„ფაინენშელ თაიმსი" (დიდი ბრიტანეთი), 3 სექტემბერი, 2014 წელი
ტაავი რიივასი: „ჩვენ „სიფხიზლის მაღვიძარა" 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ადრე გამოვრთეთ, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა" // ესტონეთი ევროპას აფრთხილებს, რომ რუსეთის მიმართ გრძელვადიანი ზომების მიღებაა საჭირო
ტონი ბარბერი ტალინიდან
(ამონარიდი)
რუსეთის ჩარევამ უკრაინის მოვლენებში ევროპის უსაფრთხოების პერსპექტივა ისე უკიდურესად შეცვალა, რომ დასავლეთის მთავრობები მოსკოვის მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა გუშინ, სამშაბათს. მან „ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ ცუდი ამინდი კი არ არის, ეს კლიმატის შეცვლაა, შესაბამისად, ჩვენი რეაქციაც გრძელვადიანი უნდა იყოს".
ბატონმა ტაავი რიივასმა ეს განაცხადა ნატოს ნიუპორტის (უელსი) სამიტის დაწყების წინ, რომელმაც ახალი ზომები უნდა მიიღოს ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფლანგებიდან მომდინარე საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების მიზნით.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტალინში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს. მან თავისი კოლეგები უნდა დაარწმუნოს, რომ ნატოს კოლექტიური თავდაცვის დოქტრინა, ალიანსის ძველი წევრების გარდა, იმ ბალტიისპირა სახელმწიფოებზეც გავრცელდება, რომლებიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილებს წარმოადგენდნენ.
ბატონმა ტაავი რიივასმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში მოსკოვის ჩარევამ ნატოს წევრების მთავრობებისაგან მტკიცე და ერთიანი პასუხის გაცემა მოითხოვა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ალიანსმა უფრო მეტად უნდა გაამახვილოს ყურადღება, უფრო ძლიერი რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც, რომლის შედეგად მოსკოვმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ „სიფხიზლის მაღვიძარა" 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ადრე გამოვრთეთ, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, - ვხედავ, რომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით, მაღვიძარა „თვლემაზე" არ უნდა დაგვეყენებინა, სიფხიზლის იგნორირება არ შეიძლებოდა".
„იზვესტია" (რუსეთი), 3 სექტემბერი, 2014 წელი
http://izvestia.ru/news/576093
რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: „ერთიანი ძლიერი ბლოკის ჩამოყალიბება - „ნატოს მსგავსად და ნატოს წინააღმდეგ"
არსენ პოღოსიანი
აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ახალი ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შექმნაა გათვალისწინებული, შეიძლება სამმხრივი გახდეს: დაწყებულ მოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთიც უერთდება. ამის შესახებ „იზვესტიას" აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა ოლეგ ბოციევმა განუცხადა. აფხაზეთის ხელისუფლება მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება ძლიერი ბლოკის ჩამოყალიბებას - „ნატოს მსგავსად და ნატოს წიონააღმდეგ". საქმე იმაშია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ შეუძლიათ გაწევრიანდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში - „ოდკბ"-ში („ორგანიზაცია დოგოვორა ო კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი" // „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია"), რადგან ამ ორგანიზაციის სხვა წევრები მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯინბას აგვისტოს ბოლოს შეხვდა. როგორც მოლაპარაკების შემდეგ აღინიშნა, წლის ბოლომდე რუსეთი და აფხაზეთი ხელს მოაწერენ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარე კონტური შეიქმნება.
- ამჟამად, აფხაზ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს აფხაზეთ-რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურისადმი შეერთების საშუალებას მისცემს, - აცნობა „იზვესტიას" ოლეგ ბოციევმა, - თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, ეს დოკუმენტი ერთიანი სამმხრივი ხელშეკრულება იქნება თუ ცხინვალი ამ საკითხზე ცალკე გააფორმებს შეთანხმებებს სოხუმთან და მოსკოვთან. მოკლედ, მუშაობა მიდის და ვნახოთ". ამასთან, როგორც ელჩმა განაცხადა, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ერთობლივი უსაფრთხოების კონტური განსხვავებული იქნება აფხაზეთ-რუსეთის კონტურისაგან: „მისი შინაარსი ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა ახლავე უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტი, პირველ რიგში სამხედრო კომპონენტით იქნება განსაზღვრული. შემდეგ მასში ჩაიდება ჩვენი რეგიონის ეკონომიკური და საინფორმაციო უსაფრთხოების პრინციპებიც".
აფხაზეთის ხელისუფლება მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს. რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას თქმით, საქმე გვაქვს ძლიერი ბლოკის ჩამოყალიბებასთან - „ნატოს მსგავსად და ნატოს წინააღმდეგ": „ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს სამხრეთ ოსეთის მხარესთან ჩვენს ხელშეკრულებასთან ცხინვალის მიერთების მიზნით, - ამბობს ვიტალი გაბნია, - მიგვაჩნია, რომ სამმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ნორმალური რეაქცია იქნება ნატოსა და მისი პარტნიორის - საქართველოს ნაბიჯებზე. საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, გარდა ამისა, თბილისმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც".
ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის მიხედვით, სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოების კონტურთან მიერთება უკვე ამ შემოდგომის დასასრულს შეუძლია, თუმცა ცხინვალი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება უფრო ადრე გააფორმოს - სექტემბრის ბოლომდე. ოლეგ ბოცოევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთში არსებული სამხრეთ ოსეთის საელჩო ამ საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციებს უკვე მართავს.
აქვე შევნიშნავთ, რომ ოლეგ ბოცოევის მიერ დასახელებულ სტრუქტურებში რაიმე საქმიანობის დაწყება არ დაგვიდასტურეს: კერძოდ, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, თუმცა გვითხრა, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთმანეთთან ინტეგრირების პროცესი ისედაც აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ხელმოწერილია 70-მდე შთანხმება ყველა სფეროში.
ექსპერტების თქმით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დივიდენდებს მიიღებს რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამგვარი დოკუმენტებზე ხელმოწერით. სოხუმში იმედი აქვთ, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთს საშუალება მიეცემა აფხაზეთს სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს და უფრო მეტიც, ის გახდეს ათვლის წერტილი აფხაზეთის „ოდკბ"-ში და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისათვის.
- რუსეთის მიერ შექმნილ ეკონომიკურ და თავდაცვით ალიანსებში გასაწევრიანებლად აფხაზეთი ჯერ ამ ალიანსების წევრებმა უნდა აღიარონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, - განმარტავს „ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეს" მიმომხილველი ვლადიმერ შერბაკოვი, - ჯერ-ჯერობით კი ყველა ეს ტერიტორიული წარმონაქმნები არაღიარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, გაეროს წესდებით და ტრადიციებით ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
იგივე მიზეზით აფხაზეთისა და მისი მსგავსი წარმონაქმნებისათვის მსოფლიოს ქვეყნებს აკრძალული აქვთ ისეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება, რომელიც გაეროს მიერ დადგენილ იარაღის საერთაშორისო რეგისტრში შედის, რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებისათვის იარაღის შეტანას, ეს მოსკოვს შეუძლია, თუმცა მანამდე, სანამ ისინი დაცვის ფუნქციას ასრულებენ. „ერთადერთი იარაღის ექსპორტის თვალსაზრისით, რისი გაკეთება რუსეთს სრულიად თავისუფლად შეუძლია, ესაა აფხაზური და ოსური სამართალდამცველი სტრუქტურების იარაღით აღჭურვა, მაგრამ ვიმეორებ, ეს პრინციპი არმიაზე არ ვრცელდება", - ხაზს უსვამს ვლადიმერ შერბაკოვი.
აფხაზეთთან ხელმოწერის მიზნით დაგეგმილი ხელშეკრულება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს კავკასიის პრობლემების გადასაწყვეტად უკვე არსებული „ოდკბ"-ის ინსტრუმენტები არ ყოფნის, - ამბობს სამხედრო მიმომხილველი ვლადიმერ შურიგინი: „„ოდკბ"-ის ინტერესებისაგან განსხვავებით, რუსეთს თავისი საკუთარი ინტერესებიც აქვს. „ოდკბ" მხოლოდ ნარკოვაჭრობის წინაარმდეგ თუ გამოდგება... პრინციპში, რუსეთმა უსაფრთოხების კოლექტიური ძალების ჩამოყალიბება ვერ შეძლო".
„არკა" (სომხეთი), 3 სექტემბერი, 2014 წელი
ვაზგენ საფარიანი: „სომხეთი, სატვირთო გადაზიდვების თვალსაზრისით, მხოლოდ სტეფანწმინდა-ლარსის ავტოტრასაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული"
„სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარის ვაზგენ საფარიანის თქმით, სომხეთი, სატვირთო გადაზიდვების თვალსაზრისით, მხოლოდ სტეფანწმინდა-ლარსის ავტოტრასაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, სტეფანწმინდა-ლარსის ავტოტრასაზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 20 აგვისტოდან, ღვარცოფის გამო, დაკეტილი იყო, გზაზე მოძრაობა მხოლოდ 30 აგვისტოდან აღდგა.
„ღვარცოფისა და მეწყერის გამო სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვა შეწყვეტილი იყო. კარგია, რომ მოძრაობა სწრაფად იქნა აღდგენილი, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი მოვლენები პერიოდულად და საკმაოდ ხშირად ხდება", - განაცხადა ვაზგენ საფარიანმა ერევანში სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
„სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კავშირის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს საშიშ ადგილებზე გვირაბების გაყვანით. „გვირაბების მშენებლობის იდეა ახალი არ არის, მაგრამ პროქტების რეალიზებას ხელი ჯერ მსოფლიო ომებმა სეუშალა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლამ", - აღნიშნა ვაზგენ საფარიანმა. მისი თქმით, პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტა აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენითაც არის შესაძლებელი, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ირანს ერთმანეთთან დააკავშირებს.
წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ხელისუფლება რკინიგზაზე მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ იდეის განხილვა მხოლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უნდა მოხდეს. როგორც ცნობილია, 1980-იანი წლების ბოლომდე ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე დღე-ღამეში 24 სატვირთო და 14 სამგზავრო მატარებელი მოძრაობდა.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)