reportiori.ge - კახა კახიშვილი: დამერწმუნეთ, „ნაციონალები“ არაფერზე არ იტყვიან უარს და მზად იქნებიან არეულობისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:40
პრეს-დაიჯესტი
კახა კახიშვილი: დამერწმუნეთ, „ნაციონალები“ არაფერზე არ იტყვიან უარს და მზად იქნებიან არეულობისთვის!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 00:30


 

„კვირის ქრონიკაში" გიგი უგულავას კეზერაშვილისადმი გაგზავნილი წერილი დაიბეჭდა, რომელიც უგულავა იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც „ნაციონალებს" 2016 წლის არჩევნებამდე აქვთ შესასრულებელი. საუბარია პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე, აპოკალიფსური სურათისა და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობა" იქნება. საუბარია მარგველაშვილის მიერ პარტიის შექმნაზეც, სადაც, უგულავას თქმით, კახა კახიშვილი, ალეკო ელისაშვილი და სხვა, ასე ვთქვათ, „ნეიტრალური" ფიგურები გაწევრიანდებიან.


„ალიას" ესუბრება საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი:


- დავიწყებ იმით, რომ ჯერ დასადგენია, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა გიგი უგულავას ეს წერილი. მას არ გაუკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ბადებს ეჭვს, რომ წერილი ნამდვილად ავთენტურია. რაც შეეხება ამ წერილში მოყვანლ სამომავლო პროგნოზებს, ეს ჩვეულებრივი ანალიტიკაა, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას უკავშირდება, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან კარგად ხვდება, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა მარტო, იმასაც კარგად ხვდება, რომ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა, ამიტომაც ეს არის მხოლოდ ვარაუდი, როგორ შეიძლება შეიცვალოს კრიტიკული სიტუაცია 2016 წლისთვის. ამიტომ ის მონაკვეთი, რაც გიგი უგულავას წერილშია მოყვანილი, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიის გამოჩენასთან დაკავშირებით მარგველაშვილთან ასოცირებაში, ეს უფრო დღევანდელი რეალური მდგომარეობიდან გაკეთებული ლოგიკური დასკვნაა.


- თქვენც ხართ ნახსენები მარგველაშვილის კონტექსტში...


- არანაირი კონსულტაციები ასეთი ტიპის გაერთიანების შექმნაზე, ჩემთან არ ყოფილა, მე ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მეგობრულ ურთიერთოაში ვარ ბატონ ალექსანდრე ელისაშვილთან, მაგრამ არანაირი საუბარი ასეთი ტიპის კონფიგურაციაზე, ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში ისედაც ჩართული ვარ, მაგრამ გავხდები თუ არა პოლიტიკოსი, ეს ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, არ მაქვს ნამსჯელი.


- უგულავას წერილში საუბარი იყო აპოკალიფსური სურათის შექმნაზე. მოახერხებს „ნაცმოძრაობა" ამას, როცა მათი მხარდამჭერთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე კლებულობს?


- უგულავას ამ წერილში ახალი არაფერი დაუწერია, ჩვენ ამაზე გვისაუბრია. „ნაციონალური მოძრაობა" რომ საბოტაჟს, ყოველდღიურ პრესინგებს და პროვოკაციებს გეგმავდა და ახლაც გეგმავს, ამაზე  მეც და არც სხვა ექსპერტებსაც არაერთგზის გვისაუბრია. ამ გეგმის შესრულება უკვე დაწყებული აქვთ, ისინი ხატავენ ისეთ სურათს, თითქოს ქვეყანა ინგრევა. იქ ხალხის გაყოლიებაზეა საუბარი, გიგი უგულავა პირდაპირ საუბრობს, რომ  ამ პროვოკაციას უნდა წამოეგონ ადამიანები. უგულავას წერილშიც ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას" კარგად ესმის, საზოგადოების მაღალი ნდობით ვეღარ სარგებლობენ, ამიტომაცაა საუბარი მცირემასშტაბიან აქციებზე, მხოლოდ მათი აქტივისტების მონაწილეობით, მინიშნებაა ასევე, რომ ნაკლები აქცენტი გაკეთდეს ხელისუფლების მხიდან „ნაცმოძრაობის" ლიდერთა სამართლებრივ დევნაზე, ვინაიდან თვითონაც ხვდებიან,რომ ეს მომენტი საზოგადოებას არ აწუხებს, გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, რომ წინა პლანზე წამოსწიოს ის ადამიანები, ვინც მათ მხარს უჭერენ იდეოლოგიურად და არ არიან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. აუცილებლად იქნება საპროტესტო აქციები ასეთი ადამიანების მონაწილეობით, მაგრამ ფული, რომელიც მსგავსი აქციების ორგანიზებისთვის იქნება საჭირო, წამოვა მათი ოფისიდან. ისინი აპირებენ, რომ გაჭირვებული ადამიანების ნდობა მოიპოვონ და ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც 2003 წლამდე აკეთებდნენ. დღეს ქართული საზოგადოება არის ძალიან ფრთხილი და უკვირდება ყველა ნაბიჯს, რომ არ მიიღოს იმ აქციაში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორიც „ნაციონალური მოძრაობაა", ამიტომაც ისინი ახლა ფიქრობენ არა თავიანთი ხელით განხორციელებულ პრესინგზე, არამედ მესამე ძალის შექმნაზე, რომელსაც თავიანთ თამაშში ჩაითრევენ, თვითონ არ გამოჩნდებიან, თუმცა საბოლოოდ მათი საქმე გაკეთდება.


- თქვენც არაერთხელ გითქვამთ და უგულავას წერილმაც დაადასტურა, რომ „ნაციონალების" ერთადერთი ოცნება ხელისუფლების შეცვლაა, თუნდაც თვითონ არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ ფონზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატებს შორის ასეთი დაპირისპირება ხომ „ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს?


- რა თქმა უნდა, „ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, ხალხისთვის გამაღიზიანებელია ისეთ არამნიშვნელოვან საკითხებზე პოლემიკა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, როგორიცაა ვინ წავა რაიმე სახის საერთაშორისო ღონისძიებაზე. „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, ასეთი სახის დაპირისპირება ფარული თუ ღია მეთოდებით წაახალისოს თვითონ კოალიციაშიც, რომ იქნებ უბიძგოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან რომელიმე ლიდერს კოალიციიდან გამოსვლაზე. ახლა ყველანაირად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა", რომ ირაკლი ალასანიამ დატოვოს თანამდებობა. შემდეგ სხვა ძალის მიმართ იქნება მუშაობა, მთავარი მიზანი კი იქნება იმ აზრის ფორმირება, რომ „ოცნება" იშლება, უუნაროა და ვერაფერს აკეთებს, ისინი შეეცდებიან, რომ მასობრივი უკმაყოფილება გააჩინონ საზოგადოებაში, თუნდაც რეიდებთან მიმართებაში რასაც აკეთებენ. ასეთი ტიპის რეიდები ტარდება მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი უნდა გამოიტანონ ყოველდღიურად სააშკარაოზე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ ნეგატივს ობიექტური საფუძველი.


- ადრე ვისაუბრეთ, რომ „ნაცმოძრაობა" შეეცდება აქციებზე პროვოკაციების მოწყობას. არსებული ვითარების ფონზე სამართალდამცავები შეძლებენ მარტივად ამის თავიდან აცილებას?


- ეს დამოკიდებულია თავად სამართალდამცავებზე, ხელისუფლებას აქვს უნარი, არა მხოლოდ პროვოკაციებს გასცეს პასუხი, არამედ საერთოდ არ მიიყვანოს აქამდე მდგომარეობა, როგორც ჩემთვის, თქვენთვის და მკითხველისთვის არის ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის" გეგმები, ისეა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.


- იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება" ორი წელია ხელისუფლებაშია და ყველანაირი ბერკეტი აქვს, საინფორმაციო ომს მაინც „ნაციონალური მოძრაობა" უგებს. ამას რით ახსნით?

 

- თავიდანვე შეცდომა იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დაერქვა მთავარი ოპოზიციური ძალა. გიგი უგულავა საუბრობს წერილში და ცალსახად კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ, ფაქტობრივად, წარმატებულად გადაარჩინეს პარტია. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლებისა, გარდა ამისა, ხელისუფლებამ არ შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და ამით ხელი შეუწყო „ნაციონალური მოძრაობის" არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ გახადა მთავარი ოპოზიციური პარტია. ახლა კი სამაგიეროდ რას იღებენ? მთელი პარტია გაერთიანებული ძალით ცდილობს კოალიციაში განხეთქილების შეტანას. გგონიათ ალასანიას, ან მარგველაშვილის პერსონალური გაძლიერება, ან თუნდაც მათი მხრიდან პოლიტიკური ცენტრის შექმნა და მაღალი რეიტინგი გაახარებს „ნაციონალურ მოძრაობას"? არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ, მათი მთავარი ამოსავალი წერტილია, დღეს შეიქმნას პრობლემები, რაც მეტი პრობლემა შეიქმნება, მით მეტად კმაყოფილი იქნება „ნაციონალური მოძრაობა". მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რამენაირად, რაიმე ფორმით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დამერწმუნეთ, ისინი არაფერზე არ იტყვიან უარს და მზად იქნებიან არეულობისთვის. დღეს თუ არ აწყობენ მასშტაბურ აქციებს, იმიტომ არა, რომ ამის სურვილი არ აქვთ ან ვინმეზე ფიქრობენ, უბრალოდ იციან, რომ დღეს მათ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ საიმისო, რომ მასშტაბური პოლიტიკური არეულობა გამოიწვიონ. ამიტომ პირველ ეტაპზე მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაშალონ კოალიცია, დაშლილი კოალიციიდან მიიზიდონ რაღაცა ტიპის პოლიტიკური ძალები იმ ცენტრში, რომელსაც ქმნიან, რომ შემდგომში ამ პოლიტიკური სახეების გამოყენებით დაიწყონ პერმანენტული, გრძელვადიანი და მოკლევადიანი აქციები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიზარდოს შეტაკებაში. ამას არც მალავს „ნაციონალური მოძრაობა" ისინი ღიად განიხილავენ საქართველოში უკრაინის მსგავს სცენარს. გამოუვა თუ არა ეს „ნაციონალურ მოძრაობას", დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე"...


შორენა გოგოლაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016