reportiori.ge - ლალი მოროშკინა: ვამბობდი მკვლელები სააკაშვილისგან ზარს ელოდებიან-მეთქი. მათ მიიღეს ეს ზარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:04
პრეს-დაიჯესტი
ლალი მოროშკინა: ვამბობდი მკვლელები სააკაშვილისგან ზარს ელოდებიან-მეთქი. მათ მიიღეს ეს ზარი!
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 14:36

 

 

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა ჯერ კიდევ შარშან ამბობდა „ალიასთან" ინტერვიუებში, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალებული მკვლელები, პედოფილები და ყაჩაღები მის ზარს ელოდებოდნენ და როგორც კი მითითებას მიიღებდნენ, ქვეყანაში ეგრევე დაიწყებოდა მკვლელობების სერიები. როგორც ჩანს, ეს დროც დადგა - დღე არ გადის, ერთი-ორი ახალგაზრდა არ მოკლან ქუჩაში. 


რასთან გვაქვს კონკრეტულად საქმე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში, ამაზე „ალიას" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრება: 

 

- ჩვენ გვაქვს საქმე დაახლოებით იგივე სცენართან, რაც იყო „ვარდების რევოლუციის" პერიოდში. „ნაციონალებისთვის" გამეორება ცოდნის დედაა, ამ გზას დაადგა სააკაშვილი. ალბათ, გახსოვს, მიშა ამბობდა, მე რომ ვყოფილიყავი ჩემივე მთავრობის ოპოზიცია, სამ თვეში ავაყირავებდიო. ეს არ არის დასამალი, სააკაშვილი, როგორც ოპოზიციონერი, გაცილებით ეფექტურია ინტრიგების ხლართვაში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მისი აქტიურობა შიდა მოხმარებისთვისაა გამიზნული, მე წავიკითხე რამდენიმე ანალიტიკური წერილი, სადაც გამოთქმულია აზრი, თითქოს სააკაშვილი ცდილობს, ჩვენ გვანერვიულოს, ხელისუფლება ანერვიულოს, პრემიერ-მინისტრი ანერვიულოს და ასე შემდეგ. მე ასე მარტივად არ შევხედავდი მოვლენებს... ხელისუფლება სწორედ მაშინ უშვებს ხოლმე შეცდომებს, როცა არ ხდება გააზრება, ვინ გყავს მტერი. ამიტომ, სააკაშვილზე ირონიით იმის თქმა, რომ ის არის გუშინდელი დღე და შარშანდელი თოვლი, არის აბსოლუტურად მცდარი. სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის" პერიოდში მე მისი პიარი ვიყავი და მისი ხასიათიდან გამომდინარე, აშკარად ვხედავ, როგორაა მოყოჩაღებული. ჯერ ერთი, 2003 წელს იყო ახალგაზრდა, გამოუცდელი და მეორე - არც ამდენი ფინანსები ჰქონდა. კარგად მახსოვს, "ვარდების რევოლუციამდე" ძალიან ბევრი მას სერიოზულ ოპონენტად არ აღიქვამდა, მაგრამ რაც მოხდა, კარგად ვნახეთ. გარდა ამისა, ყველაზე საშიში დღეს არის ის, რომ "ნაციონალებს" და თავად სააკაშვილს ურთიერთობები აქვთ სტრასბურგში, ბრიუსელსა და ამერიკაში. ამაში ნურავინ შემეკამათება, საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ყურით მოვისმინე სტრასბურგში, რა დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ ევროპელ პოლიტიკოსებს - ზოგიერთს არც კი ერიდება, ძალიან ღიად უჭერს მხარს. უნდა ვაღიაროთ, „ნაცმოძრაობამ" ამ მიმართულებით ძალიან ბევრი იმუშავა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით კოალიციაზე. 


ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს: საქართველოში ყოველდღიურად კეთდება მედიამონიტორინგი, კეთდება ანალიზი, იკრიბება ინფორმაცია და ეს ყველაფერი ოპერატიულად მიეწოდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირსა და ასე შემდეგ. რა "ნიუსები" გადის ქვეყნიდან? ის, რაზეც „ნაციონალები" ლაპარაკობენ - საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მოიმატა კრიმინალმა, უსამართლოდ დევნიან ყოფილ პრეზიდენტს და ასე შემდეგ. აი, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ და თავისი საინფორმაციო მანქანაც გაააქტიუროს. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი - „ნაციონალები" ასევე ააქტიურებენ ახალგაზრდებს, რომელთა შორისაც ჩემი ყოფილი სტუდენტებიც ამოვიცანი. ხაზგასმით ვამბობ, ესენი არ იყვნენ ჩამორჩენილი სტუდენტები, მაჩანჩალა ბავშვები, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, როგორი ახალგაზრდები უნდა გადაიბიროს და ვინ გამოიყენოს. მიშა სააკაშვილმა ამ მეთოდის გამოყენება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. მე მქონდა ჩემს ორ ყოფილ სტუდენტთან საუბარი, ისინი ფსიქოლოგიურად არიან უკვე მოწამლულები. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს გზა გასავლელი იყო, შეცდომები დაუშვეს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, მაგრამ, როცა სააკაშვილი მობრუნდება, ეს შეცდომები აღარ იქნება დაშვებული. ამ ყმაწვილებზე მიდის ძალიან სერიოზული იდეოლოგიური მუშაობა, აქ მთლად ფულიც არ არის გადამწყვეტი. 


- არა, დიდ ფულსაც რომ ხარჯავენ, ესეც ცხადია. 


- „ნაციონალები" ფულს ხარჯავენ პიარკურსებზე, ტრენინგებზე, ტვინების გამორეცხვაზე და ასე შემდეგ. ესენი ისეთ რაღაცებს აკეთებენ, სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ აკრძალავ. ამიტომ არის საჭირო ასევე იდეოლოგიურად მოქმედება მოსახლეობაზე, კეთილგანწყობის მოპოვებაზე, რასაც დღეს არ აკეთებს „ქართული ოცნება". ჩვენ ვუახლოვდებით სახიფათო მომენტს, უკვე დაწყებულია იმ ახალგაზრდების აღზევება, რომლებიც არჩევნებისთვის და ათასნაირი პროვოკაციისთვის ემზადებიან. ვისაც დღეს ამის არშემჩნევა აწყობს, გამოდის, რომ ის არის „ნაციონალების" ხელშემწყობი. დღეს მე ვერავინ მაჩვენებს ადამიანს, რომელიც „ოცნებაში" შესულია რაიმე იდეის გამო, ან ამ იდეამ გაუხსნა გზა. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ დემორალიზებული მოსახლეობა და უუნარო საპარლამენტო უმრავლესობა. ვაღიაროთ, დღეს მმართველ კოალიციას არანაირი იდეოლოგია არ გააჩნია, იქ მოხვდნენ ადამიანები ერთი კაცის ხათრით, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი კეთილდღეობისთვის. მათ იციან, რომ „წარმატება" შემთხვევით ეწვიათ, ზოგიერთი დეპუტატი სიზმარშიც ვერ გახდებოდა, ორი წლის შემდეგ არავითარი შანსი აღარ აქვთ პოლიტიკაში და ცხოვრებას იწყობენ. 


- ერთხელ კობა დავითაშვილმა თქვა, სააკაშვილი მუდმივად ჰიტლერის მაინ კამფ"- კითხულობდა, ეს წიგნი მოვპარეო. 


- დიახ, ამას მეც ვადასტურებ, ჰიტლერი ქმნიდა „ჰიტლერ-იუგენდებს", ანუ ახალგაზრდულ ბანაკებს. გაიხსენე, ასეთივე ბანაკებს ქმნიდა მიშა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება ვეღარ მოასწრო. როდესაც სააკაშვილი 9-წლიანი უბედურების შემდეგ ისევ ახერხებს ახალგაზრდების გადაბირებას, ეს უკვე დამაფიქრებელია. მიშას სცენარი უკვე ამუშავებულია, მე ხშირად ვამბობდი ინტერვიუებში, რომ მის მიერ შეწყალებული მკვლელები თავიანთ საქმეს გააკეთებდნენ. მე იმასაც ვამბობდი, ესენი თითის დაქნევას ელოდებიან-მეთქი და აი, ეს დროც დადგა. ახლა გამოძიებამ ყურადღება უნდა მიაქციოს „სკაი ბარში" მომხდარ მკვლელობას. კარგადაა გასარკვევი, ვინ არის მკვლელი და რა ურთიერთობა ჰქონდა ციხეში ყოფნისას „ნაციონალებთან" და რას აკეთებდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ანუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობები. მე ძალიან ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ყველაფერს ასე ღიად ვერ ვიტყვი, გამოძიებამ თავად უნდა გაარკვიოს, რა კავშირი არსებობს ბოლო მკვლელობებს შორის. მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებ: მკვლელებმა მიიღეს არევის სიგნალი და არ არის გამორიცხული, პარალელურად აბუნტდეს ქუთაისის ციხე. ჩემი ინფორმაციით, იქ ოთხმა პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა, თან შიმშილობა დაიწყეს. აქედან ქუჩა, იქიდან - ციხე. ხალხის ნაწილი იძახის, მიშას დრო სჯობდაო. არ შემიძლია, არ ვთქვა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ: სამწუხაროდ, დღეს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას არავინ ეუბნება, რომ ევროპარლამენტი ემზადება რამდენიმე სერიოზული დარტყმისთვის, ეს იქნება სამართლებრივი კუთხით და შეეხება პროკურატურის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ასევე ეხება სასჯელაღსრულების სისტემას, ეს გამოსვლები დანიშნულია 15 სექტემბრისთვის, რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სწორედ ამ კუთხით უნდა ემუშავათ, მაგრამ არ იმუშავეს. 


- ლალი, იქნებ დავაკონკრეტოთ, რა დარტყმებზეა საუბარი? 


- ეს ეხება რამდენიმე სამართალდარღვევას. არ მინდოდა ამის გახმაურება, მაგრამ ჩემი საუბარი უფრო გასაგები რომ გახდეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ვანო მერაბიშვილის საკითხი იქნება. დანარჩენი თავად ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს. მზადდება რამდენიმე პაკეტი, რაც იქნება ძალიან მძიმე. „ნაცმოძრაობამ" იმუშავა ევროპარლამენტში, ჩაიტანეს იქ ინფორმაცია. სამწუხაროდ, ამ მხრივ არ იმუშავა კოალიციამ. 


- რა ვიცი, უმრავლესობის დეპუტატებს რომ ჰკითხო, ყველას თავი უსკდება მუშაობით და უძილობით. 


- ამათი მოგზაურობები უცხოეთში ძირითადად ბარებით, რესტორნებითა და შოპინგებით შემოიფარგლება. შედეგი ჩანს, როგორც მუშაობენ. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა შექმნას ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელიც იქნება დაკომპლექტებული პოლიტოლოგებით და იმ ადამიანებით, რომლებიც კარგად ერკვევიან სახელმწიფო პიარში. დაუკვირდი, სააკაშვილმა თავისი უბადრუკი პიჯაკებით ნაწილობრივ მძიმე დანაშაულებიც კი გადაფარა. დასაწყისში საუბარი იყო მკვლელობებზე, ქონების მითვისებაზე, მილიონობით დოლარის გაფლანგვაზე და ბოლოს დავედით ბოტოქსებსა და მასაჟებზე. საკითხი უკვე გახდა საშაყირო. აი, ეს არის პიარი, რომელსაც შენ არაფერს უპირისპირებ. ადამიანმა ტერიტორიები ჩააბარა, ხალხი ქუჩაში ხოცა, ციხეებში კაცები აუპატიურებინა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოსმენა-თვალთვალი დააწესა და შენ ბოტოქსზე ედავები, რაც ისევ სათავისოდ გამოიყენა? მოდი, დავუბრუნდეთ ახლა იმ ინტერვიუს, სადაც მე გეუბნებოდი, სააკაშვილმა პედოფილები და მკვლელები შეიწყალა-მეთქი. რატომ არაფერს ამბობს ამაზე დღევანდელი მთავრობა, რატომ არავინ ინტერესდება ამ ფაქტით? აგერ, მოკლეს დიჯეი დაჩი დარჩია, რომელიც ჩემი ახლობელი ადამიანი იყო... აგერ მოკლეს ვაკეში ლაშა მახარაძე და ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. გასარკვევია, ეს ადამიანები ამნისტიის შედეგად გამოსულები არიან თუ მიშა სააკაშვილმა შეიწყალა თავის დროზე? ნახე, ახლა სწორედ „ნაციონალები" ყვირიან, არიქა, კრიმინალმა იმატაო, ხალხს ქუჩაში ხოცავენო. გაიხსენე, მე გეუბნებოდი, მკვლელები ზარს ელოდებიან-მეთქი. მათ მიიღეს ეს ზარი და საიდან იმართებიან, ამის თქმაც შემიძლია, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა დავაზუსტო დეტალურად. მეტიც, „ზონდერბრიგადები" ისევ მოქმედებენ და ჩვენ ვიცით, საიდანაც იმართებოდნენ ისინი. რატომღაც არ გვინდა დაჯერება, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაწყებულია, დღე არ გავა, ვინმე არ გააგორონ ქუჩაში, მეტი რაღა უნდა გააკეთონ „ნაციონალებმა", მაინც და მაინც სახლებში უნდა შემოგვიცვივდნენ, რომ ხელისუფლება რამეს მიხვდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სრულდება სააკაშვილის დავალება მის მიერვე შეწყალებული მკვლელების ხელით. ნახე, რა ოსტატურად გარიეს ერთ მკვლელობაში ეკა ბესელიას შვილი, "ნაციონალებს" ამუშავებული აქვთ სიცრუის მანქანა - მე დაგაბრალებ და შენ მიდი და იწმინდე ნამუსი. ეს არის სააკაშვილის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი - დააბრალე, ტალახში ამოსვარე, დანარჩენი უკვე აღარ არის საინტერესო. მე ძალიან კარგად ვიცი სააკაშვილის იდეოლოგია, ჰიტლერის „მაინ კამფ" მისი სამაგიდო წიგნია. ეს ადამიანი ანალოგიებს იღებს. შურისძიება ისეთი გრძნობაა, შეიძლება ეშმაკსაც კი შეეკრა და მთები გადაგადგმევინოს. 


- აქ ერთი მომენტია, ჯერ ერთი, მთავრობაში უკვე შექმნილია ანტიკრიზისული და უსაფრთხოების საბჭო, თუ ამ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ შეიქმნება რაიმე ანტიკრიზისული სტრუქტურა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში კრიზისია

 

- უნდა ვაღიაროთ, არ არის კრიზისი? ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ კრიზისს ქმნიან „ნაციონალები". გარდა ამისა, ძალიან სერიოზული გარღვევაა კადრებში. თუ პრობლემა დროზე არ დავინახეთ, არჩევნები კარსაა მომდგარი, სადაც მივალთ აპათიურ მდგომარეობაში.





გელა ზედელაშვილი

გაზეთი ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016