reportiori.ge - მამუკა არეშიძე: „ნაციონალები“ გამოიყენებენ მე-5 კოლონას, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში იმუშავებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:35
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: „ნაციონალები“ გამოიყენებენ მე-5 კოლონას, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში იმუშავებს!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 00:31

 

 

„კვირის ქრონიკამ" გამოაქვეყნა გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ციხიდან. ამ სკანდალური წერილიდან ირკვევა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ოცნების" ხელისუფლებას აპოკალიფსს ჰპირდება. გიგი უგულავა საკუთარ თანაპარტიელებს მიმართავს და ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების გზებს სთავაზობს. უგულავა საკუთარ სცენარში არ გამორიცხავს ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლასაც, თუკი ისე მოახერხებენ სიტუაციის არევას, რომ მოხდება ის, რაც უკრაინაში, ასეთ შემთხვევაში ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას რევოლუციური სცენარით ხელში ჩვენ ავიღებთო. გიგი უგულავა კონკრეტულ გეგმას უსახავს საკუთარ თანაგუნდელებს: აპოკალიფსური სურათის შექმნა, კერძოდ, მოეწყოს პერმანენტული პატარ-პატარა აქციები, შემოდგომაზე აუცილებელი ერთი დიდი ტალღის გაკეთება, ერთდღიანი აქცია არ ივარგებს.


მაშ ასე, რეალურად როგორი შემოდგომა ექნება საქართველოს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ალიას" კითხვებს უპასუხებს ექსპერტი მამუკა არეშიძე:


- „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საიდუმლო გეგმა გაშიფრულია. გიგი უგულავას საიდუმლო წერილი ციხიდან", რეზონანსი მოჰყვა, ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკოსების განცხადება, თუმცა გამოირჩეოდა „ნაციონალი" გიგი წერეთელი, რომელმაც თქვა, რომ წერილში გამოთქმული მოსაზრებები უცხო არ იყო. ძალიან გააქტიურებულია არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ მოძრაობენ. უკვე გაცემულია კონკრეტული შიდა დირექტივები. „ალიას" მკითხველს უახლოეს ნომრებში უფრო მეტ სკანდალურ მასალებს შევთავაზებთ. თქვენი აზრით, როგორი შემოდგომა ელოდება საქართველოს მოსახლეობას?


- ის სკანდალური წერილი, რომელიც „ქრონიკამ" გამოაქვეყნა, არ ვიცი, ნამდვილად გიგი უგულავას ხელით არის დაწერილი თუ არა, მაგრამ ლოგიკა და პათოსი გვკარნახობს, რომ პრინციპში შეიძლება ასეთი რამ ნამდვილად იყოს. სხვათა შორის, როცა ეს წერილი წავიკითხე, იგრძნობა, რომ საქმიანად უდგებიან ეს ადამიანები თავის მოვალეობას. არაერთხელ მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ორგანიზებული ძალაა, გარდა ურთიერთდაპირისპირებისა და შიდა დინებებისა, ისინი კონსოლიდირებულად მოქმედებენ. პარტიას პოლიტიკური ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე, ისინი ემზადებიან რევანშისთვის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ამ საკითხს ისტერიკით, გინებითა და აღელვებით რომ შევხედოთ, არ ღირს, ვფიქრობ, ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთ ის, რასაც „ნაციონალები" გეგმავენ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმის ფინანსური რესურსიც, რომ აიღონ რევანში. მათში ერთადერთი დეფიციტი რაც არის, ეს არის ელექტორალური რესურსი, ზუსტად ამ ელექტორატის მომზადებაზეა ორიენტირებული ამ წერილის შინაარსი, ეს წერილი და გეგმა, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებობს. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის" სვლები არ იქნება ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაციაზე, არამედ მათი სვლები ორიენტირებული იქნება დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციაზე. ეს პროცესი კი კარგა ხანია მიმდინარეობს. აი, ამ ხელისუფლების დისკრედიტაციის პროცესში კი უკვე გამოჩნდება ახალი ძალები, უფრო სწორად პოლიტიკური ჯგუფები, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ტიპის სოციალური გაერთიანებები, რომლის უკანაც იდგება „ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფულით. ეს ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქნება შეტევის ფრონტი, მათ უკან კი იდგება „ნაცმოძრაობა".


- აქვს კი „ნაცმოძრაობას" იმის საშუალება, რომ აწარმოოს ამხელა კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ?

 

- მათ აქვთ ამის საშუალება როგორც ფინანსურად, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება უშვებს ბევრ შეცდომას, რითაც საშუალებას აძლევს მაღალორგანიზებულ ძალას, გამოიყენოს მთელი თავისი რესურსი. „ნაცმოძრაობა" განსაკუთრებით ძლიერია ე.წ. პიარში, „ნაციონალები" შესანიშნავად იყენებენ ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომას სათავისოდ, შედეგად მიიღებენ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი ნელ-ნელა დაეცემა, სამაგიეროდ, ამ პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგი მოიმატებს, რომელთაც „ნაციონალები" წინ წამოსწევენ. შემდეგ კი შეეცდებიან სახალხო მღელვარების გამოწვევას, „ნაცმოძრაობა" მოახერხებს საკუთარი პარტიის რებრენდინგს, შეიძლება სხვადასხვა პარტიებშიც გაიფანტონ, ან ბლოკიც შექმნან რომელიმე ჯგუფთან. მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკმაყოფილონი არიან მათი ხელმძღვანელების პასიურობით, გარდა ამისა, თვითონ ვერ გადაწყვიტეს, როგორი სტრატეგია აირჩიონ. ამ თვალსაზრისით „ქრონიკაში" გამოქვეყნებული წერილი ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რეალურად ეს არის თუ არა გიგი უგულავას დაწერილი. მე მათგან ფრაგმენტულად გამიგია ის საუბრები, რაც იქ წერია. სამწუხარო ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი იარაღი არის ხელისუფლების შიდა დაპირისპირების გამოყენება, პლუს ამას, ისინი გამოიყენებენ მე-5 კოლონას, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში იმუშავებს. მოგეხსენებათ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ინარჩუნებენ პოზიციებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ისინი ამ მექანიზმებს ისე აამუშავებენ, რომ წინა პლანზე „ნაციონალები" არ გამოჩნდებიან, ხოლო შემდეგ შეეცდებიან, წინ ფარად ჩაუდგნენ.


- გადავინაცვლოთ ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე, ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა მთავრობა, ვინ უნდა წავიდეს გაეროს 69-ე სამიტზე - პრემიერი თუ პრეზიდენტი. უელსის სამიტიდან გაერომდე, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?


-ეს ხელისუფლება   დასავლურ ორიენტაციას ფეხს არ უცვლის. არადა, „ნაცმოძრაობა"მათ ეძახის რუსეთუმეებს. მოდი, ახლა დავდოთ სასწორზე, რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან და რას - დასავლეთთან. დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთთან დებს ხელშეკრულებებს, შედის აქტიურად ინტეგრაციულ პროცესში და მაქსიმალურად აგრძელებს იმ გზას, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას" წინა ხელისუფლებაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთთან არის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, და თავშეკავება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ, ის, რასაც რუსეთი ახორციელებს არა მარტო უკრაინაში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში. დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც რეალური დოკუმენტები უმაგრებს ზურგს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ მოდით, ახლა სხვა რამესაც შევხედოთ... როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებიდან ვიღაც ძალიან აქტიურად თამაშობს კულუარებში რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. რადგანაც ვხედავ, რომ გარდა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ლაპარაკისა, პოლიტიკური დევნის თაობაზე საქართველოში გენერალური ხაზი მაინც გრძელდება და დასავლეთთან არის აქტიური ურთიერთობები, ამერიკის თავდაცვის მდივნის ჰეიგელის ნათქვამი, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებულობა დასაფასებელია, ესეც გარკვეულწილად „ნაციონალების" წისქვილზე არ ასხამს წყალს. როგორც ვხვდები, კულუარული პოლიტიკა იწარმოება რუსეთთან, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მხარი რომ დაუჭირა, ისე გაილანძღა და საქმე იქამდე მივიდა, რომ კრემლის მთავარი იდეოლოგი დუგინი გამოვიდა და თქვა, - აზერბაიჯანი აუცილებლად მიიღებს სამაგიეროს ამ საქციელის გამოო. მხოლოდ კითხვის ნიშნები დასვა ნაზარბაევმა და ამის შემდეგ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ყაზახეთი საერთოდ არასოდეს ყოფილა სახელმწიფო, ხოლო ჟირინოვსკი აცხადებს, მალე ყაზახეთი დაიშლებაო. საკმარისი აღმოჩნდა ლუკაშენკოს წამოეწყო დამოუკიდებელი თამაში და საპასუხო დარტყმა მიიღო კრემლიდან. ამ დროს, საქართველო, რომელიც NATO-ს ძალიან სერიოზულად მიუახლოვდა, ამის გამო კრემლისგან მძიმე მუშტი  არ მოხვედრია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ორივე მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინ არ ვიცი, აწარმოებენ ისეთი ტიპის პოლიტიკას, რომელიც დღეს საქართველოსთვის არის  მიზანშეწონილი.


- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უელსის სამიტზე ღიად განაცხადა, რომ ის მზად არის მოსკოვში ჩავიდეს და შეხვდეს პუტნს. ფიქრობთ თუ არა, რომ მისი განცხადება დასავლეთთან შეთანხმებული იყო?

 

- სამწუხაროდ, მარგველაშვილი არის მარტოსული, ჩვენი უბედურება ისაა, რომ პრეზიდენტსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის ასეთი ცუდი ურთიერთობაა, გითხარით კიდეც, რომ დიპლომატები მეკითხებიან, ესენი აქ რა „საბავშვო ბაღს" აწყობენო... ბუნებრივია, მარგველაშვილის დონეზე ეს ამბავი ვერ მოგვარდებოდა, თუმცა ყველაფერი ხდება, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მრჩება განცდა, ვიღაცა რუსეთთან ურთიერთობებს აგვარებს. ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, ამ გამოწვევების გამოსავალი ძალიან რთული საპოვნელია. NATO-სთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი რამ, ამ წლების განმავლობაში ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, დასავლეთთან ურთიერთობის, დოკუმენტი, რომელიც საქართველოს განსაკუთრებული დაცვის პირობებს შეუქმნის. ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო NATO-მ და ვერც MAP-ი, ჩვენი ქვეყნის დაცვის პირობებს ვერ შეგვიქმნის. რუსეთის მხრიდან რომ ხიფათი აბსოლუტურად ნიველირებული იქნეს, საჭიროა ისეთი დოკუმენტი დასავლეთის მხრიდან, რაც გარანტირებულად დაგიცავს რუსული საფრთხისგან. ის, რაც უელსის სამიტიდან წამოვიღეთ, არის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პატივისცემის დამადასტურებელია და მეტი არაფერი. საინტერესოა, ამ წინადადებათა პაკეტს რა მოჰყვება, თუ მართლა NATO-ს ბაზის გახსნაზეა ლაპარაკი, თუ ლაპარაკია სამხედრო ნაბიჯებზე, რომელიც დადასტურებულად ვიცი, რომ უნდა გადაიდგას, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაშინ შეიძლება სიტუაცია იყოს უფრო სხვანაირი, მაგრამ არა გადამწყვეტი იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ საქართველოს მაქსიმალური დაცვის საშუალებას. ის გუნდი რას ფუთფუთებს შიგნით, მართალი გითხრა, აღარ მაინტერესებს. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ შიდა გარჩევები ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო აღარ არის. იმდენად ყელში ამოვიდა გაუთავებელი დავა - ვინ უნდა იყოს პირველი და ვინ - მეორე...


- და მაინც, თქვენი აზრით, ვინ უნდა წავიდეს გაეროს 69-ე სესიაზე და თუკი ორივე, პრემიერი და პრეზიდენტი, დამოუკიდებელი დელეგაციებით წარდგებიან გაეროში, რა მოხდება?

 

- ქვეყნის პირველი პირი უნდა წავიდეს გაეროში და დღეს ქვეყნის პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და თუ პერსონალურად დაპატიჟებულია მარგველაშვილი, მაშინ ისიც უნდა წავიდეს. საერთოდ ვთვლი, რომ ეს თემა არ უნდა იყოს სალაპარაკო.


- ვიდრე ხელისუფლება ჩამოყალიბდება, ვინ პირველია და ვინ მეორე, რუსეთი იმუქრება მოლდოვის მიმართულებით და შეიძლება შემდეგი იყოს საქართველო. მან მოსკოვში მოამზადა და გადასხა ე.წ. მწვანე კაცუნები, რომელთა გამოჩენაც რეგიონში აუწყებს მსოფლიოს, რომ რუსეთი იმ ქვეყნის ასაოხრებლად ემზადება. გამორიცხული არ არის, „მწვანე კაცუნები" მალე საქართველოში აღმოჩნდნენ.


- „მწვანე კაცუნები" დნესტრისპირეთში გამოჩნდნენ, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვას დროებით დაკარგული აქვს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ეს „მწვანე კაცუნები" 2008 წლიდან ღიად არიან, ცხინვალში კი იმდენად გათავხედებულები არიან, ერთი სული აქვთ, თბილისი-გორის ტრასაზე როდის გამოვლენ. ასე რომ, რაც შეეხება ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ხიფათს, ჯერჯერობით საქართველოს მიმართულებით არ იკვეთება, როგორც გითხარით, იმედი აქვს რაღაც ტიპის მოლაპარაკებები რუსეთთან მიმდინარეობს.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016