reportiori.ge - „თუ ასე გააგრძელა, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მარგველაშვილს იმპიჩმენტს აუცილებლად მოუწყობს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„თუ ასე გააგრძელა, ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მარგველაშვილს იმპიჩმენტს აუცილებლად მოუწყობს!“
ავტორი:
13 აგვისტო, 2014. 05:13



ექსკლუზივ ნიუსს" კონფიდენციურმა და კომპეტენტურმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია: „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილს არაფრით ვაპატიებ ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ღალატსო. როგორც ახლა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქცევა, ის იმსახურებს იმას, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მოწყობის შესახებ, კანონით მინიჭებული პროცედურული ქმედებები დავიწყო. არ ვაპატიებ მარგველაშვილს იმ არაადეკვატურ საქციელს, რასაც ახლა აკეთებს, ასევე არ ვაპატიებ არც იმ პიროვნების ღალატს, ვინც პრეზიდენტი გახადა. მოკლედ, მთავრობას ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ არაადეკვატურ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იმპიჩმენტი მოუწყოს და თანამდებობიდან გადააყენოს", - აცხადებს წყარო ჩვენთან საუბარში.



მოვლენების განვითარება კი ასე დაიწყო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა. ივანიშვილმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, „თუ ჩემი რიდი და პატივისცემა გაქვთ, ხმა მიეცით ჩემს მიერ მხარდაჭერილ „ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს. ის წესიერი, პატიოსანი, განათლებული და სუფთა სულის ადამიანიაო".



მაშინ ბიძინა ივანიშვილი ხალხს ლამის ევედრებოდა, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირა. „არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი რამდენ პროცენტსაც მიიღებს, ჩავთვლი, რომ მეც იმ რაოდენობის მხარდამჭერი მყავს ჩემს ქვეყანაშიო", - აცხადებდა ივანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრისას. თუკი გიორგიმ არჩევნებში, რასაც მე ვვარაუდობ, ხმების ის რაოდენობა არ მიიღო, გამოდის, რომ მე ქართველი ხალხი არ მენდობა და თანამდებობიდან გადავდგებიო.



მოკლედ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის ეს განცხადება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მის მიერ დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ძალიან კარგად იცნობდა და შესაბამისად აფასებდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებულმა საზოგადოებამ, რომელმაც ივანიშვილის საშუალებით „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ რეჟიმს თავი ძლივს დააღწია, მიიჩნია, რომ ამ ყველაფრის ავტორისა და შემოქმედის, „გამათავისუფლებელი" ივანიშვილის სიტყვისთვის პატივი ეცათ. მართლაც, საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ძალიან დიდი მხარდაჭერით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას, ხალხისთვის უკვე საყვარელი, ბუნჩულა და მიამიტი გიორგი მარგველაშვილი, გაპრეზიდენტების შემდეგ, ელვისებური სისწრაფით შეიცვალა.



ბიძინა ივანიშვილის „ხარჯზე" გაპრეზიდენტებულმა მარგველაშვილმა, პირველი უტაქტობა, სიბრიყვე და უმეცრება მაშინ გამოაჩინა, როცა ინაუგურაციაზე, ქვეყნის პირველ პირად კურთხევის დღეს, წითელ ხალიჩაზე საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობის ე.წ. „ბრიგადირივით" ღილებგახსნილი პალტოთი მოაბიჯებდა. არავის ვაკნინებ, მაგრამ პრეზიდენტი არის ქვეყნის სიმბოლო, სწორედ ამიტომ ხალხის სამართლიანი გულისწყრომა მარგველაშვილმა იმთავითვე დაიმსახურა.
ქურთუკის გახსნილი ღილები მეასეხარისხოვანია იმ ქმედებასთან, რაც მან ინაუგურაციამდე და მას შემდეგაც, ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით დაატრიალა. იმჟამინდელ პრემიერს ივანიშვილს კატეგორიულად უთხრა, ავლაბრის რეზიდენციაში როგორ დავჯდები, ეს რეზიდენცია ხომ გარყვნილების ბუდესთან ასოცირდებაო? მოკლედ, ივანიშვილთან მარგველაშვილს ეს პირველი შეწინააღმდეგება ისე გამოუვიდა, თითქოს სულ თავისი შესაძლებლობით გახდა პრეზიდენტი და არა იმიტომ, რომ ეს ივანიშვილის ავტორიტეტმა განაპირობა...
ამ წინააღმდეგობამ გამოიწვია პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილს ბევრჯერ სთხოვა ავლაბრის რეზიდენციაში გადასულიყო, მარგველაშვილმა კატეგორიული უარი განუცხადა.



საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ როცა, გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ყოფილ სავარძელს იმის გამო არ ეკარებოდა, თითქოს იქ ჯალათი და მწამებელი სააკაშვილი იჯდაო, ამ ფონზე, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, უცოდველი კრავის იმიჯის მქონე მარგველაშვილი  ნაცლიდერებს - გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას საკმაოდ ხშირად სტუმრობდა.



გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებაში", კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილთან ნაციონალების მიერ იყო შეგზავნილი. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც განათლებულ, ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანებს დიდ პატივს სცემს, ფილოსოფოსის ნიჭით აღჭურვილი მარგველაშვილი დაიმეგობრა და ზომაზე მეტად ახლოს მიუშვა. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ნაციონალებთან დაახლოებულმა მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გაცურება შეძლო.



რეალობა კი ასეთია: ეს „შეცდომა" გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება ქართველ ერს საფრთხეს უქმნის. უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც არ უნდა მოიქცეს ქვეყნის პრეზიდენტი.



გიორგი მარგველაშვილი თავისი საქციელით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩვენ კვლავ ის დაგვემართა, რაც არ გვეკუთვნოდა. კაცმა, რომელმაც თქვა, სამუშაოდ ავლაბრის რეზიდენციაში არ გადავალო, მას შემდეგ შეიცვალა პოზიცია, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ამხილა და სიმართლე თქვა. სწორედ ამის შემდეგ პრეზიდენტი ცვლის სიტყვას და გადადის ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამის შემდეგ იყო უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიდგა და ნაცვლად იმისა, ქვეყნის პრეზიდენტს მყარი პოზიცია გამოეხატა, ორჭოფულ და ხშირად, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა განცხადებების იდენტურ მოსაზრებას გამოხატავდა. ახლა  კი, ბოლო ერთი კვირაა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაუგებარი, აბსურდული და პრეზიდენტისთვის შეუფერებელი განცხადებები გააკეთა. მისი საქციელი ხელისუფლებასთან მიმართებაში იმდენად შეუსაბამოა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.



ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წელს არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, თქვა: „მე ვიქნები ახალი ხელისუფლების ოპოზიციაო". ამის გამო, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, პრეზიდენტმა მსგავსი არაადეკვატური განცხადება როგორ გააკეთაო. მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, მან ოპონირება მართლა ვერ შეძლო, ხოლო ჩვენი არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მიხელ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესად ოპონირებს ხელისუფლებასთან და თითქმის არც ერთი ნაციონალური არხი და გამოცემა არ დარჩა, რომ მასთან ინტერვიუ არ ჩაეწეროს. ფაქტია, რომ გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლების კრიტიკით თავადაც ხარობს და ნაციონალებსაც ახარებს.
ქვეყანაში ურთულესი პოლიტიკური რეალობაა შექმნილი. რასაც, ცხადია, თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველამ ერთად ვაღიაროთ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხათრით, პრეზიდენტად ავირჩიეთ არასერიოზული და არასანდო ადამიანი, რომელმაც ხალხის და იმ ადამიანის ნდობა არ გაამართლა, ვისი დამსახურებითაც პრეზიდენტი გახდა.



მოკლედ, ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უკვე პიკს აღწევს. ეჭვსგარეშეა, რომ ეს ყველაფერი კარდინალური ცვლილებებით დასრულდება და გიორგი მარგველაშვილი თუ ასეთ არაადეკვატურ ქმედებებს გააგრძელებს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მას იმპიჩმენტს აუცილებლად მოუწყობს.



დარეჯან ლიპარტელიანი

„ექსკლუზივ ნიუსი"



19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016