reportiori.ge - „ნეზავისიმაია გაზეტა“: „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გარედან ჩარევა არ ხდება, ჩუმადაა საქართველოც...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:10
პრეს-დაიჯესტი
„ნეზავისიმაია გაზეტა“: „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გარედან ჩარევა არ ხდება, ჩუმადაა საქართველოც...“
ავტორი:
18 აგვისტო, 2014. 19:09


„იზვესტია" (რუსეთი), 18 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://izvestia.ru/news/575314

 

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთვის სურსათის ემბარგოს დაწესებას ითხოვენ

 

 

 

 

 „სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან რომან ხუდიაკოვმა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის სახელზე მიმართვა მოამზადა, რომელშიც იგი ითხოვს შეიცვალოს ამას წინათ მიღებული დადგენილება იმ ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შესახებ, რომლებმაც ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს, ანუ რომლებმაც დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორი ამოირჩიეს. საკითხი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ეხება, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი დიმიტრი რუნკევიჩი).



- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო ჩვენ სრულიად უნდა ავკრძალოთ პროდუქტების იმპორტი საქართველოდან, უკრაინი-დან და მოლდოვადან. ამით ჩვენ საკუთარ ბაზარს იაფი და უხარისხო პროდუქციისაგან დავიცავთ - იმ საკვები პროდუქტებისაგან, რომლებითაც ამ ქვეყნების ბაზარი გაივსება. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს და ახლა, როგორც სურთ, ისე გადაწყვიტონ საკუთარი პროდუქციის გაყიდვის საკითხი. ჩვენ კონტროლირები „როსპოტრებნადზორიდან"  ხშირად პოულობენ ამ ქვეყნებიდან შემოტანილ უხარისხო პროდუქტებს.



როგორც სტატიაშია აღნიშნული, რომან ხუდიაკოვის თვალსაზრისს ზოგიერთი სხვა დეპუტატიც იზიარებს, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც... მაგალითად, სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზვაგელსკი ამბობს: „რასაკვირველია, ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარი ბაზრის დაცვისკენ მიმართულ წინადადებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა: ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს კონკურენციის შესუსტებას, რასაც, სხვათა შორის, ყირიმელი ფერმერებიც ითხოვენ - დასავლური ღვინის იმპორტი შეწყვიტეთ და ჩვენი ღვინო იყიდეთო. მე ვფიქრობ, რომ თუ საბაჟოები და „როსპოტრებნადზორი" ნორმალურად იმუშავებს, არავითარი დამატებითი სანქციები საჭირო არ იქნება".





„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 18 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.ng.ru/cis/2014-08-18/1_abhazia.html

 

 

„აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გარედან ჩარევა არ ხდება, ჩუმადაა საქართველოც..."

 

 

 

„ოფიციალური თბილისი არ განცხადებს პროტესტს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში მცხოვრებ 22 ათას ქართველს საარჩევნო უფლება ჩამოართვეს: 24 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ რადგანაც აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ყველა მცხოვრების პოლიტიკური უფლების დაცაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება", - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ორიგინალური სათაურია „თბილისი მზადაა აფხაზეთის ახალ ლიდერთან თამანმშრომლობისათვის" (ავტორი იური სიმონიანი).



როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ნეზავისიმაია გაზეტას" განუცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები, რომელიც  აფხაზეთში უნდა ჩატარდეს, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად, არ ჩაითვლება ლიგიტიმურად, ჩვენთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე... მთავარია, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს, რომ არ მოხდეს რაიმე ისეთი ექსცესი, რაც ადრე ხდებოდა ხოლმე... ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახლადარჩეულ ლიდერთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ გაიმარჯვებს - შევეცდებით თანამშრომლობა დავამყაროთ იმ ლიდერთან, რომელიც შეძლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მთელი მოსახლეობის სახელით ილაპარაკებს და შესაბამისი უფლებამოსილება ექნება".



პუბლიკაციაში ციტირებულია აფხაზი პოლიტილოგის იბრაჰიმ ჭკადუას გამონათქვამი, რომელიც კანონზომიერად მიიჩნევს ქართველი ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას, რადგანაც ისინი ორი - ქართული და აფხაზური პასპორტების მფლობელები, ანუ ორმაგი მოქალაქეები არიან. აქედან გამომდინარე, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს: აფხაზეთის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი მხოლოდ რუსეთთანაა დაშვებული.



არჩევნებში ფავორიტად რაულ ხაჯინბა მიიჩნევა, თუმცა მეორე ტური არ გამოირიცხება: როგორც პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი ამბობს, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე, რაც ამჟამინდელ არჩევნებს წინა წლების არჩევნებისაგან განსახვავებს: „ჩუმადაა საქართველოც, რომელიც არაფრით, განცხადებებითაც კი არ ახდენს რეაგირებას მოახლოებული არჩევნების მიმართ. აშკარაა, რომ თუ რაიმე ისეთი არაფერი მოხდება, ეს არჩევნები აფხაზი ხალხისათვის ყველაზე „სუფთა" არჩევნები იქნება... ყველა კანდიდატი ყველაფრით თანაბრადაა უზრუნველ-ყოფილი, ვერ ვხედავ რაიმე ზეწოლას ან გადახრა-დარღვევას, თუმცა მაინც ვატყობ, რომ ამომრჩევლის სიმპათია პერსონას უფრო ეფუძნება, ვიდრე მის პროგრამას. შესაძლოა მეორე ტურიც გაიმართოს.. მოკლედ, არჩევნები საინტრერესო იქნება, მაგრამ არა ისეთი დრმატული, როგორიც 2004 წელს იყო", - აღნიშნავს ინალ ხაშიგი.



-----------

შენიშვნა: აფხაზეთის თემა გაშუქებულია აგრეთვე ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტის" 18 აგვისტოს ნომერში, რომელშიც გამოქვეყნებულია ოლღა ალენოვას მიერ მომზადებული ორი პუბლიკაცია: პირველი - სათაურით „სოხუმური განლაგება: რის გაკეთება მოუწევს აფხაზეთის ახალ პრეზიდენტს" (http://www.kommersant.ru/doc/2543133?isSearch=True); მეორე - სათაურით „მე არ მინდა ასეთი დამოუკიდებლობა არც ჩემთვის და არც ჩემი ქვეყნისათვის": ვრცელი ინტერვიუ აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრ ალხას თხაგუშევთან (http://www.kommersant.ru/doc/2543134?isSearch=True).

 

 

 

 

 


„ფოქს ნიუს ბიზნესი" (აშშ-ის ტელევიზია), აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://video.foxbusiness.com/v/3733118673001/what-is-putins-goal-in-ukraine/#sp=show-clips

 

 

უკრაინა-რუსეთი-საქართველო: საუბარი მიხეილ სააკაშვილთან

 

 

 

აშშ-ის ტელეკომპანია „ფოქს ნიუს ბიზნესის" პროგრამა „ Lou Dobbs Tonight-ში 15 აგვისტოს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემებსაც.

გთავაზობთ საუბრის სტენოგრამას მცირე შემოკლებით:

 

 

პროგრამის წამყვანი: ჩვენ შემოგვიერთდა მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში. მასთან საუბარში უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას განვიხილავთ. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა აქვს დაკავებული. ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მობრძანდით.



            მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრეზიდენტი: გმადლობთ მოწვევისათვის.



პროგრამის წამყვანი: უკრაინა-რუსეთის საკითხში თქვენ შეგიძლიათ უნიკალური შეფასება გააკეთოთ. როგორი ანალოგი არსებობს იმისა, რაც დღეს უკრაინისა და რუსეთს შორის ხდება და რაც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს?



მიხეილ სააკაშვილი: გახსოვთ ფილმი „ზაზუნას დღე" ბილ მიურეის მონაწილეობით? მთავარი გმირისთვის ყოველდღიურად რომ ერთი და იგივე მეორდება მანამ, სანამ იგი ყველაფერს სწორად არ გააკეთებს? ამ შემთხვევაში საქმე ეხება ვლადიმერ პუტინს, რომელიც სულ ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს - ჩემი აზრით, ძალიან უბრალო და ამავე დროს ძალიან მკაცრი სცენარით. ეს იგივე „ტროას ცხენის" ანალოგიაა. საქართველოს შემთხვევაში ამ როლს რუსი მშვიდობისმყოფლები ასრულებდნენ, რომლებიც იქ [ცხინვალში] შეჭრამდე იყვნენ დისლოცირებულნი. გარკვეულ მომენტებში მშვიდობისმყოფლებიც დაიბომბნენ და როგორც შემდეგ გაირკვა, თვით რუსების მიერ, ანუ რუსეთის არმიამ საკუთარი სამშვიდობო ძალები დაბომბა ისევე, როგორც სტალინი ბომბავდა...




პროგრამის წამყვანი: რათა იქ თავისი პოზიციები უზრუნველყოთ...



მიხეილ სააკაშვილი: დიახ. შემდეგ მან ეს შეჭრის საბაბად გამოიყენა. უკრაინაში რუსი მშვიდობისმყოფლები არ არიან, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საბაბი ძალიან სჭირდება. ამიტომაც პროვოცირებას უკეთებს უკრაინას, რომ რუსეთის ტერიტორიისაკენ სროლები განხორციელდეს. უკრაინის ძალები საოცარ თავშეკავებას იჩენენ: რუსეთი ისვრის, უკრაინელები კი არ პასუხობენ, [სარდლობამ სამხედროებს]  საპასუხო ცეცხლის გახსნა აუკრძალა... ბუნებრივია, სამხედროები უკმაყოფილონი არიან, რადგან ზარალდებიან. ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია საპასუხოდ არ ისროლო. ამის მიუხედავად, როცა უკრაინა ასეთ პროვოკაციაზე არ წამოეგო, ვლადიმერ პუტინმა ჰუმანიტარული ბადრაგი მოიგონა. როგორც ბადრაგი უკრაინის ტერიტორიაზე შევა, ვლადიმერ პუტინი რაღაც საბაბს მოიფიქრებს, მაგალითად, იტყვის, ვიღაცამ ჰუმანიტარულ ქარავანს ცეცხლი გაუხსნაო...



პროგრამის წამყვანი: მართალია. რაიმე თავის მართლება [მერე გვიანი იქნება]...



მიხეილ სააკაშვილი: ჰო, რაღაცა გეგმის მიხედვით არ წავა და აი, მაშინ, ალბათ, იგი უკრაინაში შეიჭრება.



პროგრამის წამყვანი: თქვენ ფიქრობთ, რომ ვლადიმერ პუტინის განზრახვა ბლეფი არ არის და იგი უკრაინაში ნამდვილად შეიჭრება?



მიხეილ სააკაშვილი: იცით, პუტინი ახლა ისეთ სიტუაციაშია, რომ იგი ყველანაირი სცენარით აგებს. ერთი მხრივ, იგი შეიძლება უკრაინის მთავრობის წინაშე დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ადგილობრივ მოლაშქრეებს თავის მიზნებისათვის იყენებდა. იქ ძირითადად ადგილობრივი მოლაშქრეები არიან, თუმცა მათ რუსული სპეცნაზიც დაემატა; მეორე მხრივ, მათ აქვთ იარაღი, მაგრამ ეს ფაქტორი კარგად არ მუშაობს, რადგან უკრაინის არმიაის მორალური სულისკვეთება მატულობს და ისინი წინ მიიწევენ. ასე რომ, ვლადიმერ პუტინს მოუწევს შეეგუოს იმას, რომ მას წინ დიდი სტრატეგიული მარცხი ელოდება, ან იმას, რომ მისთვის წამგებიანი მოქმედება გაგრძელდება. პუტინისათვის უკრაინის გამარჯვება დამღუპველი იქნება. აქ საქმე მხოლოდ ტერიტორიის ნაწილს არ ეხება...



პროგრამის წამყვანი: საქმე ნატოშია?



მიხეილ სააკაშვილი: არა, შეიძლება ითქვას, ეს უკრაინის საგარეო პოლიტიკას იმდენად არ ეხება. საქმე იმაშია, თუ როგორი ცხოვრება სურს ქვეყანას. თუ უკრაინელების ნამდვილად შეძლებენ ძველი კლეპტოკრატიული ჩვევების დაძლევას და ახალ, ღირსეულ თანამედროვე საზოგადოებას შექმნას, მაშინ ვლადიმერ პუტინს თავისივე მოქალაქეების მკაცრ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. დღეს რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ აი, ირგვლივ ჩვენზე უარესად ცხოვრობენო, მაგრამ თუ ირგვლივ უფრო კარგად იცხოვრებენ, მაშინ...



საკმაო ხნის განმავლობაში საქართველო გამონაკლისი იყო ამ თავლსაზრისით, ამიტომაც დაგვსაჯეს. ჩვენ რუსეთისათვის იდეოლოგიური პრობლემა ვიყავით. ჩვენ განვთავისუფლდით კორუფციისაგან, ნათლიმამობისაგან, ძველი საბჭოური ტრადიციებისაგან და ჩვევებისაგან... მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, უკრაინა კი ათჯერ დიდი და თუ ასეთი დიდი სახელმწიფო წარმატებას მიაღწევს, თუ უფრო კარგად იცხოვრებს, წარმოგიდგენიათ, რა კოშმარები ელოდება პუტინს? ასე რომ, მას ახლა გამოსავალი არ აქვს... ახლა იგი მშვიდობაზე ალაპარაკდა, მაგრამ სად? ანექსირებულ ყირიმში! ამაზე მეტ ცინიზმს ვერ წარმოიდგენ...



პროგრამის წამყვანი: მინდა გკითხოთ - თქვენ საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავით, მას შეხვედრიხართ? როგორია ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა?



მიხეილ სააკაშვილი: მე მას ათჯერ მაინც შევხვედრივარ.  იგი ისეთი ადამიანია, რომელსაც არ სჯერა თბილი, სანდო და გულწრფელი ურთიერთობებისა.. მისთვის უცხოა ურთიერთ-პატივისცემა და სიმპათიები. მას ის მოსწონს, რომ ვინმეს დააშინებს. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მან ასეთი რაღაც მითხრა: „მომისმინე, შენი დასავლელი მეგობრები ყველანაირ სიამოვნებას გპირდებიან, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი არასდროს ასრულებენ თავიანთ დაპირებებს, მე კი თქვენ რასაც  [ცუდს] დაგპირდით, ყველაფერი აგისრულეთ". აი, ესაა ვლადიმერ პუტინის მთელი [კრედო], მას მოსწონს, როცა ადამიანებს მისი ეშინიათ.



პროგრამის წამყვანი: დაშინება.



მიხეილ სააკაშვილი: დიახ, დაშინება. იგი ამ ტაქტიკას დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგაც იყენებს და ცხადია, თავისი მეზობლების მიმართაც. უკრაინასთან ვლადიმერ პუტინს იმის პრობლემა აქვს, რომ კიევი მას არ შეუშინდა. უკრაინელებმა მასზე უხეში სიმღერებიც შეთხზეს, რომელსაც ყოველი საფეხბურთო მატჩის დროს მღერიან. ქმნიან კარიკატურებსაც. აი, ახლახანს ვიყავი უკრაინაში და ეს „ამტანობის ბრასლეტი" იქ მომცეს... ამ სამაჯურებს ბავშვები აკეთებენ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მთელი ქვეყანა მობილიზებულია ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ... პრობლემა იმაშია, რომ თუ 45 მილიონიან უკრაინელებს ვლადიმერ პუტინის არ ეშინიათ, მაშ რატომ ეშინიათ მისი რუსებს?



პროგრამის წამყვანი: მართალია.



მიხეილ სააკაშვილი: ასე რომ, ის მთავარი საყრდენი, რასაც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა ეყრდნობა, შეიძლება დაინგრეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჩვენ გადამწყვეტი მომენტი გვიახლოვდება.



პროგრამის წამყვანი: ჩვენც დრო ამოგვეწურა. ვსაუბრობდით საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან. დიდი მადლობა".











(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016