reportiori.ge - „მოსკოვსკიი კომსომოლეცი“: აფხაზეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კოლეგა აირჩიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:08
პრეს-დაიჯესტი
„მოსკოვსკიი კომსომოლეცი“: აფხაზეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კოლეგა აირჩიეს
ავტორი:
26 აგვისტო, 2014. 19:58


 

არგუმენტი ი ფაკტი" (რუსეთი), 26 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.aif.ru/politics/world/1323553

 

 

რუსეთის ძველი მეგობარი: როგორ შეცვლის რუსეთთან ურთიერთობას რაულ ხაჯინბა?

 

 

სტატიაში განხილულია აფხაზეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ახლადარჩეული პრეზიდენტის - რაულ ხაჯინბას პოლიტიკურ საქმიანობას, მისი ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალს. გარდა ამისა, პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის ტენდენციებზე (ავტორი ალინა გორბუზნიაკი).



 „მართალია, რაულ ხაჯინბა პრეზიდენტად პირველად აირჩიეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მას პრეზიდენტობის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს: 2003-2004 წლებში, მაშინდელი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ავადმყოფობის გამო, რაულ ხაჯინბა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი იყო და  ფაქტიურად იგი ასრულებდა რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობას. იმ ხანებში რაულ ხაჯინბა აქტიურად ატარებდა აფხაზეთის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკურ კურსს. სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიიღო აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობამ რუსეთის მოქალაქეობა, შრომის და ომის ვეტერანებმა კი რუსული საპენსიო უზრუნველყოფა. რაულ ხაჯინბას ძალისხმევით აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და სოჭს (ანუ აფხაზეთ-რუსეთს) შორის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების ხარჯზე რაულ ხაჯინბას საქმიანობა საკმაოდ წარმატებულად იქნა შეფასებული. 2004 წლის შემოდგომაზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვმა ფსონი რაულ ხაჯინბაზე გააკეთა, სოხუმში მის მხარდასაჭერად ცნობილი რუსი პოლიტიკოსები, მომღერლები და ხელოვნების მუშაკები ჩავიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მან არჩევნები მაინც წააგო.



ექსპერტების თქმით, 24 აგვისტოს არჩევნებში მოსკოვს უკვე აქტიურობა ისე შესამჩნევად აღარ გამოუჩენია. როგორც „კავკაზსკიი უზელის" მთავარი რედაქტორი გრიგორი შვედოვი ამბობს, „რუსეთმა სიბრძნეს მოუხმო, შეცდომები აღიარა და ჩათვალა, რომ არცერთი კანდიდატისათვის მხარი არ უნდა დაეჭირა, მით უმეტეს, რომ ყველა პრორუსულ დაპირებებს იძლეოდა". მის თვალსაზრისს ეთანხმება რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ევგენი ბახრევსკი და ამბობს, რომ „რაულ ხაჯინბას გამარჯვება კანონზომიერია - იგი ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო სხვებთან შედარებით".



დღეს ყველაზე მთავარი კითხვა შემდეგშია: რამდენად განვითარდება აფხაზეთ-რუსეთის ინტეგრაციული პროცესები, სურს თუ არა აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა?



ევგენი ბახრევსკის აზრით, აფხაზეთი რუსეთთან გასაერთიანებლად არავითარ ნაბიჯებს არ გადადგამს: „სოხუმი ძალიან რთული სიტუაციის დროსაც კი არ ცდილობდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გამხდარიყო, სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, სადაც ამ მხრივ ძლიერი ტენდენციებია. აფხაზეთი რუსეთისაგან ყოველთვის დისტანცირებდა ხოლმე".



მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის („მგიმო") ექსპერტის მიხეილ ალექსანდროვის თქმით, აფხაზეთში რუსეთთან ინტეგრაციის საკითხში ერთიანი აზრი არ არსებობს. აფხაზები, ცხადია, რუსეთთან მეგობრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ესწრაფვიან, მაგრამ სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია".



თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რაულ ხაჯინბას, მისი სურვილის მიუხედავად, გაუჭირდება თავისი პროგრამის რეალიზება რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ: „სანამ აფხაზურ საზოგადოებაში კარდინალური ძვრები არ მოხდება, სანამ აფხაზები არ გააცნობიერებენ იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის გაწირვაა საჭირო (ასოცირებული სუბიექტის სახით), მანამ ამ მიმართულებით ვერც ერთი ადამიანი და ვერც ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს", - ამბობს მიხეილ ალექსანდროვი.





„მოსკოვსკიი კომსომოლეცი" (რუსეთი), 26 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.mk.ru/politics/2014/08/25/prezidentom-abkhazii-stal-sosluzhivec-putin.html

 

 

აფხაზეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კოლეგა აირჩიეს

 

 

 „როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის პრეზიდენტად პირველსავე ტურში რაულ ხაჯინბა აირჩიეს", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი მარინა პერევოზკინა).



„მას  გზა დიდ პოლიტიკაში აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ დაულოცა. როცა რაულ ხაჯინბა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მასზე ცოტა რამ იყო ცნობილი. მახსოვს, სოხუმში სარედაქციო მივლინების დროს ერთ-ერთმა იქაურმა ნაცნობმა ჟურნალისტმა მითხრა, მას „კარგი ბიჭის" ქარიზმა აქვსო. „კარგმა ბიჭმა" მებრძოლის ხასიათი მალე გამოამჟღვანა: 2004 წელს პრეზიდენტობა სერგეი ბაღაფშს კი დაუთმო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიოდა. თანდატან რაულ ხაჯინბა აღიარებულ პოლიტიკოსად იქცა.



ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რაულ ხაჯინბაზე კომპრომატი პრაქტიკულად არ არსებობს. აფხაზეთში ყველა პოლიტიკოსის შესახებ სიამოვნებით მოგიყვებიან, როგორ როდის და რამდენი ფული ჩაიჯიბა, მაგრამ ყველაზე საშინელი კომპრომატი, რაც ხაჯინბას წაუყენეს,  ის იყო, რომ მას თურმე ომის დროს თავის სახლში ქართველი „კაგებეშნიკი", თავისი კოლეგა შეუფარებია და გადაურჩენია. თუმცა ეს ფაქტი სწორედ მის წესიერებაზე და დიდსულოვნებაზე მეტყველებს, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ამის გაკეთება ხიფათთან იყო დაკავშირებული.



რაულ ხაჯინბას მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ იგი აფხაზი ნაციონალისტიაო, თუმცა ჩემი დაკვირვებით (მე მასთან საკმაოდ ბევრი მისაუბრია და ბევრი ინტერვიუ მაქვს აღებული), ხმები მის ნაციონალისტობაზე ძალიან გადაჭარბებულია. მჯერა, რომ რაულ ხაჯინბას პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზურ-რუსულ ურთიერთობას არაფერი დაემუქრება. მით უმეტეს, რომ საბჭოთა „კაგებეს" სკოლის კურსდამთავრებული ნამდვილი ნაციონალისტი არ იქნება. და თუ იგი მოახერხებს ადგილობრივი და რუსი კორუფციონერების მოთოკვას, ამით სოხუმ-მოსკოვის ურთიერთობა უფრო გაუმჯობესდება", - წერს მარინა პერევოზკინა.






„ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 26 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.ng.ru/cis/2014-08-26/6_abhazia.html

 

 

აფხაზეთის პრეზიდენტის ამოცანები

 

 

„აფხაზეთის ახლად არჩეული რიგით მეოთხე პრეზიდენტის წინაშე რთული ამოცანები დგას", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი იური სიმონიანი).



„პირველ რიგში რაულ ხაჯინბას აფხაზური ელიტის გაერთიანება მოუწევს, რომელიც ჯერ კიევ ორ დიდ ჯგუფადაა დაყოფილი - წინა პრეზიდენტების ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბარაფშის მომხრეებად; მეორე - პრეზიდენტმა სახელისუფლო რეფორმები უნდა განახორციელოს და თავისი უფლებამოსილება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას უნდა გადაუნაწილოს. ამის გაკეთება ოპერატიულადაა საჭირო, რადგან მისი წინამორბედი ალექსანდრე ანქვაბი სწორედ ამგვარი ავტორიტარულობის გამო დაამხეს; მესამე - ახალმა პრეზიდენტმა თავის ირგვლივ პროფესიონალები და საქმის მცოდნე სპეციალისტები უნდა შემოიკრიბოს, რათა ეკონომიკაში წესრიგი დაამყაროს და ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიოს. რუსეთი აფხაზეთს კი ეხმარება, მაგრამ რადგანაც ეფექტი არ ჩანს და დახმარებაც მცირდება, ადგილობრივი რესურსების მობილიზება აუცილებელი ხდება.

გადასაწყვეტია აგრეთვე გარანტიების საკითხი პოტენციური ინვესტორებისათვის. ფაქტია, რომ არაღიარებულ აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რთულია, აქ მხოლოდ რუსული და ნაწილობრივ თურქული კაპიტალი დომინირებს, თუმცა ეს უკანასკნელიც, პოლიტიკური მიზეზების გამო, შეზღუდულია. ეკონომიკაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის აღორძინებას. ამ კონტექტში მოსაგვარებელი მიწის კუთვნილების საკითხი: დღევანდელი კანონმდებლობა უცხოელთა მიწათმფლობელობას კრძალავს. შეზღუდავს თუ არა რაულ ხაჯინბა „აფხაზი ლატიფუნდისტების" ინტერესებს?



როგორც პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი ამბობს ავტორთან საუბარში, „იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაულ ხაჯინბა ძლიერი პრეზიდენტი იქნება, მას სახალხო მხარდაჭერაც აქვს და შესაბამისად, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია".






„იზვესტია" (რუსეთი), 26 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://izvestia.ru/news/575759

 

 

ინტერვიუ რაულ ხაჯინბასთან: „წინა ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი მასალები პროკურატურას გადაეცემა"

 

 

ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა გაზეთის კორესპონდენტის კონსტანტინე ვოლკოვის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდებს:



„აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის მარეგულირებელი ახალი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება გაფორმებული. მასში აისახება უსაფრთხოების, საზღვრების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა საკითხები. სიტყვაში „უსაფრთხოება" იგულისხმება როგორც მისი საერთო არსი, ასევე საქართველოსთან დამოკიდებულებაც, რადგან ორივე ერთმანეთთან კავშირშია....



კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ განზრახული გვაქვს ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მავნე მოვლენის მინიმიზებას. დღის წესრიგშია აგრეთვე წინა ხელისუფლების დროს რუსეთისაგან მიღებული ფინანსური დახმარების კანონიერი და ეფექტური გამოყენების საკითხის შესწავლაც. მასალების ნაწილი უკვე შეკრებილი გვაქვს, ისინი გენპროკურატურას გადავეცით. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ...



ეკონომიკურ სფეროში ბევრი რეფორმის გატარება შეიძლება საჭირო არც იყოს. უბრალოდ, პრიორიტეტი ტურისტულ სფეროს და სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მივანიჭოთ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ დარგებში დაკავებულ ბიზნესმენებს., მათ სტიმული და გარანტიები უნდა მივცეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ რეფორმებს, აუცილებელი ხელისუფლების შტოებს შორის დღეს არსებული ბალანსის შეცვლა. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი პარლამენტს უნდა გადაეცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უპირატესობა დაკარგოს...



აფხაზეთმა რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი საქართველოზეა - როდის იქნება თბილისი თავის დასავლელ მეგობრებთან ერთად ამ თემაზე საუბრისათვის...



აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა - ეს ორი მეგობრული სახელმწიფოსა და სტატეგიული პარტნიორების ურთიერთობაა. შეიძლება ჩვენ რაიმე დიდ რესურსებს არ ვფლობთ, მაგრამ აფხაზეთის სტრატეგიული მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია".




შენიშვნა: აფხაზეთის თემაზე სტატიები გამოქვეყნებულია აგრეთვე რუსულ „კრასნაია ზვეზდაში" (სათაურით „აფხაზეთს ოპოზიცია უხელმძღვანელებს"), აგრეთვე „ვედომოსტში" (სათაურით „პრეზიდენტი მეოთხე მცდელობით").

 

 

 

 


„ეხო" (აზერბაიჯანი), 26 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.echo.az/article.php?aid=69730

 

 

სიცრუეა თუ სიმართლე? „ანაკლია ენერჯი" სომხეთში გაზის ელექტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს?

 

 

ჯამილია ალეკპეროვა

 

 

(შემოკლებით)

 

 

სომხური მასმედიის ინფორმაციით, გასულ კვირას გამართულ სომხეთის მთავრობის სხდომაზე გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობის  საკითხი განიხილეს. როგორც ირკვევა, ეს ენერგეტიკული ობიექტი ამჟამად [მეწამორთან ახლოს] მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე უფრო მძლავრი იქნება, ხოლო მის მშენებლობას კომპანია „ანაკლია ენერჯი" დააფინანსებს - 600 მილიონი დოლარით. გამომუშავებული ენერგიის ექსპორტსაც იგივე კომპანია განახორციელებს.



ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ანაკლია ქართული ქალაქია, შავი ზღვის ნავსადგური, მაგრამ თვით კომპანიაზე ძალიან მცირე მონაცემები არსებობს. ამ ფონზე მზარდ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს განხილული იყო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების მოდერნიზებისა და ახლების მშენებლობის საკითხიც.



სომხური მასმედიის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტმა ოქტაი ახვერდიევმა „ეხოს" კორესპონდენტს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს: „სომხები ძალიან ხშირად სასურველს სინამდვილედ ასაღებენ ხოლმე. ალბათ, სწორედ ამიტომაც გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ერევნის გაზეთებში ასეთი ინფორმაცია. არადა, მსგავსი რამ შეუძლებელია, რადგან საქართველოს ასეთი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია: ჩვენი მეზობლის საგარეო ვალი თითქმის ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას გაუტოლდა. უბრალოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტის ჩარჩოებში რაღაც დადებითი განცხადების გაკეთება დაჭირდა. მე არ ვფიქრობ, რომ ქართული მხარე როდისმე შეძლებს ასეთი დიდი თანხის ინვესტირებას სომხეთის ეკონომიკაში. ქართველებს რომ ფული ჰქონდეთ, ისინი ამ ფულს თავიანთ ეკონომიკის აღორძინებას მოახმარდნენ. მათ უკვე ისესხეს თანხა ბევრი ქვეყნისგან, მათ შორის აზერბაიჯანისგან. შესაძლოა სომხები გაზის ელექტროსადგურის აშენებას იმ ფულით აპირებენ, რომელიც მათ რუსეთმა მისცა ორი წლის წინათ ატომური ელექტროსადგურის დამატებითი ორი ბლოკის მშენებლობისათვის".



ამრიგად, ოქტაი ახვერდიევის თქმით, „სომხური მასმედიის ინფორმაცია სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, მაგრამ მათი სიცრუე უნდა გამოვაჟღავნოთ და პასუხი უნდა გავცეთ. ადრე არსებობდა სომხური რადიო, რომელიც მხოლოდ ანეგდოტებით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, სომხებმა ახლაც იგივე ტაქტიკით მოქმედება აირჩიეს".










(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016