ღმერთს არც ერთი სულიერი არ ავიწყდება, ერთს ქოთნის კეთების უნარს აძლევს, მეორეს ლექსთა წყობის ისეთ ნიჭს მოჰმადლის, სხვისთვის რომ მიუწვდომელი მწვერვალია. აქეთ გამორჩეულები მეცნიერებისა თუ ტექნიკის დარგში, იქით - დიდი ორატორული მონაცემებით დაჯილდოებული პოლიტიკოსები თუ ფილოსოფოსები, აზრთა წვდომა და მომავლის ჭვრეტა რომ შეუძლიათ. არიან ისეთებიც, რაიმე ერთის ტალანტით კი არა, ცხოვრების მართალი წესით რომ განსხვავდებიან სხვათაგან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალმა ადამიანი თავის ხატად და სახედ შექმნა, ამიტომაც არსებობენ რჩეულები, რომელთაც მიწიერთათვის დამახასიათებელი ნიჭიც უხვად აქვთ და ამასთან, განსაკუთრებული მისია აკისრიათ და ამ მისიას კაცთა შორის სიყვარულის თესვა ჰქვია! ისინი არასდროს ყელყელაობენ, არავის აწუხებენ თავისი უნარ-ჩვევებით, წინ არავის ეღობებიან და მუდამ მომღიმარნი უჩუმრად აკეთებენ უფლისგან დავალებულ საკეთებელს - თესენ სიკეთეს, სიყვარულს, ყველგან და ყველასთან, შინაურთან თუ გარეულთან, მტერთან და მოყვარესთან, შვილებთან და გადამთიელებთან, სადაც ხელი მიუწვდებათ და სადაც არ მიუწვდებათ!
სანამ ჩვენს გვერდით არიან, ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს, დიახაც - ვამჩნევთ, დიახაც - გვიყვარს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ „ეს ასე უნდა იყოს", არ ვუფრთხილდებით, რაღაცას ვაკლებთ... იმ რაღაცას, რისი არც სახელი ვიცით და არც ის, რატომ და როდის დავაკელით...
მერე არის ტკივილი. ხედავ, გრძნობ, გაკლია... არ გყოფნის... გინდა და მაშინ ხვდები, რომ სწორედ ის დიდი სიყვარული გაკლია, არ გყოფნის, გინდა, რომელსაც არ გაუფრთხილდი, დააკელი რაღაც, რისი არც სახელი იცი და არც ის, როდის და რატომ დააკელი...
ერთ ასეთ კაცს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა... მისი სახელია - გოგი დოლიძე!