29 აგვისტოს „სქაი ბართან" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია. შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა. 31 აგვისტოს სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის ღამეს, „სქაი ბარში", მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას შვილი - რატი მილორავაც იმყოფებოდა. ორგანიზაცია „იდენტობის" დირექტორი, ირაკლი ვაჭარაძე „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ კლუბში იმ ღამით დაჩი დარჩია უკრავდა, ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, რომელიც ბესელიამ ციხიდან გამოუშვა, მივიდნენ დაჩისთან და მუსიკის შეკვეთა სთხოვეს. ირაკლი ვაჭარაძის ინფორმაციით, სწორედ დაჩის უარს მოჰყვა დაძაბულობა. ბარის დაცვამ ბესელიას შვილის მეგობარი კლუბიდან გაიყვანა და მკვლელობაც გარეთ მოხდა.
„ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, მისულან დაჩისთან, მუსიკის შეკვეთა უნდოდათ. დაჩის უთქვამს, ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება, იქნებაო. ამას მოყოლია დაძაბულობა. დაცვას გაუყვანია მკვლელი გარეთ. გამოდის დაჩი, ხვდება ეს ტიპი და უყრის დანას. და აი, უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ"?
როგორც ხედავთ, ირაკლი ვაჭარაძე ინფორმაციას ავრცელებს მესამე პირში: ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი მისულან დაჩისთან, მუსიკის შეკვეთა უნდოდათ. დაჩის უთქვამს, ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება, იქნებაო. „ელგებეტეების" შეფი გაგონილს ყვება, თვითონ იქ არ ყოფილა. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ვაჭარაძეს ან ვიღაცამ განგებ ჩააწოდა ეს ინფორმაცია, ან თავად მოიფიქრა და შემდეგ „პრესა.ჯი"-საც შეატყობინა. იგივე ვაჭარაძე, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა კანონმდებლობაში და ხშირად მორალზეც გვესაუბრება, გაბრაზებული გვეკითხება: „და აი, უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" თქვენი არ ვიცი და, მე პირველად გავიგე, რომ 2012 წელს გამოცემული ფართომასშტაბიანი ამნისტია ეკა ბესელიას ეკუთვნოდა, მაინც ვფიქრობდი, რომ აღნიშნული ამნისტია მთავრობის დადგენილებით განხორციელდა.
თავად ეკა ბესელია გვარცელებულ ინფორმაციას უნამუსო ტყუილს უწოდებს:
- არა, ეს სრული სისულელეა, როგორც შენ ხარ კავშირში ამ ამბავთან, ისევეა ჩემი შვილიც. პირდაპირ გეუბნები, ჩვენ ვიყავით ბათუმში.
- მე ვიცი, რომ ნამდვილად ბათუმში იყავით, ამის შესახებ მომწერე კიდეც, საზღვარგარეთიდან რომ ჩამოხვედი, მითხარი, ხვალ ბათუმში მივდივართო. მაშინ რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე?
- ეს მერამდენედ არის უკვე? ეს არ არის პირველი შემთხვევა, „პრესა.ჯი", რომელიც ეყრდნობა „ნაციონალების" ჯგუფის რაღაც წყაროს, უკვე მეოთხედ მივრცელებს ასეთ ინფორმაციას. როგორც კი რაღაც შემთხვევა მოხდება, მერე თვითონ თხზავენ რაღაც უბედურებას და ამას აკავშირებენ ჩემს შვილთან, ჩემს ოჯახთან. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. მე მარტივი პასუხი მაქვს: ჩემი შვილი ბოლო თვეებია საერთოდ არ არის თბილისში. აგვისტოში საერთოდ არ ყოფილა ქალაქში. შეუძლიათ, გადაამოწმონ, ბოლო ერთი კვირაა, ბათუმში ისვენებდა ჩემს ძმასთან ერთად, 29 აგვისტოს აჭარაში იყო თავის მოძღვართან ერთად, მამა იოანე ჩამოუვიდა სტუმრად. როცა თბილისში საერთოდ არ ყოფილა, როგორ უნდა დააკავშირონ?
- ეს მკვლელი ვინ არის, რომელიც თითქოს შენ გაათავისუფლე და შენს შვილთან მეგობრობდა?
- საერთოდ არ ვიცი, ვინ არის... ამნისტიით გამოვიდა 8 ათასზე მეტი ადამიანი, ასე გვარებით არ ვიცი. ამნისტიის დროს გვარებით არ გამოდიან, მუხლების მიხედვით თავისუფლდებიან.
- შეუძლიათ, 8 ათას კაცზე თქვან, რომ შენ გაათავისუფლე.
- თვითონ მოიკითხონ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პირები, მკვლელები რომ გამოუშვა ციხიდან. მე ამ ადამიანს არ ვიცნობ.
- შენს ადგილზე კატეგორიულად მოვითხოვდი, რომ ამ ღამის ბარიდან ამოიღონ ვიდეოჩანაწერები. წესით, უნდა იყოს.
- ამ ეტაპზე ვადგენ წყაროს, საიდანაც გავრცელდა ეს ცრუ ინფორმაცია. მაინტერესებს, პირველად ვინ გაავრცელა. 30 აგვისტოს მომწერეს „პრესა.ჯი"-დან და მკითხეს. ვუთხარი კიდეც, უკვე მერამდენედ ავრცელებთ ასეთ სიბინძურეს-მეთქი? ჯერ არ ვიცი, პირველად ვინ გაავრცელა, მაგრამ ამ სააგენტოსგან არ მიკვირს. მერე სხვებმა აიტაცეს, ჟურნალისტობას რომ იბრალებენ, ისეთებმა. ამის შემდეგ დაიწყეს კომენტარების წერა „ფეისბუკში", თავიანთი ბრძნული აზრების ფრქვევა. დაასახელონ წყარო და დადონ ფაქტები ამ უნამუსოებმა. რაც შეეხება ჩანაწერს, ამას გამოძიება ისედაც ამოიღებს, ვინ იყო და რა იყო, თვითონ გაარკვევენ. ბავშვი საერთოდ თბილისში არ ყოფილა და ჩანაწერში რანაირად იქნება? თუ უნდათ, სასტუმროს ჩანაწერიც ამოიღონ ბათუმში, სადაც იმ დღეს იმყოფებოდა. ეს არის სრული უსინდისობა, ახლა დგანან და სოცალურ ქსელებში წერენ „ბრძნულ" კომენტარებს.
- ვერაფერს იზამ, ჩვენში ძალიან ბევრი „ბრძენია"
- და უსინდისო!
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"