reportiori.ge - რამდენი იქნება ჯარიმა მანქანიდან ნაგვის გადაგდებაზე, საოჯახო ნაგვის ქუჩაში დაყრაზე, ძაღლის გასეირნებისას ქუჩის ფეკალური მასებით დაბინძურებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რამდენი იქნება ჯარიმა მანქანიდან ნაგვის გადაგდებაზე, საოჯახო ნაგვის ქუჩაში დაყრაზე, ძაღლის გასეირნებისას ქუჩის ფეკალური მასებით დაბინძურებაზე
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 00:32

 

 

„ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსში" ცვლილებები შედის, რაც გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს. 


რატომ გახდა კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელი? კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა კანონში და რამდენით დაჯარიმდება დამნაშავე პირი ან ორგანიზაცია? რა სასჯელი ელით პირებს, რომლებიც მანქანიდან ნაგავს გადაყრიან, ან საცხოვრებელი კორპუსიდან გამოიტანენ ნაგავს და ქუჩაში მიატოვებენ? რით დაისჯება ცხოველის მეპატრონე, რომელიც ქალაქში გაასეირნებს თავის ცხოველს და ფეკალური მასით დააბინძურებს გარემოს? 


„ალიას" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, მაია ბითაძე ესაუბრა: 


- საუბარია, არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე, არამედ ახალ სამართლებრივ აქტზე, რომლის მსგავსი აქტიც, საქართველოს არც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია. 


- რას მოიცავს კანონპროექტი კონკრეტულად? 


- მოიცავს დებულებებს, რომელიც ეხება, ზოგადად, ნარჩენების მართვის საკითხებს, მათ ინსტიტუციურ გადანაწილებას, ნაგავსაყრელების კატეგორიზაციას, ნაგავსაყრელების მოწყობის საკითხებს. კოდექსის ბოლო ნაწილი ადმინისტრაციულ სანქციებს ეხება. 


-        სანქციებთან დაკავშირებით რა სიახლეა ჩადებული, რა იცვლება? 


- დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ძალიან მწირი სანქციები მოქმედებს. ჯარიმის ოდენობებიც არაადეკვატურია ჩადენილი ქმედებებისთვის. ანუ ერთ ქვაბშია მოხარშული გარემოს დაბინძურება და დანაგვიანება. 


- რა განსხვავებაა გარემოს დაბინძურებასა და დანაგვიანებას შორის? 


- გარემოს დანაგვიანება შესაძლოა იყოს ქაღალდის გადაგდება, მაგრამ  გარემოს დაბინძურებად ითვლება მავნე ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურება, რასაც ბევრად უფრო მძიმე შედეგი მოაქვს გარემოსთვის. 


ახალი კანონით, ეს ორი რამ, ანუ ნაგავი და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები, ერთმანეთისგანაა გამიჯნული. თითოეული სახეობის დანაგვიანებისთვის, ან დაბინძურებისთვის სხვადასხვა სახის სანქცია და ადეკვატური ჯარიმაა დადგენილი. ანუ განსხვავებული მიდგომა ამოქმედდება - მაგალითად, გარემოში აკუმულატორის სითხის, ზეთების დაღვრისთვის, ორ კილომდე ნაგვის გარემოში გადაგდებისთვის და ა.შ. 


ზოგადად, გარემოს დაბინძურებაზე, რაც ბუნებას აზიანებს, არა მარტო ფულად, არამედ სხვა სახის სანქციებსაც ითვალისწინებს. ეს უკვე იმის მიხედვით, რა სახისაა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რაც უკვე არა ადმინისტრაციული,  არამედ საერთოდ სხვა კატეგორიის საქმეა. 


- მაგალითად, სისხლის სამართლის? 


- კანონი თვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი, გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს. 


- რაც შეეხება აღსრულებას... ვინ გააკონტროლებს კანონით დაწესებულ შეზღუდვებს? 


- აღსრულება სამ სახელმწიფო ინსტიტუტს დაევალება, ესენია: ადგილობრივი თვითმმართველობა, შს სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი. 


თუ ინსპექტორი წაასწრებს, დაუშვათ, მანქანიდან ნაგვის გადაგდების ფაქტს, შეადგენს შესაბამის ოქმს და დაჯარიმდება კანონდამრღვევი. თუ საპატრულო პოლიცია შეესწრება მსგავს ფაქტს, მას ექნება უფლებამოსილება, ეს განახორციელოს.  


დაჯარიმდება ფეხით მოსიარულე, რომელიც ორ კილომდე ნაგავს გადააგდებს, მანქანიდან, საცხოვრებელი კორპუსიდან, ან მიატოვებს ნაგავს, ასევე ცხოველის მეპატრონე, რომელიც ქალაქში გაატარებს თავის ცხოველს და ფეკალური მასით დააბინძურებს. 


- საწარმოების მიერ დაბინძურებას რაც შეეხება... 


- საწარმოების შემთხვევაში, კატეგორიზაციისა და უფლებამოსილების მიხედვით, რეაგირება ჩამოთვლილ სამ ორგანოს ექნება გადანაწილებული. 


- ჯარიმები მაინტერესებს, რამდენი იქნება ჯარიმა სხვადასხვა დარღვევისთვის? 


- ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ სანქციების ოდენობა მერყეობს დანაგვიანება-დაბინძურების მიხედვით. ახლა მუშავდება, ისე კი, ჯარიმის ოდენობა იქნება ორი ციფრიდან ზემოთ. 


- ქალბატონო მაია, როგორ გგონიათ, კანონის ამ სახით გამკაცრება, მოახდენს გავლენას საზოგადოების თვითშეგნებაზე? 


- კანონი იმ შემთხვევაში გვიშველის, თუ აღსრულება იქნება ეფექტიანი, ან ადამიანები შიშით თუ მის გარეშე მიხვდებიან, რომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ვინც ნაგვის ურნის გვერდზე ნაგავს დააგდებს, ავდგეთ და მივუთითოთ, რომ ნაგავი ურნამდე მიიტანოს. 


- მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ადამიანი შესაძლოა, ისეთ აგრესიას წააწყდეს, რომ მეორეჯერ აღარ გაუჩნდეს მსგავსი მითითების მიცემის სურვილი... 


- მეც მქონია შემთხვევა, როცა მიმითითებია ურნისკენ და ხელი აუქნევია მოქალაქეს, მაგრამ ვაწარმოებთ კამპანიას და ვფიქრობთ, იმოქმედებს საზოგადოების თვითშეგნებაზე. 


- ვინ იმუშავა კანონპროექტზე? 


- კანონპროექტზე სამინისტრომ იმუშავა და დაეხმარა ევროკავშირის „ტვინინგის" პროექტი. 


- როდის შევა ძალაში კანონში შეტანილი ცვლილებები? 


- კანონპროექტი თვის ბოლოს წარდგება პარლამენტში და ძალაში შევა დაახლოებით საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას. სიახლეები ძალაში შევა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად. 


დიანა ლიპარტელიანი

გაზთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016