეშიძე.
ექსპერტ კახი კახიშვილის შეფასებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან სერიოზული შრომა მოუწევს, რომ იმ პირების ვინაობა გამოვლინდეს, ვინც ამ საერთაშორისო დანაშაულში იყვნენ ჩართული.
„იმ იფნორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა, ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ნარკოტრანზიტს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო აპრობირებული მეთოდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ალბათ, სხვა კოლეგებთან ერთად აღნიშნული ტრანზიტი აღკვეთოს და, ჩემი აზრით, გამოძიება ახლა საერთაშორისო მასშტაბით იმუშავებს, კონკრეტულად, როგორც გადამზიდავების დადგენის, ასევე იმ ადამიანების გამოვლენის მიზნით, რომლებიც ამ ძალიან საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვა-გასაღებაში იყვნენ ჩართული. ისინი წამლავდნენ ძალიან ბევრ ადამიანს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი ამხელა, უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოკარტელის გამოვლენის ფაქტი", - აცხადებს კახიშვილი.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის დანაშაულს სერიოზული მფარველების გარეშე ადგილი ვერ ექნებოდა.
„მსგავსი რამ სერიოზული მფარველების გარეშე არ ხდება. ალბათ, აქ იყო პირთა ძალიან დიდი ჯგუფი და ეს ერთი და ორი ადამიანის გაკეთებული არ იქნება. იმავდროულად, ამაში არ იქნება ჩართული მარტო ერთი ქვეყანა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი სქემის აწყობა, რადგანაც წინასწარი გარანტიების გარეშე, ამას არავინ გარისკავდა. როდესაც ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი კვეთს სახელმწიფოების საზღვრებს, მას ჰყავს ძალიან სერიოზული ბერკეტის მქონე პირები. ამიტომაც დიდი სამუშაო მოელის შსს-ს, კონკრეტულად იმ პირების დასდაგენად, ვინც ამ ბინძურ ბიზნესში იყვნენ ჩართულნი", - აცხადებს კახიშვილი.
რამდენად ძლიერი ნარკოტიკია თხევადი ჰეროინი, რომლის გადატანასაც ცდილობდნენ საქართველოს გავლით? სპეციალისტების თქმით, მას ვენაში შეყვანისას ყველაზე ძლიერი და ადეკვატური მოქმედება აქვს. ნარკოლოგ გელა ლეჟავას განცხადებით, თხევადი ჰეროინის აორთქლების გზით ჰეროინი ფხვნილის სახითაც მიიღება.
„საერთოდ, ჰეროინი მოიხმარება თხევად მდგომარეობაში. ანუ ნებისმიერი ფხვნილი შესაბამის ხსნარში ზავდება და ინექციური გზით კეთდება. არის ვარიანტი, როდესაც ჰეროინს ყლაპავენ, თუმცა მისი ზემოქმედება ძალიან სუსტია, უფრო ხშირია, როცა ყნოსავენ, მაგრამ ისიც სუსტია, ამიტომ ყველაზე ძლიერი და ადეკვატური მოქმედება აქვს, როცა ვენაში შეჰყავთ. სწორედ ამიტომ ნარკომანისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი თხევადი ჰეროინის შეყვანაა, თუმცა რა კონცენტრაციაა ამისთვის საჭირო, ამის თქმა გამიჭირდება", - განაცხადა გელა ლეჟავამ.
ცნობილია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ მინისტრად დანიშვნისთანავე მთავარ პრიორიტეტად ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. მისი ინიციატივით მოხდა კანონპროექტების ინიცირება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონში მიღებული ცვლილებების შედეგად 90 პროცენტით შემცირდა როგორც ე.წ. „კრაკადილის", ასევე ბიოს მომხმარება. კონკრეტულად ცვლილებები შევიდა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონში და „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონებში.
თანმიმდევრობით მივყვეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ჭიკაიძის უწყების მიერ ხორციელდება:
პირველი ნაბიჯი ე.წ. „კრაკადილის" წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადაიდგა. 15 მარტიდან მოქმედებს ახალი კანონი. ამ ცვლილებების მიღებამდე კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცვლელი კომბინირებული საშუალებები არ განეკუთვნებოდა ნარკოტიკების სიას. ამ ცვლილებებით კი კოდეინის შემცვლელი სამკურნალო საშუალებები შევიდა ნარკოტიკების, დანარჩენი კი ფსიქოტროპულების სიაში. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, თუ აფთიაქი ამ ნივთიერებათა შემცველობის წამლებს რეცეპტის გარეშე გასცემს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც აფთიაქის მფლობელს, ასევე პროვიზორს. მანამდე ამ პრეპარატების რეცეპტის გარეშე გაყიდვისთვის დაწესებული იყო მხოლოდ ფულადი ჯარიმა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონის მიღების შემდეგ ე.წ. „კრაკადილის" მოხმარება 90 პროცენტით შემცირდა.
მეორე და, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სინთეტიკური ნარკოტიკების კუთხით. 1 მაისიდან ამოქმედდა კანონი ბიონარკოტიკების წინააღდმეგ, რომლის თანახმადაც, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობა, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გადატანა, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
და ბოლოს, კვლავ ჰეროინი. ჩვენ დავინტერესდით, წაახალისებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ნარკოტრანზიტის ეს საქმე გახსნეს.
„აღნიშნული საქმის გახსნაში მონაწილე თანაშრომლებს მინისტრი აუცილებლად მისცემს პრემიებს, რადგან საერთაშორისო მნიშვნელობის ნარკოტრანზიტის საქმე გახსნეს და ეს მათ ნამდვილად დაიმსახურეს", - განმარტეს შსს-ში.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „2013 წელს საზღვრის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ და გამოძიებისა და ინსპექტირების მიმართ უფრო პროაქტიურმა მიდგომამ გამოიწვია ნარკოტიკული საშუალებების ამოღებების მნიშვნელოვანი ზრდა. 2013 წელს საქართველოს პოლიციის მიერ 115 კილოგრამი ჰეროინის ამოღების ფაქტი, წარმოადგენს საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამოღების ყველაზე დიდ ოდენობას".
ანგარიშში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2013 წლისთვის საქართველოს მთავრობამ გაზარდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული მკურნალობისა და პრევენციის ზომების დაფინანსება.
სტატიის დასასრულ, გაგაცნობთ მოკლე სტატისტიკას, რომლითაც ირკვევა, რომ გასულ წლებში ჰეროინის ყველაზე დიდი ოდენობა 2010 წელს ამოიღეს და ეს იყო 1 კგ და 271,4 გრ. მომდევნო წელს ამოღებულია მხოლოდ 886,88 გრ; 2012 წელს - 291 გრ, 2013 წელს კი 117 კგ და 623,16 გრ. 2014 წლის ზუსტი სტატისტიკა ჯერ უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ შემთხვევაში ეს ციფრი არა კილოგრამებს, არამედ ტონობით ჰეროინს მოიცავს.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"