„ეხო" (აზერბაიჯანი), 16 აგვისტო, 2014 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=69155
„მიხეილ სააკაშვილის საქმე": რა იმალება კადრსმიღმა?
სტატიაში მიმოხილულია ქართული, რუსული და დასავლეთევროპული მასმედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები პროკურატურის მიერ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ, საუბარია აგრეთვე წაყენებულ ბრალდებებზეც (ავტორი - ნურანი, იგივე თოფიგახანუმ კასიმოვა).
„როგორც ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ძალიან სურს ექს-პრეზიდენტს ანგარიში გაუსწოროს და ამით რუსი მეგობრების გული მოიგოსო. მართლაც, საკითხავია, საქმე მართლაც კორუფციული საქმეების რეალურ გამოძიებას ეხება თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას რუსეთის მონაწილეობით? არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, თუმცა აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებისათვის" სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ბრალდებები, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მომგებიანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა", თავის მხრივ, საკუთარი ლიდერის დასაცავად, აქტიურად იყენებს დასავლურ ანტირუსულ პრესას", - ნათქვამია სტატიაში.
ამ მხრივ „ეხოს" კორესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს გავლენიანი ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაზე, რომელშიც ხაზგასმულია: „მიხეილ სააკაშვილი ანგელოზი არ ყოფილა, როცა მას საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჰქონდა დაკავებული, მაგრამ მის მიერ ჩადენილი შეცდომები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ბრძნულად მოიქცა, როცა მას სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა".
„ლრაგირი" (სომხეთი), 16 აგვისტო, 2014 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37692
„ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი": ვინ როგორ ითვალისწინებს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის გაკვეთილებს
„გვიწევს იმ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, რომ რუსეთი მეოცე საუკუნის 90-იან წლებში თავისი განვითარების ევროპულ პერიოდში შევიდა, მაგრამ მასში ადგილი მტკიცედ ვერ დაიკვიდრა, განახლების პროცესში მყოფმა ქვეყანამ თავისი „აზიატობა" ვერანაირად ვერ დასძლია, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი ლიუდმილა არუთინიანი.
„ამასთან, დასავლეთსაც არ მიუცია შანსი რუსეთისათვის, რომ ის ნორმალურ ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო. ახლა დასავლეთი თავისი მოქმედების შედეგის წინაშე დგება: სახეზეა გაბრაზებული, დაბოღმილი ავტორიტარული რუსეთი, რომელიც კონსოლიდირებულია რუსული ნაციონალიზმის დროშის ქვეშ და თავის თავს მსხვერპლად მიიჩნევს უკრაინის მოვლენების კონტექსტში. მაგრამ უკრაინის მოვლენებმა განახლების ეპოქის ყველა ნაყოფი არამარტო რუსეთში მოსპო, არამედ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ის სიძულვილი და მრისხანება, რომლითაც უკრაინელები საკუთარ სახელმწიფოებრიობას იცავენ, ძირს უთხრის და ანადგურებს იმავე უკრაინულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიისა და უკრაინელთა გაევროპულების ყლორტებს, რადგან რუსეთისადმი მტრობა უკრაინისთვის თვითგანადგურების იარაღია. ამ იარაღის ოპერირებით უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყანა ისეთ ტემპერატურამდე მიჰყავს, რომლითაც წყდება რეგიონული კავშირები, იზრდება ერთაშორისი სიძულვილი და წყენა. ევროპელთა სოლიდარობა კიევისადმი სწრაფად ქრება. ევროპელებს უკვე თავი სტკივათ და იღლებიან უკრაინის პრობლემის მოგვარებით. ქრება იმის ილუზიებიც, რომ რუსეთს უკრაინით დაამარცხებენ.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქ ცნობილი სურათია:
სომხები გატრუნულნი არიან და დისკუსიებს არ აწყობენ უკრაინულ-რუსული კონფლიქტის ისტორიულ დანიშნულებაზე, პოსტსაბჭოთა სივრცის საბოლოო გადანაწილების თვალსაზრისით. სომხურ ცნობიერებაში არასდროს არაა აქცენტი გადატანილი ეპოქათა ცვლაზე და მის მნიშვნელობაზე, ჩვენ უფრო ეროვნული განთავისუფლების იდეაზე ვართ კონცენტრირებული. ამასთან, სამწუხაროა, რომ თანამედროვე სომხური ელიტა დღეს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და საკუთარი კლანის კეთილდღეობის განმტკიცებითაა დაკავებული, ის გვიანი შუა საუკუნებიის ეტაპზე გაიყინა...
აზერბაიჯანელებიც იგივე ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობენ: ისინიც მდიდრდებიან, იარაღდებიან და ბომბავენ, მაგრამ ბომბავენ საკუთარ მომავალს, რადგან ისტორიულ ეპოქალურ მოვლენებს ყურადღებას არ აქცევენ და [დასკვნები არ გამოაქვთ].
ქართველები ერთგულნი არიან ოცნებისა, რომლის ფასი ტერიტორიითა და ზღვაზე გასასვლელის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვით გადაიხადეს. ისინი თითქოსდა აგრძელებენ ევროპული ერად გარდაქმნის პროცესს, მაგრამ სრულიად ივიწყებენ იმას, რომ ევროპულობა - ეს განსაზღვრული ფასეულობებისა და ინსტიტუტების სისტემაა და არა იმ ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოების კონგლომერატი, რომლებიც წარმოითქმებიან „იმპერიული საწამლავის" ატომოსფეროსა და საკუთარი მოქალაქეების - ეროვნული უმცირესობების უფლებათა დარღვევის შუასაუკუნეებრივი პრაქტიკის ფონზე.
კავკასიაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ იძულებით - სამშვიდობო ძალების მეშვეობით შეიძლება, ამიტომაც ჩვენს რეგიონში დროებითი მშვიდობა ძალიან მყიფეა და დამოკიდებულია „ძლიერთა ამა სოფლისანთა" განზრახვებზე: ამერიკელებმა, გრძნობენ რა რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დასასრულის მოახლოებას, ახლა კავკასიური [მთიანი ყარაბაღის] კონფლიქტის მოგვარების მცდელობა დაიწყეს, რათა „სი-ენ-ენ"-ის ახალი ამბების ეთერი შეავსონ და თავიანთ სამხედროებს საქმე მისცენ", - აღნიშნულია სტატიაში.
„როსსიისკაია გაზეტა" (რუსეთი), 16 აგვისტო, 2014 წელი
http://www.rg.ru/2014/08/15/vibory-site.html
აფხაზეთი პრეზიდენტის არჩევისათვის ემზადება
პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია აფხაზეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანია, რომელიც 24 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევით უნდა დასრულდეს (ავტორი ანდრეი ვასილიევი).
„ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს და არა მარტო აფხაზეთისათვის - ეს ფაქტი გავლენას მოახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიიურ რეგიონზეც, პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით. არჩევნების მშვიდობიანად და ნორმალურად ჩატარება დაგვანახვებს, რამდენად მშვიდობიანად და ღირსეულად შეიძლება იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელიც აფხაზეთში მაისის ბოლოს განვითარდა", - აღნიშნულია სტატიაში.
წინასაარჩევნო სიტუაციის მიმოხილვის შემდეგ (პრეზიდენტობის კანდიდატები, მათი მხარდამჭერები, ელექტორატის რაოდენობა, განწყობები და ა.შ.) სტატიაში საუბარია აგრეთვე უცხოური სახელმწიფოების როლსა და გავლენაზე ამ არჩევნების მიმართ, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია დასავლეთისა და თურქეთის ფაქტორებზე:
„როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდევბლად აღიარების ფაქტი, უკვე არსებული კოსოვოს პრეცედენტის მიუხედავად, დასავლეთში არ გაიზიარეს. ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ - საერთა-შორისო ურთიერთობებში ადგილი აქვს „ორმაგ სტანდარტებს". ამასთან, აშკარაა, რომ დასავლეთი ცდილობს რაღაც გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მაგრამ უშედეგოდ - ყველა ეს მცდელობა ჩასაფუშადაა განწირული. როგორც „როსიისკაია გაზეტასთან" სააგენტო „აფსნიპრესის" დირექტორმა მანან გურგულიამ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ამ არასამ-თავრობო ორგანიზაციებში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც პირველი დღეებიდანვე იყვნენ ჩართულნი აფხაზეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში და შესაბამისად, მათგან ვერცერთი ვერ იქნება აფხაზეთისთვის მიუღებელი უცხო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. „ჩვენთან სოხუმში 2008 წელს ჯონ ტეფტი და მეთიუ ბრაიზა იყვნენ ჩამოსული. ისინი არასამთავრობოთა წარმომადგენლებს ესაუბრნენ. საბოლოოდ მათ, როგორც იტყვიან, „კარი გაიჯახუნეს" და გვითხრეს: „თქვენ იგივეს ლაპარაკობთ, რასაც თქვენი ხელისუფლება ამბობს. განა თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გერქვათ?".
რაც შეეხება თურქეთს. თურქეთში 40 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც აფხაზური პასპორტების მფლობელები არიან, ანუ დაახლოებით სამი ათასამდე ამომრჩეველს. ეს რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგებისათვის, აქედან გამომდინარე, თურქულ ფაქტორს ყურადღება ექცევა. პრობლემა ისაა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ნება დართო ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ სტამბოლში არსებულ აფხაზეთის კულტურის ფონდის წარმომადგენლობაში ჩატარდეს. ამის მიუხედავად, როგორც ფონდის ხელმძღვანელი ხაკან ანდერი ამბობს, ბევრმა აფხაზმა უკვე განაცხადა თურქეთის შორეული რეგიონებიდან სტამბოლში ჩასვლის სურვილი".
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)