«Basler Zeitung» (შვეიცარია), 30 აგვისტო, 2014 წელი
http://bazonline.ch/ausland/europa/Der-Krieg-im-Osten-hat-erst-begonnen/story/22256298
„ომი აღმოსავლეთში მხოლოდ ახლა იწყება"
ინტერვიუ მიხეილ სვიმონიშვილთან, რომელსაც თავისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება სურს და ამბობს, რომ უკრაინა ევროპამ და ამერიკამ მიატოვა
შვეიცარიულ გაზეთ «Basler Zeitung-ში (იბეჭდება ქალაქ ბაზელში) გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს სოფლის მეურნების ექს-მინისტრი, გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის ექს-რწმუნებული მიხეილ სვიმონიშვილი საუბრობს უკრაინის დრამატულ მოვლენებზე, რუსეთის დესტრუქციულ როლზე, საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ნატოში გაწევრიანებაზე...
გთავაზობთ ამონარიდებს:
შეკითხვა: დასავლეთში, მაგალითად, გერმანიაში, ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისია საჭირო. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის მოვლენები რუსეთის რეაქციაა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე?
მიხეილ სვიმონიშვილი: 2008 წელს მსოფლიო ფიქრობდა, რომ [სამხრეთ ოსეთში] სამხედრო მოქმედება საქართველომ დაიწყო. ეს რომ სიმართლე არაა, უკრაინის მოვლენებმაც დაადასტურა. ისევე როგორც ჩვენთან, უკრაინაშიც რუსეთი საბაბს ეძებდა თავდასხმისათვის. ჩვენი არმია მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომაც სულელები უნდა ვყოფილიყავით, რომ რუსეთთან კონფლიქტი დაგვეწყო. მიმაჩნია, რომ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის მოხსენება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს [თითქოსდა შეტევა საქართველომ დაიწყოო], არასწორია. ამ მოხსენებით ევროკავშირმა მხოლოდ თავი გაიმართლა რუსეთის წინაშე.
შეკითხვა: დღეს საქართველოს ორი ავტონომიური რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თბილისს არარ ექვემდებარება, მოსკოვმა ორივე დამოუკიდებლად აღიარა. ფაქტიურად ისინი რუსეთის სატელიტები არიან. როგორ მიგაჩნიათ, საქართველოს უახლოეს მომავალში შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
მიხეილ სვიმონიშვილი: ამ პრობლემაზე მოლაპარაკება უკვე 5 წელია ჟენევაში მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის. სამხედრო გზით, რასაკვირველია, ჩვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა დიპლომატიურად გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ: რუსეთის მხრიდან აღიარების მიუხედავად, ნიკარაგუისა და ვენესუელის გარდა, აფხაზ და ოს სეპარატისტებს სხვა სახელმწიფოები დამოუკიდებლად არ სცნობენ. ჩვენ ამ ავტონომიებს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალისხმევით დავიბრუნებთ. მათთვის საქართველოში ყოფნა უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე რუსეთზე დამოკიდებულება.
შეკითხვა: რუსეთმა საქართველოს კონფლიქტის დროს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რუსეთის ბაზაზრზე ქართული ღვინო აღარ შედიოდა. რა ზიანი მიაყენა ემბარგომ ქართულ ეკონომიკას?
მიხეილ სვიმონიშვილი: ეკონომიკურად დღეს ჩვენ რუსეთზე დამოკიდებულნი აღარ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ემბარგო ჩვენ ახალი ბაზრების ძიებაში დაგვეხმარა. მართალია, უკვე წელიწადნახევარია, რაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო კვლავ შედის, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობა მიხვდა - საქართველოს მუხლებზე ვერ დააჩოქებს. რაც შეეხება ენერგოშემცველების იმპორტს, ამ შემთხვევაშიც, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებული აღარ არის - ბუნებრივ გაზს ჩვენ აზერბაიჯანისაგან ვღებულობთ. რადგანაც გაზსადენი საქართველოზე გადის, ჩვენ აზერბაიჯანული საექსპორტო გაზის 5%-ს ვღებულობთ ტრანზიტის გამო.
შეკითხვა: თქვენს ქვეყანას ნატოში და ევროკავშირში გაწეევრიანება სურს. როგორ რეაგირებს ამაზე რუსეთი?
მიხეილ სვიმონიშვილი: ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რუსეთმა ეს ცნობად მიიღო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ვფიქრობთ, რომ საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. რადგან ნატო დამოუკიდებლობის დაცვაში მხარს გვიჭერს, რასაკვირველია, ჩვენ მასში გაწევრიანება გვსურს. უკეთესია ეს დღეს მოხდეს, ვიდრე ხვალ. ცხადია, თვითონ ნატო გადაწყვეტს, სურს თუ არა მას ჩვენი მიღება. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ შვეიცარიის მოდელი უფრო მისაღებია, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება.
შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, გერმანელები და ფრანგები იბრძოლებენ საქართველოს თავისუფლებისათვის?
მიხეილ სვიმონიშვილი: ამის პროგნოზირება არავის შეუძლია, მე ერთში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ჯერ კარგად დაფიქრდება, სანამ ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმება. ამიტომაც ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს.
შეკითხვა: როგორი სიტუაციაა დღეს კავკასიაში? აქვს თუ არა კარგი ურთიერთობა საქართველოს თავის მეზობლებთან?
მიხეილ სვიმონიშვილი: კავკასიაში კვლავ კონფლიქტური სიტუაციაა, უპირველესად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ერთმანეთს მთიანი ყარაბაღისთვის ებრძვიან, თანაც აქ ერთი საინტრეესო მომენტი იკვეთება: ღარიბი სომხეთი მთლიანად რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და გაზითაა მდიდარი. ბაქოს აქვს გეგმები, რომ თავისი გაზი მილსადენ „ნაბუკოს" მეშვეობით, ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით, თურქეთის ტერიტორიით გაიტანოს. რუსეთს, ბუნებრივია, კონკურენტი არ სურს, რადგან ევროპას ფასებს ვეღარ უკარნახებს, [ამიტომაც გაზსადენის პროექტის რეალიზებას ხელს უშლის]. საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს სამივე მეზობელთან - როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან.
შეკითხვა: თქვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობდით, 2004 წლიდან. ცხრა წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ბევრი ქართველი საყვედურობს იმის გამო, რომ იგი ქვეყანას უფრო ავტორიტარული სტილით მართავდა, ვიდრე მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც თავის დროზე თვითონ სააკაშვილიც იმავე მიზეზით აკრიტიკებდა. როგორ მიგაჩნიათ დღევანდელი გადასახედიდან მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა?
მიხეილ სვიმონიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ მისი წარმატებების სია უფრო გრძელია: საქართველო ამჟამად სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გამონაკლისს წარმოადგენს. კორუფცია ფაქტიურად აღარ არის, ჩვენმა ბანკებმა 2008 წლის ფინანსური კრიზისი ზარალის გარეშე გადაიტანეს და ეს მაშინ, როცა ჩვენთან ომი იყო. სახელმწიფო სტრუქტურები ნორმალურად მუშაობენ: 2013 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოუდგენელია. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად ძალიან კარგია: მართალია, ნავთობი და გაზი არ გვაქვს, სამაგიეროდ საზღვარგარეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაგვაქვს, კონცენტრატები და სხვა ნედლეული. რასაკვირველია, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ადამიანებს წინ მრავალრიცხოვანი ინოვაციური შესაძლებლობები ელოდებათ.
„კომერსანტი" (რუსეთი), 30 აგვისტო, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2556650?isSearch=True~
ირაკლი ალასანიას პარიზული ვიზიტის შედეგები: საქართველო „მაპ"-ს ვერ მიიღებს, მაგრამ ნატოსთან თანამშრომლობა განმტკიცდება
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარიზული ვოიაჟის შედეგები (ავტორი გიორგი დვალი).
„ირაკლი ალასანია პარიზში ვიზიტის დროს თავის ფრანგ კოლეგას ჟანივ ლე-დრიანს შეხვდა. მან ქართველი სტუმარი დაარწმუნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ბილისის ნატოსაკენ სწრაფვას, თუმცა მიანიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, რომელიც 4-5 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, უელსის ქალაქ ნიუპორტში უნდა გაიმართოს, საქართველო „ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას" („მაპ"-ს) ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მას მისცემენ „მაპ"-ის ალტერნატივას - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს".
„საფრანგეთი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ნატოსაკენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟანივ ლე-დრიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე. მან დააზუსტა, რომ პარიზის მხარდაჭერა გამოიხატება ქართული შეირაღებული ძალების აღჭურვაში - „ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით". ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მას ფრანგმა კოლეგამ მადლობა გადაუხადა „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობის გამო". „ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება", - ხაზი გაუსვა ირაკლი ალასანიამ.
პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასთან დაკავშირებულ მომენტებს, საფრანგეთის უარყოფით პოზიციას საქართველოს ნატოში მიღებაზე.
„ნატოში გაწევრიანების აშკარა პერსპექტივა საქართველოს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე გაუჩნდა, მაგრამ მაშინ საფრანგეთისა და გერმანიის უარყოფითი პოზიციის გამო თბილისმა „მაპ"-ი ვერ მიიღო. ამასთან, სამიტის მონაწილეებმა საქართველოს მტკიცედ აღუთქვეს, რომ მომავალში მას ნატოში აუცილებლად მიიღებდნენ. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა. ალიანსის ბოლო სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში 2012 წელს გაიმართა, მხოლოდ ბუნდოვნად გაცხადდა, რომ თბილისისთვის ნატოს კარი ღიაა", - ნათქვამია სტატიაში.
„იტარ-ტასსი" (რუსეთი), 30 აგვისტო, 2014 წელი
http://itar-tass.com/opinions/interviews/2249?amp;utm_medium=podpiski
ინტერვიუ რაულ ხაჯინბასთან: „მინდა, რომ საქართველომ საბოლოოდ გააცნობიეროს: აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა რეალური ფაქტია"
ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუში აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა მრავალ საკითხზე საუბრობს, მათ შორის აფხაზეთის ეკონომიკის პერსპექტივებზე, რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობებზე...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„ინაუგურაცია 25 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება პრეზიდენტის რანგში ჩემს პირველ ვიზიტს რუსეთში: ჩვენთვის, პატარა ქვეყნისათვის, ყველაზე მთავარი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის განვითარება და გაღრმავება. ახალი ხელშეკრულების მომზადების თვალსაზრისით ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ყველა საკითხი წლის ბოლომდე მოვაგვაროთ და ეს ნამდვილად ასეც იქნება. ახალ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ის საერთაშორისო სირთულეები, რომლებიც ბოლო ხანებში აფხაზეთისა და რუსეთის წინაშე წამოიჭრა - საქართველოსთან, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტში. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები უფრო ზუსტად იყოს გამოკვეთილი, აგრეთვე აფხაზეთის საზღვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები... განახლება - ეს ბუნებრივი პროცესია. ყველა შეთანხმება გარკვეული დროის შემდეგ გადახედვას საჭიროებს, ახალი რეალიებისა გათვალისწინებით.
კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნით ვცდილობთ უსაფრთხოების საკითხები მოვაგვაროთ. ჩვენ გვყავს საკუთარი შეირაღებული ძალები, აქ არის რუსეთის სამხედრო ბაზაც. საჭიროა მოქმედების კოორდინაცია და, შესაბამისად, სამხედრო ძალების გაერთიანებული სარდლობით უზრუნველყოფა. ვფიქრობ, რომ ამაში რუსული მხარეც დაინტერესებულია.
ამჟამად რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ორივე მხარის მოთხოვნებს. საქართველოსთან საზღვარზე ხუთი პუნქტია, რასაც სიტუაციაში არევ-დარევა შეაქვს. მოსახლეობა ხშირად არღვევს სასაზღვრო რეჯიმს, ამიტომაც აუცილებელი ადამიანტა მიმოსვლის მკაცრი გაკონტროლება.. რასაკვირველია, მიმოსვლას მთლიანად ვერ ავკრძალავთ, რადგან ხალხს ერთამენთთან ნათესაური კავშირები აქვთ, მგრამ კონტროლი გაძლიერდება. სამომავლოდ საზღვარზე გადასასვლელების რაოდენობაც შემცირდება, შეიქმნება ერთიანი გამშვები ცენტრი.
რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, დღეს ამ მიზანს მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკება ემსახურება, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი საკთხები იხილება. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ არის და მხოლოდ ცარიელი ფრაზები გვესმის. მინდა, რომ საქართველომ საბოლოოდ გააცნობიეროს: აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა რეალური ფაქტია. საქართველომ უნდა აღიაროს ეს ფაქტი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალია არგამოყენების შესახებ. აი, მასინ უკვე ჩვენი ურთიერთობა უფრო პოზიტიურად განვითარდება. გვესმის, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია და აქედან ვერსად ვერ წავალთ, იძულებულნი ვართ ერთად ვიცხოვროთ და ამისათვის რაღაც ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს, რაც საფრთხეებს და მუქარებს მინიმუმამდე შეამცირებს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთი, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რეგიონში თავისი მშვიდობისმყოფლების არსებობით.
„რადიო „რუსსკაია სლუჟბა ნოვოსტეი" (რუსეთი), 29 აგვისტო, 2014 წელი
http://nsn.fm/policy/ekspert-abkhaziya-uzhe-davno-v-voennom-konture-rossii.php
„სოხუმი და მოსკოვი ერთმანეთს მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე უახლოვდებიან - ვლადიმერ პუტინიც და რაულ ხაჯინბაც ორივე „კაგებეშნიკები" არიან"
რადიოინტერვიუში პოლიტოლოგმა რუსლან მარტაგოვმა კომენტარი გაუკეთა ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯინბას შეხვედრას და აღნიშნა, რომ ურთიერთკომპლიმენტების გარდა, რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების განცხადებაში ახალი არაფერი არ არის:
„სოხუმი და მოსკოვი ერთმანეთს მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე უახლოვდებიან - ვლადიმერ პუტინიც და რაულ ხაჯინბაც ორივე „კაგებეშნიკები" არიან. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ მათი ამასწინანდელი შეხვედრა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს. ვერ ვხედავ სიღრმულ დაინტერესებას იმაში, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი გახდება. რაც შეეხება აფხაზეთის თავდაცვის გარე კონტურს, აქაც ახალი არაფერია: მას ისედაც რუსეთი უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ თვითონ აფხაზეთს არავითარი ძალა არ აქვს, საქართველოს კონტური რომ მაინც დაიცვას", - განაცხადა რუსლან მარტაგოვმა.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)