გვესაუბრება ცნობილი ქართველი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი თამაზ წივწივაძე.
- სააკაშვილი რა ხვითოც გვყავდა, ვნახეთ, მაგრამ მარგველაშვილი ჭიაბერაშვილზე უკეთ თუ აგინებდა „ქართვლის დედას", ბევრმა არ იცოდა... ბიძინა ივანიშვილმა ეს კაცი აიკიდა თუ აკიდეს?
- ნეტა, იცოდე, მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს რომ „ავჩარკა" ძაღლებით ეძებენ, რარიგ შეწუხებული ვარ! სახეზე იმდენად არ მეტყობა, მაგრამ გული მაქვს მკვდარი! შეიძლება, მისი დაპატიმრება ვეღარც გადავიტანო! მარგველაშვილსა და ჭიაბერაშვილს კი, რა თავში ვიხლი, ორივე ერთი და იგივე თხლეა, ოღონდ განსხვავებულ ჭაჭაზე დაყენებული! აქედან, ჭიაბერაშვილი დღესაც სააკაშვილის ნაცშია, ე.ი. ნაცმოძრაობაში! ხოლო მარგველაშვილი მეოცნებეთა ქვევრში თაგვივითაა ჩავარდნილი! და კიდევ ერთი: მე სხვა დროსაც ვთქვი - რაც არ უნდა დიდი ადამიანი იყოს საჩხერელი კაცი, პრეზიდენტობის კანდიდატებს სწორედ ვერ არჩევს-მეთქი! ამის ერთი მაგალითი დიდი მუხრან მაჭავარიანია - სხვადასხვა დროს დასახელებული ორი კანდიდატიდან არც ერთმა არ გაუმართლა! ნუ დაგვავიწყდება, რომ წარმოშობით ივანიშვილიც საჩხერელია!
- „კაზანტიპზე" ვერჩასულ სააკაშვილზე რაღას იტყვით?
- ხედავთ, რა ულმობელია წუთისოფელი! ამდენი შიშველი ქალი დღეს ანაკლიის ნაპირზე ტიტლიკანა ეყაროს, ჩვენი საწყალი პრეზიდენტი კი ამ ველურ სილამაზეს გარე უვლიდეს! ისე კი, მე თუ მკითხავთ, როგორც მეცხოველეობის ფერმას, სახელმწიფოსაც ერთი კურო უნდა ჰყავდეს, ვთქვათ, სააკაშვილივით, და თუ სადმე ატეხილი ლამაზმანი გამოჩნდება, იქვე დაარწყულებს! ყოველ შემთხვევაში, თუ ვერ დააკმაყოფილებს, ცალ ძუძუს მაინც მოაჭამს!
- ლევან ბერძენიშვილი ილიასა და აკაკის შემდეგ ვაჟა-ფშაველას მოსდგა... აქაოდა, ვაჟა გარყვნილი კაცი იყო, ცოლებს ქმრების თვალწინ აუპატიურებდაო... ბერძენიშვილს რა უნდა?
- რაც მე ლევან ბერძენიშვილთან კამათში დრო დამიხარჯავს, ამ დროის განმავლობაში სხვა სასარგებლო საქმე რომ მეკეთებინა, ახლა სამი ნაბდის გაშლით წინ ვიქნებოდი! ისე, რაც მართალია, მართალია - მთელი ცხოვრება რისი წინააღმდეგიც იყო, როგორც ვირს პიტნას, ისე ვატენიდი! აიჩემა, ილია ჭავჭავაძეს, ასეთ მწერალს, არ ვიცნობო! ავდექი და, ისე მოვუწყვე საქმე, ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც იმჟამად მუშაობდა, ჩემი ინიციატივით, ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს! ასეთი მაგალითი მრავლად მქონდა! მერე აკაკი წერეთელი გაგვილანძღა და იქაც საკადრისი, უფრო ზუსტად ბებიამისის მივართვი! სულ ახლახან ვაჟა-ფშაველას გინება დაუწყია და შენც, როგორც ლევან ბერძენიშვილის შემოქმედების სპეციალისტს, გაოცებული მეკითხები: „ბატონო თამაზ, ბერძენიშვილს რა უნდა?" - რა უნდა და, ქვა უნდა უკანალში! როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველას მაგინებელ ბერძენიშვილს რაღაც ტანკი ექავება! ხოლო, რაც შეეხება „სტუმარ-მასპინძლის" ავტორს, ის ქალებისადმი კი არა, საერთოდ, მამაკაცების საზოგადოებაშიც მოხათრებული იყო! ოღონდ იქამდე, სანამდე გაბრაზდებოდა! თორემ ასეთ შემთხვევაში, მტრისას!
ერთხელ თავისი ძმის მაყრიონში, როცა დედოფალი შინ მოჰყავდათ, ვიღაც უცხო მგზავრმა ერთ-ერთ მანდილოსანს შეურაცხყოფა მიაყენა! ვაჟამ ამ თავხედ მამაკაცს ქალის შეურაცხოფა არ აპატია და ხანჯლით ყური მოაჭრა! ლევან, ბიჭო! ყურში შენ არაფერი გეყურება და ვშიშობ, ვაჟა-ფშაველას თაყვანისმცემლებმა (ასეთები ცოტანი მაინც იყვნენ!) ყურის მაგიერ ეს გრძელი ენა ძირში არ მიგაკვნიტონ! თუმცა, შენ რა, - ენა პირში მაინც არ გეტევა!
- ამერიკულმა „ენდიაიმ" პოლიტიკოსთა რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ირაკლი ალასანია, მეორეზე - ღარიბაშვილი, ხოლო მესამეზე - დავით უსუფაშვილი! ამ მონაცემების გჯერათ?
- არც ამერიკული „ენდიაის" მჯერა და არც კახელი უსუფაშვილის! სამაგიეროდ, მე მჯერა ირაკლი ალასანიასი (ის ჩემი მშვენიერი ნათლულის მეუღლეა!) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის! და კიდევ რაკი მე ფეხბურთელების ოჯახიდან ვარ, - ჩემი ძმა და ჩემი ძმისშვილი ქუთაისის „ტორპედოს" სხვადასხვა თაობის კაპიტნები იყვნენ, - და თავადაც მშობლიური სოფლის ღირსებას კვახჭირის „გრიგალში" ვიცავდი. არ შეიძლება, არ მიყვარდეს კახი კალაძე, რომელიც ადრე ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, დღეს კი ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწედ ყალიბდება!
- სააკაშვილს პიჯაკები დაუპატიმრეს. ხომ არ არის ეს მისი დაჭერის გენერალური რეპეტიცია?
- ნუ ჩქარობ, ბატონო, ყველაფერს თავისი დრო აქვს! პიჯაკების დაპატიმრების შემდეგ, სვიტერებისა და ჯემპრების დრო დადგება! მერე პერანგებისა და მსუბუქი მოსაცმელების ჯერიც მოვა! ამასობაში საცვლებსა და თეთრეულსაც გამოკეტავენ სასჯელაღრსულების დაწესებულებაში! შიშველ მიშას კი ჩვენმა მტერმა უყურა! ამიტომ სადღაც გადახურულში მაინც ჩასვამენ!
- დაბოლოს: მოქსოვს მარგველაშვილი საქართველოსათვის რაიმე სიკეთეს?
- როგორც მითხრეს, დაბალ კლასებში სწავლისას, პატარა მარგველაშვილი, პარალელურად ჭრა-კერვის კურსებზეც დადიოდა და, თუ ამ ხმებს ვერწმუნებით, ქარგვაც და ქსოვაც იქ უსწავლია! ქალის წინდიდან გაქცეული თვალის ამოყვანა კი თავისი სახლიდან გაქცეული რამდენიმე ცოლის თითების მოძრაობაზე დაკვირვებით შეუსწავლია! ამ ბოლო დროს საქართველოში დაბრუნებულმა ბატონმა ივანიშვილმა პრეზიდენტის კურსებზეც გაატარა (საღამოს განყოფილებაზე) და ახლა, თუკი ხელშეკრულებაზე ხელმოწერასაც ისწავლის, ლიცენზიასაც მისცემენ!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"