29 აგვისტოს თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კონსპირაციული შეხვედრა გამართა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, გოკა გაბაშვილთან, ნუგზარ წიკლაურთან, აკაკი მინაშვილთან და სხვებთან. „ქრონიკის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა სააკაშვილისგან მიიღეს შემდეგი სახის დირექტივები:
„სექტემბრიდან იგეგმება აქციების გამართვა ხალხის გამოფხიზლების მიზნით, როგორიცაა „თავისუფლება ბაჩოს", „თავისუფლება ვანოს", „თავისუფლება გიგის". „ნაციონალების" მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონაში" შეიქმნება კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებიც ერთად, შეხმატკბილებულად იმოქმედებენ ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, საპროტესტო აქციებსა და სხვა ღონისძიებებში, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას. „თავისუფალი ზონის" ლიდერებს უკვე გადაეცათ სააკაშვილის ოთხი დავალება: 1. ორგანიზაციის გააქტიურება; 2. ორგანიზაციის რაოდენობრივი ზრდა დაჩქარებული ტემპით; 3. კონფერენციების, ბრიფინგების მოწყობა; 4. მასმედიის საშუალებებით უკრაინის ყოველდღიურობა გადმოტანილი უნდა იქნას ქართულ სინამდვილეში. საზოგადოებაში რუსეთი უნდა წარმოჩინდეს, როგორც „ვამპირი".
როგორც სანდო წყარო ატყობინებს „ქრონიკას", მიხეილ სააკაშვილმა საიდუმლო შეხვედრაზე თავის დეპუტატებს უსაყვედურა, რომ მათ პარლამენტარობა შეიფერეს და აღარაფერს აკეთებენ. მეტიც, მას აღარ აქვს პარტიის იმედი და ამიტომ მთლიანად ორიენტირებულია „თავისუფალ ზონაზე". ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით იგეგმება „თავისუფალი ზონის" გაფართოება, ეს იქნება ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, თელავი და სხვა რაიონული ცენტრები, თბილისის შემდეგ ყველაზე ძლიერი და აქტიური იქნება მარნეული. მიმდინარეობს აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა, რომლებსაც დაევალებათ ეთნიკური მოსახლეობის გამოფხიზლება და ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში შესვლა. ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდებისგან შეიქმნება მობილური ჯგუფი. ასევე, შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც გაემგზავრებიან უკრაინაში და მიიღებენ საბრძოლო გამოცდილებას. მათ ეს გამოცდილება საქართველოშიც გამოადგებათ, როცა ამის დრო დაუდგებათ. უახლოეს ხანში დაიწყება სპეციალური ჯგუფების შემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში მათ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში. რა ხდება კონკრეტულად და რასთან გვაქვს საქმე? ამაზე „ქრონიკას" ყოფილი პარლამენტარი, სანდრო ბრეგაძე ესაუბრება:
- „ნაციონალებმა" ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლა არჩევნების გზით გამორიცხულია. ამიტომ ისინი ჩალიჩობენ ისეთი ძალის მოყვანაზე, რომელიც უფრო მისაღები იქნება და სწორედ ამისთვის სჭირდებათ არეულობა.
- ანუ მიდიან ისევ იმ გზით, რაც 2003 წლამდე გაიარეს, ხომ?
- რა თქმა უნდა... მაშინ შევარდნაძეს აფრთხილებდნენ, იქმნებოდა ახალგაზრდული ორგანიზაცია „კმარა", რომელიც იქნებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. შევარდნაძემ ამას ყურადღება არ მიაქცია და ჩვენ ვნახეთ, რომ „ვარდების რევოლუციაში" საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციამ, რომლის წევრებიც სპეციალურად იყვნენ დატრენინგებულები და ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. დღეს „ნაცმოძრაობა" ამუშავებს ზუსტად იგივე მეთოდს და ზუსტად იგივე ძალა იქნება გამოყენებული „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს არის „თავისუფალი ზონა", ეს არის სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იქმნება სხვადასხვა საფარქვეშ, ძირითადად ახალგაზრდული ჯგუფები. ამ ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ და გადაიბირონ ახალგაზრდები, ყველგან უნდა შეიტანონ არგეულობა, უნდა იყოს წივილი, კივილი, დაუმორჩილებლობა, ცემა, ტყეპა და ასე შემდეგ. შეიძლება იმაზეც კი წავიდნენ, რომ რომელიმე თავიანთი წევრი თავადვე გამოასალმონ სიცოცხლეს, რათა შემდგომში ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდეს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „თავისუფალი ზონა" ძირითადად დაკომპლექტებულია ბაჩო ახალაიას დროინდელი პოლიციელებით, ესენი არიან „ზონდერები", რომლებსაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. ეს ორგანიზაცია შექმნილია მკვლელებისა და სადისტებისგან. მას კურირებს კობა ხაბაზი, ფინანსდება ვანო მერაბიშვილის ფულით. სხვათა შორის, მათი დაფინანსება არის საკმაოდ დიდი, ვინც მუდმივად ჰყავთ დასაქმებული, საშუალოდ, 5 ათას ლარს აძლევენ, ამას პერიოდულად ემატება პრემიები, გააჩნია, რა სახის აქციას ჩაატარებენ და რანაირად ჩაატარებენ. სექტემბრიდან მათი მთავარი მიზანი იქნება სტუდენტების აყოლიება და პროვოკაციების მოწყობა. დღეს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტურ თვითმმართველობებში დარჩენილები არიან ლადო ვარძელაშვილის, დავით კირკიტაძისა და „ნაცმოძრაობის" დაჯგუფებების წევრები, მათ მიერ კონტრლირებადი ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ამათაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ სტუდენტური პროტესტი ააგორონ. ნაციონალები ამ შემთხვევაშიც ეშმაკურად იქცევიან, წინა პლანზე თვითონ არ გამოვლენ, სტუდენტებს გამოიყვანენ, დაიწყებენ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მხარს უჭერს უკრაინის თავისუფლებას, გმობს რუსეთის მოქმედებას. დაიწყებენ რუსეთის გინებას, პუტინის ლანძღვას, წავლენ პოლიციის მანქანების დაწვაზე, დამტვრევაზე, ადამიანების დასახიჩრებაზე და ასე შემდეგ. „ნაციონალების" საფარქვეშ აღმოცენებულ „ზონდერებს" ძალიან დიდი სკოლა აქვთ გავლილი, თავის დროზე „კმარას" ამზადებდნენ სერბეთის ანალოგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და მათ საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ. ამ ორგანიზაციას სერბეთში ერქვა „ოტპორი". „თავისუფალი ზონის" წევრებს ტრენინგებს ხშირ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უტარებენ, მათი თითოეული ნაბიჯი არის გარკვეულ შედეგზე ორიენტირებული.
- სხვათა შორის, მათი მომზადება გამოჩნდა ხიდზე, სადაც დაიწყეს შეღებვა უკრაინის დროშის ფერებში.
- დიახ, ყველამ ნახა, როგორი წიოკი ატეხეს, როცა მათ პოლიცია მიუახლოვდა. ეს არ არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც საკუთარი აზრები აქვს, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი. არა, ესენი არიან დაპროგრამებულები, უნდა მივიდნენ ფეხბურთის მატჩებზე, გამოფინონ შეურაცხმყოფელი ტრანსპარანტები, იგივე პუტინის დედის გინება, პოლიციას ამაზე რეაქცია ექნება, თვითონ სპორტული ფედერაციები კრძალავენ ასეთ რაღაცეებს. ამაზე ატეხენ ერთ ამბავს, როგორ, პუტინი ჩვენი მტერია და ხედავთ, ხელისუფლება მას იცავს და ასე შემდეგ. რა დასამალია ის ამბავი, რომ ამ ადამიანებმა ისევ დაიწყეს საბურავების მომარაგება? პირდაპირ ვთქვათ, დღეს რამდენიმე მილიარდი დოლარის მქონე ადამიანი ზის ციხეში - ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა... რამდენიმე ადამიანი იძებნება - დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და სხვები. როგორ ფიქრობთ, ფულს არ დახარჯავენ, რომ საქართველოში სიტუაცია შეცვალონ? მერაბიშვილს პირდაპირ აქვს ნათვქამი, მთელი ჩემი ქონება მოახმარეთ იმას, რომ გამომიყვანოთ ციხიდანო. სხვა შანსი მას და მის მეგობრებს არ აქვთ, ეს ხელისუფლება უნდა შეცვალონ და როგორმე თავისუფლება მოიპოვონ.
„თავისუფალი ზონის" გააქტიურების პარალელურად „ქრონიკას" აწვდიან ინფორმაციას, რომ ერეკლე კოდუასა და მისი დედის, ლაურა ღაჭავას ფინანსური მხარდაჭერით, პირველი სექტემბრიდან „ნაცმოძრაობის" წევრები - ხათუნა ბერძენიშვილი (ყოფილი გამგებელი), ლევან გახელაძე („საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის ყოფილი თავმჯდომარე) და გირშელ ბარათია („თავისუფალი ზონა") აფუძნებენ არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიან თაობას". ორგანიზაციის ოფისი იქნება ლაურა ღაჭავას მფლობელობაში არსებულ „პირიმზის" შენობაში. ორგანიზაციის ამოცანები და მიზნები იქნება კოდუას „გაპრავებაზე" მუშაობა. ასევე, „თავისუფალ ზონასთან" კოორდინაციაში სხვადასხვა აქციების ორგანიზება. რამდენად ჯდება ამ თემაში ერეკლე კოდუა და მისი „სასტავი?" როგორც ვიცით, კოდუებსა და მერაბიშვილ-სააკაშვილს შორის თავის დროზე შავმა კატამ გაირბინა, ამას მოჰყვა კოდუების ბიზნესების მოშლაც. წესით, ერეკლე კოდუასა და ლაურა ღაჭავას, არ უნდა აწყობდეთ „ნაციონალების" წისქვილზე წყლის დასხმა. თუმცა ამ თემაზე სანდრო ბრეგაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
- მათ სხვა გზა არ აქვთ, ცალ-ცალკე თავიანთ მტერს ვერ მოერევიან. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ადრე რა წყენა და დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთში, ყველანი კედელთან არიან მიმწყვდეულები არა მხოლოდ პროკურატურის მიერ, არამედ საქართველოს მოსახლეობის მიერაც. ამ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლაც კი აღარ შეუძლიათ. სხვათა შორის, მე რამდენიმე მათგანი გავაფრთხილე, პირადად მოგვიხდა შეხლა-შემოხლა და ვუთხარი: როგორც კი თანამდებობებს დაკარგავთ და აღარავინ დაგიცავთ, ქუჩაში ვეღარ გამოხვალთ, ხალხი გაგისწორდებათ-მეთქი. ეს ადამიანები ძალაუფლების გარეშე არაფერს წარმოადგენენ, ელემენტარული პროფესიებიც კი არ გააჩნიათ. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს კიევში გახსნილი აქვს თავისი შტაბი, სადაც ჩადიან საქართველოდან „ნაცმოძრაობის" ლიდერები, „თავისუფალი ზონის" ლიდერები და იღებენ დირექტივებს, ანუ როგორ და რანაირად უნდა მოაწყონ პროვოკაციები. გარდა ამისა, ესენი სააკაშვილს ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც - თურქეთში, ამერიკაში თუ სხვაგან. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა არაფრად უღირს, ყველაფერს არ გააკეთებს, რომ აქ სიტუაცია არიოს? ჰოდა, ეს არეულობა კოდუებსაც აწყობთ და ღაჭავებსაც, მთავარია, ახლა როგორმე თავი დაიძვრინონ, დანარჩენს მერე მიხედავენ და ერთმანეთში ანგარიშებსაც გაასწორებენ. ეს არის ნაძირალების კრებული, „თავისუფალი ზონა" არ არის არანაირი ახალგაზრდული ორგანიზაცია, აქ თავი მოიყარეს სააკაშვილის დროის კუდ-ის, სოდ-ისა და სხვა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა, რომლებიც დარჩნენ სამსახურების გარეშე და დღეს შავ ფულს იღებენ ხელფასად. მეტსაც გეტყვით, ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა ნაწილმა ახლა ხელში ავტომატი აიღო და უკრაინაში წავიდა ვითომ უკრაინელების დასახმარებლად, ისინი ცოტა ხანში უკან დაბრუნდებიან და აქ გააჩაღებენ შეიარაღებულ პროვოკაციებს. ეს ადამიანები 2007 წლის ნოემბერში და 2011 წლის 26 მაისს გამოვიდნენ ჯინსებით, შავი ნიღბებით და ქართველ ხალხს ანადგურებდნენ, არბევდნენ და ხოცავდნენ. ესენი არიან პროფესიონალი მკვლელები!
„ქრონიკა" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ქალბატონ ლაურა ღაჭავასაც დაუკავშირდა, რომელმაც ახალი ორგანიზაციის შექმნა კატეგორიულად უარყო:
- ბატონო გელა, მადლობა, რომ ჩამაყენეთ საქმის კურსში და პირველად გავიგე ახალი ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი ოჯახის წევრები ვაფუძნებთ არასამთავრობო ორგანიზაციას. მსგავს რამეზე ამ ეტაპზე არც გვიფიქრია და არც გვიმსჯელია. რაც შეეხება „პირიმზეს", იქ ქირავდება ფართები და ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია იქირაოს.
- როგორც ვიცი, არცთუ კარგი ურთიერთობა გაქვთ მერაბიშვილ-სააკაშვილთან. შეიძლება ვცდები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. შესაძლოა, მართლაც ვინმეს უნდოდა ფართის ქირით აღება ამ ორგანიზაციისთვის და თქვენ მოგეწერათ? რაიმე მოლაპარაკების მცდელობა ხომ არ ყოფილა „თავისუფალი ზონიდან?"
- თუ გნებავთ, ვინც ფართებს აქირავებს, იმას დაგაკავშირებთ და თვითონ გადაამოწმეთ ჩემი სიმართლე.
ქალბატონი ლაურა ამ თემაზე მეტს აღარ საუბრობს. იყო თუ არა მოლაპარაკების რაიმე მცდელობა, ან „თავისუფალ ზონასთან" თანამშრომლობის ჩანაფიქრი, ამაზე ის დუმს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს დგას. ვნახოთ, შემოდგომა უკვე კარს მოგვადგა, კოდუებმა რომც არ იაქტიურონ, სააკაშვილის „დირექტივების" მიხედვით, წინ მაინც ცხელი თვეები გველის.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"