შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული სამი ტონა ჰეროინის შემდეგ, "ალია" სანდო წყაროებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით სისტემატურად წერდა, რომ ამ ჰეროინთან კავშირში მიხეილ სააკაშვილი და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების სხვა გავლენიანი ჩინოვნიკები იყვნენ. ამას ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც ამტკიცებდა "ალიასთან" საუბარში, რომელმაც, სხვათა შორის, პირველმა განაცხადა, რომ ეს 3 ტონა ჰეროინი "თალიბანს" ეკუთვნოდა და შემდგომში ეს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც დაადასტურა. ამ ოდენობის ჰეროინის ამოღება იმდენად უპრეცედენტო ფაქტია, რომ მისი წარმომავლობის მარშრუტის გამომგზავნისა თუ დამხვედრის შესახებ წერა კიდევ დიდხანს მოგვიწევს... ამჯერად, ვახტანგ მაისაიამ "ალიას" ახალი ინფორმაციები მოაწოდა, რომლებიც კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ვარაუდს, რომ ამ უპრეცედენტო ნარკოტრაფიკთან მიხეილ სააკაშვილი უშუალო კავშირში იყო.
- ბატონო ვახტანგ, პირად საუბარში მითხარით, ახალი ინფორმაციები მაქვს 5 მაისს ამოღებული 3 ტონა ჰეროინის შესახებო...
- მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ, ავღანეთში თალიბებს ოპიუმი მოჰყავთ ჰელმანდის, ყანდაღარის, იარუზგანის, ბალხის, ბადახშანისა და ბალგანის პროვინციებში. ეს ავღანეთის სამხრეთი რეგიონებია, რომლებსაც თალიბები აკონტროლებენ. მათ შეძლეს, ნარკოტიკის წარმოება სამრეწველო დონეზე აეყვანათ. სადღეისოდ, თალიბების ნარკოკარტელი 35 დაჯგუფებას აერთიანებს, ერთ-ერთის ხელმძღვანელია ჯამირ ბაზირ მურზალი, იგივე მულა ბაშირი. ეს კაცი, არდაღანის პროვინციის ხელმძღვანელი, იგივე გუბერნატორი იყო. სწორედ მისი მეშვეობით დაამყარა ევროპულ ნარკოსტრუქტურებთან კავშირი თალიბანმა. მულა ბაშირი ალბანელ კრიმინალებთან გავიდა კონტაქტზე და მათთან ააწყო ჩინებული ურთიერთობა. ალბანურმა ნარკოკარტელებმა ჩაანაცვლეს იტალიური და თურქული კონკურენტები, ისინი განდევნეს ბაზრიდან და მათი ადგილი თავად დაიჭირეს. თალიბებს 20 უდიდესი ლაბორატორია აქვთ, სადაც ოპიუმის ჰეროინად და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებად ქცევა შეუძლიათ. ეს ლაბორატორიები და საწყობები მდებარეობს ხოსტის პროვინციაში მიწისქვეშ. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია ჯალალაბადშია, სწორედ ამ ლაბორატორიაში შეიმუშავეს ნარკოტიკის ის სახეობა, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოდიოდა და ჩვენმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ეს ე.წ. თხევადი ნარკოტიკია და მას თალიბები "ალაჰის ცრემლებს" ეძახიან. 50 კგ ოპიუმიდან მიიღება 1 ლიტრი თხევადი ნარკოტიკი და ძალიან ძლიერმოქმედია. რაც შეეხება მარშრუტს, ცხადია, ეს ჰეროინი ავღანეთიდან წამოვიდა, კონკრეტულად ჰელმანდის პროვინციიდან. გამოიარა თურქმენეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით უნდა გადაეტანათ თურქეთში. თურქეთიდან კი ბალკანეთის გავლით მოხვდებოდა ევროპაში. ამ ნარკოტრანზიტის შესახებ თავის დროზე განცხადება გააკეთეს გაერომაც და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და თან, არაერთხელ. მათ პირდაპირ მიუთითეს, რომ საქართველო ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი ქვეყანაა და ხელისუფლებას მოუწოდეს ნარკობარონთა თარეშის ალაგმვისკენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა საამისოდ თითი არ გაანძრია. ანდა, ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ რას მოიმოქმედებდა, როცა თავად იყო მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ნარკობარონი?!.
ცხადია, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჰელმანდიდან საქართველოსკენ წამოვიდა ნარკოტიკი და მისი ევროპაში გატანის გარანტი მიხეილ სააკაშვილი იყო, მისი პრეზიდენტობის ჟამს სწორედ ჰელმანდის პროვინციიდან სისტემატურად მოდიოდა დიდძალი ნარკოტიკი და ზემოხსენებული მარშრუტის გავლით გადიოდა ევროპაში.
- რით ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავლენიანი ნარკობარონია?
- ამას მიხეილ სააკაშვილს დაუმტკიცებენ, როცა დრო მოვა. მე ფაქტებს მოგახსენებთ, დაუკავშირეთ ისინი ერთმანეთს და დასკვნა თავად გააკეთეთ. ჰელმანდის პროვინციიდან რომ წამოვიდა ეს სამი ტონა თხევადი ნარკოტიკი საქართველოსკენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ჰელმანდში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცების ბაზაზე მოხდა ტერაქტი, რომელსაც 8 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ეს ნარკოტრაფიკთან კავშირშია, ეს ტერაქტი ყარათის ნარკოკარტელის მიერ იყო განხორციელებული. აქ ლაპარაკია მილიარდობით დოლარზე.
- გამიგია, რომ იმ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილმა თალიბები "გადააგდო", ნარკოტიკების ფული დაუგვიანა და ეს ტერაქტი იყო გაფრთხილება თალიბების მხრიდანო.
- კი, რაღაც ამგვარი იყო, ამას ნამდვილად ვერ დავამტკიცებ, თუმცა ტერაქტი რომ ნარკოკარტელმა განახორციელა, ეს ნაღდია. ხომ გითხარით, მილიარდებზეა ლაპარაკი და არ დაგვავიწყდეს, საქმე გვაქვს თალიბებთან, რომლებიც ერთ ცენტსაც კი არავის შეარჩენენ, გინდა პრეზიდენტი იყოს და ვინც გინდა იყოს...
აქვე გაიხსენეთ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე, როცა "ნაცმოძრაობა" დამარცხდა, მიხეილ სააკაშვილმა როგორ მოუხშირა ავღანეთში და განსაკუთრებით, ჰელმანდის პროვინციაში სიარულს, სადაც რამდენჯერმე ჩავიდა. ოფიციალურად ის ქართველი სამხედროების ბაზაზე ჩადიოდა, მაგრამ კიდევ ვის ხვდებოდა, ეს არის საკითხავი...
- თქვენ ვარაუდობთ, რომ ავღანელ ნარკობარონებს ხვდებოდა?
- კი არ ვვარაუდობ, ეჭვიც არ მეპარება. არჩევნების წაგების მერე სააკაშვილმა დაინახა, რომ ძალაუფლება ხელიდან ეცლებოდა, ძალაუფლების გარეშე მას ნარკოტრანზიტის შენარჩუნება გაუჭირდებოდა და ცხადია, თალიბებთან თადარიგს იჭერდა, ურთიერთობებს ალაგებდა და გარანტიებს აძლევდა, რომ ეს მარშრუტი მისი პრეზიდენტობის შემდეგაც იმუშავებდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, "ნაციონალების" მიერ ამუშავებული ეს მარშრუტი გაიშიფრა და ჩავარდა. აქვე გავიხსენოთ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალიც, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი და მისი ვიზიტის შესახებ არც არაფერი თქმულა. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი, როგორც ამ ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი მფარველი, სწორედ ამერიკელთა მოთხოვნით გაათავისუფლა სააკაშვილმა თანამდებობიდან. და არა მარტო მერაბიშვილი, თავად სააკაშვილი ნაწილობრივ სწორედ ამ ამბავს გადააყოლეს. მართალია, მას ამერიკა ბევრ რამეში მხარს უჭერდა, მაგრამ ბოლოს, თითქმის ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა და ამერიკელები მხოლოდ განცხადებების დონეზე შემოიფარგლებოდნენ და ისიც, ცალკეული კონგრესმენები და სენატორები, აღარც სახელმწიფო დეპარტამენტი და აღარც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერას აღარ აფიქსირებდა. მათ ჩინებულად იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო თანამედროვე გენერალი ნორიეგა, რომელსაც ათეულობით ტონა ნარკოტიკი გაჰქონდა ევროპაში. აი, სწორედ ეს არ აპატიეს და აღარც არჩევნებში დაუჭირეს მხარი, ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის საქმე უკან-უკან მიდის, მათ სამი არჩევნები წააგეს უკვე, ამერიკელთა მხრიდან აღარანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმე რომ აღიძრა, ეს ფაქტიც გაიხსენეთ, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და არც სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გააკეთეს განცხადებები და ის ჩვეული აღშფოთებაც კი არ გამოხატეს, რასაც ადრე ხშირად აფიქსირებდნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ იგივე ქმედებისას.
- ბატონო ვახტანგ, აქვე უნდა გავიხსენოთ გაეროს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნა, სადაც ლაპარაკია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე. გაერო დღევანდელ ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ეს დასკვნაც დროში დაემთხვა ამ ნარკოსკანდალს.
- აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა, გაეროს აქვს ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სამსახური და მის დასკვნებშიც არაერთხელ ყოფილა აღნიშნული, რომ საქართველო ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია და სააკაშვილს მოუწოდებდნენ ებრძოლა ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ. ცხადია, გაეროში ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების სხვა წევრები ჩართულნი იყვნენ ამ სქემაში და ევროპას უხვად ამარაგებდნენ ნარკოტიკით. ამას სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობას" არც გაერო აპატიებს, არც ამერიკა და არც ევროკავშირი.
- შესაძლოა, სამომავლოდ ნარკოტრაფიკის თემა, თუნდაც გაეროს მიერ იქნეს გამოძიებული და სააკაშვილსა და მის ახლო გარემოცვას, ვინც ამ სამსახურში იყვნენ ჩართულნი, ბრალი წაუყენონ და ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ?
- მე ნამდვილად არაფერს გამოვრიცხავ, გეუბნებით, სააკაშვილი არაფრით განსხვავდებოდა გენერალ ნორიეგასგან და ამის შესახებ ინფორმაცია გაეროსაც ჰქონდა და ამერიკისა და ევროკავშირის სპეცსამსახურებსაც. ჩემი სიტყვების დასტურად მოვიყვან აზერბაიჯანული გაზეთის "აზად ლიგის" ინფორმაციას, რომელიც აცხადებს, რომ სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც 3 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს, ქართულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს. ანუ რაც ქართულმა სპეცსამსახურებმა იციან, იმაზე ათჯერ მეტი იციან ამერიკელებმა და მე არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ მხარეს ჰელმანდიდან წამოსული ნარკოტიკების ამ პარტიის შესახებ სწორედ ამერიკელებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
- ფაქტია, მარშრუტი, რომელშიც საქართველო ერთ-ერთ პუნქტად იყო, ჩავარდა და ამაში მთავარი დამნაშავე ის იქნებოდა, ვინც გარანტიები მისცა თალიბებს, რომ მარშრუტი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უსაფრთხო იქნებოდა. ახლა რა მოხდება, თალიბები არ მოსთხოვენ დამნაშავეს პასუხს? დამნაშავე კი, სავარაუდოდ, სააკაშვილია, რადგან სხვა ამ ტიპის გარანტიებს თალიბებს ვერ მისცემდა...
- ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ თალიბებისგან სააკაშვილს საფრთხე ელოდება და არ აპატიონ არც სამი ტონა ჰეროინის ჩავარდნა და მით უმეტეს, მთლიანად ნარკოდერეფნის ამხელა საფრთხის წინაშე დაყენება. ეს ნარკოტრანზიტი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაიხსნა, მანამდე არ არსებობდა, მაგრამ სააკაშვილს უკვე აღარავინ ეკითხებოდა მის ფუნქციონირებას, იმდენად გავლენიანი ძალები არიან მასში ჩართულნი. შესაბამისად, თალიბებისგან საპასუხო რეაქციას არა მარტო სააკაშვილი უნდა ელოდოს, არამედ მთლიანად ქვეყანაც. შურისძიების მიზნით, შესაძლოა, თალიბებმა ტერაქტები მოაწყონ ავღანეთში განთავსებულ ქართულ სამხედრო ბაზებზე, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთოს ამ ბაზებზე უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად. ასევე, მოსალოდნელია ქვეყანაში ჯიჰადის რეალური საფრთხე. თალიბების შურისძიების ობიექტი პრეზიდენტი გახდება თუ უბრალო მოქალაქე, ეს კაცმა არ იცის. კარგს რომ არ უნდა მოველოდეთ მათგან, ეს ფაქტია. მოკლედ, სააკაშვილმა თალიბებს მისცა 100%-იანი გარანტია, რომ ეს მარშრუტი იმუშავებდა, მაგრამ ის ჩავარდა. მან პოსტიდან წასვლის შემდეგაც დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყანა, თვითონ მილიარდები იშოვნა ნარკოვაჭრობიდან და ქვეყანა თალიბების სამიზნედ აქცია. სხვა რომ არაფერი არ იყოს, მარტო საქართველოს საერთაშორისო ნარკოტრანზიტის ერთ-ერთ პუნქტად ჩასმა საკმარისია მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ეს პირველ ეტაპზე, ხოლო საბოლოოდ, ცხადია, ამ დანაშაულის გამო მისი ადგილი ციხეშია და რაც დროულად იზრუნებს ამაზე საერთაშორისო სასამართლო, მით უკეთესი.
(წყარო: ალია)