reportiori.ge - ძველი პარლამენტის დანგრევის ოფიციალური დოკუმენტაცია გაქრა - ვის დასჯიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ძველი პარლამენტის დანგრევის ოფიციალური დოკუმენტაცია გაქრა - ვის დასჯიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 14:39

 

 

საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობა აღდგენილია და სახელმწიფო ბიუჯეტს ეს 22 მილიონი ლარი დაუჯდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ძველი პარლამენტის დანგრევა და გაპარტახება არ უნდა შერჩენოდათ „ნაციონალებს", მათ დასჯას ითხოვდნენ და ხალხს ჰპირდებოდნენ, მოვალთ ხელისუფლებაში და ყველას მოვთხოვთ პასუხსო. დღეს ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან, მაგრამ რაღაცა ვერ ვატყობ დიდ ენთუზიაზმს, რომ დამნაშავეებს საკადრისი მიუზღონ.


პარლამენტის შენობის ნგრევის დეტალებზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, „ალიას," საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ესაუბრა:


- ბატონო გია, არ აპირებთ დასვათ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პარლამენტის ისტორიული შენობის ნგრევაში მონაწილეობდა?

 

- არავის არ შერჩება ამ შენობის დანგრევა.  ძალიან კარგად მახსოვს, რა დღეში იყო პარლამენტის კაბინეტები, კორიდორები... რამდენჯერმე თავზე დავადექი იმ მუშებს, რომლებიც გამეტებით და ძალზე სწრაფი ტემპით ანგრევდნენ შენობას. ელიავადან ჰყავდათ ეს ხალხი მოყვანილი, დღეში 50 ლარს უხდიდნენ ბიუჯეტიდან და ანგრევინებდნენ შენობას. ამის შემდეგ, უკვე კვალიფიციური მნგრეველები შეესივნენ შენობას, ვინც იცოდა, რომელ კედლებში გადიოდა ელექტრობისა და ინტერნეტის ქსელები, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები და ეს ყველაფერი გაანადგურეს, რათა მის აღდგენაზე აღარავის ეფიქრა. ილია ჭავჭავაძის სახელობის, პირველი რესპუბლიკის სახელობისა და სხდომათა დარბაზები, ასევე, კინოცენტრი სრულად გაანადგურეს. ამ ნანგრევებში განადგურდა ის ისტორიული ტრიბუნა, რომლიდანაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს.


- ბატონო გია, ხომ არ გახსოვთ ზუსტად, რამდენით აზარალა სახელმწიფო „ნაციონალთა" ამ მართლაც ვანდალურმა გადაწყვეტილებამ და რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ შენობის ნგრევაში?

 

- ამ შენობის აღდგენა 22 მილიონი ლარი დაჯდა და თუ უხეშად ვიტყვი, სწორედ ამდენით აზარალეს „ნაციონალებმა" ბიუჯეტი. უფრო ზუსტად, ვერ გეტყვით, რადგან ამას კვალიფიციური გამოძიება დასჭირდება, ექსპერტიზები და ზარალის ზუსტი ოდენობაც ამის შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება ნგრევაში მონაწილე კომპანიებს, ერთი ასეთი, ტენდერით გამოვლენილი კომპანია ნამდვილად იყო, მას შენობიდან ინვენტარი გადაჰქონდა სხვადასხვა ადგილებში. ეს იყო ავტოსატრანსპორტო კომპანია. სავარაუდოდ, ეს კომპანიაც, რამდენადაც მახსოვს, „ნაციონალთა" ახლობლებისა იყო, ისევ თავისიანებს აშოვნინეს ბიუჯეტიდან ფული.


- კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

 

- ამ შენობის ნგრევა ვერ მოხდებოდა დავით ბაქრაძისა და მიხეილ მაჭავარიანის გარეშე. ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაჭავარიანი კი მისი მოადგილე. აი, მათგან უნდა დაიწყოს საქმის გამოძიება და მერე აუცილებლად გაირკვევა, რომ მთავარი მნგრეველი მიხეილ სააკაშვილი იყო, ერთიც და მეორეც იტყვიან ამას. დავით ბაქრაძემ და მიხეილ მაჭავარიანმა რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სახელმწიფო ქონება გაანადგურეს და სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი მიაყენეს. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ნაწყენი ვარ ჩემს კოლეგებზე, მათ შორის, „ქართული ოცნების" დეპუტატებზე, რომელთაც პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და დღეს ამ თემაზე აღარ ლაპარაკობენ, მათ უნდა მოითხოვონ ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.


- კარგად მახსოვს, რომ პარლამენტიდან საკმაოდ ძვირადღირებული ინვენტარი და სხვა ქონება სადღაც გაქრა. ხომ არ იცით, ვინდა სად წაიღო?

 

- იქ იყო ძვირადღირებული ინვენტარი, უნიკალური ჭაღები, სხვა უამრავი რამ. რაღაც ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ნაწილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ ბევრი რამ გაქრა და სავარაუდოდ, „ნაციონალებმა" წაიღეს სახლებში. დიდი „მაროდიორობა" იყო იქ იმ დროს და დასწრებაზე იყვნენ, რაც შეიძლება მეტი და ღირებული ქონება წაეღოთ სახლებში. ვინ და რა წაიღო, სწორედ ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ.


- მაგრამ ამ საქმეზე გამოძიება, რამდენადაც ვიცი, არ არის დაწყებული.

 

- თუ არ დაწყებულა და ძალიანაც შემცდარან. მე მინდა მოვუწოდო მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოკვლევა. ანდა რა მოკვლევა, დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება. დანაშაულის ნიშნები სახეზეა და მათი ძებნა არ დასჭირდება პროკურატურას. კონკრეტულად უნდა გაარკვიოს, ვინ გასცა პარლამენტის შენობის დანგრევის ნებართვა ოფიციალურად, ასევე, არაოფიციალურად ვინ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში, ვინ რაშია დამნაშავე და ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დასაჯოს. ამ დანაშაულს ჰყავს ძალიან ბევრი თვითმხილველი, ეს ხალხი გამოძიებას მოწმეებად გამოადგება და ამით დაიწყონ გამოძიება. მერე მთავარ დამნაშავეებამდეც მივლენ. ამ ხალხის ნაწილი დღეს ისევ პარლამენტის აპარატში მუშაობს. ეს ამბავი არავის არ უნდა შერჩეს, ამის პატიება არ შეიძლება.


იმის გასარკვევად, რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ პარლამენტის ნგრევაში და რა თანხები მიიღეს ამისთვის მათ ბიუჯეტიდან, „ალია" პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, შოთა გოშაძეს დაუკავშირდა:


- ბატონო შოთა, ხომ ვერ გვეტყვით, რომელმა კომპანიებმა დაანგრიეს პარლამენტის შენობა და ბიუჯეტმა ამისთვის რა თანხები გადაუხადა მათ?

 

- თქვენ წარმოიდგინეთ, არანაირი დოკუმენტაცია, არანაირი სხვა სახის ინფორმაცია არ დამხვდა, აქ რომ მოვედი. ყველაფერი გამქრალია.


- არც იმ ტენდერების შესახებ არის ინფორმაციები, რომელმაც მნგრეველი კომპანიები გამოავლინა?

 

- არა, არც ამ ტენდერების შესახებ არის არანაირი ინფორმაცია.


- კონკრეტულად, რა თანხა დაუჯდა ბიუჯეტს პარლამენტის შენობის ნგრევა, არც ასეთი ზოგადი ინფორმაცია გაქვთ?

 

- არა, არც ზოგადი ინფორმაცია მაქვს და არც დეტალური. მე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვედი აქ და არანაირი ინფორმაცია არ დამხვდა პარლამენტის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას მთხოვენ ზემდგომები, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მაგრამ ვერც მათ მივაწოდე ინფორმაცია. რაც არ არის, რას მივაწვდიდი?


- ამ მასალების გაქრობა ხომ დანაშაულია? როგორ შეიძლება, სახელმწიფო ტენდერებისა და საბიუჯეტო ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამქრალი იყოს?

 

- აი, თუ არ შეიძლება, ფაქტია, რომ გამქრალია. ცხადია, ეს დანაშაულია და უნდა გამოიძიონ, სად და რატომ გაქრა დოკუმენტაცია. იმედია, გამოიძიებენ.


- ეს „ნაციონალების" გაკეთებულია? მათ გააქრეს ეს ინფორმაციები?

 

- სავარაუდოდ, მათი გაკეთებულია, სხვას რომ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ეს ფაქტია.


- ის თუ იცით, პარლამენტის ძვირადღირებული ინვენტარი სად არის ახლა?

 

- ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ნაწილი კი - გუბერნიებს. ამის დადასტურება შემიძლია.


„ალიამ" კვალიფიციურ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ გაარკვია, რომ, თუ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარლამენტის დანგრევის საქმის გამოძიება დაიწყო, მინიმუმ, სისხლის სამართლის 2 მუხლის 3 ბრალით მოუწევთ პარლამენტის ყოფილ ხელმძვანელებს პასუხისმგებლობა.

 

1. 332-ე მუხლი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც 5 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. თუ დანაშაული ჩადენილია პოლიტიკური ან სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ, 3 წლით ეკრძალება სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის დაკავება.


2. ნივთის განზრახ დაზიანება ან განადგურება, 187-ე მუხლი, ისჯება ჯარიმით ან 1-დან 3 წლამდე ციხით.


3. სახელმწიფოსთვის მატერიალური ზარალის მიყენება, 187-ე მუხლი, ისჯება 1-დან 3 წლამდე, ან, 2-დან 5 წლამდე პატიმრობით. სასჯელის ზომა, საბოლოოდ, მიყენებული ზარალის ოდენობაზეა დამოკიდებული.






ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016