საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ ელოდება და აცხადებს, რომ პირიქით, საუბარი რუსეთში უფრო მეტი პროდუქციის შეტანაზე მიმდინარეობს. აღნიშნულზე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.
„უკვე ორი წელია ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ, კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან. იცით, რომ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან და შედეგი მივიღეთ ის, რომ დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. იცით, რომ რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბარგო დაწესდება. პირიქით, საუბარი არის კიდევ უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზე რუსეთში. მე ამას მივესალმები, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული, ეროვნული იდეოლოგიისა და პოლიტიკის შედეგი. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც გვესმის რუსეთისგან. ასე, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის." - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.