შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ ოსების გენოციდი უნდა აღიაროს. ზაქარეიშვილის განცხადებით, ასეთი განცხადებები რეგულარულად კეთდება, როდესაც რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარების დღე ახლოვდება.
"სიახლე არაფერი არ არის. სიახლე არის სამაგიეროდ ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და მიდის ევროპისკენ. ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ნაკადი იზრდება და იზრდება. წელს პირველად დაფიქსირდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული რაოდენობა ცხინვალიდან, რომლებიც ისვენებდნენ ბათუმსა და ქობულეთში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.