reportiori.ge - გამოძიებამ კიწმარიშვილის გარაჟში კიდევ ერთი სამხილი აღმოაჩინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:29
პრეს-დაიჯესტი
გამოძიებამ კიწმარიშვილის გარაჟში კიდევ ერთი სამხილი აღმოაჩინა!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 00:37



ეროსი კიწმარიშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ. პრინციპში, წინ მიიწევს თუ არა, ესეც გასარკვევია, რადგან გამოძიება ამ ეტაპზე დუმს და არაფერს არ აცხადებს. თუმცა, გამოძიების პროცესში რამდენიმე ახალი, საგულისხმო დეტალი გამოჩნდა. ამის შესახებ "ალია" გარდაცვლილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა: 


- ზურა, ეროსის საქმეში ჩართული ექსპერტი ბალისტიკოსი, ზაზა ალთუნაშვილი აცხადებს, რომ, როცა თვალით უხილავი" ექსპერტიზა ჩავატარეთ იმ გარაჟში, სადაც ავტომანქანაში ეროსი კიწმარიშვილი იპოვეს გარდაცვლილი, იქვე, ეროსის მანქანასთან რაღაც ნაჭერი ვიპოვეთო. თავის დროზე, ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ამ ნაჭრის შესახებ განაცხადა, ამ დეტალმა ჩემთვის კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე კიდევ უფრო ჩახლართა და ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩინაო. თუ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი მანქანასთან ასე ახლოს ეგდო, გამოძიებას ეს როგორ გამორჩა


- არ ვიცი, ძალიან მიჭირს, შევაფასო... თუმცა, აქ ერთი მომენტი უნდა აღვნიშნო. ხომ გახსოვთ, გარაჟში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა გვერდზე იყო გაწეული, სადაც ეროსის მანქანა იდგა, კამერაში ის ნაწილი არ ჩანდა. ეს მე შევამჩნიე, ჩემამდე ვერავინ, ვერც იქ მყოფმა გამომძიებლებმა და კრიმინალისტებმა ვერ შეამჩნიეს ეს. ამას იმით ვხსნი, რომ კრიმინალისტები მანქანასთან იყვნენ კონცენტრირებულნი, მე ისეთ ადგილას ვიდექი, რომ დავინახე ეს კამერა. ამის მერე შეამოწმეს კამერა გამომძიებლებმა. ჩემი აზრით, მერე აპირებდნენ გარაჟის სრულყოფილად დათვალიერებას, რაც მანქანის გამოკვლევას მორჩებოდნენ. 


- ნაჭერზე რას იტყვით, რამდენ მეტრში ეგდო ეგ ნაჭერი მანქანასთან? 

 

- ზუსტად არ მახსოვს, არაუმეტეს 10 მეტრის რადიუსში, უფრო შორს ნამდვილად არ ყოფილა. პირველად რომ გამოძიებამ დაათვალიერა გარაჟი, ეროსის მანქანის სიახლოვეს სხვისი მანქანა იდგა. აი, მეორე დათვალიერებისას აღარ იდგა ის მანქანა და ვფიქრობ, ამანაც ხელი შეუწყო იმ ნაჭრის აღმოჩენას. 


- იქ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით ჩატარდა 3 ექსპერტიზა, რომლის ჩატარების ვალდებულება გამოძიებას კანონით ეკისრება. აქ ნაჭერი, რომელიც მანამდე ვერ შეამჩნიეს, კიდევ თქვენ მიერ აღმოჩენილი შეტრიალებული სათვალთვალო კამერა და ესეც ვერ დაინახა ვერავინ. აი, ეს ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ გამოძიება, ცოტა არ იყოს, ზერელედ და არაკვალიფიციურად მიმდინარეობს. 


- კი, გამოძიებამ იმაზე მეტი უნდა წარმოიდგინოს, გააანალიზოს, რაც შეიძლება მე და ჩემმა მეგობრებმა შეიძლება წარმოვიდგინოთ. იქ ნაპოვნ ნაჭერს მინდა დავუბრუნდე. მე ვიცოდი, რომ არსებობდა სითხე, რომლის გამოყენების შედეგად, თვალით უხილავი კვალის აღმოჩენა შეიძლებოდა. ეს მე წიგნებიდან ვიცოდი. როცა ეს საკითხი დავსვით, გამოძიებას მართლა არ ჰქონდა ამ სითხით და შესაბამისი ტექნიკით ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკა, ეს აღიარეს. ეს ტექნოლოგია ჩვენს საგამოძიებო პრაქტიკაში აქამდე არ არსებობდა. 


- ზურა, ისევ გამომძიებელთა არაკვალიფიციურობამდე მივდივართ და ასე მგონია, თავადაც ასე ფიქრობთ და არ გინდათ ამის აღიარება, რადგან გგონიათ, რომ ამით, შესაძლოა, საქმის გამოძიებას რაღაც ზიანი მიადგეს.


- როცა მე ეს საკითხი დავსვი, თავიდანვე შემხვდნენ ეჭვით, რადგან, ალბათ, წინასწარ იცოდნენ, რომ მარტო სითხის არქონაში არ იყო პრობლემა, ამ ექსპერტიზას სპეცტექნიკა სჭირდებოდა და ეს ტექნიკა არ ჰქონდათ არსენალში. თუმცაღა, ფიქრობდნენ ალტერნატიული საშუალებების მოძიებაზე, გულხელდაკრეფილნი ნამდვილად არ მსხდარან, ფიქრობდნენ, რაღაც მოემოქმედათ, რომ მეტი სამხილი ეპოვათ. სკეპტიკურად კიდევ იმიტომ შეხვდნენ ჩემს იდეას, რომ არ ვიცოდით, ხსნარი რამდენად ეფექტური იქნებოდა.   


- მაგრამ თქვენმა დილეტანტურმა, თუმცა დროულმა გადაწყვეტილებამ, გამოძიებას ახალი და მნიშვნელოვანი დეტალი აპოვნინა - ნაჭერი მანქანის სიახლოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.


- კი, ეს ასეა და საბედნიეროდ, ის ნაჭერი სწორედ ამ ახალი ექსპერტიზის შედეგად, ამ ხსნარისა და ახალი ტექნიკის დახმარებით აღმოვაჩინეთ. 


- ამ სპეციალური ხსნარით 3-4 კვ. ტერიტორია დაამუშავეს. რატომ არ იკვლევენ მთელ გარაჟს? რა გარანტიაა, რომ კიდევ რამდენიმე სამხილს არ აღმოაჩენენ, რომელიც საქმესაც კი გახსნის? 


- მეც ეგ მინდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა რამდენიმე ტონა. ეს არის სპეციფიკური ხსნარი. ამ შემთხვევაში მისმა გამოყენებამ გაამართლა, მაგრამ ძლიერი ხსნარია, თუ ყველგან მოასხი, ერთგან მისი მეშვეობით შეიძლება რაღაც კვალი აღმოაჩინო, მეორე შემთხვევაში, მან შეიძლება სხვა, დანარჩენი ყველანაირი კვალი გაანადგუროს, ან ისეთი გახადოს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. ცოტა საფრთხილოა ეგ საქმე. მე ამ შემთხვევაში ვარ გამოძიების თანამოაზრე, რაღაც გვინდა ვიპოვოთ. 


- თურქეთის საელჩოსა და იარაღის მაღაზია "დიანას" კამერების ჩანაწერებია ამოღებულიო. თურქეთის საელჩოს კამერა გარაჟში ჩასასვლელს აფიქსირებდა. ამ ჩანაწერში დაფიქსირებულია ვინმე ისეთი, ვინც 15 ივლისს, როდესაც ეროსი გარდაიცვალა, ლოგიკურად, გარაჟში არ უნდა ჩასულიყო? უცხო პირს ვგულისხმობ.


- თურქეთის საელჩოს კამერის ჩანაწერები არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მაღალი ხარისხის ჩანაწერი არ არის და მასზე დაფიქსირებულ პიროვნებათა ინდენტიფიკაცია თავიდან უჭირდა გამოძიებას. ეს ჩანაწერი ბევრ ინფორმაციას ვერ მისცემდა გამოძიებას, ასე ვიცი, ასე იყო თავიდან და მერე რა მოხდა, ეს არ ვიცი. გარდა ამისა, თურქეთის საელჩოს კამერა გარაჟში ჩასასვლელის კონკრეტულ კუთხეს აფიქსირებს და მკვლელი ამ ჩასასვლელით ან არ ისარგებლებდა, ანდა, თავს აარიდებდა იმ ადგილს, რომელსაც კამერა უყურებდა. გარაჟში კიდევ 3 ჩასასვლელია სადარბაზოებიდან და ჩემი აზრით, რადგან ეს მკვლელობა მაღალკვალიფიციურადაა შესრულებული, კარგად დაგეგმილია, შესაბამისად, ყველაფერს წინასწარ შეისწავლიდნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მკვლელი იმ ჩასასვლელით არ ისარგებლებდა, რომელსაც კამერა აფიქსირებს. ამ ჩასასვლელებსაც კამერები უყურებს, მაგრამ ისინი მოძრავი არ არის, კონკრეტულ პერიმეტრს აფიქსირებენ და მკვლელს შეეძლო გარაჟში ისე ჩასვლა, რომ კამერას არ დაეფიქსირებინა. 


რაც შეეხება იარაღის მაღაზიის ჩანაწერს, იქ, მგონი, ახალი არაფერია აღმოჩენილი. 14 ივლისს, ეროსი ბადრი ნანეტაშვილთან ერთად შედის "დიანაში", აფორმებს საბუთებს, 15 ივლისს კი მარტო მიდის მაღაზიაში და ყიდულობს იარაღს. აი, სულ ეს არის "დიანას" კამერის ჩანაწერზე, რამდენადაც მე ვიცი. გამოძიებას აინტერესებდა, ვინმე ხომ არ შეჰყვა ეროსის მაღაზიაში, საეჭვო პიროვნება ხომ არ დააფიქსირა კამერამ. რამდენადაც ვიცი, "დიანას" კამერის ჩანაწერმა ახალი და საგულისხმო არაფერი მისცა გამოძიებას. 


- თქვენ ვარაუდობთ, რომ ეს დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო და ვინც ეს გააკეთა, მან ყველაფერი მოიმოქმედა საიმისოდ, რომ თვითმკვლელობის ეჭვი გაჩენილიყო. მგონი, მკვლელმა მიზანს მიაღწია კიდეც - გამოძიება თვითმკვლელობის მუხლითაა ისევ აღძრული და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. 


- კი, საქმე თვითმკვლელობის მუხლითაა აღძრული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე არ მუშაობს. ერთ დღესაც, შესაძლოა, გამოაცხადოს გამოძიებამ, რომ ამა და ამ მტკიცებულებების საფუძველზე ეს იყო მკვლელობაო და საქმეც გახსნილად გამოაცხადოს. თუმცა, ვიტყვი, რომ, რაც უფრო მალე გადაკვალიფიცირდება თვითმკვლელობის მუხლი და აღიძვრება მკვლელობის მუხლით საქმე, უმჯობესია. ბოლოს და ბოლოს, გამოძიება ამით  აღიარებს, რომ არსებობს მკვლელი, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაუწყოს ძებნა და მთელი ძალისხმევა აქეთ იქნება მიმართული. 


- მანქანის ჩაწეული ფანჯრები ხომ იმაზე მიუთითებს, რომ მკვლელმა სუნის გაფანტვაზე წინასწარ იზრუნა? 


-        სავარაუდოდ, ასეა. 


- თუმცა, მკვლელის სუნის აღმოჩენა მაინც შეიძლებოდა, თუ კრიმინალისტებმა ძაღლები ამუშავეს. ტყეში პოულობენ სუნს და ფანჯრების ჩაწევა, სუნს მთლიანად ვერ გააქრობდა მანქანაში. 


- კი, იქ იყო ერთი ძაღლი, მაგრამ ამასაც ბევრი არაფერი შედეგი მოჰყოლია. ლოგიკურად კი მკვლელის სუნი უნდა ყოფილიყო მანქანაში და ის უნდა აღმოეჩინათ, მაგრამ  პოლიცია მოვიდა თუ არა შემთხვევის ადგილას, დავინახე, რომ დაახლოებით შვიდი კაცი ტრიალებდა მანქანასთან, შიგნითაც შეიხედეს, ცხადია, მანქანაში მათი სუნიც გაჩნდა. შესაძლოა, ამან გაუძნელა ძაღლს სუნის აღმოჩენა. სამწუხაროდ, თავდაპირველად, მოკვლევა არ მოხდა ხელშეუხებელ გარემოში და სუნიც იმიტომ ვერ აიღეს ძაღლებმა.


ლევან ჯავახიშვილი 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016