სიმღერა სათაურით - "მთებმა გამახსენეს, შენი იავნანა" გელა დაიაურის გარდაცვლილ ოჯახს მიუძღვნეს.
„ეს სიმღერა დაიწერა ტკივილით და ალბათ უფლის ნებით, უფალს ეტყობა ასე უნდოდა, ამიტომაც დემეტრეს და მის დედიკოს ვუმღეროთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ თაკო აბაშიძე...მადლობა თაკოს ამ სიყვარულის და ტკივილის ასეთი თბილი და დარდიანი, ემოციური და გულიანი ნამღერისთვის."- აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.
შეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივლისს მომხდარმა ავტოკატასტროფამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან სამი ბავშვი. მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან მომავლებს მუცოს ახლოს, სოფელ ხონეში მანქანა ხრამის პირზე მოუცურდათ. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "მიცუბიშის" მარკის ჯიპი მდინარე არღუნში გადავარდა.
არაბულების ოჯახმა ერთბაშად სამი წევრი დაკარგა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბერდია და სოფო არაბულები და მათი 4 თვის მამუკა. დაიაურების ოჯახმაც სამი წევრი დაკარგა, დედა - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი. ვეღარც დემეტრეს ცხედარი იპოვეს... დაიღუპა თეონას და, ნათიაც.