სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა, ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.
ორხიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,
უნდა რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.
ის იყო მეფე, ახლაა მტვერი. რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს.
არ შეუძლია იყოს პირფერი. არ შეუძლია მტვერი არ იყოს.
გალაკტიონ ტაბიძე, ლექსიდან „სასაფლაონი“
სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში ოფიციალურად მხილებული და პასუხისგებაში მიცემული სააკაშვილი, რომლის მიმართაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები უკვე დაწყებულია, ამა წლის 30 აგვისტოს სარფში საკუთარი პარტიის წევრებს შეხვდა.
საინტერესო სანახავები კი იყვნენ, ძვირფასო მკითხველო, ღია ცის ქვეშ ერთმანეთზე მიდგმული მრგვალი მაგიდების გარეშემო შემომსხდარი ნაციონალები და სახელდახელოდ გაშლილი სუფრის თავში გამოჯგიმული სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც მაღალ მატერიებზე ლაპარაკობდა და საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას არიგებდა.
ერთი კი დაიწუწუნა მეცოცხეთა ბელადმა, საქართველოს საზღვარი პიჯაკების ყიდვის გამო ჩამიკეტესო, მაგრამ ის კი არ უთქვამს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით პიჯაკებისა და პალტოების ყიდვისა და 8 მილიონი ლარის გაფლანგვის გარდა, 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევაში, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის უსასტიკესი ცემის ორგანიზებაშიც რომ არის ბრალდებული და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული!
სააკაშვილმა და პირადობის მოწმობების ცნობილმა გამყალბებელმა გიორგი ვაშაძემ ორ ხმაში გამართეს მოთქმა-გოდება იმის შესახებ, რომ, თურმე, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი მოქალაქეებს ძველებურად ვეღარ ემსახურება და გრძელი რიგებია დამდგარი.
აი, როგორ ინგრევა ჩვენი აშენებული ქვეყანაო! – სააკაშვილმა და ვაშაძემ.
არადა, ესენი რიგებზე რომ ლაპარაკობდნენ, თვალწინ ის კადრები დამიდგა, ციხის ე.წ. „კარანტინის დაშლაზე“ ნაციონალების ჯალათებს პატიმრები ერთ რიგად როგორ ჰყავდათ გამწკრივებული და სათითაოდ როგორ უსწორდებოდნენ, ძვალ-რბილს უერთიანებდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ და ბოლოს ცოცხებით აუპატიურებდნენ!
რომელ რიგებზე ლაპარაკობთ, თქვე მართლა გარეწრებო, როცა მთელ საქართველოს 9 წლის განმავლობაში მართლა რიგრიგობით აუპატიურებდით ფიზიკურადაც და სულიერადაც?!
თუმცა, ეს არ არის მთავარი პასაჟი სარფში სააკაშვილის და მისი ნაცმეცოცხეების „სარფიანი“ სერობიდან!
დიახ, ამ „სარფთან“ შეკრებაზე სააკაშვილმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა და, როგორც იტყვიან, ისეთი მესიჯები გამოუშვა, აშკარაა, რომ ნაციონალები სერიოზული არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან.
თავად განსაჯეთ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა სააკაშვილმა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს პირდაპირ ბუნტისა და საბოტაჟისკენ მოუწოდა:
„ის ხალხი, ვინც სახელმწიფო აპარატშია, აბსოლუტური უმეტესობა წესიერია. იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ან ეგუება ამ გაუარესებას, ან უნდა წავიდეს ცალკე და რაღაც თავის საქმიანობას მიჰყოს ხელი, თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს!“
სააკაშვილის ეს განცხადება პირდაპირ და გახსნილად ასე ითარგმნება – სახელმწიფო აპარატში დასაქმებულმა ადამიანებმა მასობრივად და დემონსტრაციულად დატოვონ სამსახურები და თავიანთი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ, ანუ მასობრივად და დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ არსებულ ხელისუფლებას!
სწორედ ეს არის მოწოდება ბუნტისა და ქაოსის გამოწვევისაკენ და როცა ამ მოწოდებას სისხლის სამართლის დანაშაულებში ოფიციალურად ბრალდებული პირი აკეთებს, ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, პირველ რიგში, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
და კიდევ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო აპარატის თითქმის 80 პროცენტი დღეს კვლავ ნაციონალური მოძრაობის კადრებით არის დაკომპლექტებული, დიდი შანსია, რომ ბუნტისა და ქაოსისკენ სააკაშვილის მოწოდება რეალურად განხორციელდეს.
თანაც, სააკაშვილი პოლიტიკური დემარშისკენ მოუწოდებს არამარტო სახელმწიფო აპარატის რიგით თანამშრომლებს, არამედ მთავრობის წევრებსაც:
„მათ შორის მთავრობაში იმ ხალხს, ვისაც შეიძლება, არ მოსწონდეს ქვეყნის მთავარი გზიდან აცდენა, ისინი უნდა გავიდნენ ცალკე და დააფიქსირონ თავისი პოზიცია უახლოეს კვირებში და თვეებში. უნდა ჩვენ შევძლოთ ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენა, ახალი აქტიურობის გაჩენა, ახალი ინიციატივების გაჩენა“!
ე.ი. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში ვიღაც-ვიღაცებს მოუწოდებს, მთავრობა დატოვეთ და ახალი პოლიტიკური ძალა შექმენითო. თანაც ამისათვის დედლაინს უწესებს – ეს უახლოეს კვირებსა და თვეებში ქენითო.
ის კი არა, პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სააკაშვილი მოწოდებას კი არ აკეთებდა, დირექტივას იძლეოდა და ვიღაც-ვიღაცებს, ვისთანაც, შესაძლოა, ყველაფერი წინდაწინ მოლაპარაკებული და დალაგებული აქვს, „მაიაკი“ მისცა – ბიჭებო, დროა, ვიწყებთო!
მაინც, ვინ შეიძლება იყოს სააკაშვილის ამ მოწოდებისა თუ დირექტივის ადრესატი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში?!
მაინც, ვისი იმედი აქვს და ვის „ცალკე გასვლას“ ელოდება სააკაშვილი?!
ახლა ბევრს საუბრობენ იმის შესახებ,რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ალასანია უკვე გან-გან იყურებიან და პრემიერ ღარიბაშვილთან დაპირისპირება და ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვეტილი აქვთ.
იმასაც ამბობენ, მარგველაშვილ-ალასანიას ახალი პოლიტიკური ცენტრი, ამერიკელების მითითებით, ნაციონალებთან ღია თუ ფარულ ალიანსს შეკრავსო.
მაგრამ, მოდით, ვნახოთ, თავად სააკაშვილს ვისზე შესტკივა გული დღევანდელ ხელისუფლებაში და ვისი ბედი აღელვებს?!
აი, რა თქვა სააკაშვილმა სარფში:
„მე, მაგალითად, სულ არ მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ასე დაკნინდა, ასე ეპყრობიან. არანაირი პიროვნული არა მაქვს, შეიძლება, მათაც ძალიან არ მოვწონდე, მაგრამ არ მომწონს, რომ თავდაცვის მინისტრი ასე დააკნინეს და რაც ხდება არმიაში და სამხედრო წარმოებაში. პიროვნებებში არ არის საქმე, ხვალ, შეიძლება, გამოვიდნენ, დამგმონ და აქეთ გამლანძღონ, რაც უნდათ, ის უქნიათ, მარა ინსტიტუტი არ უნდა კნინდებოდეს, თორემ მაგ პიროვნებებს ნამდვილად არ ვესარჩლები. არც თავდაცვის მინისტრი ეგრე არ უნდა იყოს, არც პრეზიდენტს ეგრე არ უნდა ეპყრობოდნენ“.
აი, თურმე, ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის სახით რა გულდათუთქული ჭირისუფალი ჰყოლიათ ჩვენს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს!
ხედავთ, როგორ დაუდგა მათ ადვოკატად სააკაშვილი?!
ამის შემდეგ, რაღა გასაკვირია ხალხი რომ ლაპარაკობს, მარგველაშვილსა და ალასანიას სააკაშვილთან და ნაციონალებთან შური-მური აქვთო?!
ნამდვილად არ არის გასაკვირი!
მოკლედ, ამ „სარფიანი“ შეხვედრის მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ასეთია – სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატში მომუშავე ადამიანებს ბუნტისა და დემარშისკენ ღიად მოუწოდა, მარგველაშვილსა და ალასანიას კი ღიად გამოექომაგა!
რას ნიშნავს ყოველივე ეს, რისთვის ემზადებიან ნაციონალები და რა არის მოსალოდნელი?!
იმედია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქედან სწორ დასკვნებს გააკეთებს და შესაბამის ზომებსაც დროულად მიიღებს, თორემ, შესაძლოა, ცოტა ხანში ეს ქვეყანა მკითხავის კარტივით აიჭრა და აირიოს!
დიახ, სააკაშვილის მიერ სარფში გაკეთებული განცხადებები საქართველოს სარფიანს არაფერს უქადის!
დიახ, სააკაშვილი, ეს პოლიტიკური მუმია, ახლა სარკოფაგიდან, უფრო სწორად, სარფოფაგიდან ადგომას ლამობს!
რაც მთავარია, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში მოკავშირეები ჰყავს შეგულებული და დაფიქრდით ამაზე, ბატონო პრემიერო!
დაფიქრდით და იმოქმედეთ!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“