reportiori.ge - „როსსიისკაია გაზეტა”: NATO-ს სამიტი და იმედგაცრუებული საქართველო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:16
პრეს-დაიჯესტი
„როსსიისკაია გაზეტა”: NATO-ს სამიტი და იმედგაცრუებული საქართველო
ავტორი:
02 სექტემბერი, 2014. 13:13


„როსსიისკაია გაზეტა" (რუსეთი), 2 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.rg.ru/2014/09/01/sammit-site.html

 

 

ნატოს სამიტი და იმედგაცრუებული საქართველო

 

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იმედგამაცრუებელი იქნება მათთვის, ვინც იმედოვნებს, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს. ყოველ შემთხვევაში ასეთი სიგნალები მოდის საქართველოს ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან, რომლებმაც კარგად იციან, თუ რას არ უნდა მოელოდნენ უელსის ფორუმიდან - „ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას", თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არაა დარწმუნებული, კონკრეტულად რას მიიღებს, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი მიხეილ ვიგნანსკი).



ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაპირებული „გაძლიერებული მხარდაჭერის პაკეტი" ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შეთანხმებული. სამიტამდე ერთი დღეღა რჩება და საქართველოს მიმართ ასეთი გაურკვევლობა შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ნატოს წევრები რუსეთითან სამომავლო ურთიერთობის საკითხში ერთსულოვანნი არ არიან.



ინფორმირებული ქართული წყაროების თქმით, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, „ბებერი ევროპას" მანევრირების სივრცის შენარჩუნება სურს. ამას წინათ უკრაინის საკითხზე მინსკში გამართულმა მოლაპარაკებამ ალიანსის რიგ წევრებში ერთგვარი ოპტიმიზმი გააჩინა. თბილისური წყაროები მიუთითებენ, რომ ანტირუსული მიმართულების გამწვავება ყველაზე მეტად გერმანიას არ აწყობს. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია გერმანული ბიზნესის ინტერესები რუსეთში. უკვე ისიცაა ცნობილი, რომ ნატოს სამიტზე არ იქნება განხილული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხიც.



საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან დამოკიდებულებაში პრაგმატულადაა განწყობილი. შესაბამისად, თბილისს არც იმის გადაჭარბებული მოლოდინი აქვს, რომ ნატოს სამიტზე რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს გასაწევრიანებლად, რომელსაც სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე დაპირდნენ - რამდენიმე თვით ადრე სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ კონფლიქტის დაწყებამდე. როგორც  ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, „მაპ"-ის მიღების თემა ჩვენთვის დახურულია, ეს უკვე რეალობაა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ უელსიდან უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები წამოვიღოთ". მისი თქმით, საქართველო როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, უნდა შეეცადოს მაქსიმალური სამხედრო დახმარების მიღებას აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრებისაგან, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.



როგორც „როსსიისკაია გაზეტას" თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, თბილისს იმედი აქვს, რომ უელსის სამიტზე ყირიმის საკითხთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემასაც მოიხსენიებენ. მისი თქმით, ნატოს გაძლიერებული სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაზეც დადებით გავლენას მოახდენს - „რუსული რისკების შემცირების" თვალსაზრისით.



„როსსიისკაია გაზეტას" მონაცემებით, სავარაუდოდ, „გაძლიერებული დახმარების პაკეტით", სხვა ღონისძიებებთან ერთად, განზრახულია საქართველოში ნატოს ოფიცერთა პერსონალის რაოდენობის გაზრდა (ისინი თბილისში მუდმივად იმყოფებიან),  სამხედრო წრთვნების რეგულარული მოწყობა (ქართული არმიისა და ნატოს ქვედანაყოფების ურთიერთშესაბამისობისათვის), თან წრთვნები შედარებით მცირემასშტაბიანი იქნება, რომ მოსკოვის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.



„საქართველოს იმედი აქვს აგრეთვე ნატოსაგან გაფართოებული ტექნიკური დახმარება მიიღოს", - უთხრა „როსსიისკაია გაზეტას" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ადრე საქართველოში ალიანსის საინფორმაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა. როგორც მან აღნიშნა აგრეთვე, ამერიკის ადმინისტრაცია, მიმდინარე საერთაშორისო პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაამწვავებს: იმ დიდი მსხვერპლის მიუხედავად, რაც ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა ავღანეთში განიცადა, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ნატოს თავის ტერიტორია შესთავაზა ავღანეთიდან ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გამოსატანად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის რიგებში მიღების საკითხს კვლავ გაურკვეველი ვადით გადადებს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნატოში სრულ ინტეგრაციისთვის ბალტიისპირა ქვეყნებიც ძველებურად აღარ აქტიურობენ: იქ ახლა თავიანთი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულნი", - აღნიშნულია სტატიაში.






„თუდეი ზამანი" (თურქეთი), 2 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.todayszaman.com/columnist/hasan-kanbolat/a-new-era-in-turkey-abkhazia-relations_357355.html

 

 

თურქეთ-აფხაზეთის ურთიერთობის ახალი პერიოდი

 

 

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში მაისის თვეში მომხდარი სახალხო მღელვარების მიზეზები (პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის კრიტიკა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა), მისი შედეგები (პრეზიდენტის გადადგომა) და აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები - პრეზიდენტად რაულ ხაჯინბას არჩევა (ავტორი ჰასან კანბოლათი).



პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. საერთოდ მიიჩნევა, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზების რაოდენობა ორჯერ სჭარბობს თვით აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის არავითარი ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტები არ არსებობს, ორ სახელმწიფოს არა მარტო  გეოგრაფიული სიახლოვე აკავშირებთ, არამედ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობებიც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ თურქეთისათვის აფხაზეთი მნიშვნელოვანი რეგიონია. პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული რაულ ხაჯინბა ნამდვილად არ ელოდება თურქეთისაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ ის კი ნამდვილად სურს, რომ მხარეებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციები განვითარდეს, ადამიანებს შორის კონტაქტები გაფართოვდეს და ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს. ამ მიზნით მას თურქეთში ჩასვლა და პრეზიდენტს რეჯებ ერდოღანთან მოლაპარაკება სურს, თუნდაც არაოფიციალურად. არის იმედები, რომ ეს შეხვედრა, რომელსაც ბევრი ელოდება, უახლოეს თვეებში განხორცილედება.



2013 წლის განმავლობაში თურქეთ-აფხაზეთის ვაჭრობის დონემ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ცხადია, ეს მონაცემები [აფხაზეთთან ვაჭრობის] ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ასახულია ტვირთების მოძრაობის სტატისტიკაში თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, სოჭის ნავსადგურის მეშვეობით. თურქეთი აფხაზეთიდან იღებს ქვანახშირსა და ხე-ტყეს, ხოლო აფხაზეთი თურქეთიდან - სურსათ-სანოვაგეს, ტექსტილსა და სამშენებლო მასალებს. თურქული სატვირთო გემები, რომლებსაც აფხაზეთიდან ტვირთები მოაქვთ, სტამბოლისა და სამსუნის ნავსადგურებით სარგებლობენ. გარდა ამისა, აფხაზეთში თურქული იმპორტი ხორციელდება სოჭი-სოხუმის გზის მეშვეობითაც. სოხუმში საკმაოდ ბევრი თურქული კომპანიების წარმომადგენლობები მოქმედებს.



თურქულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს აფხაზეთის ეკონომიკის სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სექტორებში. ამავე დროს აფხაზეთში აფხაზთა რაოდენობაც მატულობს - თურქეთიდან და სირიიდან ჩასულმა აფხაზებმა ისტორიულ სამშობლოში მეტი დინამიზმი შეიტანეს.






„სვობოდნაია პრესა" (რუსეთი), 2 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://yug.svpressa.ru/politic/article/96923/?rpop=1

 

 

რუსეთი აფხაზეთს კარგავს? თურქეთი სოხუმთან დაახლოებას სულ უფრო დაბეჯითებით ცდილობს

 

 

 „ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი შეიძლება უნიკალურ ტერიტორიად მივიჩნიოთ, რადგან აქ ძალიან ბევრ პარადოქსს ვხედავთ: მცირე ფართობისა და ასევე დაუჯერებლად მცირე ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, აფხაზეთი იმ ადგილად ითვლება, სადაც მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება, ხშირად ურთიერთსაპირისპირო ვექტორებით. პირველი, რასაკვირველია, ეს საქართველოა, რომელიც აფხაზეთთან არსებულ საზღვარს ადმინისტრაციულ უწოდებს და მეორე - რუსეთის ფედერაცია, რომელმაც აფხაზეთის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დამოუკიდებლობა დე-იურედ კი აღიარა, თუმცა მის მთავარ „მკვებავად" და „მამა-მარჩენალად" რჩება. ქართველი და რუსი პოლიტოლოგების უმრავლესობა აფხაზეთს ძირითადად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების სპექტრში განიხილავენ, თუმცა ამავე დროს  მხედველობიდან ეპარებათ რეგიონის მძლავრი მოთამაშე (და არა მარტო რეგიონში) - თურქეთი", - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი ზაურ კარაევი).

„ბევრი ივიწყებს „ოსმალეთის იმპერიის მეორე ვერსიას", როგორც ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა უწოდა თანამედროვე თურქეთს. ივიწყებენ იმ მიზეზით, რომ რადგან თურქეთი ნატოს წევრია, ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის და დასავლეთის ერთგული მოკავშირეა, აქედან გამომდინარე, ანკარა აფხაზეთის საკითხში ბრიუსელისა და ვაშინგტონის თვალსაზრისს იზიარებსო. ანუ თურქეთიც, ისევე როგორც დასავლეთი, მიიჩნევს, რომ აფხაზეთი [და სამხრეთ ოსეთი] საქართველოს ნაწილებია.



მაგრამ ანკარის მიერ გაცხადებული ოფიციალური პოზიცია ყოველთვის ზუსტად არ ასახავს პოლიტიკური ელიტის მსოფლმხედველობას. მეზობელი ქვეყნები ეპითეტებს არ იშურებენ რეჯებ ერდოღანის საოცარი პოლიტიკური წარმატების მიმართ, აღტაცებას გამოხატავენ მისი ძალისხმევის გამო გადააქციოს თურქეთი ძლიერ სახელმწიფოდ და მას ძველი დიდება დაუბრუნოს. ამისათვის თურქეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არამხოლოდ საშინაოპოლიტიკური, არამედ საგარეოპოლიტიკური დივიდენდებიც სჭირდება. აფხაზეთი ამ თვალსაზრისით ყურადღების გარეშე არ დარჩება.



რას აკეთებს თურქეთი აფხაზეთზე თავისი გავლენის გასაფართოებლად? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აფხაზეთს და თურქეთს ერთამენეთთან ისტორია აკავშირებს - კავკასიური ომების დროს რუსეთის იმპერიიდან ოსმალეთის იმპერიაში ათასობით აფხაზი გადასახლდა. ექსპერტების შეფასებით, დღეს თურქეთში მათ შთამომავლების რაოდენობა თითქმის 800 ათასს აღწევს, ანუ ბევრად მეტია, ვიდრე თვით აფხაზეთში. აფხაზთა თურქული დიასპორა თავის სამშობლოზე ფიქრობს და არ ივიწყებს. მათ პროტესტი გამოხატეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოს ექსცენტრიული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ანტიაფხაზური პოლიტიკის გამო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რეჯებ ერდოღანის პარტიის გაძლიერების კვალობაზე იზრდებოდა თურქულ-აფხაზური კავშირების ინტენსივობაც, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში. სანამ რუსეთი აფხაზეთს აღიარებდა, ამ რესპუბლიკის ბიუჯეტის 30% თურქული ფულით ივსებოდა. მოგვიანებით რუსეთმა თურქეთი შეავიწროვა, მაგრამ დღეს ისევ თურქეთი აქტიურობს: აფხაზური იმპორტის 60% და ექსპორტის 45% თურქეთზე მოდის. თითქმის მთელი ტურისტული ბიზნესი (სასტუმროები) თურქი მეწარმეების ხელშია. უფრო მეტიც, ქალაქ ტყვარჩელის ბიუჯეტი მთლიანად  ქვანახშირის მომპოვებელი თურქული კომპანია „თამსაშის" მიერ შეტანილ ფულზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, თურქმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოც ჩართეს - მათ მოახერხეს და ქართველებიც დაითანხმეს თურქული გემების აფხაზურ პორტებში მიმოსვლაზე. აშკარაა, რომ თურქებმა თბილისში მაღალჩინოსნები მოთაფლეს...



თურქეთის ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ არა მარტო აფხაზური დიასპორა იყენებს, არამედ თურქეთის ხელისუფლებაც იყენებს დიასპორას თავისი ინტერესებისათვის. ივნისში აფხაზეთს თურქეთის პარლამენტის წევრები ეწვივნენ, რაც აფხაზეთისთვის უდიდესი მოვლენა იყო. ბევრმა ეს ფაქტი აფხაზეთ-თურქეთის იმ დიალოგის დასაწყისად ჩათვალა, რომელიც შეიძლება აღიარებით დაგვირგვინდეს. ცხადია, საქართველოს ეს არ გახარებია და ამიტომაც თბილისში თურქეთის ელჩს შენიშვნა მისცეს, ელჩმა კი განაცხადა, რომ აზრზე არ იყო, რა ხდებოდა, რადგან თურქ დეპუტატებს ანკარას თავიანთი ვიზიტი არ შეუთანხმებიათო.. სხვათა შორის, ამ ვიზიტმა ის შედეგიც გამოიღო, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სტამბოლში საარჩევნო უბანიც გაიხსნა, თურქეთში მცხოვრებმა აფხაზებმა კი მხარი რაულ ხაჯინბას დაუჭირეს.



ექსპერტები ამბობენ, რომ რაულ ხაჯინბას პრეზიდენტობა თურქეთს აწყობს, მაგრამ ისმება კითხვა: რატომ უნდა აწყობდეს ანკარას მაქსიმალურად პრორუსული პოლიტიკოსის პრეზიდენტობა? აი, ეს რომ გავიგოთ, უნდა ჩავიხედოთ ცნობილი თურქი მეცნიერის არღუნ ბასკანის ნაშრომებში, რომელშიც იგი ამბობს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ ამ რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები თურქეთთან მნიშვნელოვნად გაფართოვდა. არღუნ ბასკანი დარწმუნებულია, რომ პრორუსული აფხაზეთი უფრო სასარგებლოა თურქეთისათვის, ვიდრე პროქართული.



აქ უნდა დავფიქრდეთ: შესაძლოა, თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ელიტას სურს აფხაზეთის გადაქცევა არა ანკარა-მოსკოვის დაპირისპირების ზონად, არამედ პირიქით - მჭიდრო თანამშრომლობის ზონად? ასეთ შემთხვევაში რეჯებ ერდოღანი უფრო მეტ დადებით ეპითეტებს იმსახურებს, იგი უფრო მეტად ტალანტიური პოლიტიკოსია, ვიდრე ჩვენ გვგონია", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.






„ვერსია" (რუსეთი), 2 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://versia.ru/articles/2014/sep/01/mandarinoviy_ray

 

 

მანდარინის სამოთხე: რუსეთმა აფხაზეთში მილიარდები ჩაყარა, მაგრამ რა მიიღო სანაცვლოდ?

 

 

„აფხაზეთში ახლადარჩეულ პრეზიდენტს რაულ ხაჯინბას პრორუსულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ნიშნავს თუ არა მისი გამარჯვება იმას, რომ სულ მალე აფხაზური კურორტები რუსი ტურისტებით გაივსება, ხოლო რუსეთის მაღაზიების თაროები აფხაზური იაფი მანდარინით დაიტვირთება? ან ხომ არ მოსწავებს მისი გამარჯვება იმას, რომ „პატარა, მაგრამ ამაყი რესპუბლიკა" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანდება? ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, საქმე არც ისე მარტივადაა", - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი იგორ კიანი).



„აფხაზეთში გამართული არჩევნები რუსეთში პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. ალბათ მიზეზები, უპირველესად იმაშია, რომ მოსკოვისა და საერთოდ მოსახლეობის ყურადღება უკრაინის ამბებისკენ იყო მიმართული; მეორე მიზეზი ისაა, რომ თვით რუსებს აფხაზეთი უცხო ქვეყნად არ მიაჩნიათ: საზღვარი თითქმის არ არის, ფული იგივეა, მოქალაქეობაც იგივე... მოკლედ, საზღვარ-გარეთი კი არა, ზღვაში მოტივტივე საბჭოური ქვეყნის ნამსხვრევია, რომელიც „უფროს ძმასთან" მიცურდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა.



„აფხაზეთისთვის რუსეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა გაიქაჩნონ ადგილობრივი პოლიტიკოსები, როგორი სადღეგრძელოებიც არ უნდა შესვან აფხაზეთის დამოუკიდებლობის სადიდებლად, გულში ისინი ყველაფერს კარგად გრძნობენ - თავიანთი ქვეყნის არსებობა მხოლოდ რუსეთის დახმარებითაა განპირობებული. კრემლის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებამ ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტას სტატუსი შესძინა და ამის-თვის აფხაზზები სიკვდილამდე მადლობელი უნდა იყვნენ, მაგრამ „სულების ქვეყანაში" რუსეთთან ურთიერთობაზე მაინც თავისებური მიდგომა აქვთ. თვითონ განსაჯეთ: ბოლო წლებში რუსეთი პატარა აფხაზეთს თითქმის 500 მილიონი დოლარით დაეხმარა, ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ შედეგები არ ჩანს. რამდენჯერმე შემოწმდა ფულის ხარჯვის მიზნობრიობა, გამოიკვეთა კორუფციული სქემები, სკანდალური ფაქტები... ბუნებრივად იბადება კითხვა: ეე, ძმებო, რაშია საქმე? მაგრამ კითხვის ასე დასმა არ შეიძლება, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა... მართალია, სკანდალების შემდეგ დახმარება შემცირდა, მაგრამ მოსკოვიდან სოხუმში გადარიცხული საბიუჯეტო თანხები მაინც მილიარდობითაა. დიახ, მოსკოვი აძლევს, მაგრამ აფხაზები სამაგიეროდ რუსეთს არაფერს უნაწილებს. ექსპერტები ამბობენ, რომ აფხაზეთს შეუძლია თავისი ბუნებრივი რესურსებით რუსეთთან ერთობლივად ისარგებლოს და მოსკოვზე თავისი ფინანსური დამოკიდებულება შეამციროს, გააფართოვოს ტურისტული ბიზნესი, მაგრამ არა - აფხაზური კანონებით ასეთი საქმიანობა იკრძალება. უფრო მეტიც - აფხაზეთში რუსები ქონებრივ დისკრიმინაციას განიცდიან.



არის უფრო საინტერესო პროექტებიც, მაგალითად, შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა. 2009 წელს „როსნეფტმა" აფხაზეთის მთავრობასთან შესაბამისი შეთანხმებაც გააფორმა, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა, ახლა კი მით უმეტეს - ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ განაცხადა, რომ ამ პროექტის წინააღმდეგია. იგი უარყოფითად მიიჩნევს აგრეთვე რუსეთისათვის აფხაზეთის რკინიგზის გადაცემის იდეასაც - რკინიგზისა, რომელიც მთლიანად რუსული ფულით გარემონტდა!



„აფხაზეთი რუსეთისათვის საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ არამხოლოდ როგორც ტერიტორია, რომელზეც რაღაცის გაკეთება შეიძლება, არამედ მისი [აფხაზეთის] პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ, რუსეთი აქ შემოვიდეს, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ რუსეთი რომ შემოვა, მან უნდა იცოდეს, ვისთან აქვს ურთიერთობა", - აცხადებდა რაულ ხაჯინბა. ხომ უცნაური განცხადებაა „პატარა, მაგრამ ამაყი" და იმავდროულად ღარიბი ქვეყნის ხელმძღვანელისაგან, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული?, რომელიც, პირდაპირ თუ ვიტყვით, თვითონვე რუსეთის ნაწილად ითვლება? აბა, სხვანაირად რა უნდა უწოდო იმ ქვეყანას, რომლის ყველა მოქალაქეს ჯიბეში რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი უდევს? ესე იგი, უფრო უმჯობესი ხომ არ არის, რომ სიტუაცია ლოგიკურად დავაბოლოვოთ? სოხუმში მღელვარების დაწყების წინ რუსეთ-აფხაზეთის ასოცირებული ურთიერთობის იდეით მეცნიერი ტარას შამბა გამოვიდა, მაგრამ მის წინააღმდეგ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ამხედრდა, მათ შორის რაულ ხაჯიმბაც. თუმცა გასაკვირი აქ არაფერია: ცხადია, უფრო კარგია უკონტროლო იყო და პარალელურად რუსული ფული მიიღო... ეს სიტუაცია საკმაოდ კარგად გამოხატა აფხაზეთის ექს-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ ამასწინანდელ ინტერვიუში „იზვესტიისადმი": „ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ხელისუფლება დაამხოს და რუსული ფული თვითონ დაისაკუთროს".



როგორც ჩანს, მართლაც ასეა. გაუგებარი მხოლოდ ისაა, რომ რას ღებულობს რუსეთი ამის სანაცვლოდ, აფხაზი პოლიტიკოსების ერთგულების გარდა? ასეთი ვითარება გვაგონებს საბჭოთა პერიოდს, როცა აზია-აფრიკის ქვეყნები მოსკოვისაგან მილიარდებს ღებულობდნენ „სოციალისტური გზით სიარულისათვის", შემდეგ კი საბოლოოდ მაინც კაპიტალისტურ გზას ირჩევდნენ და ამერიკული ქოლგის ქვეშიდან მომზირალნი კრემლს ბრანწს აჩვენებდნენ. აბა რა, სულელებს არსად პატივს არ სცემენ".









(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016