„კომერსანტი" (რუსეთი), 1 სექტემბერი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2557245
ექს-პრეზიდეტმა ხელისუფლებას საზღვრიდან დაარტყა
საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არ შეუძლია
გიორგი დვალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც სამშობლოში სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, თავის მხარდამჭერებს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შეხვდა, რომლის დროსაც მან ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა. ქართველმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ექს-მეთაურის დაკავება ვერ შეძლეს, რადგან იგი საზღვრის იქით მხარეს, თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მაგრამ პირობა დადეს, რომ სულ მალე მიხეილ სააკაშვილის გვარ-სახელი ინტერპოლით მიერ ძებნილი ყველაზე ცნობილი პერსონების „წითელ ცირკულიარში" აღმოჩნდება.
მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ეროვნული მოძრაობის" ლიდერებთან სოფელ სარფის ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის „ნაციონალი" წევრები, კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, აჭარის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე და იუსტიციის მინისტრი ექს-მოადგილე გიორგი ჯოხაძე.
„მე ოჯახთან ერთად თურქეთში ვიმყოფები დასასვენებლად და გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა და გასაუბრება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ სწრაფად გადავიდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკაზე, - „ის, რაც ახლა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხდება, მთელ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის სიმბოლოა. ჩვენ თავის დროზე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ აქ არავითარი რიგები არ ყოფილიყო", - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა და გაიხსენა, რომ მან „სარფის საბაჟოს შემადგენლობა, საზღვარზე რიგებისა და ზედმეტი გადასახადების გამო, თანამშრომელთა დასჯის მიზნით, რამდენჯერმე შეცვალა". საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვითარება და დაიჩივლა, რომ ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ბათუმში არცერთი მსხვილი პროექტი აღარ განხორციელებულა". ექს-პრეზიდენტმა მოუწოდა „ხელისუფლებაში არსებულ საღად მოაზროვნე ადამიანებს" ასეთი ვითარება გააპროტესტონ.
თანამოაზრეებთან „თათბირის" შემდეგ, რომელიც ერთ საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა პირადად გასაუბრებოდა ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის მხარეს საზღვარზე იყვნენ გადასულნი. ბევრი მას აპლოდისმენტებით მიესალმა და ხვევნა-კოცნით შეხვდა, თან ამტკიცებდნენ, რომ „მისი მმართველობის დროს საქართველო ვითარდებოდა, ახლა კი უღიმღამო სიტუაციაა, ყველაფერი გაჩერებულია".
ტელეკომპანია „რუსთავი-2"-მა, რომლის მფლობელები მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები არიან, ყოველივე ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმის" რეჟიმში ვრცელი სიუჟეტი გადასცა. რეზონანსი იმდენად გამაყრუებელი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას საზოგადოებისათვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუწია: რატომ არ იქნა დაპატიმრებული სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მყოფი ექს-პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული - ორი „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების" მუხლით და ერთი - „სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის" მუხლით.
„მიხეილ სააკაშვილზე ჯერ-ჯერობით შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული", - განმარტა გენპროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა და დაამატა, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიხეილ სააკაშვილის ძებნა ინტერპოლის „წითელი ცირკულიარითაც" გამოცხადდესო", თუმცა, როგორც ჩანს, ამ ძალისხმევას ჯერ-ჯერობით სასურველი შედეგი არ გამოუღია. ასე რომ, სანამ ინტერპოლი მიხეილ სააკაშვილს „უპირატესად ძებნილ პირად" არ შერაცხავს, მანამ ექს-პრეზიდენტს მსოფლიოში გადაადგილება თავისუფლად შეუძლია.
„წითელ ცირკულიარში" მიხეილ სააკაშვილის შეყვანა არც ისე იოლი საქმეა. ამისათვის სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო", - განმარტა პარლამენტის უმრავლესობის (კოალიცია „ქართული ოცნების") წევრმა ვიქტორ დოლიძემ. საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ"-ის ექსპერტმა დავით ავალიშვილმა კი „კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილს ვერავინ დააპატიმრებს და ვერც მის ექსტრადირებას ვერ მოახდენენ, რადგან დასავლეთში ექს-პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მიიჩნევენ. მიხეილ სააკაშვილს ეს ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც იგი მსგავს სპექტაკლებს კიდევ მოაწყობს, ხელისუფლებას თავისი დაბრუნებით და წესრიგის აღდგენით დაემუქრება".
„ოგონიოკი" (რუსეთი), 1 სექტემბერი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2543553?isSearch=True
ბზარი აფხაზურ საზოგადოებაში
სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება: საზოგადოებაში განხეთქილებაა (ავტორი ოლღა ალენოვა).
„აფხაზეთის უძველეს სოფელ ლიხნში ერთი მართლმადიდებლური ეკლესია დგას, რომელიც წარმართული ტაძრის ადგილზეა აშენებული. აქ სალოცავად მოდიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ისინიც, რომლებიც პატივს სცემენ აფხაზურ ტრადიციულ რწმენას და ადათებს. ქურუმი სერგეი შაკრილი ყველასთვის საპატივსაცემო ადამიანია. იგი ამბობს, რომ ძველ აფხაზურ რწმენებში ერთმანეთთანაა გაერთიანებული რელიგია, ტრადიციები, კულტურა, ლეგენდები... სწორედ ამაშია აფხაზეთის განსაკუთრებულობა - აქ შეუთავსებლობის შეთავსებას ახერხებენ. ცდილობენ წინ ისე იარონ, რომ მარავალსაუკუნოვანი კულტურის მარაგი არ დაკარგონ, თუმცა ასე ყოველთვის ვერ ხერხდება. 1990-ანი წლების ომმა აფხაზების ცხოვრების წესს დიდი დარტყმა მიაყენა: ბლოკადამ, ადამიანთა მსხვერპლმა, ნგრევამ და სიძულვილმა სტუმართმოყვარე მთიელთა ტრადიციებში ბზარები შეიტანა. მთიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქებში გადავიდა, სოფლები დაცარიელდა, შეიცვალა ხალხის მენტალიტეტი, ქალაქებში ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ... ნათლიმამობა, კორუფცია, ძვირადღირებული ავტომანქანების დემონსტრაცია, ზედმეტი სიამაყე და ამპარტავნობა, შური და გაუტანლობა, ძალაუფლების სიყვარული - ეს ყველაფერი იმ მძიმე ავადმყოფობის სიმპტომებია, რითაც აფხაზი ხალხია დაავადებული", - ნათქვამია სტატიაში.
„სერგეი შაკრილი ისეთი ადამიანია, რომელიც აფხაზურ უძველეს კულტურას და ტრადიციებს განასახიერებს. „სანამ რაიმეს გაკეთება გსურს, ჯერ იფიქრე. თავსლაფის დასხმა იოლია, სირცხვილის ჩამორეცხვა კი ძნელი, ზოგჯერ ეს მთელი ცხოვრება გაგყვება", - ამბობს ქურუმი. „ალექსანდრე ანქვაბი ცუდი კაცი არ იყო. მახსოვს, ავად რომ გავხდი, საავადმყოფოში მომაკითხა და შეუმჩნევლად ბალიშის ქვეშ ფული დამიტოვა... მაგრამ მას რთული ხასიათი აქვს, ვერ შეძლო ხალხთან საერთო ენის გამონახვა, მოსახლეობას კი მასთან საუბარი სურდა. ჩვენთან პრეზიდენტი ვალდებულია ყველას დაელაპარაკოს".
აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების აშკარა ნიშნები მაისის თვეში მომხდარი მოვლენების დროს გაჩნდა - ზოგი აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბის ერთგული დარჩა, ზოგი კი ოპოზიციას მიემხრო. სხვათა შორის, იმ დღეებში სოფელ ლიხნში საუკუნოვან ცაცხვს მეხი დაეცა და ორად გააპო. ბევრმა ეს უბედურების მაუწყებლად ჩათვალა. ალექსანდრე ანქვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რომელსაც ბრალდება წაუყენეს - გალის რიონში მცხოვრები ქართველების ხმებით უკანონოდ ისარგებლა, მათი პასპორტები კანონმდებლობის დარღვევით იყო გაცემული და ხმები ისე მიიღოო. საბოლოო ჯამში, ქართველებს საარჩევნო ხმის უფლება ჩამოართვეს.
ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯინბამ გაიმარჯვა, რომელსაც ახლა ქართველების დამშვიდება მოუწევს. ბევრს ესმის, რომ თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვანი სასაზღვრო რაიონის ინტეგრირებას აფხაზურ საზოგადოებაში, მაშინ აფხაზეთი ტერიტორიულად გაიყოფა. არადა, ამ რაიონის მოსახლეობისათვის ხმის მიცემის ჩამორთმევა რესპუბლიკის იმიჯს ისედაც ზიანს აყენებს. როგორც აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ასლან თხაკუშევი ამბობს, „ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გაიძახის, აფხაზები საკუთარ სამშობლოში მხოლოდ 17 პროცენტიღა დარჩაო, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. აფხაზური საზოგადოება თანდათან ღია საზოგადოება ხდება. აფხაზებმა ისეთი რამ გააკეთეს, რის მაგალითსაც მსოფლიოში ვერსად ვერ იპოვით: დღეს აღმოსავლეთ რაიონებში 60-70 ათასი ქართველი ცხოვრობს. თუ გავითავლისწინებთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სულ 250 ათასი მოცხოვრებია, საყვედურებს ამ საკითხში არ ვიმსახურებთ".
გალის რაიონის იტეგრაციის გარდა ახალი პრეზიდენტის წინაშე კიდევ ერთი რთული საკითხი დგას: მან საზოგადოება უნდა გააერთიანოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ახალი ვადამდელი არჩევნები კიდევ ჩატარდება. იქნებ მართლაც შემთხვევით არ დაცემია მეხი ლიხნის მრავალწლოვან ცაცხვის ხეს? თუმცა სერგეი შაკრილს ადამიანთა სიბრძნისა სჯერა და ამბობს, რომ „ხალხი ყველაფერში თვითონ გაერკვევა, ცუდ ნიშნებზე კი ყურადღების გამახვილება არ ღირს".
„სი-ბი-ეს ნიუს" (აშშ), 31 აგვისტო, 2014 წელი
http://www.cbsnews.com/news/how-to-live-to-be-100-60-minutes/
როგორ უნდა იცხოვრო, რომ 100 წლის გახდე
1975 წელს ამერიკელი ჟურნალისტი მორლი საფერი აფხაზეთს ეწვია, სადაც 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ღვინოს სვამენ, ხორცს ჭამენ და თუთუნს ეწევიან
ამერიკული ტელეკომპანია „სი-ბი-ეს ნიუს"-ის პოპულარულ გადაცემა „60 წუთში" აფხაზი ხანდაზმულების შესახებ 35 წლის წინათ, საბჭოთა საქართველოში 1975 წელს მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის მორლი საფერის მიერ ჩაწერილი ვიდეოსიუჟეტი ჩვენება გაიმეორეს. გთავაზობთ მოკლე შინაარსს:
„ამ კვირაში „60 წუთის" ავტორი ლესლი შტალი სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც 90 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ცხოვრობენ. ჟურნალისტმა ზოგიერთი საიდუმლო გაიგო: ალკოჰოლის მცირე დოზა სიკვდილის რისკს ამცირებს და სიცოცხლეს აგრძელებს. თუმცა ეს ახალი აღმოჩენა არ არის მათთვის, ვისაც მორლი საფერის 1975 წლის „60 წუთის" სიუჟეტი ახსოვს, აფხაზ ხანდაზმულთა შესახებ.
აფხაზეთის ნაყოფიერ ხეობებში, რომელიც რუსეთის სამხრეთში მდებარეობს, 100 წელზე მეტი ასაკის ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ისინი საკმაოდ ბევრ ალკოჰოლს სვამენ, რაც, აშკარაა, მათი სიცოცხლის ხანგრძილივობაზე დადებით გავლენას ახდენს. ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ ღვინის მცირე რაოდენობით სმა მათ ავადმყოფობისაგან იცავს.
რა თქმა უნდა, ღვინის სმას თავისი წესი აქვს, რაც აფხაზებმა კარგად იციან. საბჭოთა კავშირის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, 135 წლის აფხაზი ხფაფ ლასურია დღეში რამდენიმე ჭიქა ღვინოს სვამს, ხორცს ჭამს, თუთუნსაც კარგად აბოლებს და საერთოდ, ყველა ქეიფში მონაწილეობს.
ცხადია, ალკოჰოლის გარდა ამ რეგიონში მცხოვრებთა საოცარ ხანდაზმულობას სხვა მიზეზიც აქვს: ისინი ყოველდღიურ ფიზიკურ შრომას ეწევიან, შინაურ პირუტყვს უვლიან... და ცდილობენ, რომ ცხოვრება ნერვიულობის გარეშე გაატარონ. როგორც ექიმები ამბობენ, აფხაზებისათვის იშვიათია ხმამაღალი საუბარი, ემოციების მწვავედ გამოხატვა, მათი ოჯახები მტკიცეადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ცხოვრების ასეთმა წესმა აფხაზი ხანდაზმულები „გაახალგაზრდავა".
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)