reportiori.ge - ელისო კილაძე: გამოვრიცხავ, რომ კიწმარიშვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით ხელისუფლების ხელი ურევია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:16
ინტერვიუ
ელისო კილაძე: გამოვრიცხავ, რომ კიწმარიშვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით ხელისუფლების ხელი ურევია!
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 12:34


ვშიშობ, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობით არ მზადდებოდეს რევანში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ! - აცხადებს „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან რამდენიმე ლოგიკურ შეკითხვას სვამს:

 

 

- პირდაპირ გეტყვით, ეროსი კიწმარიშვილი თავს არ მოიკლავდა. ასევე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ კიწმარიშვილის მკვლელობაში რაიმე ფორმით ხელისუფლების ხელი ურევია! თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლა „რუსთავი-2"-ის ეთერით, სადაც მან ხელი ივანიშვილისკენ გაიშვირა, სრული ბოდვა იყო. რატომღაც, მთელი ნაცმოძრაობა, უცებ ერთი ტექსტით ალაპარაკდა. ლევან რამიშვილმაც კი გააკეთა განცხადება, რომელიც „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მგონი, აღარავის უნახავს. არ გამოვრიცხავ, ეს იყოს რევანში ივანიშვილის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებს გიგა ბოკერიას მეუღლესა და ლევან რამიშვილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა „რუსთავი-2"-თან არის დაკავშირებული, შევახსენებ, რომ ეს ტელევიზია ეროსი კიწმარიშვილს ივანიშვილმა კი არა, მიხეილ სააკაშვილმა წაართვა. კიწმარიშვილს დაუძახეს და გამარჯვებული ხალხის ტელევიზია გადააფორმებინეს.

 

 

- პირადად თქვენ, რას უკავშირებთ ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილს?

 


- როდესაც ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პირველი, რაც გამახსენდა, გიორგი სანაიას მკვლელობა იყო, რომლის საქმეც დღემდე გაუხსნელია. ყველამ კარგად ვიცით, რაც იყო ჩაფიქრებული გიორგი სანაიას მკვლელობით. მის სიკვდილს ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ეს იყო „ვარდების რევოლუციის" გენერალური რეპეტიცია, რომლის მიზანიც ხალხის ქუჩაში გამოყვანა გახლდათ. სხვათა შორის, პერიოდიც ერთი-ერთზე ემთხვევა ერთმანეთს. გიორგი სანაიას მკვლელობაც ზუსტად ზაფხულში მოხდა - 2001 წლის 27 ივლისს.

 

 

- მაინც, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთთან ამ ორ მოვლენას?

 

 

- ორივე შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება. არ გამოვრიცხავ, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა იმისთვის დაიგეგმა, რომ ქვეყნისა და მოქმედი ხელისუფლების იმიჯი შეილახოს. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ვშიშობ, ამას არ მოჰყვეს რომელიმე ცნობილი ადამიანის ოჯახის წევრის გატაცება. გახსოვთ, ალბათ, ძალიან საეჭვო ვითარებაში გაიტაცეს კახი კალაძის ძმა „ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდში, როცა გარკვეული ძალების მხრიდან ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო დაგეგმილი...

 

 

რუსეთი დღესაც ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას და მარტივად არ შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთისკენ გადადგა. შემთხვევით არ გააკეთებდა ნუგზარ წიკლაური განცხადებას, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში მასობრივი გამოსვლებია მოსალოდნელი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მას ამ განცხადების გამო თითი დაუქნიეს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, უშუალოდ აგვისტოსა და სექტემბერში გამოჩნდება.

 

 

- რატომ მაინც და მაინც ეროსი კიწმარიშვილი?

 

 

- ეროსი კიწმარიშვილი შემთხვევით შერჩეული ფიგურა არ არის. ის იყო საქართველოს ელჩი რუსეთში და საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ახლახან იგი ხმამაღალი განცხადებებით დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში და მედია-სივრცეში მონოპოლიების ხელში აღებას ცდილობდა, უნდოდა, თავიდან გადაედგა ყველა ის ნაბიჯი, რაც „რუსთავი-2"-ის დაარსებიდან დაიწყო.

 


ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ, თავის დროზე, „ქართული პარტია", სადაც ეროსი კიწმარიშვილი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, რუსული FSB-ს მეხუთე განყოფილების მიერ შეიქმნა. განყოფილების შეფი სერგეი ბესედა პირადად ესწრებოდა პარტიის შექმნის ირგვლივ მოლაპარაკებებს, რომელიც მაშინ შვეიცარიაში ლაშა ნაცვლიშვილის ვილაზე იმართებოდა. ამ პოლიტიკურ პროექტში 30 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო. პარტიის უკან იდგა, ასევე, „მაესტროს" წილის მფლობელის მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელია, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. მოკლედ, ერთი დიდი ლოგიკური ჯაჭვია, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

 

 

- მაინც, რა  ეჭვებზე საუბრობთ?

 

 

- ვერიდები, ზოგადად, მედიაზე საუბარს და დადანაშაულებას, მაგრამ მოდი, პირდაპირ ვთქვათ, „მაესტროს" რადიკალური პოზიცია ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბუნდოვანია. ჩემთვის „მაესტროში" ჩადებული ფინანსები გოგელიას პირადი ფინანსები არ არის. თავის დროზე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი საქართველოში კულტურულ ოკუპაციას ახორციელებს, ჩრდილოელი მეზობლისგან გარკვეული რაოდენობის თანხა შემოდის, მათ შორის, მედიის დასაფინანსებლად. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე სერიოზულ სააგენტოს პირადად მიშა ხუბუტია აფინანსებს... სამწუხაროდ, ეროსი კიწმარიშვილმა ბევრი საიდუმლო ჩაიტანა მიწაში, ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიამ. თუმცა, ეროსის მკვლელობისგან განსხვავებით, საზოგადოება ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალებს ვერასოდეს შეიტყობს.

 

 

- ამით რისი თქმა გსურთ?!

 


- სავარაუდოდ, მკვლელობის დეტალები ზურაბ ჟვანიას ოჯახმა და ნაციონალური მოძრაობის ე.წ. „ვერხუშკამ" იციან. ვფიქრობ, ამ საქმეზე საუბარსაც კი აღარ დაუბრუნდება არც გამოძიება და არც ხელისუფლება. ორი-სამი თვის წინათ გავრცელდა ცნობილი კადრები, დააკავეს ექსპერტიც, მაგრამ მერე, რა? - გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა და ვერც მივა.

 

 

გაუხსნელი დარჩება, ასევე, ლაფანყურის საქმე, არა იმიტომ, რომ ღარიბაშვილს ამის პოლიტიკური ნება არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სპეცსამსახურებთან დკავშირებული სქემა, რომლის დეტალებსაც საჯაროდ არ გამოიტანენ.

 


რაც შეეხება სხვა გახმაურებულ საქმეებს - რამდენიმე დღის წინათ ახალაია უზენაესმა სასამართლომ ვაშლის გათლის ცნობილ ეპიზოდში გაამართლა. არ ვარ რადიკალური რევანშის მომხრე, მაგრამ, თუ საზოგადოებას პროტესტის გრძნობა გვაქვს, არჩილ კბილაშვილი უნდა მოვძებნოთ და პასუხი ვაგებინოთ იმისათვის, რატომ არ იყო კარგად ორგანიზებული და დასაბუთებული ის ბრალეულობა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. თქვენი გაზეთის საშუალებით ერთხელ უკვე განვაცხადე და კიდევ გავიმეორებ, 25 ათასი დოლარის სანაცვლოდ მთავაზობდნენ ფოტოს, რომელიც ავსტრიაში ერთ-ერთ სასტუმროში ზურაბ ადეიშვილისა და არჩილ კბილაშვილის შეხვედრის დროს იყო გადაღებული. როგორც ჩანს, ფარცხალაძე იყო ის პროკურორი, რომელსაც შეეძლო ე.წ. ხმაურიანი საქმეების გამოძიება, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმ წნეხს, რაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაიწყო, ე.წ. ბოტასების ქურდობასთან დკავშირებით. ნაციონალებს სწორედ იმიტომ დაემართათ ისტერიკა ფარცხალაძეზე, რომ მასზე გავლენა არ ჰქონდათ. რაც შეეხება ამჟამინდელ მთავარ პროკურორს, მისი ტესტი გიგი უგულავას საქმისა და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიება იქნება.

 

 

 

 

ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016