კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურად აქტუალურ პროცესებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება რესპონდენტმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორუფციულ ურთიერთობაზე გაამახვილა:
- ორ თემაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ერთმანეთთან არის გადაბმული. პირველი თემა ეხება კორუფციას ევროკავშირის სტრუქტურებში და ამის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს კარლ ბილდტს. ამა წლის მარტში მქონდა პრესკონფრენცია, სადაც კარლ ბილდტზე ძალზედ საინტერესო მასალები გამოვაქვეყნე. ჩემმა ძიებამ პრაქტიკულად ჟურნალისტური გამოძიების სახე მიიღო და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე დავდებ საბუთებს, სადაც კარლ ბილდტი პირდაპირ იქნება მხილებული. ის არის ძირითადი კორუფციონერი, რომელიც კუდით სააკაშვილის ხელისუფლებასთანაა გადაბმული. ეს პიროვნება არის მთავარი გამნაწილებელი საქართველოში ნაძარცვი ფულის, რომლითაც სააკაშვილი ყიდულობს საერთაშორისო სტრუქტურებში ე.წ. ლობისტებს. ეს არის ქრთამი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპული ქვეყანა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავთ ფეხს, ვისთან გვექნება ურთიერთობა. ამა წლის თებერვალში ევროკავშირის კომისიამ გამოაქვეყნა ანტიკორუფციული რაპორტი , სადაც საუბარი იყო იმ კოლოსალური მასშტაბების კორუფციაზე, რომელიც არის ევროკავშირის სტრუქტურებში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ევროკავშირის სტრუქტურებს გამკონტროლებელი არავინ ჰყავს.
კარლ ბილდტი იყო კომპანია „კრიაბის" გენერალური დირექტორი. კომპანიის, რომელიც პირადად სააკაშვილს ლობირებდა. აქ ლაპარაკი იყო არა საქართველოს როგორც ქვეყნის ლობირებაზე, არამედ კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობაზე" და მიხეილ სააკაშვილზე.
გარდა ამისა, შვედური გაზეთის შეკითხვას, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან რაიმე ფინასური ურთიერთობები, კარლ ბილდტმა უპასუხა, რომ არა. თუმცა მისი კომპანიის პიარის ხელმძღვანელმა ბრიუსელში პირდაპირ თქვა, რომ წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობას" ლობირების მიზნით. ეს ურთიერთობა გრძელდება დღემდე.
კარლ ბილდტი არის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ქვეყნის მინისტრი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი მნიშნველოვანი პარტნიორული ურთიერთობა არ აქვს საქართველოსთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 11-ჯერ იყო ჩამოსული. არაერთხელ პირადად სტუმრობდა მიხეილ სააკაშვილს. ეტყობა საქართველო ძალიან უყვარს და არა მარტო საქართველო, აქედან წამოღებული კორუფციული ფული, რომლითაც სააკაშვილი დღესაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევა საზღვარგარეთ. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამაში პირდაპირ არის ჩართული კარლ ბიდლტი და სამწუხაროდ სხვებიც.
ის, რაც საქართველოში ხდება არ არის ირაკლი ღარიბაშვილის და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის ან კონკრეტული პროკურორის მოთხოვნა. ეს არის ქართველი ხალხის მიერ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა. ეს არის ის წინაპირობა, რატომაც ქართველმა ხალხმა სამჯერ აირჩია „ქართული ოცნება". პირველი და ძირითადი მოთხოვნა ქართველი ხალხის არის არა საჭმელ-სასმელი, არამედ სწორედ სამართლიანობის აღდგენა.
გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გვთხოვენ ზუსტად იმ საქმეების გამოძიებას თანაც ძალიან სწრაფად, რომელიც ჩადენილი აქვს სააკაშვილს, მერაბიშვილს ადეიშვილს და.ა.შ.
დაახლოებით თვენახევარში ამომწურავი ინფორამაცია მექნება თუ როგორ ღებულობდა კორუფციულ ფულს კარლ ბილდტი და როგორ ანაწილებდა ევროპაში სხვადასხვა ლობისტურ ორგანიზაციებში. ერთადერთი ფიგურა, რომელზეც წუხს კარლ ბიდლტი და მისი კომპანია ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, რომელიც ასევე დადანაშაულებულია მძიმე კრიმინალურ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში.
- კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა თქვენი ლიკვიდაცია დაავალა. რამდენად სარწმუნოა ეს თქვენთვის?
- ერეკლე კოდუას გამოსვლამ, შემდეგ შოთა უტიაშვილის და გიორგი თარგამაძის გამოსვლებმა ცალსახად დახატა სურათი, რომ მათ ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდათ ჩაფიქრებული და უნდოდათ ეს ბადრი პატარკაციშვილს დაბრალებოდა.
ეს იყო კარგად ჩაფიქრებული გეგმა. კოდუას ე.წ. აღიარება, რომ თურმე ბადრი პატარკაციშვილი ჩემს ლიკვიდაციას გეგმავდა, სხვა არაფერია თუ არა იძულება სააკაშვილის მხრიდან. კოდუა თაგვივით იყო დამალული უნგრეთში. არც ფული აკლდა არც არაფერი. მას ისე უნდოდა განცხადების გაკეთება და საჯაროდ გამოსვლა, როგორც მე ჩრდილოყინულოვან ოკეანეში ცურვა. ეს იყო დაძალება სააკაშვილის და ბოკერიას მხრიდან.
თუ კოდუას ასეთი ინფორმაცია ჰქონდა მას შეეძლეო ეს მოეწოდებინა შვიდი წლის წინ. მისი ძმა ჩემთან მუშაობდა და მის ოჯახსაც ვიცნობდი. უამრავი ადამიანი იყო ჩვენს შორის, რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია გადმოეცა.
ის რომ ჩემი ლიკვიდაცის გეგმა რეალური იყო დაადასტურა შოთა უტიაშვილმაც სატელევიზიო გამოსვლაში. მან განაცხადა, რომ თურმე ვანო მერაბიშვილმა 2007 წელს დამირეკა და შემომთავაზა დაცვა, რაზეც უარი ვუთხარი. ეს არის სრული აბსურდი. ჩემი ლიკვიდაცია მერაბიშვილს,სააკაშვილს, უტიაშვილს და ბოკერიას ჰქონდათ გადაწყვეტილი და ეს ისე უნდა მომხდარიყო რომ ბადრის დაბრალებოდა. ამის პრეცენდენტი ჩემ ფილმშია, სადაც სატელეფონო საუბრები მაქვს ასახული. პირველი „მასტერასი" და უვაის ახმადოვის, ჩეჩენი საველე მეთაურის, სადაც „მასტერა" უკვეთავს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას და იქვე ამატებს, ეს ისე უნდა მოხდეს, ყველამ იფიქროს, რომ ეს რუსების გაკეთებულიაო. რაც შეეხება მეორე საუბარს, უვაის ახმადოვი ჩეჩნეთის დროშის ფონზე ზის და ყვება რომ მას შეუკვეთეს ბადრი პატარკაციშვილის მკლველობა. ზუსტად ასახელებს ვინ როგორ და რანაირად. მოტივსაც იძახის რატომ გააკეთა ეს. მესამე ეს არის ცნობილი კანონიერი ქურდის მამარდაშვილის საუბარი „მასტერასთან", როდესაც ის ციხეში ურეკავს და ეუბნება, ხომ არ აქვს რამე პატარაკაციშვილის წინააღმდეგ, ჩვენ თუ მაგას არ გავანდგურებთ იმას გვიზავს და ამას გვიზავსო. ეს სამივე ჩანაწერი არის ჩემს ფილმში, რაც ცალსახად ადასტურებს რა მეთოდებს ხმარობდნენ. ამას დავუმატოთ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაც, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირადად მას შეუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა და ისიც კი მიუთითა როგორ უნდა მომხდარიყო ეს მკვლელობა. ეს არის ოქრუაშვილის ოფიციალური განცხადება, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში საკამრისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. იმედი მაქვს რომ ეს გამოძიება მიდის.
ვფიქრობ საქართველოს პროკურატურამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ბილდტის და სააკაშვილის ურთიერთობას. ეს არის კრიმინალური ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში ნაყაჩაღარ ფულზე. ამას დავადასტურებ. ძალიან მალე დავდებ ჟურნალისტურ გამოძიებას.
- გუშინ შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსმა ოლეგ მელნიკოვმა ჩვენება მისცა, რომლითაც მან სანდრო გირგვლიანის საქმეში თავისი ბრალეულობა დაადასტურა. როგორ შეფასებდით მის აღიარებით ჩვენებას?
- ვფიქრობ ეს არის ბომბი. თუმცა ის, რასაც ლაპარაკობს ერთი-ერთში გვაქვს რამდენიმე წლის წინ ნალაპარაკები პრესკონფერენციებზე, ცალკეულ წერილებში და სხვადასხვა გადაცემებში. ეს იყო შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სანდრო გირგვლიანი იყო ამ საზოგადოების წევრი. გაკეთდა ყველაფერი, რომ ეს საზარელი დანაშაული დაბრალებოდა ჯერ სხვებს და მერე დამალულიყო. ის, რომ ამას წყვეტდა სააკაშვილი მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაია ეს თავიდანვე იყო ნათელი.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უშუალო შემკვეთი არის თაკო სალაყაია! უშუალო შემსრულებელი და მბრძანებელი კი დათა ახალაია!
საინტერესო იყო ასევე სასამართლოზე მთავარი მოწმის ჩვენება, რომელმაც პირდაპირ ხელი დაადო მელნიკოვს და თქვა რომ მეხუთე კაცი იყო მელნიკოვი.
მელნიკოვმა ყველა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ველოდები, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც ალაპრაკდება. მისი ჩვენება ადასტურებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კაციჭამიები. სასაფლაოზე საწამებლად, კაციჭამიების გარდა, საკუთარი მოქალაქეები არავის აჰყავს და ესენი იყვნენ შს სამინისტროს უმაღლესი ჩინოსნები. ეს ყველაფერი რომ ერთმანეთს შეაერთოთ აბსოლუტურად ნათელი სურათი იქმნება, თუ ვისთან გვქონდა საქმე, თუ რა კრიმინალურ ბანდას წარმოადგენს მიხელ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" და ვის იცავს კარლ ბილდტი.
მინდა დავარწმუნო შახინი ,მაქეინი, კარლ ბილდტი, სიკორსკი და ყველა დანარჩენი, რომ სააკაშვილი აუცილებად აგებს პასუხს ქართულ პენიტენციალურ სისტემაში იმ დანაშაულებზე, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი!