ოთხი ათეული წლის წინ, საქართველოს მთავრობის მეთაური იყო პავლე გილაშვილი. რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელს (გვარს არ დავასახელებ), მიუხედავად იმისა,რომ ზედიზედ რამდენიმე ავარია მოხდა, ხელს არავინ კიდებდა.
ერთხელაც, ბიუროს სხდომაზე გილაშვილმა იკითხა: „სანამ ეს კაცი ცეკას შენობას არ დაეჯახება მატარებლით, მანამდე არ უნდა მოხსნათ?"
ეს ამბავი, გუშინ გამართულმა საფეხბურთო მატჩმა გამახსენა; ჰოდა, სანამ გიბრალტართან არ წააგებს ქეცბაია, მანამდე უნდა ვაცადოთ? დაბეჯითებით მინდა ვთქვა: ეს კაცი ან შეგნებულად გვმტრობს, ან სამწვრთნელო საქმეში საერთოდ ვერ ერკვევა. შევეცდები ჩემი მოსაზრება ფაქტებით გავამყარო.
ფაქტი პირველი: დღეს მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ (!!!) ნაკრებს, რომელიც ხუთი მცველით თამაშობდეს. ამ ხუთიდან თუ ვინმე მეტყვის რომელ პოზიციაზე იყო გამწესებული ხუბუტია, მადლობელი დაგრჩებით. ხან მარცხენა ფლანგზე აზღვევდა კვირველია უფროსს (ეს კიდევ ცალკე თემაა), ხან ნახევარდაცვაში ტრიალებდა, ხანაც დაცვის ცენტრში.
ფაქტი მეორე: იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ ჩააბარეს დაცვის მარცხენა ფლანგი კვირკველიას? როგორც ვიცით არჩევანი სამ უთამაშებელს შორის უნდა გაკეთებულიყო.: კვირკველია, ფოფხაძე, გრიგალავა. რა ნიშნით ამჯობინეს ახალტრავმამოშუშებული, უთამაშებელი, ნელი, ფეხბურთისთვის ასაკიანი კაცი, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ფოფხაძესა და გრიგალავას? სხვათა შორის ყველა ხიფათი ამ ფლანგიდან შეგვექმნა და ორივე გოლიც იქიდან ჩაწოდებულს მოჰყვა. დაიტანჯნენ მის დაზღვევაში ცალკე ნახევარმცველები, ცალკე გაურკვეველ პოზიციაზე მოთამაშე ხუბუტია და თუ გაიხსენებთ ერთხელ ლობჟანიძესაც მოუწია მის მაგიერ ირლანდიელ თავდამსხმელთან გამკლავება.
ფაქტი მესამე: ვიზიარებ საერთო აზრს, რომ დღეს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კანკავა-დაუშვილის დუეტზე უკეთესი არ გვყავს, მაგრამ როცა ხარ მწვრთნელი და ხედავ, რომ აშკარად არ არიან ფორმაში, ვერ იჭერენ და ვერ ამოაქვთ ბურთი, რაღაც ხომ უნდა მოიმოქმედო? ან თუ ამას ვერ ხედავ, მაშინ არ ყოფილხარ კარგი მწვრთნელი.
ფაქტი მეოთხე: ყველასთვის მოულოდნელი იყო ეულ თავდამსხმელად გელაშვილის გამოყვანა. ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თავი იმართლა, მჭედლიძე უფრო სტატიკურია და მე მოძრავი თავდამსხმელი მჭირდებოდაო. ჯერ ერთი მჭედლიძე არ არის სტატიკური, ანუ „სტოლბი", მეორეც თუ ასეთი არ გინდოდა რატომ თამაშობდა მთელი გუნდი მაღალი ჩაწოდებებით შედარებით ტანდაბალ გელაშვილზე? რაღაც ახსნა და აზრი ხომ უნდა იყოს პატივცემული მწვრთნელის ნათქვამსა და გაკეთებულს შორის?
ფაქტი მეხუთე: თუ საქართველოში (გნებავთ მის ფარგლებს გარეთაც) მოიძებნება ერთი (!!!) ადამიანი, რომელმაც იცის რა ტაქტიკით თამაშობდა საქართველოს ნაკრები, ძალიან გთხოვთ არ დამიმალოთ და შემატყობინეთ. კომენტატორებმაც კი ვერაფრით გაარკვიეს გუნდის ტაქტიკური მონახაზი. მე ასე დავინახე: 8 ჩამშლელი და 3 შემტევი. სამივე რომ მარადონა იყოს, მაინც გაუჭირდებოდათ ასეთი სქემით მოგება. არანაირი კომბინაცია, სტრატეგია - ნული. არასდროს მინახავს როგორ მოძღვრავს ქეცბაია შეგირდებს შეხვედრის წინ, თუმცა არ მგონია მისი აზრები, იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟის, „ფეოლას" საფეხბურთო ფილოსოფიისგან დიდად განსხვავდებოდეს. ასეთი „ბაგაჟით" კი ნაღდად ვერ გავფრინდებით.
ფაქტი მეექვსე: ხომ გაგიგონიათ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმში გამოჩნდებაო. ჩვენი შეხვედრის პარალელურად ორი თამაში იმართებოდა დანია-სომხეთი, უნგრეთი - ჩრდ. ირლანდია. სხვა შეხვედრებს თავი დავანებოთ. დანიელთა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა 76-ე წუთზე მოედანზე შემოიყვანა კალენბერგი და ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. უნგრელებმა 46-ე წუთზე შემოიყვანეს პრისკინი და ამანაც 75-ზე თავისი გუნდი დააწინაურა. ირლანდიელთა მწვრთნელმა 66-ეზე შემოიყვანა მაკგონი და ამანაც ჯერ 81-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და 88-ზე საგოლე პასი გააკეთა.
ახლა თუ მეტყვის ვინმე რა გააკეთა თარგამაძემ? მჭედლიძეზე არაფერს ვამბობ 4 წუთში რა უნდა მოესწრო? თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მან შეცვალა ჩვენს გუნდში ერთადერთი ნათელი წერტილი - ოქრიაშვილი. დაიღალაო. ხომ ვერ მეტყვით რამ დაღალა? ფეხბურთის კარგად თამაშმა? თუ მისთვის შეხვედრა 90-წუთიანი არ არის?
ფაქტები კიდევ მრავლად შემიძლია ჩამოგითვალოთ, მაგრამ დღეს ამაზე შევჩერდები, რადგან დარწმუნებული ვარ უმადურ საქმეს ვაკეთებ. ის, რაზეც ვისაუბრე, ფეხბურთში ცოტა ჩახედულმა ყველა ქომაგმა და სპეციალისტმა დაინახა. ვერ ხედავდა, ვერ ხედავს და ვერც დაინახავს მხოლოდ ერთი ადამიანი და მთელი ქვეყნის სამწუხაროდ ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
გაიტანეთ გრენლანდია!!!