reportiori.ge - რა უნდა სინამდვილეში პროკურატურას დავით ბაქრაძისგან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა უნდა სინამდვილეში პროკურატურას დავით ბაქრაძისგან?
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 20:09

 

 

მთავარმა პროკურატურამ, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობის" ლიდერებზე „ნადირობის" სეზონი განაახლა და ამჯერად, გიორგი ბადაშვილის უწყებაში დავით ბაქრაძე დაიბარეს. სიმართლე ითქვას, ბაქრაძე არც ძალადობრივ დანაშაულში მხილებულა ოდესმე და არც კორუფციული ფაქტები დაუდიათ მისთვის ოპონენტებს. ერთ-ერთ ყველაზე სუფთა კაცად ითვლებოდა „ნაცმოძარობაში" და სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე სხვაგვარადაა.

 

 

პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

 

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელეც 261, 757. 83 გირვანქა სტერლინგი (754, 700. 17 ლარი) ჰქონდათ. აღნიშნული თანხა, დავით ბაქრაძეს არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი, არადა, ამ დეკლარაციებს 2004 წლიდან მოყოლებული, უკვე 10 წელია ავსებს. გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ მას მთელი ამ 10 წლის განმავლობაში დაავიწყდა, რომ ბრიტანულ ბანკში 261 ათას ევროზე მეტი ჰქონდა შენახული. ბუნებრივია, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაქრაძე ამ ფულს მალავდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო, რომ მისმა სიმამრმა ლერი მეტრეველმა, სიძესა და შვილს - დავით ბაქრაძესა და მაკა მეტრეველს 400 ათასი აშშ დოლარი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ გადასცა.

 

 

„2002 წელს კრწანისის ქუჩა 11-ში მდებარე ჩემი კუთვნილი საკუთარი სახლი მქონდა აშენებული, ის სახლი შვეიცარიის საელჩომ 400 ათას აშშ დოლარად შეიძინა. მაშინვე ყველა დოკუმენტი ოფიციალურად გადავაფორმეთ და დღემდე შენობა შვეიცარიის საელჩოს ეკუთვნის.

 

 

ვინაიდან ვაჟი გარდაცვლილი მყავს, ეს თანხა გადავაბარე ჩემს შვილს მაკა მეტრეველს. ამასთანავე, დავწერე, რომ ეს თანხა არის ჩემი შვილიშვილებისთვის, ჩვენ უკვე საკმაოდ ხნიერები ვართ და ეს თანხა სამ შვილიშვილზე უნდა გადანაწილებულიყო. თანხა უკვე დიდი ხანია, რაც ბანკში ინახება. როდესაც ეს სახლი გავყიდე, მერე საირმის გორაზე ნაკვეთი შევიძინე და სახლის აშენებისთვის მაშინ თანხის ნაწილი გამოვართვი, რომელიც მერე უკანვე დავუბრუნე. ამის შემდეგ, ამ თანხას განკარგავენ ჩემი შვილი მაკა და მისი მეუღლე დავით ბაქრაძე", - აცხადებს ლერი მეტრეველი.

 

 

იგივეს ამბობს დავით ბაქრაძეც, ეს სრულიად კანონიერი შემოსავალი იყო და ვერ გავიგე, პროკურატურა რას მედავება, უკანონო შემოსავალი რომ ყოფილიყო, HSBC ბანკში ამ ფულს ვერც შევინახავდი, რადგან ეს ბანკი ყველანაირი შენატანის კანონიერებას თავად ამოწმებს და რაიმე ეჭვი რომ ჰქონოდათ ამ ფულზე, არც ბანკში არ შემატანინებდნენ და სამართალდამცავებსაც აცნობდნენო. კი, ეს გასაგებია. მაგრამ კვლავ დიდი კითხვა რჩება - რატომ არ შეიტანა არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში ბაქრაძემ ეს ფული? ამაზეც აქვს პასუხი - ამ თანხის განმკარგავი არც მე ვიყავი და არც ჩემი მეუღლე, ჩემს შვილებსა და ჩემი მეუღლის ძმისშვილს მხოლოდ სრულწლოვანების მერე უნდა გადასცემოდათ ეს თანხა და აბა, სხვის ფულთან მე რა ხელი მქონდა, რომ დეკლარაციაში საკუთარ ან მეუღლის კუთვნილ თანხად დამეფიქსირებინაო. ვერ არის მთლად გამართლებული არგუმენტი. შე, დალოცვილო, თანხა შენი და შენი ცოლის ანგარიშზეა ბანკში შეტანილი, ბავშვების სრულწლოვან ასაკამდე, ვიდრე მათ ეს ფული გადაეცემოდათ, სწორედაც რომ თქვენ, ცოლ-ქმარი ხართ მისი განმკარგავები, პატრონები, ფული თქვენს ანგარიშზეა და არა სხვისი, შესაბამისად, დეკლარაციაშიც უნდა შეგეტანა. ბოლოს და ბოლოს, იმ დეკლარაციაში განმარტავდი, რომ ასე და ასეა საქმე და ყველაფერი ამით ამოიწურებოდა. ახლა, ყოველდღიურად კომენტარების მიცემას და თავის მართლებას, ის სჯობდა, რაც ვთქვი. თუმცა, არა, ამით ყველაფერი არ დასრულდებოდა. დავით ბაქრაძეს პროკურატურაში, სავარაუდოდ, მაინც დაიბარებდნენ.

 


საჯარო პირის ქონებრივ დეკლარაციაში თუ შეუსაბამობაა, ეს ჯარიმით ამოიწურება და ამით არც პროკურატურა ინტერესდება. პროკურატურას სხვა ეჭვები აქვს. იქ ფიქრობენ, რომ დავით ბაქრაძემ განზრახ არ დააფიქსირა ეს თანხა არც ერთ დეკლარაციაში, ანუ ქონებას ამდენი ხნის მანძილზე მალავდა. ასევე, პროკურატურაში ფიქრობენ, რომ ლერი მეტრეველმა ეს ფული სახლის გაყიდვით კი არა, სხვა გზით მოიპოვა და მისი ლეგალიზება, ანუ, როგორც იტყვიან „გათეთრება" მოახდინა, მერე კი ეს ფული სიძესა და ქალიშვილს გადასცა. თუ ეს ასეა, მაშინ დავით ბაქრაძეც გაჭედილია და მისი სიმამრიც. ლერი მეტრეველი ფულის „გათეთრების" გამო აგებს პასუხს, დავით ბაქრაძე კი - კრიმინალური, „გათეთრებული" ფულის მის საბანკო ანგარიშზე შენახვისთვის. პროკურატურას იმედი აქვს, რომ ბაქრაძესა და მის სიმამრს ამ ბრალდებებს დაუმტკიცებენ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

 

 

მართალია, თავად დავით ბაქრაძის ფინანსური შემოსავლები დღემდე არასდროს გამხდარა განსჯის საგანი, თუმცა, არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია მისი სიმამრის წარმატებულ ბიზნესებზე, რაზეც „ქრონიკა" წლების წინათ წერდა.

 

 

ლერი მეტრეველს 50-პროცენტიანი წილი აქვს სამშენებლო კომპანია „ბელდ ინვესტში", რომლის წლიური შემოსავალი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. „ნაცმოძრაობის" მმართველობისას არაერთი ტენდერი აქვს მოგებული და ეჭვი არ არის, ამ საქმეში მისი სიძის გავლენაც იქნება გარეული - დავით ბაქრაძე ხომ პარლამენტის თავმჯდომარე და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. ლერი მეტრეველი 14 % წილს ფლობს შპს „ჯიშსაშენში" - მან 2008 წლის ნოემბერში პრივატიზება გაუკეთა და საკუთრებაში დაირეგისტრირა 950 ჰექტარი მიწის ფართობი დმანისის რაიონში. ასევე, ბაქრაძის სიმამრის სახელს უკავშირდება მინერალური წყლის კომპანია „ზვარეც", სადაც ის ამ დრომდე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, გარკვეულ წილს ფლობს.

 

 

„ბელდ ინვესტამდე" ლერი მეტრეველს სხვა სამშენებლო კომპანია „ელრიო" ჰქონდა, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50 %-ს ფლობდა. კომპანია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მათ შორის, ტუმბოების,  სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, დანადგარების შეკეთებას, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ მომსახურებებს და სხვადასხვა სამუშაოს.


„ელრიომ" 2009 წელს ხარაგაულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის მიზნით გამართული ტენდერი მოიგო - 1-მილიონიანი 635 ათასი ლარის ღირებულებისა. პროექტი, მოგვიანებით, ცვლილების შემდეგ, დაახლოებით, 158 ათასი ლარით შემცირდა და წყალსადენის რეაბილიტაცია „ელრიოს" 645 ათასი ლარი დაუჯდა. კომპანიამ კუთვნილი თანხა მიიღო, თუმცა ხარაგაულელებს წყლის მიწოდება მაინც არ გაუუმჯობესდათ და დაპირებული 24-საათიანი წყლის მიწოდებაც შეუსრულებელი დარჩა.

 

 

შპს „ელრიო" იმავე პერიოდში ხარაგაულში ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტზეც მუშაობდა. რისთვისაც 230 ათასი ლარი მიიღო რეგიონული განვითარების ფონდიდან, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაო სანახევროდ შ ესრულდა.


სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის რებრენდინგი განხორციელდა, „ელრიო" საინფორმაციო ბაზიდან გაქრა - 2010 წელს დამფუძნებელ პარტნიორთა კრებამ ლერი მეტრეველს საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტა, შპს-ს დირექტორად ვინმე ბექა დევდარიანი დაინიშნა, კომპანიას კი სახელი გადაერქვა - „ბელდ ინვესტი" გახდა. ლერი მეტრეველი კი მხოლოდ დამფუძნებელთა სიაში დარჩა.

 

 

2011 წელს „ბელდ ინვესტმა" მორიგი ტენდერი მოიგო - პროექტი ამბროლაურის რაიონის ორ სოფელში (ჯვარისასა და ტოლაში) წყალსადენის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა (ღირებულება - 234 000 ლარი). რამდენიმე თვეში, ისევ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამების ფარგლებში, შპს „ბელდ ინვესტმა" ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე უბნების გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაიწყო (პროექტის ღირებულება - 779 833 ლარი). კომპანიამ 2012 წელს, კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა და ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება - 670,088 ლარს შეადგენდა და 2013 წლის ივლისში დასრულდა.

 

 

ასე რომ, ბრიტანულ ბანკში განთავსებული თანხები თავისუფლად შეიძლებოდა, სიმამრის წარმატებული ბიზნესიდან მიღებული მოგებიდანაც ეჩუქებინა ბაქრაძისთვის. „თეთრი" იყო თუ „შავი" ეს ფული, ამას პროკურატურა მალე გაარკვევს.

 


ახლა კი, „ალია"-„ქრონიკის" არქივიდან, იმის დასადასტურებლად, თუ რა მაქინაციებში სდებდნენ ბრალს დავით ბაქრაძის სიმამრს, საინტერესო მასალას გაგახსენებთ:

2010 წელი:

 

 

რა სკანდალში გაეხვია დავით ბაქრაძის სიმამარი?

 

 

 ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეს, კერძოდ, ზემო იმერეთსა და უფრო კონკრეტულად კი ხარაგაულის რაიონს უკავშირდება.

 

 

რაიონი, რომელიც მტკნარი წყლის ამოუწურავ რესურს ფლობს, დღეს უწყლოდ არის დარჩენილი და საზრდოობს წყლისმაგვარი ტალახიანი და ტრიტონებიანი სითხით, რომელიც, ხარაგაულელთა ონკანებიდან, ორ დღეში ერთხელ, გრაფიკით გადმოედინება...

 

 

მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ თავის თავს გადატრიალება მოუწყო და ხელმწიფე-იმპერატორის პორფირი და წითელი წაღები მიხეილ სააკაშვილს გადააბარა, ახალმა ხელისუფლებამ ხარაგაულში წყლის ძველი, ამორტიზებული სისტემის მთლიანად ახლით შეცვლა დაისახა მიზნად და საამისოდ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ერთი მილიონი დოლარი გამოიყო. ჩატარდა ტენდერი და როგორ ფიქრობთ, პატივცემულო მკითხველო, ვინ მოიგო იგი? რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბიზნესმენმა, კომპანია „ელ-რიოს" მფლობელმა, წარმოშობით ხარაგაულელმა - ლერი მეტრეველმა, რომელიც ვისი სიმამრია, არ იკითხავთ?.. ვისი და, 2008 წლის 9 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ - დავით ბაქრაძემ ტელევიზიით რომ „გვირჩია", რუსის ჯარს დანებით, ჩანგლებითა და ფიწლებით ებრძოლეთო, ხოლო თვითონ მაჭავარიანთან, ბოკერიასთან და მთელ დანარჩენ მთავრობასთან ერთად აზერბაიჯანში მოძუძგა, აი, იმისი!..

 

 

დათო ბაქრაძის სიმამრს, პატივცემულ ლერი მეტრეველს, პროექტის პირობების თანახმად, დაბა ხარაგაულის სასმელი წყლით 24-საათიანი მომარაგება შარშან, 2009 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვირის თავ-ფეხი!.. მეტრეველმა სამუშაოს შესრულება სპეციალსტების ნაცვლად, თავის ხარაგაულელ ნათესავებს, მაგალითად, ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს - ალიკა ჭუმბურიძეს დაავალა... ბიჭებმა საქმე მალე დაამთავრეს, რადგან ყველაფერი მიაფუჩეჩეს და აჯღა-ბაჯღა აკეთეს. ერთი სიტყვით, დათო ბაქრაძის სიმამრისა და მისი ნათესავების მიერ დატრიალებული შავბნელი საქმეები, კაცის ენამ, ავად თუ კარგად, კი დამალა და დაფარა, მაგრამ, სამაგიეროდ, მწარე სიმართლემ წყლის მილებიდან ამოხეთქა და იმ დღეს, როცა ზარ-ზეიმით ჩაბარებული წყალმომარაგების სისტემა კიდევ უფრო დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, დაბა ხარაგაული ერთ დიდ შადრევანს დაემსგავსა, - დაზიანებული და გახეთქილი მილებიდან წყალი ყოველ ქუჩაზე, ყოველი სახლის წინ წაღმა-უკუღმა ასხამდა, ისე რომ ახლად დაგებული ასფალტი მთლიანად გაოხრდა, გატიალდა, „ჩიჟი-ბიჟივით" აბუჟბუჟდა და აცვივდა...

 

 

ხარაგაულში დაბეჩავებული, მასხრად აგდებული და ყიზილბაშების მიერ თავშიჩარტყმული ხალხი რომ ამოიკნავლებს, - წყალი გვინდა, წყალი გვინდა, ვიხრჩობითო! - გამგეობა დაფაცურდება, ცისტერნას აავსებს წყლით, 20-20 ლიტრას დაურიგებს, თურმე მოსახლეობას და ასე აჩუმებს ყველას.

 

 

ხარაგაულში რაღაც ჯანდაბად ტროტუარებიც გაუკეთებიათ და ამ საქმისთვის 230 ათასი ლარი გამოუყვიათ... ტენდერი მოაგებინეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის - „ატეკის" ყოფილი დირექტორის, უმაღლესდაუმთავრებელი 73 წლის კაკო მაჭავარიანის სიძეს - ალიკა ჭუმბურიძეს, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, რაიონის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და დავით ბაქრაძის სიმამრის - ლერი მეტრეველის ნათესავია... ჭუმბურიძემ ხარაგაულში ისეთი ტროტუარები დააგო, რომ წვიმიან ამინდში ხალხს ურჩევნია, ისევ ცენტრალურ გზაზე იაროს, რადგან ტროტუარზე ყველგან გუბე და წუმპე დგას... ანუ ეს 230 ათასი ლარიც შეთქვლიფეს, ბიჭებმა...

 

 

ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში შარშან „ნაცმოძრაობამ" მიშას მიერ „დაანონსებული" ყბადაღებული პროექტის - „დიალოგი ხალხთან" ფარგლებში ხიდი გახსნა, რომლის მშენებლობაც 120 ათასი ლარი დაჯდა. ხიდის გახსნაზე თბილისიდან ჩამოიყვანეს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი გამოჩინებული ვართაპეტი, პარტიის გენერალური მდივანი - ზურაბ მელიქიშვილი... მელიქიშვილს ხიდი კი გაუხსნია, მაგრამ „ჩამჭრელი კითხვაც" დაუსვამს, - მდინარის იქითა ნაპირას რამდენი კაცი ცხოვრობსო?.. - ექვსი ოჯახიო! - არ დაბნეულან სააკაშვილის ხარაგაულელი ხელისბიჭები... - თქვენ, ბიძია, შიგ ხომ არა გაქვთ, ამდენი ფული რაში გადაყარეთო?! - გადარეულა მელიქიშვილი და სამართლიანადაც, რადგან იმ ექვს ოჯახს ცენტრალურ მაგისტრალთან დასაკავშირებლად სხვა, მშვენიერი და მწყობრში ჩამდგარი ხიდიც ჰქონია; თანაც, 100 ათასი ლარი ყოფილა საჭირო იმ ხეობაში არსებული ხიდების შესარემონტებლად, რადგან უკლებლივ ყველა ხიდი ამორტიზებულია თურმე, მაგრამ გამგეობისა და საკრებულოს ხალხს ფული ხომ უნდა „მოეტეხათ", „ატკატები" ხომ უნდა ეკეთებინათ?.. ჰოდა, ასე ძალისძალად ააშენეს არაფრისმაქნისი ხიდი...

 

 

როგორც სარწმუნო წყარომ მითხრა, ვერტყვიჭალის ხიდისა და კიდევ სხვა „ლიშნი", ანუ ზედმეტი მშენებლობის უკან ხარაგაულის რაიონში იმერეთის ყოფილი ღუბერნატორი - მიშა ჩოგოვაძე მდგარა... ჩოგოვაძეს თავისი სამშენებლო ფირმები მამამისის სახელზე ჰქონია დარეგისტრირებული... სწორედ ჩოგოვაძეს დაუბარებია თავისთან ხარაგაულის ბუზიჭერია გამგებელი - თორნიკე ავალიშვილი და უთქვამს, - ტუზი დაგვეცა, ბიჭო, ფეტვის ორმოში ჩავცვივდით და აბა, თუ რამე „ტრუხა" მშენებლობაა დასაწყები, დაიწყე, აგერ ვართ მე და ჩემი სამშენებლო ფირმებიო!.. სწორედ ასე აუშენებიათ ვერტყვიჭალაში ხიდი და ასე შეუთქვლეფიათ ბიჭებს სააკაშვილის მიერ ისედაც გაბახებული ბიუჯეტის ფულები...

 

 

როგორც თქვენ ამ ქვეყანას აშენებთ, ისე გადით ვერტყვიჭალის ხიდზე!..

 

 

თქვენ ქართველ კაცს სამშობლო წაართვით!..

თქვენ უნდა გასამართლდეთ!





ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016