reportiori.ge - „ლრაგირი“: პოლიტიკური მიწისძვრა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:09
პრეს-დაიჯესტი
„ლრაგირი“: პოლიტიკური მიწისძვრა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში
ავტორი:
22 აგვისტო, 2014. 20:00


 

„უოლ სტრიტ ჯორნელი" (აშშ), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

http://online.wsj.com/articles/nato-holding-back-as-georgia-bids-to-join-the-western-club-1408652309?KEYWORDS=georgia

 

 

დასავლეთს სურს საქართველო თავის კლუბში მიიღოს

ბრიუსელის დარტყმა: ევროპელი ჩინოვნიკები კი რუსეთის გამო ჯერ კიდევ თავს იკავებენ

 

 

 

ნაფტალი ბენდევიდი

(მცირე შემოკლებით)

 

 

მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი. ამასთან დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია გზაგასაყარის წინაშე მდგარი კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და ევროპის დაპირისპირებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს - პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველო.



იმის შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ დასავლეთზე ზეწოლა განახორციელა, საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება, მისი გაწევრიანების პერსპექტივა უფრო განმტკიცდებოდა. თუმცა, ნატოს ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ ყოყმანობს.



საქართველომ ამას წინათ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოვნიკის გაკვირვება გამოიწვია - ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.



როგორ შეუძლია ევროპას ამ პრობლემებს გვერდი აუაროს და ბრძოლა გაუმართოს მოსკოვს იმ ქვეყნების მეშვეობით, რომლებიც ერთგვარ საზღვარს წარმოადგენენ რუსეთსა და ევროპას  შორის - უკრაინიდან დაწყებული, მოლდოვა-სომხეთით დამთავრებული? „ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია", - ამბობს ნიკოლას ბერნსი, აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში, - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზოგიერთი ქვეყნების ერთმანეთთან დაშორებას ცდილობს: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი - იგი ევროპას კვლავ დასავლეთად და აღმოსავლეთად ყოფს".



ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით საქართველოს აშკარა ენთუზიაზმის მიუხედავად, პრობლემები მაინც რჩება - სრულად გამოვიდა თუ არა საქართველო თავისი კორუმპირებული წარსულიდან? მართალია, უკანასკნელ წლებში საქართველო, ნატოს სხვა არაწევრ სახელმწიფოებთან შედარებით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ავღანურ მისიაში ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ნატოს ჩინოვნიკები მაინც ამბობენ, რომ ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია - რამდენად დემოკრატიულია საქართველო, რომ მან ნატოს წევრობა დაიმსახუროს? ამას სხვა დამატებითი სირთულეებიც ემატება: რუსეთს, რომელიც საქართველოში 2008 წელს შეიჭრა, დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავის ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს.



ყველაზე დიდი გამოცდა  თბილისს 4-5 სექტემბერს ელოდება, როცა ნატოს ლიდერები უელსის სამიტზე შეიკრიბებიან, საქართველოს შესახებ დღის წესრიგით. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ექვსი წლის წინ განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრიო, შესაბამისად, დღეს საქართველოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" („მაპ") მიღება სურს, რაც ალიანსში სრული წევრობის სასტარტო მოედანს წარმოადგენს.



ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას მიაჩნია, რომ საქართველოს ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში მოსკოვის გამოწვევას ნიშნავს. როგორც ჩანს, „მაპ"-ის მიცემის ნაცვლად ნატოს ლიდერები უელსში საქართველოსადმი მხარდაჭერას კი გამოაცხადებენ, მაგრამ შედარებით უფრო „მორიდებული" სახით.



„ჩვენ სამიტზე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებს, - აღნიშნა ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, -  ვამზადებთ მნიშვნელოვან პაკეტს საქართველოსთვის ისეთი ელემენტებით, რომლებიც ჩვენს თანამშრომლობას გააფართოვებს".



ქართველი ლიდერები იმედგაცრუებულები არიან. „რასაკვირველია, საქართველოში გარკვეული წყენა შეინიშნება, - ამბობს ნატალია საბანაძე, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, - თბილისი ხომ ნატოში გაწევრიანების სურვილს სრულიად ნათლად და თანმიმდევრულად გამოხატავს".



საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაშიც ეჭვებისა და „ნერვიულობის" ერთგვარი საფუძველი გაჩნდა: გასულ თვეში საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს არეგულირებს. იმავე ხანებში კი საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ [მან თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა] და იგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა.



ევროკავშირმა ფრთხილი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას გულისხმობს. იმავდროულად ევროპელი დიპლომატები კერძო კონფიდენციალურ საუბრებში შეშფოთებას გამოხატავენ, ვაითუ საქართველომ პოლიტიკური შურისძიების პრეცედენტი შექმნასო. თვითონ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა  ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ პროკურატურასთან არ ითანამშრომლებს.



„მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის სახელმწიფოთა დედაქალაქებში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მას მეგობრების დიდი სია აქვს", - ამბობს ბალაშ იარაბიკი, კარნეგის ფონდის მიწვეული მკვლევარი, - ჩემი აზრით, კონსენსუსი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება სასამართლო პროცესი".



დღეს, როცა რუსეთი უკრაინას ემუქრება, ბევრს კითხვები ებადება - ხომ არ არის ეს იმ  სისუსტის შედეგი, რომელიც დასავლეთმა 2008 წელს, საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს გამოავლინა და ამით ხელი შეუწყო ვლადიმირ პუტინს ყირიმის ანექსიაში?

დასავლელი დიპლომატები ვლადიმირ პუტინის მოქმედებას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, იმ დიდი თამაშის ნაწილად მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც რუსეთი იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს და ამით ღებულობს ბერკეტს რუსული გავლენის სფეროს გასაფართოებლად.



ქალბატონი ნატალია საბანაძე ამბობს, რომ მისი ქვეყანა ამგვარ მცდელობებს ყველანირად ეწინააღმდეგება: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვა ძალიან ნათლად გამოვლინდა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. იმ დროიდან მოყოლებული, ამ მიზნის მიღწევას საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა. ესაა სწორედ მათთვის გამაერთიანებელი".






„ვაშინგტონ თაიმსი" (აშშ), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.washingtontimes.com/news/2014/aug/20/gordon-keys-to-natos-future/

 

 

საით მიდის NATO?

თანამედროვე რეალიებთან ადაპტირება აუცილებელი ხდება

 

 

(შემოკლებით)

სექტემბრის დასაწყისში უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა ალიანსის მომავალზე ერთობლივად უნდა იფიქრონ, - წერს ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში" ჯონ გორდონი, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ნატოში პენტაგონის წარმომადგენელი იყო.



„მართალია, ნატომ თავისი თავდაპირველი დანიშნულება უკვე შეასრულა - არ მისცა საბჭოთა კავშირს დასავლეთ ევროპის ფარგლებში შესვლის საშუალება, მაგრამ მსოფლიო დღესაც არაა უსაფრთხო: საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სასიკვდილო მუქარები ჩანს - რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებებიდან  და ირანის სავარაუდო ბირთვული ამბიციებიდან დაწყებული, რუსეთის ნეოიმპერიული მიზნებითა და ჩინეთის გაძლიერებით დამთავრებული", - ნათქვამია სტატიაში.



ამ გამოწვევების მიუხედავად, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა უკმაყოფილოა იმის მოთხოვნით, რომ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ ორი პროცენტი უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, მათი თვალსაზრისები ერთმანეთისაგან განსხვავდება იმ დოქტრინის მიმართაც, რომელიც „საერთო საფრთხეებს" განსაზღვარვს. ატლანტიკის ორივე ნაპირზე სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები იზოლაციონიზმისაკენ.



სტატიის ავტორის აზრით, ნატოს „მომავლის გასაღებები" შემდეგში გამოიხატება:

ა) აქტიურად უნდა გადანაწილდეს საერთო ტვირთი: „კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მართლაც კოლექტიურად უნდა მოხდეს, მაგრამ ნატოს შემთხვევაში ეს ამერიკული ფულის ყველაზე მეტ ხარჯვას ნიშნავს". ავღანეთში მყოფი „ISAF"-ის აბრევიატურა („უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები") ხუმრობით შეიძლება ასე გაიშიფროს: „მე ვნახე, როგორ იბრძოდნენ ამერიკელები";



ბ) რუსეთის მიმართ საჭიროა უფრო კარგად გათვლილი სტრატეგია. ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის ერთობლიობა რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტს ათჯერ მეტად აღემატება, მაგრამ ვლადიმირ პუტინი ისე იქცევა, თითქოს პირიქით იყოს. იგი ბევრ სამხედრო წვრთნებს ატარებს საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან ახლოს. იმავდროულად ნატომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთი შიდა უსაფრთხოების პრობლემებითაცაა შეშფოთებული (რუსეთის მოსახლეობის შემცირება და ამ ფონზე მუსულმანთა რაოდენობის სწრაფი ზრდა). „კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობამ და რადიკალური ისლამის გაძლიერების წინააღმდეგ მიმართულმა ერთობლივმა ძალისხმევამ რუსები უნდა დაამშვიდოს და აჩვენოს, რომ ნატო მათი მტერი არ არის";



გ) ნატომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ბრძოლას. ბევრი ქვეყანა ამ საფრთხეს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. ნატომ უნდა აღიაროს, რომ სახეზეა ომი დასავლურ ცივილიზაციასთან;



დ) ნატოს გაფართოება. „საქართველო, რომელმაც ავღანეთში 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, ერაყში - 11 ათასი და 160 - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უკვე გააკეთა კოლექტიური უსაფრთხოებისათვის ბევრად მეტი, ვიდრე ნატოს სხვა წევრებმა. ასე რომ, საქართველო ალიანსში დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული. როცა ბოსნია-ჰერცეგოვინა და ჩერნოგორია მზად იქნებიან, ისინი საქართველოს უკან უნდა მიჰყვნენ".





 

„ეხო" (აზერბაიჯანი), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.echo.az/article.php?aid=69514

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნახჭევნის შეხვედრის გამო თავის მართლებისთვის არ ჩასულა

 

 

სტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტ-პოლიტოლოგების ვარაუდები და პროგნოზები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით (ავტორები: ჯამილია ალეკპეროვა, ნატიგ ალიევი).

გთავაზობთ ამონარიდს:

 

 

„როგორც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი პარვინ დრაბანდი ამბობს, ქართულ-სომხური ურთიერთობები ყოველთვის საკმაოდ სტაბილურ დონეზეა ხოლმე შენარჩუნებული, რეგიონში მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებით. რაიმე აშკარა დაპირისპირება თბილისსა და ერევანს შორის არ შეიმჩნევა. „საქართველოს პრემიერი ერევანში იმ მიზნით კი არ ჩავიდა, რომ ნახჭევნის შეხვედრის გამო თავი იმართლოს. რასაკვირველია, სომხურ მხარეს აინტერესებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დეტალები, მაგრამ აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლებს მხოლოდ იმას ეტყვის, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ". პარვინ დრაბანდის თქმით, „როგორც წესი, სომხეთი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს  საქართველოს მთავრობის წევრების აზერბაიჯანში ვიზიტებს".



სომეხი ექსპერტის დავით შახნაზარიანის აზრით, საქართველოს სრული უფლება აქვს საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს და ამ მიზნით რიგი ღონისძიებები განახორციელოს, მის ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული საექსპორტო მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების  დაცვის მიზნით. „აშკარაა, რომ თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ადგილად ნახჭევნის არჩევა რუსეთთან იყო შეთანხმებული, ანკარისა და მოსკოვის თანამშრომლობის დღევანდელი მაღალი ტემპების გათვალისწინებით. თავის მხრივ, თბილისი ცდილობს, რომ მოსკოვს პრობლემები არ შეუქმნას. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: 1921 წლის მარტში მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის შეთანხმების თანახმად, ნახჭევნის უსაფრთხოებისა და სტატუსის გარანტად რუსეთი და თურქეთი ითვლებიან... ფაქტია, რომ თავდაცვის მინისტრების ნახჭევნის სამიტმა ერევნის შეშფოთება გამოიწვია. აშკარაა, რომ სომხეთის ლიდერები ამ საკითხს ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპრაკების დროს აუცილებლად შეეხებიან. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება პრიორიტეტულია", - ამბობს დავით შახნაზარიანი სომხურ გამოცემა „ტერტ"-თან საუბარში.



აშკარაა, რომ ქართულ-სომხურ მოლაპარაკებაზე, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს, სავიზო რეჟიმისა და ვაჭრობის წესების ცვლილებებზეც ისაუბრებენ. რაიმე სენსაციური შედეგი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ პროცესებს სტარტი მიეცემა. სავიზო და სავაჭრო რეჟიმის  ცვლილება საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა საგარეო ორიენტირებმა გამოიწვია: თბილისმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, ერევანს კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს. ამ საკითხების გარდა, მხარეები, ალბათ, სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის (ერევანი-თბილისი-სოხუმი-სოჭი) პრობლემატიკასაც შეეხებიან. ეს რკინიგზა რუსეთისთვისაც საჭიროა და სომხეთისთვისაც, ირანზე არაფერი რომ არ ვთქვათ. რკინიგზის ამოქმედება დადებით გავლენას მოახდენს რუსულ-ქართულ მოლაპარაკებაზე აფხაზეთთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვიტყვით , რომ საქართველო რკინიგზის ამუშავების გამო რაიმე კომპრომისზე დათანხმდება".






„ლრაგირი" (სომხეთი), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/37761

 

 

პოლიტიკური მიწისძვრა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში

 

 

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი

(შემოკლებით)

მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და მისი რატიფიცირება მოახდინა, რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეთანხმებას გააუქმებს. ეს ნიშნავს, რომ ასევე გაუქმდება სომხეთ-რუსეთის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც. მაშ რატომღა უნდა შევიდეს სომხეთი ევრაზიულ კავშირში?



აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ორდღიანი ვიზიტის დროს ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნება განხილული. ერევანს, რასაკვირველია, ძალიან სურს უბაჟო ქართული ტრანზიტი რუსეთში, მაგრამ სულის სიღრმეში სომხეთის ხელისუფლებას უხარია, რომ საქართველო გარკვეულ ბარიერებს ქმნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. მმართველ წრეებშიც კი ასეთი ინტეგრაცია ტრაგედიად და იძულებით ნაბიჯად მიიჩნევა.



გუშინწინ საქართველოს სამხედრო გზაზე მორიგი მეწყერი ჩამოწვა... ასეთი მეწყერები საქართველო-რუსეთის საზღვარზე ბოლო ხანებში რაღაც გახშირდა და იდუმალი გახდა... არც სომხეთი და არც რუსეთი ამ გზის „განმტკიცებისათვის" ინტერესს არ ამჟღავნებენ, იმედი აქვთ, რომ მომავალში „იქნებ" აღარ განმეორდესო. არადა, სწორედ ასეთი ბუნებრივი მეწყერები იწვევენ „პოლიტიკურ მეწყერებს" და სომხურ-რუსული ურთიერთობის ნათელ მომავალს მარხავენ...



რა ალტერნატივა აქვს სომხეთს, ქართულის გარდა? ალბათ, მხოლოდ ირანული მიმართულება, მაგრამ რუსეთი უმალ სომხეთს მოგუდავს, ვიდრე ირანს [გაზის საექსპორტოდ] დასავლეთ ევროპისკენ გზის გახსნის ნებას მისცემს, სომხეთისა და საქართველოს გავლით. რუსეთის პოზიცია მხოლოდ სომხეთის, საქართველოსა და ირანის ერთობლივი მცდელობით შეიძლება განეიტრალდეს. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ მიზნითაც ჩამოვიდა ერევანში.



სომხეთის პასუხზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ერევანში და სომხეთის პრემიერის ოვიკ აბრამიანის ვიზიტი თეირანში.






„ბელაპანი" (ბელარუსი), 22 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://belapan.com/archive/2014/08/21/721638/

 

 

აფხაზეთი ევრაზიული კავშირის წევრებს - ბელარუსს და ყაზახეთს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს, მაგრამ სოხუმის მცდელობა ჩასაფუშადაა განწირული

 

 

აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბღანბღამ წერილები გაუგზავნა ყაზახეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს  ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ნურსულთან ნაზარბაევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული სახელმწიფოა. ის აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის - გაეროს წევრების მიერ... „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინტეგრაციის დინამიკას რუსეთს, ბელარუსს და ყაზახეთს შორის და იმედი გვაქვს, რომ თქვენ, ამ სახელმწიფოების ლიდერები დადებითად შეაფასებთ აფხაზეთის რესპუბლიკის სწრაფვას ინტეგრაციული პროცესებში ჩარტისაკენ და დადგება დრო, როცა ჩვენი რესპუბლიკა მონაწილეობას ევრაზიული კავშირის მშენებლობაშიც მიიღებს", - აღნიშნულია წერილში. ვალერი ბღანბღა ასევე ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირის დროინდელ  აფხაზეთ-ბელარუსისა და აფხაზეთ-ყაზახეთის კონტაქტებს და წერს, რომ აფხაზი, ბელარუსი და ყახაზი ხალხების ისტორიული ტრადიციები კარგ საფუძველს ქმნის აღიარებისათვის.



სხვათა შორის, აფხაზეთმა [და სამხრეთ ოსეთმაც] ბელარუსს ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს მიმართეს აღიარების თხოვნით, ბელარუსის პარლამენტის წევრების ჯგუფი თბილისს, სოხუმს და ცხინვალს ეწვია, შეისწავლა სიტუაცია და შედეგები პრეზიდენტს მოახსენა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ასე განაცხადა: „ახლა რომ ჩვენ თქვენ გაღიაროთ, საქართველო ძალიან გაღიზიანდება... გაღიზიანდებიან ის სახელმწიფოებიც, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ, დასავლეთი მათ მხარს დაუჭერს. ვის სურს ეს? ჩვენ მხოლოდ ამ არასასურველი ტენდენციის კატალიზატორი აღმოვჩნდებით".



ვალერი ბღანბღას წერილს კომენტარს უკეთებს ბელორუსი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი ალექსანდრე გრონსკი: „ვფიქრობ, რომ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. საქართველო ხომ ბელარუსს ევროკავშირის წინაშე იცავს? ჰოდა, თუ ეკონომიკურ მომენტებს გავითვალისწინებთ, აფხაზეთს ბელარუსთან არაფერი არ აკავშირებს. საქართველოში კი ბელარუსი ტრაქტორებს ყიდის, მგონი ტრაქტორების ამწყობი ქარხანაც აშენდა, პლიუს ღვინო, „ბორჯომი", ბელარუსის მარაზიებში ქართული ლიმონათი იყიდება... ასე რომ, ეკონომიკური თავლსაზრისით ბელარუსისთვის აფხაზეთის აღიარება წამგებიანი იქნება. მიმაჩნია, რომ მას არ გადაწყვეტენ და საქმეს „თაროზე შემოდებენ". ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის ბოლოს ჩვენი კომისიაც შეიქმნა ამ საკითხის ირგვლივ, პარლამენტარებმა სიტუაცია შეისწავლეს, მაგრამ დასკვნა არ გამოქვეყნებულა, საკითხიც მიყუჩდა. შეიძლება ხელახლა გააქტიურება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისაგან რაიმე ეკონომიკური დაპირება იქნება.




მხედველობაში უნდა გვქონდეს ისიც, რომ ბელარუსში მალე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. განა ახლა ევროკავშირის ზედმეტად გაღიზიანება გვინდა?".

 







(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016