reportiori.ge - „ლრაგირი“:ერევანში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს რთული „ქართულ-სომხური გარჩევებია“ მოსალოდნელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:07
პრეს-დაიჯესტი
„ლრაგირი“:ერევანში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს რთული „ქართულ-სომხური გარჩევებია“ მოსალოდნელი
ავტორი:
21 აგვისტო, 2014. 18:43


 

 

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37744

 

 

ერევანში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს რთული „ქართულ-სომხური გარჩევებია" მოსალოდნელი

 

 

აკოფ ბადალიანი

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სომხეთში ვიზიტისათვის ემზადება, ერევანში ჩამოსვლისას ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს იმ შეხვედრის შესახებაც, რომელიც ნახჭევანში გაიმართა - მხედველობაში გვაქვს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი. მათ, ფაქტიურად, რაღაც არაფორმალური ბლოკი ჩამოაყალიბეს - მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთს ყოველ ექვს თვეში შეხვდებიან და ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებენ.



საქართველომ, რასაკვირველია, სომხეთს უნდა განუმარტოს, რა ინიციატივაა ეს და არის თუ არა გარანტიები , რომ ის არ არის მიმართული სომხეთის წინააღმდეგ. თუმცა, თავის მხრივ საქართველოც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს მიიღოს სომხეთისაგან გარანტიები , რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს წინააღმდეგ არ იმოქმედებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სომხეთმა ასეთი გარანტიები საქართველოს მისცა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს გარანტიები სულ უფრო ნაკლებსაიმედო ხდება, სომხეთზე რუსეთის გავლენისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.



ფაქტიურად, საქმე გვაქვს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთუნდობლობის გამოვლინებასთან. საქართველო ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ თუ რუსეთი სომხეთის ტერიტორიას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციისათვის გამოიყენებს, ერევანი მოსკოვის შეჩერებას  შეძლებს.



მაგრამ საქართველოს მოქმედებაში მხოლოდ საკუთარი შიდა უსაფრთხოების მოტივები და მხოლოდ პანიკის მსგავსი განწყობა არ შეინიშნება. ბოლოს და ბოლოს, ძალიან გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების რაიმე გარანტიას აძლევს. თუ ეს კავშირი შეიქმნება, ის საქართველოსთვის ხაფანგი აღმოჩნდება. რას უზამენ თურქები და აზერბაიჯანელები ხაფანგში მოხვედრილ საქართველოს, ამას თვითონ გადაწყვეტენ - შეიძლება ნაწილი რუსებს მისცენ, ან მთლიანად თავისთვის დაიტოვებენ.



მაგრამ არის სხვა გარემოებებიც, რომლებიც შემდეგში გამოიხატება: საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობაზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის მითითებით დათანხმდა. თბილისზე აშშ-ისა და ნატოს გავლენა ხომ ძალიან დიდია, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის სფეროში. ასე რომ, არაა გამორიცხული დასავლეთის განზრახვა მოაქციოს აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქმედება ერთგვარ ჩარჩოებში, საქართველოს მეშვეობით.

მოკლედ, ბლოკის შექმნა ან საქართველოს თვითმკვლელობას ნიშნავს, ან ბაქოსა და ანკარის გაკონტროლებას.



რასაკვირველია, ამით შეიძლება საქართველოს რეგიონული როლი გაიზარდოს, რაც სომხეთისათვის გამოწვევა იქნება, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ერევნისათვის ყველაზე ნაკლები ბოროტებაა. ჩვენთვის უკეთესია საქართველოს როლის გაზრდა ნატოსა და აშშ-ის ძალისხმევით და ანკარა-ბაქოს გაკონტროლების მიზნით, ვიდრე აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენის გაძლიერება.






„ნოვოსტი-აზერბაიჯანი" (აზერბაიჯანი), 20 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.newsazerbaijan.ru/expert/20140820/300804952.html

 

 

ორჰან გაფარლი: „ანკარა-ბაქო-თბილისის სამხედრო კავშირის იდეის ჩაფუშვაში ირაკლი ალასანია თავის ყოფილ კოლეგას საფარ აბიევს ადანაშაულებდა"

 

 

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ორჰან გაფარლიმ კომენტარი გაუკეთა ნახჭევანში 19 აგვისტოს გამართულ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შედეგებს.



ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ალიანსის შექმნა, ორჰან გაფარლიმ აღნიშნა, რომ თურქეთს როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, სხვა სამხედრო ალიანსის შექმნისა და მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს. „საქართველოს კი ამ ეტაპზე სხვა ისეთი არავინ ჰყავს, ვისთანაც პირდაპირი სამხედრო თანამშრომლობა შეიძლება. თურქეთი საქართველოსთვის - ნატოში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნისათვის -  ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია... მართალია, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ეს ურთიერთობა სამოკავშირეო ფორმატში გადაიზარდოს. რაც შეეხება აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას, ის საქართველოსგან დამოუკიდებლად ვითარდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.



ორჰან გაფარლი შეეხო აგრეთვე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის პრობლემატიკას:



„დღეს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უარესდება, თურქეთი არ აპირებს რუსეთთან კონტაქტების შეწყვეტას, პირიქით, ანკარა ცდილობს მაქსიმალურად ისარგებლოს შექმნილი დაძაბულობით და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს. თუმცა, რასაკვირველია, ამისათვის აუცილებელია ურთიერთობა პოლიტიკურ სიბრტყეშიც. ოფიციალურ ანკარას ეს კარგად ესმის, ამიტომაც არ აპირებს რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. თუ გავითვალისწინებთ რეჯებ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის მეგობრულ ურთიერთობასაც, მივხვდებით, რატომაა შეუძლებელი სამხრეთ კავკასიაში რაიმე სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება".



ორჰან გაფარლიმ ნახჭევნის შეხვედრაში საქართველოს როლზეც ისაუბრა:  „როგორც ჩანს, ამ შეხვედრის ინიციატორი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო. იგი თურქეთს საქართველოს ახლობელ ქვეყნად მიიჩნევს და მას საკმაოდ დიდი ხანია აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო კავშირის შექმნის იდეა აქვს. სხვათა შორის, ამ იდეის ჩაფუშვაში ირაკლი ალასანია აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილ მინისტრ საფარ აბიევს ადანაშაულებდა. როგორც ჩანს, დღეს სამხედრო კავშირის იდეა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ დადებითადაა შეფასებული", - განაცხადა ორჰან გაფარლიმ.






„ნიუს.ამ/ნოვოსტი არმენიი" (სომხეთი), 21 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://news.am/arm/news/224846.html

 

 

ვლადიმერ ევსეევი: „საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მცდელობა სამხედრო ალიანსის შექმნის მიზნით „თაგვების ფუსფუსს" ჰგავს"

 

 

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა „ოდკბ"-ს („ორგანიზაცია დოგოვორა კოლეკტივნოი ბეზოპასნოსტი"//კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მსგავსად ვერ ჩამოყალიბდება და საერთოდ, ანკარის, ბაქოსა და თბილისის მცდელობა „თაგვების ფუსფუსს" უფრო ჰგავს, - განაცხადა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის უზეირ ჯაფაროვის გამონათქვამს - „საქართველოს-აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა „ოდკბ"-ის ანალოგის შექმნის ეტაპზეაო" (მხედველობაშია 19 აგვისტოს ნახჭევანში აღნიშნული სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების გამართული შეხვედრის შედეგები).



რაც შეეხება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას, აქ გასაკვირი არაფერია - ხდება იარაღის მიწოდება, კადრების მომზადება, „მაგრამ საქართველო ამ შემთხვევაში რაღაც „ძალით მითრეულს" ჰგავს. მართალი რომ გითხრათ, მე კარგად არც მესმის, რაში გამოიხატება საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა. შემიძლია წარმოვიდგინო რაღაც თანამშრომლობა რომელიღაც სფეროში, მაგრამ სამხედროში ნამდვილად არა", - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა: „რადგან თურქეთი ნატოს წევრია და საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სურს, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანს ნატო არ აინტერესებს... ასე რომ, რჩება თბილისი-ბაქოს ურთიერთობის მხოლოდ ერთი ბაზა - სატრანზიტო დერეფანი. ჩვენ გვახსოვს სუამ-ის ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ჩაიფუშა. იგივე ბედი ელოდება აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო ალიანსის იდეას".



„ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მინისტრების შეხვედრა ნახჭევანში ჩატარდა. ნახჭევანი ერაყ-ირანის ქურთისტანს ესაზღვრება და თუ გავითვალისწინებთ, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობა თურქეთისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს, ან იმას, რომ ნახჭევნის ავტონომიაში საკმაოდ ბევრი ქურთი ცხოვრობს, არაა გამორიცხული, რომ ისინი ერაყის ქურთისტანთან მიერთებას მოისურვებენ. ამიტომაც ნახჭევნის მომავალიც ისეთივე პრობლემურია, როგორიც ამ სამი სახელმწიფოს სამხედრო ალიანსი, რომლის შექმნასაც ისინი ცდილობენ", - ხაზი გაუსვა ვლადიმერ ევსეევმა.






„გაზეტა.რუ" (რუსეთი), 21 აგვისტო, 2014 წელი



http://www.gazeta.ru/politics/2014/08/20_a_6183061.shtml



ინტერვიუ რაულ ხაჯინბასთან: „მრავალი სახელმწიფო აღიარების გარეშე არსებობს, ამაში საშიში არაფერია"



აფხაზეთში 24 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს რაულ ხაჯინბას, რომელიც ფავორიტად ითვლება, ჟურნალისტმა სერგეი პოდოსენოვმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

 

 

- თქვენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე კონტროლის მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ხართ. თვლით თუ არა, რომ ეს ხელს შეუწყობს რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებას?

 

 

- საზღვრების გახსნა ნებას მოგვცემს მრავალი საკითხი მშვიდ გარემოში მოვაგვაროთ. ასეთი გამოცდილება მრავალი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს. ამაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ, ვერც აფხაზეთისთვის და ვერც რუსეთისათვის.



- რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ბარიერია აფხაზეთის არამოქალაქეებისათვის უძრავის ქონების ფლობის აკრძალვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას რამენაირად მოაგვარებთ?

 

 

- დიახ, ამ პრობლემას გადავწყვეტთ. ამჟამად მუშავდება კანონი, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. უნდა შეიქმნას უძრავი ქონების ბაზარი და არავითარი აკრძალვები არ უნდა მოქმედებდეს. რასაკვირველია, მისი რეგულირების მექანიზმიც უნდა არსებობდეს.



- შეიძლება თუ არა აფხაზეთისთვის მომგებიანი იყოს რუსეთის მიერ დასავლეთისთვის გამოცხადებული სასურსათო ემბარგო? არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთმა რუსეთში თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზარდოს?

 

 

- ჯერ-ჯერობით აფხაზეთს ამის რესურსები არ აქვს, მაგრამ შეიძლება მზადება ახლავე დავიწყოთ. საერთოდ, ეს ხანგრძლივი პროცესია.



- თქვენ აფხაზეთ-რუსეთის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე ბრძანდებით. საიდუმლო არაა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი სერიოზულადაა დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ დოტაციებზე. რამდენად შესაძლებელია,  ერთ მშვენიერ დღეს, აფხაზეთის რუსეთთან მიერთება?

 

 

- აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ გახდება. რუსეთი სწორედ იმითაა დაინტერესებული, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. არავითარი სხვა მიდგომა არ არსებობს.



- თუ ეს ასეა, მაშინ როგორ ფიქრობთ რუსეთისაგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას? სრულ სუვერენიტეტზე საუბარი ხომ არარეალურია...

 

 

- „თევზის დაჭერა" ჩვენ თვითონვე უნდა ვისწავლოთ...



- და ამაზე რატომ ადრე არ ფიქრობდით?

 

 

- იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პრიორიტეტი რუსეთისაგან მიღებული რესურსების შეჭმა იყო.



- თქვენ ფიქრობთ, რომ ალექსანდრ ანქვაბს, ლაკერბაიას და სხვებს დააპატიმრებთ?

 

 

- მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ მათ უნდა სცოდნოდათ იმ დარღვევების შესახებ, რაც აფხაზეთში ხდებოდა. დაპატიმრებული იქნებიან თუ არა, ამას გამოძიება გადაწყვეტს.



- როგორ წარმოგიდგენიათ თბილისთან ურთიერთობა? არჩევნების წინ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ქართულენოვან მოსახლეობას საარჩევნო უფლება ჩამოერთვათ. რა ნაბიჯებს გადადგამთ ქართულენოვანი მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში და აფხაზურ პოლიტიკაში ინტეგრირებისათვის?

 

 

- უპირველეს ყოვლისა ჩვენ უზრუნველყოფთ წერიგის დაცვას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. შევქმნით სოციალური განვითარების საფუძვლებს. დავეხმარებით მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ადრე კეთდებოდა - პასპორტები მოქალაქეობის კანონის დარღვევით რომ გაიცემოდა. თუ ვინმეს აფხაზეთის მოქალაქეობა სურს, ამისათვის ყველა პროცედურა უნდა გაიაროს.



- და რა სჭირდებათ მათ ამისათვის? აფხაზური ენის სწავლა?

 

 

- ნუ გადავიტანთ აქცენტს აფხაზური ენის სწავლაზე, მით უმეტეს, რომ ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე აფხაზობიდან ქართველობაზე გადაეწერნენ, მათგან ბევრმა აფხაზური ენა უკვე იცის. მათ ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას არავინ უკრძალავთ, ამაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება სწავლების პროგრამას, ის აფხაზური უნდა იყოს და არა ქართული.



- მაგრამ ისინი ხომ მაინც თავს უფრო ქართველებად გრძნობენ, ვიდრე აფხაზებად? როგორ გინდათ მიაღწიოთ იმას, რომ მათ თავი აფხაზეთის სახელმწიფოს მოქალაქეებად იგრძნონ? იქნება, ვთქვათ, პარლამენტში მათი წარმომადგენლობის ქვოტა?

 

 

- დეპუტატთა კორპუსი არჩევნების ახალი კანონის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც პარტიული სიებით განხორციელდება. ყოველ პარტიულ სიაში სხვადასხვა ეროვნების მქონე კანდიდატები იქნებიან, რაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენლების პარლამენტში არჩევას უზრუნველყოფს.



- რა პირობების გათვალისწინებითაა შესაძლებელი აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება? აშკარაა, რომ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს...

 

 

- ჩვენთვის ეს თავის ტკივილი ნამდვილად არ არის. არ გვაღიარებს და ნუ გვაღიარებს, რა ვქნათ... ბევრი სახელმწიფო უღიარებლად არსებობს, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ. ამჟამად საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ მისი გაფართოებისათვის აუცილებელია საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. აი, ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგი უკვე შესაძლებელი იქნება.



- თქვენ კი მზად ხართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში გამოცხადებული რესპუბლიკები აღიაროთ?

 

 

- თუ ასეთი თხოვნა მათი მხრიდან იქნება, ვიფიქრებთ და საკითხს განვიხილავთ.








(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016