reportiori.ge - პეტრე მამრაძე: სააკაშვილი რეალურად რევანშის ასაღებად ემზადება და მას ნიადაგი უკვე მომზადებული აქვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:46
პრეს-დაიჯესტი
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი რეალურად რევანშის ასაღებად ემზადება და მას ნიადაგი უკვე მომზადებული აქვს!
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 14:42


 

დამთავრდა ცხელი ზაფხული, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა ზევით იწევს და შესაძლოა, იმაზე ცხელი პოლიტიკური შემოდგომა ვიხილოთ, ვიდრე ამას სინოპტიკოსები პროგნოზირებენ. მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად პროცედურები დაწყებულია, თუმცა სააკაშვილს თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია და სარფიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. „ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწევს, მეტი იზრუნოს ამომრჩეველთა გულის მოსაგებად და იმოქმედოს, რადგან ის ძალიან გადაეშვა სააკაშვილთან ბრძოლაში და ამასობაში, მას ეკარგება მთავარი, შეინარჩუნოს ის, რაც ადამიანებს საკუთარი სისხლის ფასად დაუჯდათ, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის მოთოკვა და დინამიკაში ქვეყნის განვითარება. ეს არის ის ორი რამ, რაც, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო. სამწუხაროდ, დღეს არ იგრძნობა, რომ ქვეყანა დინამიკაში შენდება. თუ ხელისუფლება მთავარ ამოცანად არ გაიხდის ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობას აიყოლიებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ის დაკარგავს მართვის სადავეებს. დროა, ბოროტებასთან ბრძოლა გახდეს მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე გადმოინაცვლოს ხალხზე ზრუნვამ.


„ქრონიკა" გთავაზობთ ინტერვიუს მართვის სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელთან პეტრე მამრაძესთან.


- რას უნდა ნიშნავდეს „ენდიაის" კვლევები, სადაც პირველ ადგილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს? ასევე, რეიტინგულია პრეზიდენტი მარგველაშვილი, ამ ფონზე იკარგება სხვა წამყვანი პოლიტიკოსების რეიტინგი. ამერიკელები გვაგუებენ აზრს, რომ მომავალი ხელისუფალი იქნება ირაკლი ალასანია, მარგველაშვილთან ერთად?

 

- „ენდიაის" კვლევები არ ნიშნავს, რომ ამერიკელები ფიქრობენ, რომ ალასანია გახდეს საქართველოში მომავალი ხელისუფალი, ეს გამორიცხულია, მე ეს ნამდვილად ვიცი. ისეთი ძალა, რომელიც ასეთ კომბინაციაზე იფიქრებს, ნამდვილად არ არსებობს. სულ სხვა პრობლემებია, როგორც ობამას რეზიდენციაში, ასევე ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინაშე. მაგრამ რა ხდება ჩვენთან, ეს ჩემთვისაც საინტერესოა და სხვა დანარჩენებისთვისაც, ვისაც ანალიზი უყვარს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენს ხელისუფლებას, „განაცებულ" „ქოცებს" სწორად რომ ემოქმედათ, მიხეილ სააკაშვილის ყოველი აქტიურობა საზიანო იქნებოდა მხოლოდ მისთვის და სააკაშვილის ყოველი აქტიურობა გამოავლენდა მხოლოდ მის სახეს. ეს არის ფსიქოპატი, დამნაშავე, რომელმაც სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა, სააკაშვილმა უღალატა სამშობლოს თანამზრახველებთან ერთად, ხელისუფლების სწორი მოქმედების შემთხვევაში გაიზრდებოდა ხალხის ნდობა მმართველი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ სამწუხაროდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკვე სრულდება ორი წელი და ხელისუფლებამ დაუშვა იმდენი შეცდომა, შეცდომების გარდა, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაც, რომ ხალხის გაწბილების მასშტაბი უკვე დიდია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფაქტობრივად, იყო ძალიან ობიექტური გამოკითხვა, რასაც ხალხმა უპასუხა იმით, რომ ორი მესამედი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, „ოცნების" მხარდამჭერთა 20 % მივიდა, „ნაციონალების" მხრიდან - 10 %, ასეთია თანაფარდობა. აი, ამ ფონზე სააკაშვილის აქტიურობა სხვა ფორმებს იღებს. ახლა ვთქვათ, რა ხდება... როგორც კი ძებნილად გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შიგნით, მაშინვე ველოდებოდი, რომ სააკაშვილი მოაწყობდა პიარაქციებს. ეს მისი სტილია. საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს თურქეთის ტერიტორიაზე მან შოუ მოაწყო. სააკაშვილის თანაგუნდელმა წიკლაურმა ისიც კი თქვა, რომ რამდენიმე მეტრში საქართველოა, სადაც იძებნება ქვეყნის პრეზიდენტი. სხვათა შორის, ყურადღება მიაქციეთ, მას არ უთქვამს „ექსპრეზიდენტი", სააკაშვილი მოიხსენია „პრეზიდენტად". ასევე, მიაქციეთ ყურადღება სააკაშვილის განცხადების ერთ ნაწილს, მან თქვა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს ასე არ უნდა მოექცნენ, მე მინდა საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ასევე ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბევრი ვერ ჩასწვდა მოვლენებს, პროკურატურამ კანონის შესაბამისად თხოვნით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ რიგ დოკუმენტებზე მარგველაშვილს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო", ვინაიდან ეს დოკუმენტები დოკუმენტურად ამტკიცებდა სააკაშვილის მიერ ჩადენილ მასშტაბურ ეკონომიკურ დანაშაულს. ამაზე პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ პროკურატურას პასუხი არ გასცა. გადიოდა დღეები, კვირები, მისი პასუხი კი გვიანდებოდა. თანაც, ეს ის დოკუმენტებია, რომელმაც შარშან აპრილში გაჟონა, რომ სამთავრობო ბიუჯეტიდან სააკაშვილმა ვეებერთელა თანხები დახარჯა პირადი გართობისთვის, შვილების განათლებისთვის და ა.შ. ამის შემდეგ პროკურატურამ იგივე თხოვნით ხელახლა მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაეჩქარებინათ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კვლავ არ იყო პასუხი. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტი აყოვნებდა დოკუმენტებზე გრიფის მოხსნას. მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო... პრეზიდენტი მარგველაშვილი კადრულობდა იმას, რომ პირადად აკეთებდა კომენტარს, მოხსნილიყო თუ არა გრიფი „საიდუმლო" და როგორ უნდა ემოქმედა პროკურატურას. სხვა საქმეა, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რომ გაეკეთებინა კომენტარები ამ თემაზე, ამ ყველაფერს კი პასუხობდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ამ კინკლაობას იუმორის თვალით უყურებს და მეუბნებოდნენ, თქვენთან კვლავ მავნე საბავშვო ბაღი განაგრძობს ქვეყნის ვითომ მართვასო. მარგველაშვილის კომენტარი იყო ასეთი, რომ იმიტომ აყოვნებდა დოკუმენტზე გრიფის მოხსნას, რომ ელოდა ისეთ დროს, როცა ეს ქვეყანას ზიანს არ მოუტანდა. როცა სახელმწიფოებრივ ინტერესებზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ აქ ინტერესი ერთია, რომ კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით გამოძიებულ იქნას სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების საშინელი დანაშაული, რაც მათ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინეს, ასევე დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. და თუ ეს არ მოხდება, ქართული სახელმწიფო ვერ შედგება. ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, არათუ ფილოსოფიური განათლების მქონე პრეზიდენტს. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, დაავლეთში ჩვენდამი პატივისცემა კიდევ უფრო შემცირდება. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია კანონის უზენაესობა უზრუნველყოს, ასეთი სახელმწიფო მარგინალური ქვეყნის რიცხვში შედის. ამის ფონზე მარგველაშვილმა გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა...


- თქვენი აზრით, მარგველაშვილმა ვისი კარნახით გააკეთა სააკაშვილისთვის სასარგებლო განცხადება?

 

- ამის ახსნა არის ერთადერთი, მარგველაშვილს ეს უკარნახეს და ვინც მის გარემოცვას კარგად იცნობს, ყველა იმ აზრისაა, რომ კარნახი პირდაპირ თუ ირიბად ისევ „ნაცისტებისგან" მოდის. ანუ მარგველაშვილი, როგორც ჩანს, ეკითხებოდა ვიღაცას, როგორ უნდა მოქცეულიყო პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მერე ასრულებდა გაცემულ დავალებებს. პრემიერის რეაქცია, რომელიც მან გააკეთა, აქედან მომდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური ძალაუფლება თავმოყრილია პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე მარგველაშვილს რომ გაეტარებინა პრინციპული პოზიცია, რაც მას დღევანდელი კონსტიტუციით ეკისრება, სულ სხვა სურათი იქნებოდა. მაგრამ თვითონ მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ არავინ არ უნდა შესულიყო სააკაშვილის, ანუ კალიგულას სასახლეში, ადგა და შევარდა თვითონ. ეს მაშინ, როცა „ნაცისტები" პარლამენტში ყოველდღიურად აცხადებდნენ, არ შეიძლება პრეზიდენტის რეზიდენციის ასე მიტოვება. იცით, „ნაციონალებს" პრინციპულად რატომ უნდოდათ მარგველაშვილი იქ შესულიყო? ეს რეზიდენცია არის არქიტექტურული მტკიცებულება სააკაშვილის დანაშაულებისა. ამ რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა ვეებერთელა თანხები. გარწმუნებთ, რომ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, ერთად აღებული, ამ თანხის ნაწილსაც კი არ დახარჯავდა საკუთარი პრეზიდენტის რეზიდენციაზე. არადა, თითოეული მათგანი ბევრად შეძლებულია საქართველოზე, როგორც სახელმწიფო. იცით, რა მივიღეთ? მარგველაშვილმა უპრინციპო, კონიუნქტურული მოქმედებებით დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.


- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი მარგველაშვილსა და ირაკლი ალასანიას თავის პოლიტიკურ სატელიტებად განიხილავს? ეს პოლიტიკური ფიგურები მიშას პოლიტიკურ კალათაში ჩადებული კვერცხები ხომ არ არიან, საიდანაც ის საკუთარ პოლიტიკურ წიწილებს გამოჩეკავს?..

 

- მარგველაშვილს საკმაოდ კარგად ვიცნობ 1992 წლიდან,მაშინ ის სრულიად ახალგაზრდა იყო. ის არც ერთი დღე არ ყოფილა პოლიტიკოსი. მახსოვს, ჟვანიას მრჩეველი რომ იყო, მარგველაშვილი სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი მაინც არასოდეს ყოფილა, მაგრამ „თავისუფლების ინსტიტუტთან" მჭიდრო კავშირი ჰქონდა, თქვენ შეგიძლიათ, ინტერნეტით ნახოთ, მარგველაშვილი და ბოკერია როგორ უსხედან სუფრას, რაც ამტკიცებს, რომ წასრულში ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. ამას გარდა, არაერთხელ მომისმენია „ნაციონალების" მხრიდან, - მარგველა არის ჩვენი მეგობარი და ბოლომდე ჩვენს მეგობრად რჩება, სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბზარი შეიტანონ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" და დააჩქარონ მისი უკვე ღია განხეთქილება და მათი მიზანია, ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რა თქმა უნდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქ მთავარია, რომ თვითონ „განაცებული" „ქოცები" პირველი დღიდან წარმოადგენდნენ იმ კოალიციას, სადაც ერთიანობა უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორით, მათ სხვა არაფერი აერთიანებთ. მე ბევრი კონტაქტი მაქვს „ქართულ ოცნებასთან", ვიცი, რომ კოალიციის წევრებს შორის ურთიერთობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. იცით, ერთმანეთზე რას ამბობენ? - „ამათ რა აიტანს"... კოალიციის წევრები ერთმანეთს ვეღარ იტანენ, რა თქმა უნდა, „ნაცები", პირველ რიგში სააკაშვილი, ამაზე ფიქრობენ და სააკაშვილის განცხადება, რომ უნდა შედგეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ყველა შევა, მათ შორის მოქმედი მთავრობის წევრები, ვისაც არ მოსწონს ახალი ხელისუფლების მოქმედება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი რეალურად რევანშის ასაღებად ემზადება და მას ნიადაგი უკვე მომზადებული აქვს. კოალიცია „ქართული ოცნება" რომ შეკრულიყო გარკვეული იდეების გარშემო, სააკაშვილი ასეთი განცხადებების გაკეთებას ვერ გაბედავდა. სამწუხაროდ, კოალიცია იყო ეკლექტური, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტის გარშემო შეკრებილი. მინდა შეგახსენოთ ივანიშვილის განცხადება, რომელიც ალასანიას ცნობილი სკანდალის შემდეგ გააკეთა. როცა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ალასანია ვიცე-პრემიერი, ივანიშვილმა მას ვიცე-პრემიერობა ჩამოართვა, რის შემდეგაც შედგა ცნობილი პრესკონფერენცია, სადაც ალასანია ივანიშვილის გვერდით იჯდა და ივანიშვილმა განაცხადა: „კოალიციაში ყველა წევრი არის თავისუფალი, ყველას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და გადახტეს, ოღონდ ვინც გადახტება, ის კისერს მოიმტვრევს". აი,ეს აჩერებს კოალიციის შიგნით წევრებს, მიუხედავად განხეთქილებისა, ყველა ანგარიშობს იმას, რომ გადახტეს, მერე რა იქნება. რა პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი შერჩება მას გადახტომის შემდეგ. ნამდვილად ვიცი, რომ „ქართულ ოცნებაში" კოალიციის წევრებს შორის გამუდმებით მიმდინარეობს საუბრები ამ თემაზე, რას მივიღებთ, რომ გადავხტეთ. ჯერჯერობით მთლად ღია დაპირისპირებაზე არ მიდიან. აი, ნახეთ ალასანია, რომელმაც უკვე განცხადება გააკეთა: „მოგვიწევს, წინა ხელისუფლებასა და სააკაშვილს ბევრი რამ ვაპატიოთ". ამ რიტორიკას იზიარებდა ლევან ბერძენიშვილი, რომელიც აცხადებდა, - ან მოგვიწევს სააკაშვილს ვაპატიოთ, ან არადა დასავლეთი გაგვიბრაზდება და დემოკრატიის „ნულ კლასში" გადმოვინაცვლებთო. თუ დასავლეთში გვინდა ინტეგრაცია, დავივიწყოთ სააკაშვილის დევნაო. სააკაშვილის რეიტინგი ხომ მაღალია მთლიანად საქართველოს რეიტინგზეო?!! იცით, ამდენს რატომ გიყვებით, როგორც კი აღიძრა საქმე სააკაშვილზე, სიტყვით გამოვიდნენ ალასანია და ბერძენიშვილი, - ძალიან კარგია, რაც მოხდა, კანონის წინაშე ყველა თანაბარიაო... აი, როგორ ოპორტუნიზმთან გვაქვს საქმე და არა უპრინციპო პოზიციებთან.


- ნელ-ნელა სტარტს იღებს „ნაციონალური მოძრაობის" აქციები, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური საკუთარი „ფეისბუკის" გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სურათს აქვეყნებს წარწერით: „მალე საქართველოში". ის ასევე აანონსებს აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას. „ორი დღის მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ტრაბზონში, რიზესა და სარფში, მთავარი საკითხები იყო  რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და პარტიის გეგმები. ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს პუტინის მარიონეტების, პოლიტიკისა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის". როგორ ფიქრობთ, „ნაციონალები" შეძლებენ რევანშს?

 

- გამორიცხულია, აქ მოხდეს რევოლუცია. ხაზს ვუსვამ, ამ კუთხით ისინი ვერაფერს იზამენ. ესენი შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას. ხომ იცით, პატრიოტიზმი ნაძირალების თავშესაფარია. ზუსტად ეს განმარტება მიესადაგება სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს. ბოკერია გამოვიდა და აცხადებს, ვინც ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ის არის რუსული ძალა. შეადარეთ ბოკერიას ეს განცხადება ლინკოლნ ლიტჩელის წერილს, რომელიც წერს: „ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში?.." შესანიშნავი ამერიკელი მეცნიერი, რომელიც პირადად იცნობს სააკაშვილს, ბოკერიას და სხვებს, საკუთარ წერილში პირდაპირ ასაბუთებს, რომ პუტინს პირადი აგენტი უკეთესად ვერ შეუსრულებდა დავალებას, ვიდრე ეს გააკეთა სააკაშვილმა. სააკაშვილს დასავლეთის პოლიტოლოგები ტყუილად კი არ უწოდებენ „პუტინის სასარგებლო იდიოტს". „სასარგებლო იდიოტი" - ეს არის ტერმინი, რომელიც ასახავს ორმაგი გავლენის აგენტის გარკვეულ ნაირსახეობას. ეს ნაძირალები იყვნენ სწორედ ომის დაწყების მომხრეები. გაიხსენეთ ბურჯანაძის ოფიციალური ჩვენება, როგორ შედგა 2008 წლის გაზაფხულზე გაერთიანებული სხდომა, სადაც ბოკერია ყვიროდა: „კარტბლანში გვაქვს დასავლეთისგან, ასევე რუსებისგან, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, აფხაზეთში უნდა შევვარდეთ და ცხინვალიც უნდა ავიღოთო".  ვადასტურებ, რომ ბურჯანაძე და გელა ბეჟუაშვილი იყვნენ წინააღმდეგი, დანარჩენები სულ „ვაშა-ვაშას" გაიძახოდნენ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ეს ადამიანები ამ პერიოდში ძალიან სწრაფად მდიდრდებოდნენ, მილიონერები ხდებოდნენ. ბაქრაძე, რომელიც 10 აგვისტოს სააკაშვილის სახელით ქართველ ხალხს მოუწოდებდა: „გადით და დანა-ჩანგლით თქვენ გააჩერეთ ტანკებიო", ამასობაში უკვე ფაქტებს ვხედავთ, თუ რა ფული კეთდებოდა. დღეს ხომ ხედავთ, ბაქრაძეს რამხელა თანხების ჩარიცხვაში ედავებიან, „ახალგაზრდა ადვოკატებმა" რომ გამოაქვეყნეს, ბოკერიასა და მის უახლოეს ნათესავებს შემოსავალი აქვთ 40 მილიონი წელიწადში. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული.


- ორშაბათიდან სააკაშვილზე ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა. როგორ ფიქრობთ, მას საქართველოს გადმოსცემენ?

 

- თქვენ ხედავთ, რომ კეზერაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს საფრანგეთში, ადეიშვილის გადმოცემაზე ლაპარაკიც არ არის, არადა, ის თავს აფარებს ქვეყანას, რომლის ლიდერის ფავორიტი პუტინია. ჩვენი ხელისუფლების უნიათობა კი მდგომარეობს იმაში, რომ მათ ვერ მოახერხეს საფრანგეთის ხელისუფლებისთვის კეზერაშვილზე მყარი მტკიცებულებების გაგზავნა. ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მათ ვერ მოახერხეს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება. მოსახლეობის 70 %-ს ბანკებიდან სესხი აქვს აღებული და ვერ აბრუნებს. ყოველი მე-5 ქართველი ლომბარდთან მჭიდრო კავშირშია, გეკითხებით, ამ პროცესებს რა გააჩერებს, სად არის ამის პოლიტიკური ნება, რომ შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღება უფრო აინტერესებს, ვიდრე ის, გადმოსცემენ თუ არა სააკაშვილს საქართველოს. თვითონ რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინეს და გაზარდეს საკუთარი ხელფასები, დაინიშნეს ვეებერთელა პრემიები, შემოსხდნენ უძვირფასეს ჯიპებზე, ქვეყნის მოდერნიზაციის სფეროში ასეთი პოლიტიკური ნება რომ გამოეჩინათ, ერთ წელიწადში სულ სხვა ვითარება იქნებოდა.


 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016