ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) გასულ კვირას სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თურმე, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ირაკლი ალასანიას ჰქონია და იგი 6 პროცენტით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსაც კი უსწრებს! ნავაროს კანტორის თქმით, ამა წლის აპრილის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი კლებისაკენ არის წასული და ერთადერთი, ვისი მოწონების მაჩვენებელიც გაზრდილია, პრეზიდენტი მარგველაშვილი გახლავთ! მოკლედ, ნავარომ თბილისიდან წასვლის წინ კუდი მოიქნია და კიდევ ერთი საეჭვო კვლევა ჩაატარა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერთან სანდრო ბრეგაძესთან.
- სანდრო, ენდობით თუ არა „ენდიაის" სოციოლოგიური კვლევის შედეგებს?
- „ენდიაის" კვლევები რეალობასთან ახლოსაც კი არ დგას და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურება, რაც ფაქტებითაც არაერთხელ დადასტურდა. იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ენდიაის" კვლევების მიხედვით, ნაცმოძრაობა რეიტინგით ბევრად უსწრებდა „ქართულ ოცნებას", მაგრამ 1 ოქტომბერს სრულიად საპირისპირო შედეგი დადგა.
ასე რომ, „ენდიაის" თბილისის ოფისი და ლუის ნავარო, რბილად რომ ვთქვათ, არანაირ ნდობას არ იმსახურებენ!
- თუმცა, ნავარო აღარ არის „ენდიაის" თბილისის ოფისის ხელმძღვანელი!..
- ძალიან კარგია, რომ აღარ არის. ეტყობა, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ნავაროს დესტრუქციულ საქმიანობაში დარწმუნდა, თუმცა, ეს ბოლო კვლევა მაინც ნავაროს ჩატარებულია! იმედი მაქვს, ახალი ხელმძღვანელობა ბევრად უფრო ობიექტურად და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელიც მართლაც ავტორიტეტული და პატივსაცემი ორგანიზაციაა.
ნავაროს მიერ ჩატარებული ეს ბოლო სოციოლოგიური კვლევაც არა საზოგადოებრივი განწყობის სარკე, არამედ აშშ-ის იმ პოლიტიკური ჯგუფების სურვილების გამოხატულებაა, რომლებთანაც სააკაშვილს მუდამ ჰქონდა კორუფციული კავშირი და რომლებიც დღესაც სააკაშვილის ოფიციალური ლობისტები არიან ევროპასა და ამერიკაში.
დიახ, ნავაროს მიერ დაწერილი რეიტინგები ზოგიერთი ამერიკული პოლიტიკური ჯგუფის სამომავლო მიზნებსა და ამოცანებს ხდის ფარდას!
- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- ცალსახად ჩანს, რომ აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ნავარო ემსახურებოდა, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას არ ენდობიან! მეტიც, ეს ჯგუფები ივანიშვილ-ღარიბაშვილის პირდაპირი მოწინააღმდეგეები არიან! დიახ, მათ სურთ, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან დაახლოებულ პიროვნებად წარმოაჩინონ და საამისო ლობისტური სამუშაოსათვის ნაციონალებისაგან არაერთი მილიონი დოლარი მიიღონ.
ყოველივე ეს საკმაოდ მძიმე პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლევა და ეს პროგნოზი, პირადად ჩემთვის, საკმაოდ წონად და სერიოზულ ინფორმაციასაც ეფუძნება!
- მაინც, რას უნდა ველოდოთ?
- იმ გარე ძალებისათვის, რომლებმაც 2003 წელს სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანეს, დღეს ივანიშვილი, ღარიბაშვილი და მათი გუნდი ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ, რადგან ამ ძალებს ქართული პოლიტიკის ტოტალური კონტროლის საშუალებას არ აძლევენ!
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ამ ძალებს ერთი დღეც არ შეუწყვეტიათ მუშაობა იმისათვის, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყნის სათავეში კვლავ მათ მიერ კონტრლირებადი ჯგუფები მოვიდნენ!
- ანუ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს?
- ამ გარე ძალებმა მშვენივრად იციან, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოუდგენელია, რადგან ეს პარტია სრულიად დისკრედიტებულია და ხალხს ეზიზღება.
ამიტომაც გარე ძალები საქართველოში ისეთ პოლიტიკურ ლიდერს ეძებენ, რომელიც მთლიანად მათი ინტერესების გამტარებელი იქნება და ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებას ჩაანაცვლებს!
სწორედ ასეთი პოლიტიკური ლიდერის ძებნის პროცესი მიმდინარეობს დღეს და გარკვეული კონტურები უკვე გამოკვეთილია კიდეც, რაც ნავაროს ბოლო კვლევაშიც ჩანს!
მომავალი წლის გაზაფხულზე ეს პოლიტიკური ლიდერი და მისი გუნდი, რომელსაც დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები მხარს დაუჭერენ, ღიად გამოიკვეთება და ეს პოლიტიკთური ლიდერი და მისი გუნდი, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლების წიაღიდან იყოს!
ამ ძალას ეყოლება საკუთარი დასაყრდენი პარლამენტში და მის გარეთაც, ექნება დიდი ფინანსები და მას ფარულად მხარს დაუჭერს ნაცმოძრაობაც! სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი ეცდება, ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლება ჩაანაცვლოს!
- გამოდის, რომ „ქართული ოცნება" სერიოზული საფრთხის წინაშე დგას?
- განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ნავაროს ბოლო კვლევაში „ქართული ოცნების" რეიტინგი 42 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, ხვალ საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, „ქართული ოცნება" უმცირესობაში აღმოჩნდება, რადგან იმ ძალებს, რომლებიც დანარჩენ 58 პროცენტს გადაინაწილებენ, თავისუფლად შეუძლიათ, პარლამენტში კოალიცია შექმნან და „ქართულ ოცნებას" მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება აღარ მისცენ!
ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი! ამერიკისა და დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება" უმცირესობაში აღმოჩნდეს და მათ ეს მიზანი ნავაროს კვლევებში გაამჟღავნეს!
ნავაროს კვლევა არის იმ მომავალი პროცესების ანონსი, რომელსაც ქვეყნის გარეთ სერიოზული ძალები გეგმავენ!
- როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება" რამდენად მომზადებული ხვდება ამ საფრთხეებს?
- ამ შემთხვევაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მთლიანად კოალიციაზე, არამედ საკუთრივ პარტია „ქართულ ოცნებაზე", რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ღარიბაშვილია! მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ პარტია „ქართული ოცნების", ანუ ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო გუნდი ძალიან სუსტია, რადგან იგი პოლიტიკოსების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის!
იქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ძალიან პატივსაცემი ადამიანები - ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლები, მაგრამ მათ პოლიტიკური პროცესების მართვა არ შეუძლიათ! არადა, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ქართულ ოცნებას" უპირისპირდებიან და მომავალში დაუპირისპირდებიან, გამოცდილი და გაქნილი პოლიტიკოსები არიან დაკომპლექტებულნი!
ეს კარგად ჩანს ტელედებატებშიც, როცა მართალ პოზიციაზე მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავიანთი პოზიციების დაცვას ვერ ახერხებენ ისეთი ტიპის დამნაშავეებთანაც კი, როგორებიც ნაცმოძრაობის ლიდერები არიან!
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ რევანშს „ქართული ოცნება" მოუმზადებელი ხვდება!
- ნაციონალები რევანშისთვის ემზადებიან?
- ნაციონალებს ძალიან დიდი ფული აქვთ, მათი ფინანსები რამდენიმე მილიარდსაც კი აჭარბებს და ისინი მთელ ამ რესურსს არსებული ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებენ!
გარდა ამისა, ნაციონალებს აქვთ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეების მხარდაჭერაც!
და კიდევ - ნაციონალებს უკვე ჰყავთ ახალი „კმარა", რომელიც ფინანსურად ძველ „კმარაზე" უფრო ძლიერი და ორგანიზებულია!
- როგორ თუ ახალი „კმარა" ჰყავთ?
- ვგულისხმობ ე.წ. არასამთარობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას", რომელიც მოდერნიზებული „კმარაა". ეს არის პროვოკატორთა გუნდი, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას!
ისინი არ მოერიდებიან შეხლა-შემოხლებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებებსაც კი, რათა, როგორმე ქაოსი გამოიწვიონ და სტუდენტობაც აიყოლიონ!
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევენ რუს ტურისტებს, შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ათასგვარ ხულიგნობას სჩადიან და გამკითხავი არავინ არის!
ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, რომლებიც ახალგაზრდობასთან, სტუდენტობასთან უნდა მუშაობდნენ, საღათას ძილით სძინავთ და მათი გამოღვიძების პერსპექტივაც არ ჩანს!
გარდა ამისა, ძალიან მწვავედ დგას მეორე და მესამე რანგის ჩინოვნიკების პრობლემაც!
- რას გულისხმობთ?
- მოგეხსენებათ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვიყავი და თუნდაც ამ სამინისტროს მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ კადრების 80 პროცენტი ნაცმოძრაობის აქტივისტებით, მხარდამჭერებით, ზონდერჯგუფების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და ეს ადამიანები დღესაც ნაციონალური მოძრაობის სახელს იფიცებენ!
მეტიც, სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უცხოელებთან ირაკლი ღარიბაშვილს ლანძღავენ და აგინებენ! დიახ, უცხოელებთან ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს" უწოდებენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს - „დილეტანტს", რომელიც აზრზე არ არის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა!
- მერედა, ასეთ ადამიანებს სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რა უნდათ?
- ეს მათ დამნიშნავებს უნდა ჰკითხოთ! დეპარტამენტების ხელმძღვანელები ელჩებთან, გაერო-ს უმაღლეს კომისართან, უცხოელ დიპლომატებთან საუბრობენ, ნაციონალების დროს ვიცოდით, რა კურსით მივდიოდით, ამათი ხელისუფლების დროს კი, საერთოდ ქაოსია და ქვეყანა უკან მიდისო!
იმავე ჩემი სამინისტროს მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ადგილობრივი არჩევნების წინ დადიოდა და „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას სოფლიდან ჩამოსულს ეძახდა, მთელ თავის დეპარტამენტს მოუწოდებდა, რომ ხმა ნაციონალების კანდიდატისათვის მიეცა!
უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია და საქვეყნოდ ვაცხადებ - არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დღეს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდეს!
ამ ფონზე კი „ქართული ოცნების" რიგითი წევრები, ადამიანები, რომლებმაც მთელი თავიანთი ძალა და ენერგია სააკაშვილის რეჟიმთან 9-წლიან ბრძოლას შეალიეს, დღეს ისევ უმუშევრები და უპოვრები არიან და მათი მიმხედავი კაციშვილი არ არის!
- დაბოლოს, თქვენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ახალ ტალღაზე გინდოდათ რაღაცის თქმა!
- დიახ, დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაასკეცებულია! ეკლესიას უკვე იმის საშუალებასაც აღარ აძლევენ, ლოცვით და ქადაგებით მოუწოდოს მრევლს, უკეთური გზით არ იაროთო!
ამის ნათელი დადასტურებაა ის სატელევიზიო ეთერები, სადაც სასულიერო პირებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ! ნაცზონდერმა და „მოდელირებული ქრონიკის" ავტორმა, ქალბატონმა კობერიძემ და ე.წ. მომღერალმა, ნაცქათამმა ვინმე სტეფანემ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს მამა ალექსანდრე გალდავას!
ნებისმიერ ქვეყანაში სასულიერო პირს ასეთი შეურაცხყოფა რომ მიაყენოს ნებისმიერმა მომღერალმა, მის კონცერტებზე კაციშვილი არ ივლის და საზოგადოება მას გარიყავს, როგორც უკეთურს, მაგრამ ქართველი საზოგადოება ზედმეტად ტოლერანტული გახდა და ყველაფერს ეგუება!
არადა, დღეს განსაკუთრებით გვჭირდება პატრიარქისა და ეკლესიის გვერდში დგომა, რადგან ქვეყანას წინ დიდი კატაკლიზმები ელის და ჩვენ ჩვენი დედაეკლესიისა და უფლის შეწევნის გარეშე ნამდვილად ვერ გადავრჩებით!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"