„მგონი, კარგი იქნებოდა ცოტა ხნით დიქტატორივით მოქცევა - დავხოცოთ ჟურნალისტები და ისევ მივხედოთ ომს"."
რიჩარდ ნიქსონი, 1971 წ. 27 თებერვალი, ოვალური კაბინეტის ჩანაწერებიდან
"მე კი არ უნდა გამასამართლონ, მადლობა უნდა მითხრან, რადგან რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, ყველაფერი გავაკეთე ომის თავიდან ასაცილებლად"."
რადოვან კარაჯიჩი, სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ჰააგის ტრიბუნალი, 2012 წ.
"12 წელი ელისეს სასახლეში დამნაშავე (ჟაკ შირაკი. - ავტ.) იყო მოკალათებული, ის კი მხოლოდ სასაფლაოს ჭიშკართან დაიჭირეს."
ჟან მარი ლე პენი
2014 წლის 26 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში დაიბარა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მან მედიით განაცხადა, საქართველოში ჩამოსვლას და მით უმეტეს, პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებო.
28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივი გზით მისაკუთრების გამო. მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსოფლიოში პრეზიდენტების გასამართლების უამრავი მაგალითია და სანამ სამართალდამცავნი ფიქრობენ, გამოაცხადონ თუ არა ძებნა "ვარდების ხელისუფლების" ლიდერზე, გიამბობთ ყველაზე რეზონანსული სასამართლო პროცესების შესახებ, სადაც პრეზიდენტებს ჩადენილი დანაშაულისთვის ასამართლებდნენ.
1972 წლის 17 ივნისს ვაშინგტონში პოლიციის განყოფილებაში დარეკეს, - სასტუმრო "ვოთერგეითში" მძარცველები შეიჭრნენო. სასტუმროში განთავსებული იყო დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი, თან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა, ამიტომ ეს უბრალო დანაშაული არ ჩანდა. მძარცველები დემოკრატიული პარტიის ოფისში დააკავეს...
მალე "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტებს სანდო წყარომ"აცნობა, მძარცველები სასტუმროში დემოკრატიული პარტიის ოფისში მოსასმენი მოწყობილობის დასამონტაჟებლად შეიპარნენო(?!). სავარაუდოდ, ამ საქმეში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელები და პრეზიდენტ ნიქსონის მრჩევლებიც იყვნენ გარეულნი. ნიქსონის ადმინისტრაცია იფიცებოდა, - ეს სიცრუეაო. ამასობაში ნიქსონმა გაიმარჯვა არჩევნებში და მეორე ვადით გახდა აშშ-ის პრეზიდენტი... "ვოთერგეითის" სკანდალმა გაღვივება 1973 წლის იანვარში დაიწყო, სასამართლო პროცესზე "მძარცველთაგან" ხუთმა დანაშაული აღიარა, სასამართლო პროცესებზე ფარდა აეხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უამრავ დანაშაულს. საქმე ეხებოდა მოსყიდვას, მოსმენას, მუქარას და ა.შ. ცნობილი გახდა, რომ ნიქსონის დავალებით აშშ-ში ჟურნალისტებსაც უსმენდნენ... 1971 წელს "ვაშინგტონ პოსტმა", "ნიუ იორკ თაიმსმა" და სხვა გაზეთებმა ვიეტნამის ომის საიდუმლო ისტორიის, რომელიც "პენტაგონის დოკუმენტების" სახელით არის ცნობილი, ბეჭდვა დაიწყეს. ნიქსონი ადგილს ვერ პოულობდა... 1973 წლის აპრილში სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ოვალური კაბინეტების ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლის სასამართლოსთვის გადაცემაზე ნიქსონმა უარი განაცხადა, თუმცა, მერე იძულებული გახდა, დაეთმო. 1974 წლის 8 აგვისტოს, იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად, ნიქსონი გადადგა...
მას არაერთხელ უთქვამს, პრესის სიძულვილმა დამღუპაო.
უფრო მძიმე ხვედრი ხვდა რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩაუშესკუს.
"არაბულ გაზაფხულამდე" ბევრად ადრე, 25 წლის წინ, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებს ხავერდოვანი რევოლუციის ტალღამ გადაუარა. რუმინეთის რესპუბლიკაში, რომელიც ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი იყო, 1989 წელს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ჩაუშესკუმ განაცხადა, მოხულიგნო ელემენტების გააქტიურება იმპერიალიზმის ხრიკია და მასში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები არიან ჩართულნიო. მისი თაოსნობით გაიმართა მიტინგი "სოციალისტური რუმინეთის დასაცავად." მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს მოულოდნელად გაისმა აფეთქების ხმა, რამაც პანიკა გამოიწვია... მალე ჩაუშესკუ დააპატიმრეს. სამხედრო ტრიბუნალმა იგი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ამხილა (60 000 კაცის მკვლელობა და მილიარდი დოლარის გაფლანგვა). სამხედრო ტრიბუნალმა 79 წლის დიქტატორს და მის მეუღლეს, დახვრეტა მიუსაჯა. საინტერესოა, რომ ჩაუშესკუს არ გამოუყენებია შანსი, დახვრეტა შეეცვალათ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობით... მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი:
ნიკოლაე ჩაუშესკუს საყვარელ პლუშის ფინიას, "კორბის", ჰქონდა ძვირფასი საძინებელი, ტელევიზორი, ტელეფონი, ლიმუზინი... რუმინეთის ელჩი ბრიტანეთში კვირაში ერთხელ ყიდულობდა ძაღლის ბისკვიტს და ფოსტით გზავნიდა რუმინეთში. ბოლოს ჩაუშესკუმ პლუშის "კორბის" პოლკოვნიკის წოდებაც მიანიჭა(?!)...
ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ტრიბუნალის ეზოში დახვრიტეს. დღეს რუმინელების 22% თვლის, რომ ჩაუშესკუ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო რუმინეთის ისტორიაში.
ერთხანს საკუთარი ხალხის სიყვარულით სარგებლობდა სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი, თუმცა, მას ამჯერად ჰააგის ტრიბუნალი საკუთარის ხალხის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ედავება.
პროფესიით ფსიქიატრი და პოეტი კარაჯიჩი 1992 წელს დამოუკიდებელი სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. იმავე წელს ბოსნიის ომში სერბ სამხედრო შენაერთებს ჩაუდგა სათავეში. 1995 წელს ჰააგის ტრიბუნალმა მას 20-პუნქტიანი ბრალდება წაუყენა (მათ შორის გენოციდის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის), 1998 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ კარაჯიჩის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის ჯილდოდ 5 მლნ დოლარი დააწესა, თუმცა, სერბებში ამ ჯილდოს მსურველი არავინ გამოჩნდა. 12-წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 2008 წლის 22 ივლისს, კარაჯიჩი ბელგრადში დააკავეს. როგორც გაირკვა, ის არა უსიერ ტყეში, არამედ დედაქალაქში, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და დოგან დაბიჩის სახელით, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა - პაციენტებს ნევროზისა და დეპრესიისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა, თანამშრომლობდა სამედიცინო ჟურნალებთან, ხშირად დადიოდა ერთ-ერთ კაფეში, იჯდა საკუთარი სურათის ქვეშ და მასზე შექმნილ სიმღერებს უსმენდა.
საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში არა, მაგრამ კორუფციაში ბრალი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ჟაკ შირაკსაც დასდეს - 1992-95 წლებში, პარიზის მერობისას, სახელმწიფო თანხები (დღევანდელი კურსით დაახლოებით 2.2 მლნ ევრო) არამიზნობრივად დახარჯაო. პრეზიდენტობისთვის მებრძოლი პარიზის მერი...ბიუჯეტის თანხებს საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად ხარჯავდა. სქემა მარტივი იყო: მერიის 21 თანამშრომელს შეუსრულებელი სამუშაოებისთვის უზარმაზარი ჰონორარები და ხელფასები ერიცხებოდათ.
საბოლოოდ, ფრანგულმა მართლმსაჯულებამ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის - 150 000 ევროს გადახდა დააკისრა.
2014 წლის პირველ ივლისს, ფრანგმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააკავეს, ბრალი დასდეს რა პრეზიდენტობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტებასა და კორუფციაში. მოუწევს თუ არა მას პატიმრის პიჟამის მორგება, ჯერჯერობით უცნობია...
(kvirispalitra.ge, ნინო ბურჭულაძე)