reportiori.ge - „ზურაბ ჟვანიას საქმე გადაიყოლებს მიხეილ სააკაშვილს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ზურაბ ჟვანიას საქმე გადაიყოლებს მიხეილ სააკაშვილს!“
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 12:36


ხათუნა ხოფერია: „ზურაბ ჟვანიას საქმე გადაიყოლებს მიხეილ სააკაშვილს... კონკრეტულად მას მოუწევს პასუხისგება ზურას მკვლელობასთან დაკავშირებით"

 

 

მას შემდეგ, რაც ხელისულფება შეიცვალა, თაროზე შემოდებული საქმეებიდან ერთ-ერთი პირველი, რაც ჩამოიღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე იყო. პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. ბოლო პერიოდში ოჯახისგან მდუმივად გვესმოდა, რომ ჟვანიას საქმეში ახალი მტკიცებულებები არსებობს და საქმე მალე გახსნილად გამოცხადდებოდა. თუმცა, კონკრეტულად როდის გაეცემა პასუხი პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვებს, უცნობია.

 

 

ოჯახის პროგნოზის მიუხედვად, ჟვანიას საქმის ძიების დასრულება რატომღაც ყოვნდება.

 

 

გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია გამოძიების შესახებ საუბარს თავს არიდებს. თუმცა, ირწმუნება, რომ ძიების პროცესი არ ჭიანურდება.

 

 

„ვერაფერს გეტყვით. დეტალებისთვის მიმართეთ პროკურატურას. არ ვფიქრობ, რომ გამოძიება ჭიანურდება. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა „პრაიმტაიმს" გოგლა ჟვანიამ.

 

 

ანალოგიური პაუხი მივიღეთ პრემიერთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ოჯახისგანაც. როგორც იუსუპოვის მამამ, იაშა იუსუპოვმა გვითხრა, მისთვის გამოძიების დეტალები უცნობია.

 

 

„არაფერი ვიცი. სიახლე რომ ყოფილიყო, საზოგადოება გაიგებდა", - გვითხრა იაშა იუსუპოვმა.

 

 

ჯერ კიდევ ხელისუფლების შეცვლამდე, გოგლა ჟვანია, რომელიც „ქართული ოცნების" წევრია, წინასაარჩევნოდ და შემდეგაც, მუდმივად აპელირებდა, რომ მისი ძმის მკვლელები აუცილებლად დაისჯებოდნენ. თუმცა, დეტალებზე საუბარს დღეს თავს არიდებს.

 

 

ჯერ კიდევ 2013 წელს, ყოფილი პრემიერის გარდაცვალებიდან 8 წლისთავის აღსანიშნავად დიდუბის პანთეონში შეკრებილ ჟურნალისტებს გოგლა ჟვანიამ განუცხადა, რომ პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს და საქმე მალე გაიხსნებოდა.

 

 

„ძალიან დიდი ინტერესია ზურას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლისთავზე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და საზოგადოება ამ საქმის შესახებ სიმართლეს გაიგებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოიძებასთან. დეტალებზე ძნელია საუბარი, რადგან შეიძლება გამოიძებას ხელი შეეშალოს. ჩვენ არაერთხლ გვითქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა და ამას მოწმობს ის ახალი დეტალები, რომელიც საქმეშია. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა მაშინ გოგლა ჟვანიამ.

 


ამ განცხადებიდან ზუსტად წელიწადი და ოთხი თვე გავიდა. თუმცა, გოგლა ჟვანაის მაშინდელი პროგნოზი არ თუ ვერ განხორციელდა. გამოძიება კვლავ გრძელდება. რატომ ჭიანურდება გამოძიება? ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. გარდაცვლილების ოჯახები აცხადებენ, რომ პროკურატურა გამოძიებას არ აჭიანურებს. ამის მიუხედავად დეტალებზე საუბარს თავს მაინც არიდებენ.

 

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში აცხადებენ, რომ ძიება მიმდინარეობს და მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

 

 

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ", - განუცხადა „პრაიმტაიმს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა ნათია სუხიაშვილმა.

 

 

გამოძიების პარალელურად, მიმდინარე წლის 19 მარტს, საღამოს ვიდეოპორტალ „იუთუბიზე" სკანდალური ვიდეო სათაურით - „სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია" აიტვირთა. კადრები მძიმე სანახავია. ერთწუთიან ვიდეოში ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრები ჩანს, რომლებსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. ჟვანიას დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნება ქვედა ტუჩის, თავისა და მკერდის არეში. იუსუპოვის ცხედარს გულ-მკერდისა და ყელის არეში აქვს დაზიანებები. მას სისხლის კვალი პერანგზეც ამჩნევია.

 


გახსოვთ, ალბათ, 2005 წლის 4 თებერვალი, როდესაც მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ აუწყა. სპეციალურ ბრიფინგზე მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა დაასახელა. ეს მაშინ, როცა ჟვანია-იუსუპოვი რამდენიმე საათის გარდაცვლილები იყვნენ და შესაბამისად, ცხედრებს ექსპერტიზა არ ჩატარებიათ. ცხადია, ამ განცხადებამ ბევრი დააეჭვა, ბევრიც დააბნია. როცა ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზები უცნობია, ასეთ დროს შს მინისტრის ეს განცხადება ბევრს საეჭვოდაც მოეჩვენა.

 


ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, ჟვანიას ოჯახი იმთავითვე მკვლელობის ვერსიას განიხილავდა. წლების მანძილზე საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ხელისუფლებამ ყოფილი პრემიერი თავიდან მოიცილა. იყო სხვადასხვა ვერსიები.

 


შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინ აცხადებდა, რომ 3 თებერვლის ღამეს ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიასა და სააკაშილს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც სააკაშვილმა ჟვანიას საფერფლე ესროლა.

 

 

მეორე ვერსიით, თითქოს ჟვანია სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჰქონდა ინტერესები, ჟვანია კი არ აპირებდა აეროპორტი პრეზიდენტის ბიძისთვის ჩაეგდო ხელში და სწორედ ამის გამო ჟვანია მოიშორეს.

 

 

სააკაშვილ-ჟვანიას შორის დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძეც.

 

 

„ერთს ვიტყვი, რომ იმ პერიოდში ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ. არ ვიცი ეს ბიზნესინტერესები იყო თუ პოლიტიკური. შეიძლება ორივე ერთად. თუმცა, ადრე თუ გვიან ჟვანია აუცილებლად გამოვიდოდა სააკაშვილის გუნდისგან. ნორმალური ადამიანი იმ რეჟიმში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა. ზურა მაშინ ერთადერთი იყო, ვინც აშშ-თან ურთიერთობებში სააკაშვილს კონკურენციას უწევდა. აქედან გამომდინარე, საფუძველი, რომ შესაძლოა ჟვანია მოეკლათ, არსებობს. ეს საკითხი ძალიან კვალიფიციურად და ნიუანსების გათვალისწინებით უნდა განიხილონ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხი „ნაციონალებმა" და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა პოლიტდაპირისპირების და ანგარიშსწორების საგნად აქციეს. მათ შორის არიან ზურას მეგობრები. გორგი ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანი ამბობენ, ჩვენ გვჯერა იმ ესქპერტების, რომლებმაც დაწერეს, რომ ზურა მხუთავი გაზით გარდაიცვალაო. ოჯახის მეგობარი და ახლობელი ხარ, ნუთუ ერთს მაინც არ შეეპარა ეჭვი იმაში, რომ ეს ექსპერტები შესაძლოა, მოსყიდულები იყვნენ, გამიკვირდა, როცა ასეთი სამარცხვინო პოზიცია დაიკავეს". - განუცხადა „პრაიმტაიმს" მამალაძემ.

 

 

საზოგადოებაში არსებული ეჭვი, ყოფილი პრემიერი შესაძლოა მოკლულია, ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა კიდევ უფრო გაამყარა.

 

 

თავის დროზე, გოგლა ჟვანიამ მედიასთან ამ ვიდეოკადრების შესახებ კომენტარიც გააკეთა. მისი განცხადებით, მას ეს კადრები ნანახი ჰქონდა მანამ, სანამ ინტერნეტში გავრცელდებოდა. თუმცა, ვის შეეძლო ამ კადრების გავრცელება ან რა ინტერესები შეიძლება არსებობდეს, არ იცოდა.

 

 

მისივე განცხადებით, ბევრად მძიმე კადრებიც არსებობს, რომელიც ნანახი აქვს.

 

 

აღნიშნული კადრები ნანახი არა, მაგრამ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე დაზიანებები ნანახი ჰქონდა მის მეგობარს, ყოფილ პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას, რომელიც პროკურატურამ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაკითხა:

 

 

 

 

აი, რა უამბო „პრაიმტაიმს" ხოფერიამ:


„თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, პირადად მე მივეცი ჩვენება. დაკითხვაზე ხუთი საათი ვიყავი. მას შემდეგ პროკურატურასთან კონტაქტი არ მქონია. ამერიკაში ხელმეორედ გაგზავნეს დნმ-ის ანალიზები. ნინომ მითხრა (ჟვანიას მეუღლე-რედ), სამხილებზე ხელმეორე ანალიზი ჩატარდაო. სამხილები გაიხსნა. მოგეხსენებათ, ეს პატარა პროცესი არ არის. პირადად მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ არჩევნების პროცესში ზურას თემა არ იქნა გამოყენებული. პროკურატურა მუშაობს და უახლოეს ხანებში ცნობილი გახდება მუშაობის შედეგი.

 

- კონკრეტულად რის შესახებ მიეცით ჩვენება?


- ყველაფერზე, რაზეც მე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი. იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვალების შემდეგ ზურას ტუჩთან ნაიარევი ჰქონდა, რაც მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. ის რომ, გია ბარამიძეს ჩემთვის ნათქვამი აქვს, იმ ღამეს, სანამ ზურას გვამთან მივიდოდა, პრეზიდენტი ავარიაში მოჰყვა და ჯერ მასთან ვიმყოფებოდიო. მრავალი საკითხი. მანამდე საუბრები იყო თუ არა, საფრთხე თუ არსებობდა, დაპირისპირება ჰქონდა თუ არა, თვითონ ზურა თუ ამბობდა ვინმესთან და ა.შ.

 

- ცნობილია, რომ თქვენ მისი ახლობელი, მეგობარი იყავით, ხომ არ უთქვამს გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ?


- არა, დაპირისპირების შესახებ კონკრეტული საუბარი არ გვქონია. ზოგადად, ზურას ნაკლებად ახასიათებდა ვიმენსთან კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი. გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ვნახე, რომ გითხრათ, ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო-მეთქი, არა. გარკვეული დამოკიდებულებები შეცვლილი ჰქონდა.

 

- როგორ ფიქრობთ, გამოძიების დასრულების შემდეგ, წინა ხელისუფლების კოკნრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?


- კი, აუცილებლად. თანაც არა ერთის და არა ხუთის. ბევრად მეტი ადამიანის. მე თავი არასდროს შემიკავებია და ყოველთვის ვამბობდი, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გადაიყოლებს მიხეილ სააკაშვილს. ამას ვამბობდი მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. კონკრეტულად მას მოუწევს პასუხისგება ზურას მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

- მიმდინარე წლის მარტში ინეტრნეტით გავრცელდა ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრების კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ცხედრებს დაზიანებები აღენიშნებათ. მანამდე თუ გქონოდათ ეს ვიდეომასალა ნანახი?


- არა, ნანახი არ მქონდა. ვიცოდი, რომ რაღაც გადაღებული იქნებოდა, რადგან, როცა ექსპერტები და კრიმინალები მიდიან, ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ხდება. თუმცა, ის ნაიარევი ტუჩზე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

 

- გახსოვთ, ალბათ, ამ კადრების გავრცელებას წინ უძღოდა ექსპერტ ლევან ჩაჩუას ინტერვიუები მედიაში, რომელიც დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი ბუნებრივი აირით გაგუდვის შედეგად დაიღუპნენ და გვამების დათვალიერებისას დაზიანებები არ უნახავს, დღეს ჩაჩუა პატიმრობაშია.


- ჩაჩუა ჩვეულებრივი აფერისტია. როგორც ამბობენ, ძალიან კარგი ექსპერტია, მაგრამ ჩვეულებრივი აფერისტია. როდესმე, ალბათ, იტყვის, რეალურად რა მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ შეაშინა, ან მასზე ძალა იხმარეს და ეს განცხადებები ამიტომ გააკეთა. ეს ადამიანი ბუნებითაა ასეთი. ძალიან ბევრ ექსპერტს ვიცნობ და ვიცი რას ამბობენ მის შესახებ. მან დამალა ის, რაც რეალურად ნახა. ეს ბევრად უფრო დიდი დანაშულია, ვიდრე ის, რომ რასაც გეტყვიან გააჟღერებო. მან, როგორც პროფესიონალმა, დამალა ის ფაქტები და სამხილები, რომლებიც ექსპერტიზის დროს გამჟღავნდა.

 

- წინასაარჩევნოდ და მერეც, ზურაბ ჟვანიას ძმა აცხადებდა, რომ მისი ძმის საქმე მალე გაიხსნებოდა. თუმცა, შედეგები ჯერ არ ჩანს. ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესი ჭიანურდება?


- ნამდვილად იწელება, მაგრამ ეს არ არის ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაჭიანურებული. ბევრი სამუშაოა. ერთია, როცა საქმეს ცხელ კვალზე იძიებ, მოიპოვებ და საქმე იკვრება, მეორე, როცა გიწევს დამნაშავე ხელისუფლების მიერ შეთითხნილი და თეთრი ძაფით ნაკერი საქმის დაშლა და ხელმეორედ, 9 წლის შემდეგ მისი გამოძიება.


საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელებიდან ორ დღეში, პროკურატურამ დააკავა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელმაც თავის დროზე ჟვანიას და იუსუპოვის ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა. ექსპერტის მტკიცებით, მის მიერ დათვალიერებულ ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ და მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს სკანდალური ვიდეოკადრები.


გამოძიების მტკიცებით, ჩაჩუამ გვამების გამოკვლევისას გულგრილობა გამოიჩინა და სამსახურებრვი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.


პროკურატურის განცხადებით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.


სასამართლომ ჩაჩუას წინსწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო განხილვა 14 ივლისს უნდა შემდგარიყო. თუმცა, პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლემ საქმის განხილვა გადადო.

 

„პრაიმტაიმთან" საუბარში ჩაჩუას ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აცხადებს, რომ პროკურატურა განგებ აჭიანურებს პროცესს.


„ამ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან კანონით მეკრძალება ამ საკითხზე ვინმესთან გასაუბრება. საქმის მასალების გასაჯარეობის უფლება არ მაქვს. მიმაჩნია, რომ საქმეს აჭიანურებენ. თავად პროკურატურა აცხადებს, რომ ექსპერტიზები ვერ ჩატარდაო. ჩაჩუა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, თავს უდანაშაულოდ მიიიჩნევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, არ აქცევენ ყურადღებას. ონკოლოგიური ავადმყოფია. გულზე შუნტირება აქვს გაკეთებული. ექსპერტიზის დასკვნაში დაწერა ის, რაც არსებობდა. რაც არ არსებობდა მაგას ვერ დაწერდა. ის ექსპერტიზის დასკვნა, რაც ლევანმა დაწერა, ისევ საქმეში დევს და გაუქმებული არ არის. რაც მას ბრალი უწერია, მოგონილია. 20 მარტს დაკითხვაზე დაიბარეს, ჩვენება ჩამოართვეს და გაუშვეს. ნახევარ საათში ისევ დაიბარეს და პროკურატურაში დააკავეს". - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.

როდის გაეცემა პასუხი პრემიერ­-მინისტრ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ეს თემა კვლავაც ბუნდოვანია.


სალომე გოგოხია

გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016